არასრული ციკლი - ძველი საბერძნეთი და იტალია
ჯერჯერობით ეს ლექსები მოვძებნე. სხვებიც ბევრი მაქვს ძველ საბერძნეთზე, ისრაელზე, რომზე, რენესანსზე ცოტა როდი მიწერია, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნამყოფიც არ ვიყავი. (ახლა შარშანწინ - ისრაელში მოვასწარი მოგზაურობა, იტალია - შარშან მოვიარე. წელს სექტემბერში - საბერძნეთში გვაქვს უკვე ტური დაგეგმილი.ძალიან ვემზადები. ერთი პარიზში ლუვრიც რომ დავათვალიერო რამენაირად, შემეძლება ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ოცნებათა მთავარი ნაწილი ავიარულე!) ძირითადად წიგნებიდან ამოკითხულ ამბებსა და საკუთარ ფანტაზიას ვეყრდნობოდი. არცთუ იშვიათად ვინმეს ჰგონებია, რაღაც, წიგნებში გამოქვეყნებულ ნარატივებს ვიყენებდი. ცოტას ცხადია ვიყენებდი კიდეც, მაგრამ ეს - ჩემი წარმოსახვებია, რომელიც მათით ინსპირირებულია. ახლა სათითაოდ ვსინჯავ რასაც ვპოულობ და გამოგიტყდებით, რაღაც ფაქტობრივ აცდენებს ვპოულობ აქა-იქ. ისე, კაცმა რომ თქვას, თუ ყველაფერი რეალისტური, ფაქტობრივი სიზუსტით უნდა გადმოიცეს, ღმერთმა ეს ოხერი შემოქმედებითი ფანტაზია რაღას წამოგვკიდა????? ინო დარბაისელი როცა დებატი წაგებულია. სოკრატე* მომგებისათვის - მოსალოცია, წამგების - ცრემლი - მოსახოცია, მაინც ცხვირს ასწევს დამარცხებული, თითქოს თვით იყოს მირონცხებული. თავი რომ აღარ გამოეყოფა, თითქოს წაგება აღარ ეყოფა, იწყებს მომგების შეურაცხყოფას, აბრალებს, თავად ურევს რაც ყოფას. ფიქრობ, ბოროტად რაღამ აქცია? ტიპობრივია ეს რეაქცია. ასე ირჯება კაცი მრავალი. ვის ვისი ადევს ნეტა რა ვალი?! როცა დებატი წაგებულია, ბრიყვისთვის - მახეც დაგებულია, ხმალიც - ქარქაშში ჩაგებულია. დამეთანხმება ბრძენი სრულიად. ცხოვრება - ასე აგებულია და გასაგებიც გაგებულია, როცა დებატი წაგებულია. როცა დებატი წაგებულია! - - - * ეს - პოეტური ექსპლიკაციაა აზრისა, წყაროები სოკრატეს რომ მიაწერენ - “როცა დებატს წააგებს, პირადი შეურაცხყოფა - დამარცხებულის იარაღია”. (Socrates - “When the debate is lost, slander becomes the tool of the loser.”) ნინო დარბაისელი სოკრატე. სიკვდილის ბალადა ქრისტეს შობამდე საუკუნით ოთხით წინარე, იყო ბრძენკაცი ერთი, მუდამ პირმომცინარე. - კითხვა-პასუხით აამღვრია თავის წინ არე, არად ჩააგდო მთლად ათენის დემოკრატია, მასხრად აგვიგდო, ყმაწვილები გადარიაო, თქვა ხალხმა - რატომ გავუძლოთო, რა რატრატია, გვინდა ჩვენს ქალაქ-საუფლოში რია- რიაო? ამცრობს ჩვენს ღმერთებს, უკეთესი თითქოს იცოდეს, სხვაც გაფრთხილდება, სანიმუშოდ მას დავსჯით ოდეს! თითქმის შუაზე როს გაიყო კენჭისყრით ხმები, სიკვდილს ერგუნა გამარჯვება დასათანხმები. დემოკრატიამ განაჩენი გამოუტანა, დაე, მოკვდესო! საწამლავიც გაიღეს თანა. შეიძლებოდა ფულით სიკვდილის შეცვლაო უთქვამთ, მოვაგროვებთო, აზრი იყო თურმე ჭაბუკთა. იუარაო, იმ სიცილით ბედი ჩამუქდა: - მაგ ძვირ სიცოცხლეს - მირჩევნიაო სიკვდილი მუქთა!” მოწაფეები ნახულობდნენ, არ მიატოვეს, სიკვდილმისჯილიც ოხუნჯობას არ იშლიდაო, ფილოსოფოსმა თავი ამით დაიმშვიდაო, ალბათ ებრძოდა ასე შიშსა და სიმარტოვეს. და აი, დადგა აღსასრულის დღე გარდუვალი, სიცოცხლის მეტრფე თითქოს სიკვდილის იყო მწყურვალი, გამოუწოდეს თასი სავსე შხამით - “ჰემლოკით”! დაეწაფაო, წვეთი არ დარჩა ამოსალოკი. და დაუბუჟდა ჯერ ფეხები, ნელა წაერთვა, წამოვწვებიო, ვეღარ შესძლო ნაბიჯის მართვა, უკვე წელამდე ავიდაო უთქვამს და ჯერაც დაგრჩა რაღაც დრო გულამდეო, გაუძლებ გვჯერა - - უპასუხია საგანგებოდ მიჩენილ ექიმს. … ვიდრე გული სცემს, ადამიანს ცოცხალი ეთქმის. და მოუსწრია, ვიდრე ისევ უჭრიდა თვალი: - კრიტო, გახსოვდეს, ასკლეპიოსის მიმყვება ვალი! მამლის საზღაურს დაეძებდა ის წარმავალი. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, მოიძრო ქუდი, ასე დამთავრდა მისი ყოფა, სწორი თუ მრუდი. ერგო სიკვდილი საწამლავით, არა - წვალებით და გაციებულს დაუხუჭა კრიტომ თვალები…ატირებულნი მოწაფენი დარჩნენ მარტონი, რა სიბრძნე გაჰყვა, სილაღისა გაჰყვა რა ტონი! …და ირონია ცხოვრებისა რა გინდა მეტი! უერთგულესი მეგობარი, აპოლოგეტი, ის ერთადერთი - იქ არ იყო იმ დროს პლატონი! #ლექსები სამი საცერი და საწამლავი ,,ერთხელ სოკრატეს მიადგა ერთი კეთილმყოფელი(?): - მისმინე, ბრძენო, რა ვერაგია ხალხი, სოფელი, შენზე ამბობენ, რაც მომხდარა ანდა რაც - არა, - ჯერ ნურას მეტყვი ! - თქმა სოკრატემ არ დააცალა - - რომ არ მიეცეს სიტყვებს შენსას გზა ალმაცერი, ნიადაგ უნდა მოიმარჯვო სამი საცერი. პირველი: რაც თქვეს, სიმართლეა თუ მონაგონი? - სიმართლე?! - არა, უნდა იყოს ტყუილი, მგონი... - ესეც მეორე: კეთილია მათი ნათქვამი? - არა მგონია, რომ სიკეთეს მიჰგავდეს რამით... - მაშ, საბოლოოდ მესამესაც დაუდგა ჯერი: სარგებელს მომცემს? - ვერა!- შეცბა კაცი დამჯერი. - არც სიმართლეა, არც სიკეთე, არც სარგებელი? მე რას დავეძებ, დამრჩეს ასე, გაუგებელი!” ბრმა მიმდევარი ვინც იქნება ამ სიბრძნის ძველის, სოკრატესავით საწამლავით სიკვდილი ელის. *** ნინო დარბაისელი მუზეუმგარეთ (ბელა ჩეკურიშვილს) მუზეუმში თუ მუზეუმგარეთ მიყვარს შიშველი ფიგურების თვალიერება. ვიცი, რომ ჩემი შენ ყველაზე უკეთ გესმის, მიქელანჯელო! შენ ქანდაკების და ზოგადად, ადამიანის ანუ მოკვდავთა და უკვდავთა გაშიშვლება რენესანსული, კადნიერი თავისუფლებით არ დაგიწყია, ძველ ტრადიციას ერთგულად მიჰყევ. იქ კი - უძველეს ანტიკაში ჭაბუკი, ბიჭი მუდამ ბოლომდე შიშველია, მისი სხეული - სრულყოფილად სიჯანსაღეს, დაკუნთულობას მიესწრაფვის, კუტუც მოუჩანს, როგორც რამე, ფშატის კუნწულა. ასე ვლინდება იდეალი მშვენიერების! ქვაში მსუნთქავი ქალღმერთები კი - ქალღმერთობენ ამ გაგებითაც, რომ შეუძლიათ, იყვნენ შიშველნიც და გულდაგულ შემოსილნიც, ანდა ნახევრადშემოსილები! ქალღმერთთა ტოლნიც ამ წესს მისდევენ,- ცხვირწამტვრეულნიც ქალღმერთობენ მარმარილოში. ხელი შეახეთ მარმარილოს ისე უჩუმრად, მეთვალყურემ არ დაგინახოთ, ახლა სხვა ქვაზე გადადით და რა შეამჩნიეთ? ხედავთ? - თბილია, სხვა ქვებისაგან განსხვავებით, მთლად სხეულივით ვერა, მაგრამ მაინც თბილია! აი, ქალწულიც! ტრადიციულად, - ანტიკაში ვინმე ქალწული არასოდეს არის შიშველი, შიშველ ქალწულებს - გვიანდელნი ეხარბებიან. და გათხრებისას რაღაც სხეულის რამე ნამტვრევს თუ იპოვნიან, ხშირად სიშიშვლე-არსიშიშვლე, ერთადერთია, რომ დაადგინონ, ვის ეკუთვნოდა, ვისი სხეულის ნაწილი იყო, როგორი იყო მისი რაობა. და არა მხოლოდ მუზეუმში, მუზეუმგარეთ, ყოველდროს, ყველგან მიყვარს შიშველი სხეულების თვალიერება! #ეტიუდი ნინო დარბაისელი მიქელანჯელო მეორედ მოსვლისას მე ვინღა აღმადგენს, რატომღა ვწვალობ და ვირჯები რაღამდენს. შენ ბუანაროტო, რატომ გამიმხილე ღმერთის საიდუმლო, თვალითაც ვიხილე, რომ თუკი აღვსდგებით ჩვენივე სხეულით, გაგვძვრება ეს ტანი, სულზე მოხვეული და დაგვიბრუნდება ის ერთი იერი, როდესაც ვიყავით მართლა მშვენიერი, მართლა ბედნიერი, მამაცი, ძლიერი, მართლა ახალგაზრდა და არა - ხნიერი. ვინ - ღვინით მათრობდა, ვინ- სიტყვით, ვინ - ყავით, ვფიქრობ და არ მახსოვს, როდისღა ვიყავი ფხიზლად ბედნიერი, რომ თავი მახსოვდეს, წარსულის ხსენება სირმებს რომ მაქსოვდეს. უნდა გადავხედო შინაურ ალბომებს, რამეს გამახსენებს, რამეს მომანდომებს, მაგრამ ტყუილია ძიება ყოველი, წარსულ ძველმანებში განა რას მოველი. ვიპოვე სხეული !(უცებ გამეცინა) - როცა ახალშობილს გამძღარს ჩამეძინა. უფლის საჩუქარო ან იქნებ სასჯელო ღვთიურო, ვირივით ნიადაგ გამრჯელო, უკვდავო, ნეტარო ტანჯულო, მტანჯველო, შენ მიქელანჯელო, შენ მიქელანჯელო! _ _ _ ფოტოზე: მიქელანჯელო, სიქსტის კაპელა, დეტალი. #ლექსები ნინო დარბაისელს ხელოვნება არ ყარს! (“Pecunia non olet” (ლათ.) - ფული არ ყარს. ვესპასიანემ (69-79) ტუალეტების გადასახადით ოქროს ქანდაკება გააკეთებინა. იგონებენ, გალაკტიონს ახლოს ვერ დაუდგებოდი,ისე ყარდაო, ყარდა გრანელიც; დიკინსონის ოთახიც - ჩალოგინებული დედის ფეკალიების სუნად; ყარდა თვით მიქელანჯელო!) ** ოღონდ თუკი ნამდვილია, ირჩევს გზაგასაყარს, არა - ნატკეპნ გზას მიჰყვება, სხვათა ნალაყლაყარს, თუკი ფორმას მყარს ანიჭებს ჭირს, თავგადანაყარს, თავზე ჭერიც არ ეხუროს, ძონძი ეცვას საპყარს, საღი ლუკმა მოენატროს, ჭამდეს გადანაყარს, დრო წაიღებს იმის სხეულს, ცად ახვედრებს მაყარს, ხელოვანი კიდეც ყარდეს, ხელოვნება - არ ყარს! #ლექსები ასე , თხუთმეტი წლის წინანდელია ამ ლექსის პირველი იმპულსი მომცა ერთგან, ინგლისურ ტექსტში შეხვედრილმა ეტიმოლოგიამ, რომელიც არამეცნიერული კია, მაგრამ, იქნებ ამიტომაც, საინტერესოა ლექსში გამოსაყენებლად. კერძოდ, Make evil - რომელიც “ბოროტის ქმნად” ითარგმნება, თუ არა “პრონანსით” , არამედ “უცოდინრად” წაიკითხება, ძალზე ახლოა ჟღერადობით სიტყვასთან “ მაკიაველი”, რომელიც ცხადია, სრულიად სხვაგვარად იწერება (Niccolò Machiavelli). ამ გართობა- გართობაში დამებადა იდეა, როგორ შეიძლებოდა ამის ანალოგის შექმნა ქართულ ენაზე; მომივიდა აზრად რითმა: (რა ეშ)მაკი ავალებს// მაკიაველებს. ნიკოლო მაკიაველის კითხვა რომ მეც ისევე მიყვარდა, როგორც ბევრ თქვენგანს, ეს ისედაც ჩანს. ლექსი გამოვიდა გონიერ პატრიოტებზე, სამშობლოს ხსნას, საშველს რომ ეძებენ და ამის გამო, ტიპობრივად, მუდამ ხელისუფალთა და “ძლიერთა ამა სოფლისათა” დამცირება-დაკნინების, შეზღუდვის და ა.შ. (დღეს ბულინგს ეძახიან, არა?) მსხვერპლნი არიან. ამ პატარა ლექსს (რომელიც პირადად მე ახლიდან წაკითხვისას მეტისმეტად “პოლირებულიც” მეჩვენება), გარდა ორიგინალური რიტმიკისა, აქვს საყურადღებო ევფონიური პლანი, რომელსაც ადვილად ხედავენ ლექსმცოდნენი, ასევე გრძნობს არასპეციალისტთა ის ნაწილი, რომელსაც “პოეტური სმენა” აქვს, სხვაფრივ ახსნა ავტორის მხრიდან - ამაო გარჯად მეჩვენება. ნინო დარბაისელი ჩემი მაკიაველი - რა ეშმაკი ავალებს, რა შობს მაკიაველებს?- - სწუხან მედიჩები. მითხრეს: - მოგვწყდი, მოგვშორდი! ყბედი იყავ ყოველთვის, ისევ ყბედი რჩები. ვერ მოეგე გონებას, ვერ მოერგე მედიჩებს. რას ემეტიჩრები! ფლორენციავ, მისმინე! ჩემი მწარე ბედი ხარ და იმედი ჩემი. თუკი გადამირჩები, რაა მაკიაველი, ანდა მედიჩები! გონდოლიერა. მუტა-მორეტა 1. ლექსები დამეტყო არა, იტალიაში სამოგზაუროდ რომ ვემზადები?! ნინო დარბაისელი გონდოლიერა. მუტა-მორეტა* სიღრმეში ჩადის ვენეცია და ძველ გონდოლაზე ჩვეულ იერით ტურისტებს უხმობს გონდოლიერი. გონდოლიერი გრძნობს ღრმა მორევთა, წყლებს - შიგნით მღელვარს, გარეთ - მდორეთა, სიმღერით ვის სულს მოუხმობს ნეტა, თუ უნდა მხოლოდ ხელში - მონეტა, ასაღებს ამბებს ძველ ,,ამორეთა” და მეც დამსხმია საღამო რეტად, მორეტა - მუტა, მუტა - მორეტა! ცხოვრება მუდამ - ახლა თუ მაშინ - - შავი ნიღბების არის თამაში. სიბნელე უყვარს, ვინც იცუღლუტა, ვინც ვის შეერწყო ან გაებუტა, ვინც ვის ჩაუწვა ან ჩაეხუტა და სურდა, ვნებას ბნელში ებჟუტა, ვნებათა სრუტემ ვინც შეისრუტა, სხვა ყველაფერი - ანაცარტუტა… მუტა - მორეტა, მუტა - მორეტა, მუტა - მორეტა, მორეტა - მუტა! დილისთვის დასრულდა იგი კარნავალი აწყვეტილ მეტრფეთა და მეამბორეთა. წახვედი, ვერ გითხრა იმ ქალმა სახელი, ამბავი მრავალი ყოფილ მეტოქეთა - ტუჩებმა მოკეტა, რადგანაც კბილებით ეჭირა მორეტა.*** მარტო დარჩენილი სულ მოიკუტა, მორეტა, მორეტა, მორეტა, მუტა! - - - *ამჟამად კლასიკური მუსიკის ჟანრი. გენეტიკურად - მომდინარე ვენეციელ მენავეთა, გონდოლიერთა ხალხური სიმღერებიდან. ** ვენეციური შავი ხავერდის ნიღბები მხოლოდ ქალებისათვის. ახლა სუვენირებად იყიდება, პლასტიკატისა და სხვადასხვა მასალისა. *** მორეტა-მუტას - შავ ნიღაბს შიგნიდან ჰქონდა პირში ჩასადები შვერილი და ასე ,, მაგრდებოდა” ქალის სახეზე. ანუ ქალს არ შეეძლო, თან ნიღბით დაემალა ვინაობა, თან ელაპარაკა კარნავალ-ორგიის დროს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი