ხაოიანი, გრძელი ხალათი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

 ხაოიანი, გრძელი  ხალათი

რვისა ვიყავი, 
ჩაძინებულს როცა მაკოცე, 
ვიგრძენი,
 მაგრამ დამეზარა თვალის გახელა.
შენ  - უცხოეთის  გზას   გაუყევი.
მე  - ბებოჩემის  მოუხეშო  ხელებთან დავრჩი.

ჯერ არ მესმოდა,  
ეს რას ნიშნავდა, 
ვიდრე თანდათან არ იქეცი ჩემს შორეულ, 
სულ თვალცრემლიან ვიდეო-დედად, 
რომლის გულის გასახარადაც
მე კარგი უნდა ვყოფილიყავი. თუმცა არასდროს არ მესმოდა,
რას ნიშნავდა მუდამ კარგობა.

რაკი ფეხები  ზამთარ-ზაფხულ სულ ცივი მქონდა —
ბებოჩემი   დაძინებისას  გაყინულ ფეხებს შენს გრძელ ხალათში, ხაოიანში ,,მიჩულავდა”.

როცა ძალიან  მოგინატრებდი, შინმარტომყოფი, 
შენს გრძელ ხალათში მკლავებს ვუყრიდი,
თავს დედაჩემად წარმოვიდგენდი.

თავიდან ხალათს შენეული  სუნი სდიოდა,
ოდნავ ტკბილი და შინაური.
მშობლიურობა ბოლოს სარეცხის ფხვნილმა გააქრო, 
რეცხვა-რეცხვაში  ფერი და
ხაოც  გაულია.
მე - ვიზრდებოდი, 
ხალათი კი დაპატარავდა.
ტერფების თბობის მოვალეობა -  ბოლომდე შერჩა.

ბებოს სკამი ცარიელია.
ოცი წელი - ოცი წელია. 
მეც აღარ ვარ ის რვა წლის გოგო,
ჩემი  სახლი მაქვს,  ცხოვრება და 
პატარები   - უკვე სასკოლო.

ბინა კი  - კი ბინა  შეგინარჩუნე და ბებოჩემის  ნებისამებრ,  ასე  ლამაზად დაგახვედრე, 
ხოლო ხალათი, ოდესღაც მკერდზე ძლივს რომ იკრავდი,  შემოიცვი და ფუყე გაგიხდა.
დაპატარავდი?!

ჩემს წინ წევს ქალი,  თან რომ მიყვარს და თან  ამრიგად მეუცხოება,
 სადღაც,  შორეულ ბავშვობაში წაკითხული რაღაც წიგნის პერსონაჟივით.
ამიერიდან მე უნდა ვიყო დედაშენი,
გჭირდება მოვლა.

 ოცი წელი - ოცი წელია.
მე  ხომ იმდენ ხანს ვოცნებობდი ამ ტკბილ სცენაზე, 
რომ აღარ ვიცი,  ამის მერე როგორ ვიცხოვრო, როგორ ვიყო.
ვინ მიპასუხებს, რატოა ასე —
აგვიცხადდება  ჩვენი დიდი ხნის,
ყველაზე დიდი ოცნებები და გაგვიქრება
ან გვექცევა მოვალეობად?

შენ მშვიდად გძინავს ტახტზე მიწოლილს, 
 ფშვინავ,   ოდნავ ხვრინვაშერევით.
ხაოგაცვეთილს  გაფარებ  ხალათს და კუთხეებში კარგად გიკეცავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

რაც მიყვარს პოეზიაში ყველაფერია აქ❤️
თხრობა , გულწრფელი სინამდვილე, მშობლიური გრძნობები,პოეტური ოსტატობა.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი