გახსნილებისა. ვრცელი ეპიტაფია
ნინო დარბაისელი გახსნილებისა. ვრცელი ეპიტაფია მაინც როდის გინდა გაიხსნილო, სიწრფელით რას გინდა შეედარო, სიტყვავ - არასდროს დაცდენილო და ამიტომაც შეუმცდარო! რამდენიც გინდა, მედიდგულო, როგორ გამოგივა, შარს შემყარო, ნაბიჯო, არასდროს გადადგმულო და ამიტომაც უტყუარო. სრული სიშიშვლით ტანმოსილო, ორთა - საერთო სიმარტოვევ! შენ, ჩემო ამო სულო, არ მოსულო, ვეღარც ვერასოდეს მიმატოვებ! გინდაც, გადმომეგდო ხილვის ბადე, თავთით დაგჯდომოდი ლოცვა-კდემით. შვილო, რაკი აღარ დამებადე, აღარც არასოდეს მომიკვდები! გინდაც, სულ ჩემად დამეგულე, გინდაც, შემომევლო ირგვლივ მთები, ცხოვრებავ, არასდროს დაწყებულო, აღარც არასდროს დამთავრდები. ვიშვი, ვიზარდე და ჩავიარე. სიცოცხლე - აქ - მიწაა, მაღლა, იქ-ცა! კვდომა კი ყოფილა შავი არე, უსმელი ფიალა შიგ ჩაიქცა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი