თოთხმეტი ეპიტაფია ანუ მოკლე “სფუნრივერი”


#ლექსები

ნინო დარბაისელი
თოთხმეტი ეპიტაფია  ანუ მოკლე “სფუნრივერი”

(მეგობრის საფლავისთვის მოგვაშველეო და ვარიანტების ძებნაში შეიქმნა. 
    ეპიტაფია - საფლავის ქვის  ლაპიდარული, მოკლე, მაგრამ აზრტევადი წარწერაა)

1. აქ განისვენებს  საქვეყნო საქმით დაუსვენარი. 

2. დედის შვილო ერთადერთო, 
 მარად სანთლად უნდა ენთო!

3. ვიდრე ამქვეყნად ახსოვხარ, 
ნურავინ იტყვის მკვდარია!

4. მსუბუქი იყოს ეს მიწა
თუ საიქიო მძიმეა.

5. ვისაც სამყარო ეპატარავა, 
საფლავის ქვაო, შენქვეშ ეტევა.

6. ტყუპადშობილნი მიწას  დააკლდნენ, 
ცას შეემატნენ ანგელოზებად.

7. მარად ცოცხალს 
ვინ  ცოცხალი მოგერევა!

8. შენ - ცაში ხარობ, ჩვენ მიწაზე ვართ მწუხარენი!

9. მიწას მიგაბარეთ, 
ციდან გვიპატრონე!
 
10. უსიტყვოდ წასულმა - 
სიტყვა დაგვიტოვა.

11. მიწა  -  დასტირის, 
    ცაში -  ხარობენ ანგელოზები.

12. ჩვენ დაგვარწმუნა ღმერთის ძალაში, 
ღმერთი დარწმუნდა ადამიანის სიძლიერეში.

13. ნათლად იცხოვრა. ნათლად წავიდა,
სამარადისო ნათელში სუფევს.

14. მიწაზე ჩაქრა მისი ლამპარი, ცაში ანთია.

…
გვეყოს გლოვა და ამის შემდეგი სულ ლხინის იყოს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი