რომი
#ლექსები ნინო დარბაისელი რომი დღედაღამ ასე სავსეა რომი, ქუჩები მიაქვს წვირს, ქვაფენილები - ძლივს გასაძრომი. ჩვეულებრივად - წვიმს. შემოდგომაა, გასაღიმონი გვესმის ამბები, ჩემო, ყველა კუთხეში ღვინო, ლიმონი, უფასო ლიმონჩელო. ფენაზე ფენა - ვერ მოსარევი, მგონი, რვა არის სულ, ისტორიისა გვითრევს მორევი, და ძლივს-ღა ვითქვამთ სულს. ცხელია - რომი, ვით ლაზანია, ცხელი “რიკოტა” სდის. სადღაც, შორს - ჩემი ალაზანია, არე- მოცდის და ცდის. ვატიკანიდან - რეკენ ზარები, სხვებიც - ერთვიან ზარს. გვდევს ქიმერებიც - შესაზარები, ვამჩნევთ სენატზე - ბზარს და ეძალება მთელი მსოფლიო რომს- გარყვნილსა და უხვს, წუხან, სირბილში გაგვდის ოფლიო და ზარბაზანი ქუხს. თან ვიბარგებით, თან გვენანება ხურდებს ფანტანში ვყრით, რომს არ სჩვევია დაწვრილმანება, რომს გააოცებ რით? რამდენიც გინდა, აქე ტიბერი, შენ არ მოგაპყრობს ყურს, ჩვენ გავიცანით აქ ერთი ბერი გული მოსმენით ხურს. მითებს და ამბებს გზად ვეჩეხებით, ბევრს ვისმენთ საავდროს. დაკიდეს პეტრე რომში ფეხებით ქრისტესთან ბრძოლის დროს.. არაფერია აქ გასაწყრომი, ცას ხომ ვჭვრეტთ დაქარგულს. ტურისტის თვალით - ესაა რომი უცხოს არ უხსნის გულს. ამ ხეტიალში - ღამეებს ნათევს, სურვილს - ვერდასაცხრომს, - რომს ვერ მოვილევთ, თუნდ მის მეათედს, კვლავ დავუბრუნდეთ რომს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი