მწუხარების და ლხინის კარიბჭე


#ლექსები

ნინო დარბაისელი 

მწუხარების და ლხინის კარიბჭე

გახსოვს ქორწილთა   ის გრიგალები?! - 
მე - მეჯვარე და შენ - მექორწილე;
თავაწყვეტანი,
დროის კედლებს რომ აზანზარებდა.


„დე, მწუხარების სახლი გერჩიოს - მხიარულების სასახლესაო“. რომ წავიკითხე, ვერაფერს მივხვდი—
ლხინს და გართობას რატომ სჯობია  კვნესა და დარდი.

ლხინის  კარიბჭე   ახლა ჩემთვის მაშინ იღება —
ძალიან ახლო ნათესავი თუ ქორწინდება, 
სამაგიეროდ, ფართოდ გაიღო  მწუხარების  კარიბჭეები.
უფრო და უცრო მანაღვლიანებს ხილვა იმისი,
 როგორ თხელდება ყოველ ჯერზე მომსვლელთა რიგიც.  —

 ამ  ნაღვლიანზე გამახსენდება, რომ გასვენებაც არის ზეიმი, ზეიმი რაღაც კოსმიური 
 არ აქაური, 
ბოლო ქორწილი —
  და ყოველ ჯერზე, გასვენებაში -
წარმავალი სიკვდილი  კვდება!

რატომღა მახრჩობს ახლა ცრემლი წარმოსახულზე?!
იქნებ უბრალოდ, ჩემთვის უკვე აღარ გცალია,
არც რამე გიჭირს
მაგრამ ვაი-თუ იქ, შორეთში
გარდაიცვალე!
და მე  ამ ამბავს   - 
 - შენს მარადიულ დაბადებას
დარდით კი არა,
აქ ლხინით უნდა ვეგებებოდე,


რაა სიმშვიდე  ეს უცნაური,
და თანამდევი შიშიც  მიქრება!
უფსკრული დიდი
- ამასობაში ნაყარი  მიწით ამოვსებულა?!
 
და ჩემი ჟამი როცა ჩამოჰკრავს, 
მომეგებები,
ხელს გამომიწვდი
და დაიწყება,
რომ აღარასოდეს არ დასრულდეს, 
მარადიული ჩვენი ზეიმი. 
უზეიმობა აქამდე რომ მწარედ მაჩნია, 
  კვლავ ბიბლიური გამახსენდება?!
- სულს აქვს თავისი  გამოცდილება, 
დიდი ან მცირე, 
ხოლო  არც სქესი და არც ასაკი  - არასოდეს არ გააჩნია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი