ივერიული
#ლექსები ნინო დარბაისელი ივერიული - - - - დავდივარ დედამიწაზე მეც ერთი მრავალთაგანი, სასახლეები, მღვიმენი, ატრიუმები, ბაგანი შემოვიარე, დავზომე რისი სიგრძე და რა განი, ბევრიც გავიგე, ვიამბე ლეგენდანი და საგანი. აღვირით ბედი მიჭირავს, ოდესღაც ჩემგან ნაგანი, მეც რომ მრავალჯერ მანატრა თოკი, აბი თუ ნაგანი; ვინ რა გაიგოს, რაღაა ჩემი მოწყენის საგანი! თავზევით - ზეცის თაღები, წინ ოკეანე - მღელავი, ქვიშას - ასველებს ტალღები, მე - სევდა მოუხელავი: - იცით, შორს ერთი მუხაა, მუმლიც მრავალჯერ ეხვია, საუკუნეებს გაუძლო, არც ასცდენია მეხია, ყოველი ზედ დასტეხია, ზეცაც - თავს ჩამოეხია. ვერაფერს გაუტეხია, ფესვებით გულს ჩაგრეხია. თელავში ერთი, გალავნით გარშემორტყმული ეზოა, ქართველს იქ, შიგნით ეგულვის, თუ რამ საუკეთესოა. ერთი პატარა სახლია - პატარა საძინებლითა, თურმე დარბაზად უხმობდნენ, მე გული შემომეფლითა. იქ დაიბადა ერეკლე და იქვე აღესრულაო, იმდენი აჩნდა ნახმლევი, იმდენჯერ დაისრულაო, თქვეს, “ტანი ნაიარევით დაფარულ აქუნდა სრულაო”. გზას მიუყვება ყარიბი, თავს ნაღვლიანად ხრისაო, ვერ გაუგია ამბავი საწუთროს სიოხრისაო, ზოგს სხვისა ძირზე ახარებს, ზოგს - ძირით ამოთხრისაო. სად წაიყვანო სადაურს? - ფიქრობს ივერთა მხრისაო. შორით ეგულვის მამული, გულს დარდი დაუხრისაო, იტყვის, რაც არის, ეს არის, ტყვიას ვინ დაიხლისაო! წარსულის ტკივილს დაჯაბნის ლოდინი სიახლისაო. ოკეანესაც გასწვდება ყივილი ამ სისხლისაო: - მომაგონდები თელავო, ჟამთაგან გაუთელავო, გულით - ვეებერთელავო, სიპატარავევ - დიადი ერეკლეს სასახლისაო! - - - ჩემს გადაღებულ ფოტოზე - ერეკლე მეფის სასახლე თელავში
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი