ვერდაბრუნება. ლაკშმი - საანვის


ნინო დარბაისელი
ვერდაბრუნება. ლაკშმი - საანვის

1.
რა ტკბილი ხმა გაქვს, 
სულში ატანს,
იმღერე, საჰიბ!
ცრემლი მოუვა ყველას,  ვისაც შემოესმება!

გარს გახვევია ქალწულები სურნელოვანი,
ლამპართა ალით განათებულა ეს ღამეული,  ვარდოვანი  შენი ბაღნარი.
როგორ მომტირის შენი სიტარა:

- ქალწულთა შორის ულამაზესი,
უწმინდესი,
უხმატკბილესი,
მე ბედისწერამ დამაშორაო.
ვარსკვლავებს ვხედავ -  იმის თვალების ციმციმიაო,
მთვარეს ვუყურებ, მისი სახე მელანდებაო,
ქვეყნად რომელ ჰანგს
შეუძლია იმის მშვენების გადმოცემაო.

გრძნობამორეულს გული მიგდის
და  ქალწულები ვარდის ფურცლების  სურნელოვან წყალს გასხურებენ.
გონი მოგდის და
სიტარაზე დაკვრას განაგრძობ.

2.
იმღერე, საჰიბ!
მე  კი გადავრჩი და ცოცხალი ვარ.
მე  ქორწილის დღეს გატაცებული
გემში შემაგდეს
და სათითაოდ შემოდიოდნენ,
მეუფლებოდნენ.
რამდენი იყვნენ?
ხუთის მერე სათვალავი სულ ამერია,
არც ტკივილს ვგრძნობდი,
აღარც  არაფერს.
მაინც მგონია,
ერთი  - ორჯერაც კი  შემოვიდა, 
სუნით ვიცანი,
თუმცა გარკვევას რა აზრი ჰქონდა;
მერე კი შტორმი ამოვარდა,
დატოვეს გემი, 
კიდევ კარგი, გამიღეს კარი 
და  გემი ტალღამ როცა ჰაერში  აატრიალა,
მე რაღაც ნაფოტს მოვეჭიდე
და  განთიადზე უცხო ნაპირზე გამოვირიყე.

3.
იმღერე, საჰიბ!
ნაპირზე - დამხვდნენ ბრიტანელი ჯარისკაცები.
რამდენი იყვნენ?
ხუთის მერე  სათვალავი  სულ ამერია, კარგი ის იყო,
რომ არცერთი არ მოსულა ხელცარიელი.
ერთი,
პატარა სადგომივით თვითონ მომიწყვეს,
მოჰქონდათ პური,
შოკოლადი და კონსერვები.
არ  მშიოდა,
აღარც მციოდა,
ფერიც მომეცა,
მოვიკეთე,
ცოტა სახსარიც მომიგროვდა,
მაგრამ ფორტუნა უმოწყალოა,
ჯარისკაცები სხვა  ბანაკში გადაიყვანეს,
ხოლო წასვლამდე
ვისაც რა ჰქონდა,
ცოტა თუ ბევრი,
მაჩუქეს ფული
და აქეთკენ გზას დავადექი.

ამასობაში მთელი ხუთი წელიც გასულა,
როგორ თქვი, საჰიბ?!
- მწყაზარიაო ჩემი სატრფო,
ბაგე იმისი - გახეთქილი ბროწეულიო,
(მე - დაშაშრული მეწვის ტუჩები);
იმის ტერფები  - მტრედებიაო,
(მე  - ფეხშიშველა სიარულში
გამქვავებია);
იმის კბილები -  დარჩეული მარგალიტის მძივიაო,
(სადღა მაქვს კბილი);
იმისი თმები - კუნაპეტი ღამე არისო.
(სულ გამექუცა).

4.
იმღერე, საჰიბ!
ეს ერთი ნატვრა ავისრულე,
შორიდან გნახე,
გაგიგონე,
მიზანს ვეწიე,
შენ კი ჯობია,
ისევ ისე მკვდარი გეგონო და ცრემლიანი მიმღეროდე,
ვიდრე მეორედ მოგიკვდე და გულიც მოგიკლა.
ჩვენ?!
ერთად ყოფნა?!
ჰა-ჰა-ჰა-ჰა,
მე  - შენ  - ასეთი  - ვერასოდეს დაგენახვები,
იმისი ჩრდილიც აღარა ვარ,
არც ჩრდილის-ჩრდილი,
მაგრამ ვიპოვი ადგილს,
სადაც  ფული ტრიალებს.
ადგილს ვიპოვი,
სადაც  ბევრი უცხოელია,
ფულს მოვაგროვებ,
დავყვები სოფლებს,
თითო  რუპიად  უპატრონო ახალგაზრდა ქალებს ავიყვან,
ერთი ჯან-ღონით სავსე კაციც  მინდა - 
თავდასაცავად.
ერთიც პატარა სადგომივით,
ოთახებით,
ლეიბ-მუთაქა,
თუნგით ძმარ-წყალი…
ეჰ, ყველა საქმეს ცოდნა უნდა,
ვიდრე ააწყობ!
გულზეც იმდენი ბებერა მაქვს,
არც მეტირება.

წავედი,  საჰიბ,
სახიფათოა აქ დარჩენა.
რა ტკბილი ხმა გაქვს!
იმღერე ლაკშმის მარადიულ  სიყვარულზე
და მის უბიწო მშვენებაზე!
დე, დავრჩე შენთვის ერთადერთად,
ცხოვრებისათვის?! -
- არც პირველი ვარ და არც ბოლო,
და არც “ლაკშმი” ვარ,
რა ხანია, მქვია “საანვის”.
გაახსენდება ეს ამბავი ლაკშმისა ან ვის?!

ვიდრე სიმღერა შეგიძლია,
იმღერე, საჰიბ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი