ლექსები ჟურნალ “მწვანეყვავილადან”
ნინო დარბაისელი 1. მარინობანა ბავშვურ თამაშებს რა გამოლევს! მაშინ ვიზრდებით და ღვთის შეწევნით, კიდეც ვბერდებით, როცა ცხოვრება ისეთი ხდება, რომ წამდაუწუმ მოზრდილად გვითხოვს და არაფერი, აღარაფერი გვეთამაშება. გითამაშიათ ბავშვობაში მარინობანა? მარინობანა რომ ითამაშო, ჯერ უნდა იყო ნამდვილი მხეცი, სახლში კედლებზე უნდა დარბოდე, ასევე ჭერზეც, დედ-მამიშვილ-სტუმრებიანად და უნდა გყავდეს მამიდა და მამიდაშვილი ბალერინა, სათნო, ლამაზი, სიფრიფანა, მთლად ეტიკეტის სახელმძღვანელოს პრაქტიკული, ხორცშესხმული მაგალითი და უფროსები დასაწყნარებლად მალ-მალე უნდა მოგიწოდებდნენ, კარადის თავზე აძრომა და რიგ-რიგობით გადმოხტომა - - უზრდელობაა, აბა, მარინა მაგას იზამდა? ეს ყველაფერი ხდებოდა სახლში, სადაც ნიადაგ ხმარებული, მაგიდაზე დასვენებული, სულშესაბერი წმინდა იოდი, თავის თარომდე ვერასოდეს ვერ მიდიოდა. და მე ვფიქრობდი: -რა ბედნიერი ვიქნებოდით, ამ ქვეყანაზე მარინა რომ არ ყოფილიყო! გითამაშიათ მარინობანა? ხანდახან, როცა უფროსები მარტო გვტოვებდნენ, საუკეთესო რაღაცეებს ჩავიცვამდით, დედის მაღალქუსლიანებსაც, მძივებსაც სულ ზედ ავისხამდით, არც პომადას დავივიწყებდით, გამოვაძრობდით უჯრიდან სუფრას, ქათქათას, ვარდებნაქარგებიანს, გამოვიღებდით ჩაის სერვიზს სერვანტიდან ძალიან ფრთხილად, გავშლიდით ზალის მაგიდაზე, შუქს წყნარ-დაბალზე დავაყენებდით, დავსხდებოდით და ვსაუბრობდით გაწელილად, ტუჩების პრანჭვით: "- მოხარული ვარ თქვენი სტუმრობის! - ო, ქალბატონო დედიკო, ჩაის ხომ არ ინებებთ?' - შესანიშნავი ბუკეტია, არომატული! - კაკლის მურაბა ხომ არ მოგართვათ? და მისთ., ანუ მთლად მისთანანი. მარინობანას - ორი უნდა, მარინობა კი მარტობაში ითამაშება. და მე ვფიქრობდი: - მეც გავიზრდები და გავხდები მართლა მარინა, მეც - ბალერინა, და მარტო მყოფი ვღიღინებდი სამზარეულოს რადიოდან დასწავლულ ჰანგებს, საძინებლის დიდი სარკის წინ ფეხისწვერებზე, მარინობისთვის საიდუმლოდ ვემზადებოდი! და ჩემთვის დიდხანს, ძალიან დიდხანს ამქვეყნად ყველა ბალერინა იყო მარინა. ეს ლექსი რაღამ დამაწერინა?! ცხოვრებამ ასე მოიტანა, დღეს ჩვენს, დებსა და მარინას შორის ლოკალები სამკუთხედად რომ შეაერთო, მაშინ ორივე ჰემისფერო უნდა მოიცვა. ცოტა ვიწვალე, ბევრი ვიწვალე, თავიც ვიყავი, როლიც ბევრი გამოვიცვალე, ცხოვრებამ ბევრჯერ მალხინა და ბევრიც მაშია. ბევრჯერ შემსვლია მდნარი თოვლიც თბილ ჩექმაშია, ხან ისე იყო, კართან მედგა წყვილი რაშია, ბევრჯერ მქონია მაქმანია თუ მარმაშია, და ახლა ვფიქრობ: - ნეტა მარინას მარინობა უთამაშია? 2. ნატა ვაჩნაძე - მესამე ქმარს - კაპიტან ანატოლი კაჭარავას ჩემი კაპიტანი ანატოლი არ იყო სხვების დანატოლი. ათასი თავით მეტი იყო, ან მკვდარმა როგორ დავივიწყო! მკითხველს არ უყვარს სინამდვილე, ყოფას მონაგონით იადვილებს. ქმარმკვდარმა ბევრი ვიმარხულე?! იქნებ წამწამები ვაფახულე?! თავი რად გავიჭირნახულე?! - მურმანსკში კაპიტანი ვინახულე და ცაში დავიწვი შინმიმსწრაფი, ლეგენდამ შეიშრო ყოფის ქაფი. ქალი ვიყავი - ვანათებდი, ოცნებით ღამეებს დამათევდი. ბეჭდით-ღა ვუცვნივარ ჩემიანებს, წასულს - გულს რაღა დამიამებს, სამი ობოლი ბიჭის დედა ქვეყნიერებას ევედრება, მოწყალე თვალით გადახედონ. უბეში სამის ფოტო მედო. რაღა ვთქვა - გულის საიმედო, რომ ღირდეს სიტყვად რაიმედო. “აყვავებული აჭარა ვარ” “ბათუმს არ ახსოვსო კაჭარავა” ჩემი ქმარი იყო ანატოლი, ჩემი სიყვარული, თანატოლი, ჩემო კაჭარავა, კაპიტანო, არყოფნა როგორ ავიტანო, მაგრამ ყოფნაზე ადვილია, ცა - ყველას ბოლო ადგილია. მიწაზე გინდ გყავდეს ქმართა წყება, მარტოს ცად ვერავინ ამოგყვება, ჰორიზონტს ვერ ხედავ ტრაპიდანო, არ ჩანს არც ზღვისპირა დაბიდანო, ცა და ზღვა რამ გაყო, კაპიტანო, გაგიქრი, შობილი ქაფიდანო! მშვიდობით, მშვიდობით კაპიტანო! 3. მდინარე გაშორებთ კიდეც, გაერთებთ კიდეც, ჩემები ხართ და არც ხართ ჩემები. თავზე დამცქერით, ვიდრე ნაპირობთ თუ გძინავთ, ძილშიც მე გეჩვენებით. ვერ ვიარსებებთ უერთმანეთოდ, ჩვენი ნაზი თუ შმაგი შეხება არის მუდმივი, ვიდრე მიდამო დაიქცევა და დაიმეხება. ის განსაცდელი გარდაუვალი თქვენც შეგეხებათ, მეც შემეხება. ესეც გაივლის, სხვა მდინარისთვის სხვა კალაპოტი გაიჩეხება. ზოგჯერ მზის გულზე გავიზმორები, ვნებივრობ, ვიდრე სხივი არ წავა. მთის მდინარე ვარ, ისე - ვარ ცივი. წამით ვირეკლავ და მავიწყდება ყველა ბერწი და ყველა არწივი. მუდამ მჭირდება ორი ნაპირი, ნაპირებს შუა - ქარის ნარწევი. ვიდრე თქვენ მყავხართ, ვინ მომერევა! გულში მიბრუნავს ბნელი მორევი, ხან დავერევი, რასაც მივწვდები, ხანაც თავქვეში მომაქვს მორები. მე მდინარე ვარ, თქვენ - ნაპირები, დანარჩენები - განაპირები. ვინ იცის, გულში - რას ვეპირები, შორით - ჩანს მხოლოდ ზედაპირები. 4. გალაკტიონს ღამეები კითხვაში თავზეც დაგათიონო, ბუმბერაზო, დიადო, ვერსად დაგატიონო… - ვიცით, გალაკტიონო, ვცანით, გალაკტიონო, ფენომენის შენისა - ცამდე შენაშენისა პროფილი და ფასადი - - საუკუნეს შვენისა, საბოლოოდ დაფასდი. იყავ ტანჯვით მკვნესავი, ღვთიურ ცეცხლის მკვესავი, შენზე ვინ თქვას დღეს ავი! ზედა ზღვარიც ეს არის, მკითხველის საესავი სხვას - ვერაფერს დაჰმართებ, უნდა ჩაჰყვე დაღმართებს! დღეს მკითხველი ახალი, თავი ქვასაც ახალო, სულ სხვას დიდად აღმერთებს. სხვისი ძეგლიც აღმართეს. შენი შედევრებისა, ტანჯვით ნაბევრებისა, რაღამ შეინარჩუნოს ხსოვნა, ნეტავი, წყების, მოდის, გალაკტიონო, დგება, გალაკტიონო, პერიოდი ვერაგი - შენი გადავიწყების! არ ჯობია, გეჯიქონ, ისევ შეგიტიონო? ისევ რამე გიპოვონ და არ გაპატიონო? ღმერთო, ხვედრი ტიალი თავს არ დაგვიბატონო- - ჟამი უპოეზიო და უგალაკტიონო! 5. 37. მწერალთა სახლი. პაოლო ვის არ ახსოვდეს მწარედ დაუნდობლობა მის ხნის! ვერ უშუშდება ვისაც გული, თავს მუდამ ის ხრის. დანაშაულის იყვნენ ჩამდენნი არცა მისხლის, არცა გამცემნი ნებით - ვინმე კოლეგის, ძმის, სხვის… სიზმრად მოდიან ჩემთან და ვერაფერი მიხსნის, რომ არ მთრგუნავდეს შიში - თოფის გავარდნის მის ხმის, ელვა ციური რისხვის, კედელზე სისხლის მისხმის, …ვერ წაშალესო დღემდე კედლიდან კვალი სისხლის! 6. გავმწარდი, გავცეცხლდი, ჩემო უკრაინა! ( უცხოელი მეგობრების დახმარება უკრაინის ფრონტის ნაცვლად კორუფციის გზით წავიდა. უკრაინის პროკურატურამ საქმე გახსნა) ომი - მტერთან და სიკვდილთან ჭიდილია. ვის - მამა იფარავს, იფარავს ვის - მესია. ზოგისთვის - სარფია, შანსი, იდილია, რადგან იარაღი - მაგარი ბიზნესია! კვდება - ჯარისკაცი. სად ხარ, იარაღო, მტერს რითი შეებას, შიშველი ხელებით? შენი გაწირო და მომხვდური ალაღო? ბრძოლას ვინ მოიგებს მარტო გახელებით? გავმწარდი, ბოროტი ფიქრები მესია: ვისთვისაც ეს ომი - კარგი ბიზნესია, ახლობლებს რომ ჰკითხო, უკეთილესია, უმზრუნველესია, უგულჩვილესია… რაა შეწყალება! ის - გასასრესია! მტერი - გარეული, მტერი - შინაური, მიწიერ ჯოჯოხეთს პირი უკრა ვინა! მაინც გაიმარჯვებ, ყველას მოერევი ჩემო უკრაინა, ჩემო უკრაინა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი