ჩხირი
#ლექსები ნინო დარბაისელი ჩხირი ვინც გინდა ჰყავდეს, თავზე ეხვიოს ახლობლების მთელი გუნდი, შეყვარებული, მეუღლე, შვილი თუ სანუკვარი შთამომავლობა, ადამიანი - ღვთის წინაშე - მაინც მარტოა, ძველნი იტყოდნენ: “ადამიანი - განსცდელში - ღვთის ამარაა”! როდესაც ბევრი განსაცდელი მარტოდმარტომ გამოვიარე, ერთ დღესაც მივხვდი, რომ ხალხურ სიბრძნეს, სიბრძნეს ანდაზურს ბოლომდე უნდა ჩაუღრმავდე და არ დასჯერდე მის ზედაპირულ, მის მოხდენილ მახვილსიტყვობას. აი, უყურეთ, “სხვისი ჭირიო - ღობეს ჩხირიო!” ჩხირიო, არა?! ხსნას არსაიდან რომ არ ველოდი და ყოველივე იყო ამაო, მე მაშინ მივხვდი, რომ საჭიროა, თავს გაუსხვავდე, გაუმანძილდე და დააცქერდე საიდანღაც, ზემო ხედიდან და ყველაფერი, რაც იქამდე გაწუხებდა, არ გასუნთქებდა, რაღაც, შორეულ, ღიმილისა და შვებისმომგვრელ ჩხირად იქცევა. მე სხვა ვარ, სხვა ვარ, მე ზემოთა ვარ, მე ძირს დავტოვე მთელი სიმძიმე, რაში მანაღვლებს, დაბლა - ჩხირი, რა მსუბუქი ვარ! და რაც უფრო ზემოთ ავდივარ, ქვემოთეული ისე მშორდება, რაღაც მომენტში აღარცა მაქვს მასთან შეხება. ის - მე არა ვარ, ის - სულ სხვა არის, დაბლა მკვნესარე, უკვე იმისი აღარაფერი მე არ მეხება, და აი, დარდი, თუ მთლიანად დაიმეხება, დაიტეხება, ღობის ჩხირი თუ სულ წვრილ-წვრილად დაიჩეხება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი