გავთხოვდი, საფო!


ნინო დარბაისელი
 
გავთხოვდი, საფო! 


გავთხოვდი, საფო! კარგი სასიძო
სურდათ მშობლებს და ძმებს.
ქალმა ურჩობა როგორ გაბედოს,
სხვა რა ძალაა, ძლებს.

ზევით აზიდეს ჭერი დურგლებმა,
ხალხი ღრეობს და სვამს.
გამოგვაცილეს საწოლისაკენ,
ჩვენთვის მოწეულ ჟამს.

ტლანქად შემომხსნა წელზე სარტყელი. 
როგორ ვეგუო ქმარს!
თვალი ვარიდე, შესაძულებლად
ერთი შეხედვაც კმარს.

გაუზავებელ ღვინოს ითხოვდა, 
ცერით იფხანდა წვერს, 
ვარდის ფურცლებით სავსე საწოლში
აწ გალეშილი წევს.

იმისი ლურჯი ნათითურები
შიგნიდან მიწვავს ყელს
და შენი მწარე ეპითალამაც
ისევ ყურებში ჟღერს.

მძულს საკუთარი ნორჩი სხეულიც, 
- ნელსურნელებით ყარს.
საწოლის მეკრე ბატისფეხება
აღარ შორდება კარს...

ნეტავი იმას, ვინც არ შედრკება,
ტრფობას სიცოცხლით ზღავს,
კლდის წვერზე დგება, დახუჭავს თვალებს
და ენარცხება ზღვას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი