ლექსების ნაკრები ,,ლიტგაზეთიდან”


პანდორას გაზაფხული
- - - - - - - - - - - - - -

აქამდე მაინც როგორ ვერ მივხვდი,
ან ეს მიხვედრა რაღად მინდა!
როცა გულის ყველა კუნჭული მიმოვიჩხრიკე,
გამოვიცალე და ის-ის იყო ამოვისუნთქე,
ჩავიხედე და რა დავინახე:
გულის პირსა და სარქველშორის ფრთამოყოლილი
ჩრჩილი - იმედი შიგ ჩამრჩენია.
იქნებ გადარჩეს,
სადმე თავის გზას ეწიოს-მეთქი,
ცალფრთა იმედი ქვაზე დავსვი
და თითები ფრთის მტვრისაგან გავიცალე სულისშებერვით.

აქამდე როგორ ვერ მივხვდი-მეთქი:
არა ზანდუკი ან ზარდახშა
უცხო რამ თვლებით მოოჭვილი,
ჩვენი გულია მხოლოდ
ყუთი პანდორასი
და ზოგჯერ,
როცა გაზაფხული მოგვივარდება
და სიზმარ-ცხადს მაგრად აგვირევს,
შეგვინჯღევს და შეგვიჯანჯღარებს,
რა კლიტე, ანდა რა გასაღები!
დაგმანული შიგნიდან სკდება
და გზახსნილიდან
გამოვარდნა-გამოფრენას ვინ დაახანებს!

და აქამდე მაინც როგორ ვერ მივხვდი-მეთქი,
რომ ტრაგიკული დასასრულის მოლოდინში
რუტინა ხსნაა.
იმ პანდორასაც,
ქმარ-შვილი მართლა კი არ დაეუბრა სამარადისოდ,
მარადისობად თვით ის წუთები გაიწელა,
თავს რომ წაადგნენ.
დაზაფრულობის პირველმა ტალღამ გადაიარა,
ეპიმეთემაც - პანდორას ასე, ხელჩაქნევით:
- გეყოფა! დროზე გაინძერი,
დაღლილი ვარ, წყალი დამისხი
და ჩემი პური მომიტანეო!"

ახლა კი თითქოს, რაც შეიძლება, გულგრილად და გამოუთქმელად
ვიღაცის წერილს გიკითხავდე,
მაგრამ ხმას მაინც
საიდანღაც უცხო ქვითინის ექო მოსდევდეს,
ისე გაისმის:
,, -,მაპატიე,
მე არ მინდოდა...
გემუდარები, ხმა გამეცი! "

აი, ასეთი, მაგრამ მაინც გაზაფხულია!


 


 


სიყვარულსა ვიქმ
- - - - - - - - - - - - - -

,,რასა იქმ, ცეტო!" - ეს ხმა არის დიდედაჩემის,
მოუსვენარი გოგოობიდან ჩემი მდევარი.

-რასა ვიქმ?!
ვხარბობ.
მე დავიჩემე აღმართები,
ვარდნილები,
ეს საიდუმლო ღრმულები და ეს მწვერვალები
და ეს ჩქოლნარი
და ეს პატარა ნაიარევიც,
აი, ეს ხალიც მხოლოდ ჩემია
და არ ვაპირებ ამიერიდან ვინმეს ოდნავ გავუზიარო.
ჩვენ რაღაც წამით მაგიური წრით შევკარით მთელი სამყარო
აწ ვნეტარყუჩობთ;
ცოტახნით ჩამდგარ ქარიშხალში შენელდა ცეცხლი
და ჩვენი მლაშე ნაკადულები ერთ გრილ მდინარედ ედინებიან...

რასა ვიქმ?!
ვზანტობ.
მერე ისევ დავეხარბები.
გაივლის ხანი
და წყაროსთავს სახელიდან შემორჩება სულ ერთი ასო,
აი, ეს მხრებიც, -
- მათ ჩემი ზიდვა უწერიათ,
როცა ჟამთაგან დაჭკნებიან ჩემი ვაშლები,
(ხმა მომავლიდან:
,,ძვირფასო უკვე ჩაგეძინა? აქ ორპირია,
პლედს ბეჭებთან შემოგიკეცავ")
...ყურის ნიჟარა,
მთრთოლი ასე, ვიბრაციების კორიანტელში,
ანდა ეს თმები,
თითებშუა ხან ჯიუტები და ხან მორჩილად მოსრიალენი,
ჰო, ასე ვურევ სიტყვებს, ფრაზებს,
და რაც უფრო ძლიერ მიყვარს,
ძლიერ ვუყვარვარ,
მით უფრო ცოტა სიტყვა გვინდა,
ის კი არა და ბოლომდე აღარც ჩავამთავრებთ შორისდებულებს
იქნებ და უკვე ვეთხოვები...
ორივე ვკვდებით...

რასა ვიქმ?!
ვცეტობ!
უინტიმურეს წამებშიც კი
რატომ გვჭირდება ვიღაც მესამის ჩუმი თვალი,
ან ეს მესამე ყველა ჩვენგანს რას აგვეჩემა.
რად უნდათ-მეთქი გულისგულში შეყვარებულებს,
თადავიწყების ნეტარებაში ვიღაცის თვალი მაინც ხედავდეს.
და ნურასოდეს შეეკითხებით ქალს საწოლში, რაზე ფიქრობო,
მით უმეტეს თუ პოეტია.

ზღაპარაძიანთ თეთრო ქალო,
ქალო სოფიო,
აი, ეს არის სიყვარულის მთელი ამბავი.
უცხოებისთვის გადამალულ კაკლის მურაბას
როცა ნეტარი მუსაიფით შეექცეოდით,
მე უსირცხვილოს განა იქ მართლა ჩამეძინა,
თავი ტყუილად მოვიმძინარე.
როგორ ამბობდი ბიცოლაჩემთან?! -
,,ხო სამი შვილი გავაჩინე და ქმარს გახდილი დანახულიც არა ვყავარო?!
იმის ამბებიც გავიგონე...
ჩემი - ეს არის!

დიდედაჩემო,
მე ანგელოზებს ველოდებოდი,
შენ კი, მანდედან, შე ცეტოო!

რასა ვიქმ და
სიყვარულსა ვიქმ!




P.S. ახლისა
- - - - - - - - - -

"-ღმერთმა მრავალი განსაცდელი მისთვის მაჩვენა,
რათა გამეგო, რისთვის ღირდა ქვეყნად გაჩენა.

როცა ვერ იტევ მელოდიას სულში საოცარს,
როცა შენს სურვილს დაბლით მიწა, მაღლით ცა ლოცავს,

თუ გულმა - გული და თითებმა - თითები იგრძნეს,
რაღას დაეძებ დაკარგული წლებისას სიბრძნეს.

,,იყოს ღვთის ნება!" - მითხრა იმან, მე ვთქვი ,,ამინ!" და
მივხვდი, რა ბევრის მოწადინეს რა ცოტა მინდა.

დე, თქვას ნაყოფმა, უცხო ძირი რა ინერგება,
ახალ სიყვარულს ძველი სიბრძნე არ მოერგება.

ამოა მასთან შეთავსება, მისით ავსება.
მისია ჩემი სული, სხეული, მთელი არსება!"

რად შევერიო ამ ოცნებებს, მე, უთარიღოს,
ან რა იქნება, რაც კარგად ჟღერს, ნამდვილიც იყოს!


 


ჩემი პირველი სიყვარული მესიზმრა წუხელ
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -


ჩემი პირველი სიყვარული მესიზმრა წუხელ
და ისევ ისე დავუგრილე ცხელი ტუჩები...
მის ვინაობას ახლა ვინმეს როგორ გავუმხელ,
მხოლოდ ვიხსენებ, მოგონებით განაყუჩები,

როგორ უყვარდა ჩემს კალთაში თავის ჩადება,
როგორ მიყვარდა მის წარბებზე თითის სრიალი.
გულში სიახლე უეცარი რომ იბადება,
აბრიალდება არსებაში ციური ალი!

სად არის ახლა? ალბათ უკვე არც ვაგონდები
ან ვაგონდები, მაგრამ სხვისი ფიქრი ერევა;
შემოეხვია წარსულს ჩვენსას კვამლის ბლონდები,
იმ სხვას დაერქვა სიცოცხლე და ბედნიერება.

არაფერია დასამალი ან საკვირველი,
არაფერია არც სარკვევი ან დასასკვნელი:
ჩემი ყოველი სიყვარული - იყო პირველი.
და ამავე დროს, ყველა იყო - უკანასკნელი.


 


ბებრის ყვავილობა
- - - - - - - - - - - - - - -

არც მე ვარ მონაზონი და არც ის არა ჰგავს მწირს.
გავჭრილვართ მონაზომიდან და ერთმანეთი გვჭირს.

ორივემ ვიცით, რა გვინდა. არ ვეჭიდებით ხავსს.
მას უხარია, რომ ვყავარ, მე მიხარია, მყავს!

აღარც მახსოვხარ, არც გნატრობ, აღარც წარსული მწამს..
ეგ ჩრდილი რაღად ეცემა ყველა ბედნიერ წამს?

თქვენ ორში ნეტა მესამედ ყოფნა რგებია ვის?
ან ცრემლის ყლუპი რად მახრჩობს, მე, გადამცურავს ზღვის.

ღმერთო, ვის ვისი სული და ვისი სხეული სურს,
ვინ - ვისთვის ცოცხლობს, ვინ იცის, ვინ - ვისთვის დალევს სულს!


 


რას გვერჩის, ნეტა, სიყვარული ახალთახალი
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

რას გვერჩის, ნეტა, სიყვარული ახალთახალი, თითქოსდა გრიგალს კი არ მოჰყვა ამ გაზაფხულზე, ადრე, ოდესღაც ფიცხელ ომში გაწვეულისთვის უღალატობის ფიცი დაგვედოს და დაბრუნებულს დადებული თავის ადგილზე ვერ დავახვედრეთ.
და რით ვიმართლოთ ახლა თავი? - რომ უიმედო ლოდინით დაღლილს მტვერი გვინდოდა გადაგვეწმინდა და სიფრიფანა ფიცი ხელში შემოგვტყდომია?
ან ჩვენ რას ვერჩით ამ ახალთახალს! აქამდე როგორ მოაღწევდა, გზად ტოტი რომ არ ჩამოეტეხა, ის მინდორი არ გადმოევლო, იმ მდინარეში არ შეეცურა, იმ ლაფში რომ არ ჩაფლულიყო, ან ქვრივის ქოხში კუნაპეტ ღამით თავშეფარებულს არ გაეთელა გახამებული თეთრეული ზორბა სხეულით.
რატომ გვაწვალებს შეგუება, რომ ერთმანეთში ახალი კვალი კი არ გაგვყავს, ნასვენებ სახნავს მივუყვებით, ბელტად ვაბრუნებთ წარსულსა თუ წარმოსახულ ნაალერსალებს?
ნეტა დროს ისე მიჰყვებოდეს ადრინდელობა, როგორც შხაპს მისდევს ყველაფერი ნაგუშინდლარი, ან არსებობდეს რაღაც ნათლობა - სასიყვარულო - ხელჩაჭიდებით, ცხვირზე თითებმოჭერილებმა ერთად ჩაყვინთოთ, დინებამ თავზე გადაგვიაროს და ვიშვათ ახალ სპეტაკებად ერთმანეთისთვის.
ანდა ჰაერმა ჩვენთვის თავი გაიგრიგალოს, ორივე ერთად აგვიტაცოს, მთის წვერზე დაგვსვას, ფეხქვეშ ქვეყანა ჭრელა-ჭრულად გადაგვიშალოს, გამოგვითიშოს ვარსკვლავები, მთვარესაც ცოტა ჩაუწიოს, თავქვეშ ღრუბელი ამოგვიდოს და დაგვახუროს მრავალკეცი ნისლის საბანი.
ან ცეცხლი ენთოს, ერთად შევიდეთ, იქ დასაწვავი დაიფერფლოს, ორთავეს გარსი შემოგვეცალოს, გამოვაღწიოთ, შეტყუპებულნი ვეღარაფერმა გაგვაცალკეოს.
ან მიწა იყოს, დაგვეყაროს და ჩავიმარხოთ ერთმანეთში ჩახლართულები და ერთიანად ამოსუნთქვის ძალი მოგვეცეს და მიწის პირზე ისევ ერთად ამოვაღწიოთ, ფეხი დავკრათ და ავსრიალდეთ ლაჟვარდებისკენ.
რა პატარაა და უმწეო ყველაფერი, რაც დაბლა რჩება!

ამბობს: - ვიკმაროთ, რაც აქამდე ვიყოყმანეთო.
ამბობს, რომ ეყო, რაც უჩემოდ დღემდე უვლია.
რა გახდა ერთი დღის გაძლება უერთმანეთოდ!
ვიდრე გვერჩის და და ვიდრე ვერჩით - სიყვარულია!


 


ვინ დაიჯერებს ახლა
- - - - - - - - - - - - - - - - -

ვინ დაიჯერებს ახლა,
რომ ის მოხუცი კაცი,
შვილიშვილი რომ ახლავს,
კეპი რომ ხურავს ბაცი,
ქუჩის მათხოვარს მქისედ
რომ ჩაუყარა ხურდა,
ერთ დროს მხიბლავდა ისე,
ერთ დროს იმგვარად მსურდა,
სუნთქვა მეკვროდა უცებ,
დავინახავდი რაწამს.
წარსულს კვლავ გული უცემს,
ჩემი სიმშვიდის არ სწამს.
მძულხარ, სიბერევ, ძლიერ,
დაუნდობელო, მწარევ,
წვეთიწვეთ გვიცვლი იერს
და თაფლში ნაღველს არევ.
მე ავარიდე თვალი,
ვეღარ ვიცანი ვითომ,
საფეხურები ვთვალე...
ნეტა თუ მიცნო თვითონ?


 


ამაღამ ჩემი შეყვარებული მიდის
- - - - - - - - - - - - - - - -

ამაღამ ჩემი შეყვარებული მიდის.
დე, შეეწიოს ნათელი ყოვლაწმიდის!
თავს ვეუბნები: - საქმე გჭირს გასაკვირი,
ხარ გაცნობილი ამ ორიოდე კვირის,
მის უნახავად განვლე ცხოვრება ვრცელი,
სხვას არ ელოდი, დღეს იმას როგორც ელი?
არ შეგიცვნია მისი ცოდვა თუ ზადი.
ვინ იცის, მისით რა ხვედრი მოგიმზადა
ამ ბედისწერამ - დამგორებელმა ზოდის,
შენი წვალებით წვერამდე ანაზიდის.
ასე უმწეო ადრე ყოფილხარ როდის, -
- თავის გამცემი, აღარ მოფრთხილე რიდის!
გაუძლებ ტკივილს ამ გულის - დანაკოდის?
გჭირს ვერგაშვება იმ ხელის - ჩანაკიდის.
აბა, თუ ერთი აქეთაც მოიხედოს,
ვიდრე გასცდება თავს მოქანავე ხიდის...
წინ გეფარება ტანდაკოჟრილი ხე და
აღარც ტყე მოსჩანს, აღარც მთლიანი ხედი.
- როგორ ვეწიო რაიმეს, - საიმედოს,
რა დამრეცია მწვერვალი პირამიდის,
როს სიყვარული ასე - უეცრად მოდის,
შეყვარებული მთელი ერთი დღით მიდის.


 


იქნებ ტყუილად გენდე
- - - - - - - - - - - - - - - - - -

ო, მოთქრიალებს მღვრიე,
მოათამაშებს მორებს,
მე როგორ მოვერიო
წყალვარდნილებს და მორევს!
სულ ერთიანად მოსრავს,
არსად დატოვებს ჯებირს,
აღარაფერი მმოსავს
და ცარიელი ვრჩები.
ჰო, ცარიელი ვრჩები
ადრე პირთამდე სავსე...
დამანგრეველი ჩემი -
- მიდის წარსული ასე.
გადმომსკდა გულის პირით,
რაც დამიფარავს დღემდე.
ჩახუტებულნი ვტირით
(იქნებ ტყუილად გენდე?).
რა უმწეო ვარ ახლა,
რა დაუცველი, ცოდო,
აღარც ფარ-ხმალი მახლავს..
ან რაღა უნდა ვცადო!
არც არაფერი მწადის
ამ ავდარსა თუ დარში,
ან სამუდამოდ წადი,
ან სამუდამოდ დარჩი!
ვნებით ანთებს და აქრობს
ქონდრისკაცსა თუ ტიტანს.
ო, სიყვარულის ოქრო
რამდენ მინარევს იტანს!


 


სიყვარულო ჩემო ანუ გასაქცევი
- - - - - - - - - - - - - - - - - - - -

..- სიყვარულო ჩემო, როცა მღერი,
ვგრძნობ შერხევას თმის ყოველი ღერის.
ანგელოზთა ლხენა-გართობანი
ჟღერს სხვაგვარად - ერთვის შენი ბანი.
ცას ედება შენი ბგერის ექო,
საქებარი დღემდეც უნდა მექო!
არ გიზიდავს ლაპარაკი, სულაც,
მუდამ უხმოდ აცქერდები სურათს.
ყველას, სიტყვებს ვინც უაზროდ ხარჯავს,
მირჩევნიხარ მე - ქალღმერთს და ხარჭას.
შეგეთვისე, მოგეჩვიე ასეთს.
რომ მიყვარხარ, გეტყვი მეათასედ!..."

- ვეუბნები, ხმა არ ისმის მისი,
გამიცუდდა ქება-ღაღადისი.
მკერდში- მგონი, გულის ნაცვლად ღრუა,
ამ სიჩუმემ არე გააყრუა.
არ სჯობია გულში ტყვიის დახლა?
ოღონდ, ნუა ასე ჩუმად ახლა,
თორემ სიმწრით ნაშენები ბუდე,
თორემ ყოფა - მართალი თუ მრუდე
თავს დამექცეს ლამის, დასაქცევი....
არ დავეძებ. სადმე გავექცევი!
თვალში - ცრემლის მოწანწკარე რუა,
ოღონდ ახლა ნუა ასე ჩუმად!
ოღონდ ახლა ასე ჩუმად ნუა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი