ნოემბერი. პერ ლაშეზი (სონეტი)


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ნოემბერი. პერ ლაშეზი
(სონეტი)

 უკვე დაიწყო გრძელი წვიმები
და ფოთოლცვენაც დამთავრდა ჩვენი.
ვუყურებ ხეებს და ვიღიმები - 
არაფერია ჩამოსაცვენი.

ყვავილი - ხმელი ან ხელოვნური, 
ზემოთ - შოპენის ჰანგი - დროდადრო -
პრელუდიები, რამ პოლონურიც.
გაწევთ ღრუბლების ტყვია საავდრო.

ვეღარ მოგივალთ ისევ გოდებით?
ვინ  შეგიწუხოთ  ხსოვნა  შერხევით!
ამსიშორიდან რად მაგონდებით? - 
ნეკროპოლისურ ნისლში ეხვევით, 

ო, გარდასულთა დიდო თაობავ, 
რარიგ ძნელია უსაფლავობა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი