ლიანდაგები
ნინო დარბაისელი ლიანდაგები -- - - - - მანდეთ მომავალი ლიანდაგებია, მერე დაბებია, მერე - ბაგებია, მერე - ფერმებია, მერე - ურმებია, მერე - სახლი ერთი, ბლოკით ნაგებია. ეზოში - ხეები - მჭახე ხურმებია, ერთიც - ხე ბებერი, ზედ ბია აბია, კიდევ - გულაბია, ტოტზე ბეღურები რომ ინაბებიან. ეზოც საბოლოოდ დაგილაგებია, ბებია! მოაჯირიანი, ხის კიბეებია, სახლზე - მოჭრიალე, ორფრთა კარებია, ალბათ, გასაღები არც მიჰკარებია. ჭრელი ფარდაგები - ფეხქვეშ ნაგებია, რკინის საწოლები და ქვეშაგებია, მოისმის ხსოვნიდან ბავშვობის ჰანგები. კამოდის უჯრაში - თეთრი პერანგები, კუთხეში - პერანგის ამხანაგებია. აქ - დიდხანს ნადები საკაბეებია, გამოჭრილები და დასალამბებია, კერვა დაგიწყია, დაგინებებია, ზოგიც - კაბებია, შეკრულ წერილებში - შენი ვნებებია, ადრე უცნაური - დღეს გასაგებია, ბებია! ეს დოქი რამდენჯერ შემომგებებია, ამ თეფშით რამდენი ნუგბარი მრგებია, დაპრიალებული შენი ქვაბებია... შენი ქვასანაყი, შენი ქვა, ბებია! ჩურჩულით ნათქვამი შენი ამბებია: ,,-შეუფარებია, შეუყვარებია, შეუპარებია, შეუტანებია’ მერე ვეღარაფერს შეურიგებია..’’ დასაზაფრებია. შენი ზღაპრებია, რომ მომნატრებია. ჩნდებიან, ქრებიან და ინამქრებიან.. ცად რა ამბებია, ბებია? ბებია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი