უკუსვლით
ნინო დარბაისელი უკუსვლით შემოანგრიე ზურგით კარები. სიტყვები პირში შემომიფრინდნენ და ჩამეყლაპნენ ცრემლებთან ერთად . წამოიშალნენ ნამსხვრევები იატაკიდან და აეწყო და მედიდურად თაროზე დადგა კერამიკის ლურჯი ლარნაკი . ოღონდ უკუსვლით ყველაფერი, ასე უკუსვლით! ან ზამთარია, ან ადრიანი გაზაფხული. ჩემი კანჭები უფრო ლურჯია, ვიდრე ხელში - - ბოლო რიგის ორი ბილეთი და იგვიანებს, ჩემი პირველი შეყვარებული... და ჩაუმალავს საყელოში გრძელი კისერი, ჯინსის ჯიბიდან ცერათითი აუშვერია და უდარდელად ლაზღანდარობს სხვასკოლელებთან... მაგრამ უკუსვლით, ყველაფერი ისევ უკუსვლით! ჩემი მანქანა დამუხრუჭდა . ’’ყვითელზე’’ ვდგავარ. ქვაფენილიდან წამოხტა და გაიქცა კაცი.. მხოლოდ უკუსვლით ყველაფერი , ასე უკუსვლით! ქვა-ღორღის მთიდან აივანზე ავფრიალდი და გამიმთელდა ჩემი ცხვირუკა. მართლა უკუსვლით, ყველაფერი ისევ უკუსვლით! ჩემკენ დაიძრნენ ახლობლები დაკარგულები, ცოცხლები, მკვდრები. მაინც უკუსვლით ყველაფერი, ასე უკუსვლით! გაქრა სისხლი და მზიან მინდორზე ახალამოსულ ბალახს წიწკნის თეთრი ბატკანი. მორჩა, ვჩერდები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი