გადავადება
#ლექსები ნინო დარბაისელი გადავადება მე შემიძლია აღსრულების გადავადება, გაუქმება კი არ შემიძლია. თითქოს კონვერტი დალუქული სადმე, მაგიდის უჯრაში მედოს და დროს ელოდეს. გაბრაზებულზე მოქმედებას არ ვეშურები. ფიცხი გული - ფიცხი გულია! ერთ დღესაც გავჭრი ერთ კუთხეში, გერბიან ქაღალდს გავახმიანებ. იმ დღეს მისჯილიც არ ელოდება. სასჯელის ზომა არის მართლაც უსასტიკესი - ეს - ჩემთან ყოფნის გაუქმებაა. ფიქრობს მისჯილი, ეგ რა დიდი ბედენააო, ზღვა გადაყლაპა და ეს ყლუპი რაღა არის, ამის გამო ვინ გამწირავსო! რაო, რა ბრძანეთ? ჩასაფრებაო?! შურისძიება? და იქნებ არც მთლად უმისობაა. ხატოვანი მაგალითი? იმდენ ამბავს რა მომაყოლებს ან თქვენ რაღა მოგასმენინებთ, ერთ ლექსში როგორ დამეტევა მთელი ცხოვრება! ლექსი - სიკვდილი ხომ არ არის და პანაშვიდ- გასვენება რომ მოჩურჩულემ ხელისგულზე ჩამოალაგოს, ვინ ვისი რაა, ვინ რა ქნა, როგორ, ანდა როდის მოიმოქმედა. არც მინიშნება დაავიწყდეს. რომ ჩაიღიმოს სადღაც, ორ და მრავალაზროვნად. ეს ერთი იყოს, გულსგარეთა და შედარებით უკანასკნელი, მაგრამ ჩავლილი. ალბათ რაღაცა ფასიც ედება, რადგან მე არა- პაოლოს სახელს უკავშირდება. მე მყავდა ერთი მომეგობრო, კარგი ნაცნობი, ბოლო დროს ხელი გაემართა რაღაცნაირად და იაშვილის მტრები როცა მის ნაწერებს სხვას მიაწერდნენ და სახსრები მოისაკლისეს, წრფელად მომწერა, მე ფინანსურად მათ დავეხმარე და შენც მითხარი, რამდენი გინდა, იმავწუთასვე ჩაგირიცხავო. ღმერთო , რამხელა სიკეთეა და როგორი ხელგაშლილობა! რად გამახსენდა მეზობელი ქვეყნის უფროსი რომ აცხადებდა, რითაც შევძელი, უკრაინასაც და რუსეთსაც დავეხმარეო. რად გამახსენდა ბებიაჩემი ანიკოს სიბრძნეც-“ ორივე მხარეს ვინც ცეცხლს უბერავს და შეუკეთებს, ორივესათვის მტერზე მტერია, სეირის ცქერა ეამებაო”. მაგრამ კონვერტი უჯრაში ჩავდე. “გრძელი ამბავი - მოკლედო”, არა?! მოგვიანებით სულ უმნიშვნელო, პატარა ამბავს გადავაყოლე. ბოლო დროს, რაღაც, დალუქული კონვერტები დამიცოტავდა. და გული ჩემი აღარც ისე დაისრულია. ვერც დაღირებას, ვეღარც დაკვრას ვერ ვგრძნობ სრულიად, თუმცა მტერი ჩემი არ მოსრულია, იქნებ ასეა საბოლოოდ კაცი-მოკვდავი, იქნებ ასეთი აღსასრულია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი