წერილი წიგნში ჩატოვებული- პირველი და უკანასკნელი
ნინო დარბაისელი წერილი წიგნში ჩატოვებული - პირველი და უკანასკნელი რას არ გეტყვიან, ენაა უძვლო! რა შუაშია ოქრო და რჩენა?! მე - შენგან წასვლა აღარ შემეძლო, აღარ შემეძლო აღარც - დარჩენა. ჩვენ ვირჩევთ ძნელს და უფრო ძნელს შორის, და არაფერი არის ადვილი. შეყვარებულნი ვინც დააშოროს, მიწაშიმც იყოს იმის ადგილი! შეხედე საღად, გულს ნუ გწყვეტს, რასაც ვუბერეთ, ვცადეთ, არ ჩამქრალიყო. დასასრული აქვს ამ სიმღერასაც, ის გიხაროდეს - რაც მართლა იყო! აისბერგია ყოველი ტრფობა, ყინულის წვერი ჩანს პირამიდის, ვინ უფრო რჩება? - ვინც ჩაეფლობა, თუ ვინც გაბედავს და მართლა მიდის! ვიცი, ჩემს სათქმელს აქ ვერ ჩავატევ, ვიცი, ვრცელია ესე წერილი, შენ, მძიმევ ჩემო და არა - მჩატევ, არ გიყვარს სიტყვა შენ - გაწელილი. ცას ასე სურდა. გინდა, ცა მართო? ნუ მეტყვი, თავს ვგრძნობ უარესადო. ესეც წერილი - უმისამართო, ესეც წერილი -უადრესატო. კალამი ჩემი - ნაღველში ვაწე… შორს მყოფმა მეტად რად გაგახელო?! ფურცლის ბოლოში სახელს არ ვაწერ. იყოს წერილი ეს უსახელო! დღეს ეს გრძნობები გულს გააღიმებს. არავინ წერილს ფოსტით არ იღებს. ბოლოში ვურთავ ჩვენს ჩვეულ “მიმებს”. არ ვსვამ არაფერს, არ ვწერ თარიღებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი