მესალინასი. კონდოტიერის
#ლექსები ნინო დარბაისელი მესალინასი, კონდოტიერის ის ქალი გახსოვს, ქუჩის ქალი, უსახლკარო, არასმქონელი, სნეული ერთი, რომ გაუჩერდი პირმოჩიფჩიფეს? ჯერ არ მოვკვდები, მინდა ვიცოდე, ამის მერე რა იქნებაო? იმ ხიდზე იწვა, რაღაც ძველმანებშემოხვეული, იმავე ხიდზე, ჭუჭყიანზე, გადასახტომად რომ მიდიოდი! და ხომ გადადგი მოაჯირზე კიდეც ნაბიჯი, ნეტა რა ძალამ გკრა გულზე ხელი, ნეტა რა ძალამ უკუგაქცია და თავდაღმართში გამოგაქცია, მეძავთა შორის უმეძავესო, მოითქვი სული, ო, მესალინა! რა ადვილია, სასიკვდილოდ გაიმეტო ვინმე, ნაცნობი, უცნობისა ხომ - სულ ადვილია და რა ძნელია თავის მოკვლა! და თუკი სხვა გზა არ დაგრჩენია დაელოდე კონდოტიერებს! ვის?! სულერთია. ყველა მათგანი გამოწვრთნილი ჯარისკაცია, გასამრჯელოსთვის გიერთგულებს, ყველაფერს იზამს. თავის მოკვლაა ძნელი, თორემ სხვისი მოკვლა სულ ადვილია: ნელა მოწამლავ ან დაცინვით დღეს მოუსწრაფებ, მოულოდნელი საქციელით გულს გაუხეთქავ, უსისხლოდ მოკლავ ან ყოფას ისე გაუმწარებ, რომ სიკვდილი ენატრებოდეს, ბოლოს და ბოლოს, იპოვი ვინმე გულუბრყვილოს, მაგრამ ძალმოსილს და შეაჩეჩებ, შენ - გაიღიმებ გარეთ გასული, კვლავ დიდებული, მიამიტად ყელს მოიღერებ… გინდოდეს ოღონდ, ათასნაირი გზა არსებობს, ხერხი არსებობს. თავის მოკვლა კი, თუ რამ ნაღველი უცნაური არ დაგწოლია, ბევრიც ეცადო, არ გამოგივა. აი, ინათებს, ძველებურად აიკრიფება რუხნარევი მარმარილოს მძიმე ნისლი ტიბერის თავზე, ივლის მდინარე ძველ კალაპოტში და ვინც მოუსმენს, მოუყვება, რა ძნელია თვითმკვლელობა, მერე წავა და ისიც ზღვებში ჩაიკარგება! მოითქვი სული, ო, მესალინა, ნეტა ეს ხილვა ლექსად არ მექცეს, ერთხელ გავუძლო რითმის სიმხეცეს, მკითხველისაკენ აღარ გამექცეს, ამ ერთხელ მაინც, გაუმხელად დამამალინა! ო, მესალინა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი