სარკე წყვდიადში


#ლექსები
ნინო დარბაისელი
სარკე წყვდიადში

გახსოვს?
იმ ბნელში, 
განვლილ  ოთხმოცდაათიანებში
 ყველა კუთხეში ნავთის ლამფები იყიდებოდა, პატარა,  უკან მრგვალსარკიანი.

იმ სიყვარულის სხვა რა გიამბო, 
ის იყო სარკე —
ანტიკის მერე  რომ  გვიმეორეს და  გვიმეორეს, 
მთელი  ცხოვრება და  ხელოვნებაც   -ჩრდილის ჩრდილია და ანარეკლის ანარეკლიო.

ის  სარკე იყო, 
 ხოლო სარკემ
არსებობა  რომ გაიმართლოს,
აუცილებლად სხვა სჭირდება
 შორიახლოს მანათობელი —
 და კიდევ ვინმე,
 ასარეკლავი, 
ვინც   ჩაიხედავს 
და შიგ  საკუთარ თავს დაინახავს. 
დე, იყოს მრუდეც ის ანარეკლი და რეალობას დაშორებული.

 ალი ცოცხლობდა?
სარკეც  მორჩილად
 ლამფის სინათლეს აირეკლავდა,
გაამრავლებდა და  ბნელ კედლებზე ჩრდილების თეატრს ათამაშებდა.
იწვოდა ნავთი და  ფითილი, 
 ლამფა ქრებოდა?! 
- ქრებოდა სარკეც
 და ყველაფერი უბრუნდებოდა თავის პირვანდელ შიშს, 
სიბნელეს,
 სიბრტყესა და არარაობას. 

 რას ვემართლები ნეტა ჩავლილს, 
მაბრუნებს იქ რა?
 ხელში ჩამაქრა რამე კირთება?
ვის უნდა  ლამფის ბჟუტვა და სარკე, 
შუქი მჭახეობს, 
დენის ნათურა რომ  აინთება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი