ლექსების ნაკრები ,,ლიტგაზეთიდან”, ალბათ ორი წლის წინანდელი
ნინო დარბაისელი სტრონი ეროტიკა: ტექსტისა და კონტექსტის მიმართებისათვის - - - - - რატომ დავწერე?! - კონტექსტისა და ტექსტის ურთიერთობის რაღაც პლანი მაინტერესებდა. ეს ლექსი ორი ნაწილისაგან შედგება და ამ ნაწილებს ათასწლეულები აშორებს. (მაშინ/ახლა) პირველი ნაწილი (მაშინ) - დიალოგურია. მდიდარი მეომარი ვეზუვის ამოფრქვევის გამო, პომპეიდან გაღწევას ცდილობს, მაგრამ სხვებივით დასაღუპადაა განწირული. იგი გადაეყრება ტყვე-მეძავს, რომლის საროსკიპო- სატუსაღოც სტიქიურმა უბედურებამ დაანგრია და ამის წყალობით, მოახლოებულ სიკვდილამდე თავისუფლებას ეღირსა. მეძავი ირჩევს, სიკვდილამდე ეკოცნაოს, ჩაეხუტოს მეომარს და ასე, ერთად ჩახუტებულები ცხელ ლავაში დაიმარხებიან და დღემდე მოიტანენ ბოლო სურვილის ამბავს. ამბავი - ჩემი მოგონილია, თუმცა ორად, სამად და ჯგუფად გაქვავებული ფიგურები ჩახუტებულ-ჩაუხუტებელი ადამიანებისა, ბავშვიანი დედებისა, ძაღლებისა, ცხენებისა ... ცხოველებისა, მრავლადაა ,,ცოცხლად” ნაპოვნი და გამოფენილი ბევრგან. მათ შორის - ამერიკაშიც. რისი გაკეთება მინდოდა ტექნიკურად, მიხვდებით, თუ ამჯერად მხოლოდ დიალოგის მეორე ნაწილს, ანუ ქალის ,,პარტიას” წაიკითხავთ და წარმოიდგენთ, ამ “შეფუთვის” გარეშე რომ ყოფილიყო, დამოუკიდებელ ლექსად, ჩემი სახელით დადებული, ასე პირველ პირში მეტყველი მეძავის მოწოდებად მეომრისადმი, “მოდიო”: - აი, სად შევხვდით! მო, მეომარო, შენ - სასურველო ჩვენო სტუმარო! დანგრეულია ჩვენი პრიტონი, აღსასრულის წინ - ვართ უკლიტონი! ვერავინ მეტყვის, “ო, მე რომ არო”... არ გინდა ქალი? მო, მეომარო! ხომ არ ვიქნები შენთვის მეც ავი, შენ - მამაცი ხარ, მე კი - მეძავი. ბევრი იამე - ასოს დასობით, მეც - ნაამები მყავდა ასობით. რაღა დროსია რიდი და კდემა, როდესაც ირგვლივ სუყველა კვდება! მომენდე-მეთქი, რა დროს რიდია, ვერ ხედავ? - ცეცხლი ცას უკიდია. ცა ჩამოიქცა, ცა ჩამოიქცა... სად გამირბიხარ, დარჩი, მოიცა! დე, ვიდრე სული შეგვეხუთება, მოვასწროთ კოცნა და ჩახუტება! 1. პომპეი. ორი - - - - (სენტ-ლუისში, პომპეის გამოფენაზე ვნახე ჩახუტებულად გაქვავებული წყვილი. სავარაუდოდ, მდიდარი მეომარი და მეძავი. პომპეი განთქმული იყო თავისი საროსკიპოებით და შიგ ტყვე-ქალებს ამუშავებდნენ) მეომარი: - ამასობაში ბოლო დღეც დადგა. ვერ გადავრჩებით ვერცერთი, რადგან მთიდან დაიძრა მხურვალე ლავა! ლავამ ქვეყანა ააყირავა. გრიალით მოდის გრიგალი-ცეცხლი! სულ ოხრად რჩება ეს ოქრო-ვერცხლი. სისულელეა თურმე ყოველი, რისთვისაც ვიბრძვით, რასაც მოველით. მოკვდა, ვინც ბოლო ძალი მოიცა და ისიც, ვინაც მხდალად მოიქცა. არც გასაღწევი არა ჩანს არსად, რას მოვეწიე სიცოცხლის ფასად! აქ რა მინდოდა, რამ მიმიყვანა! ფეხქვეშ მეფინა მთელი ქვეყანა... ფერფლით პირსავსეს ფეხიც მეფლობა. ვინ დააბრალა შავ ფერფლს - ფერფლობა! ქალი : - აი, სად შევხვდით! მო, მეომარო, შენ - სასურველო ჩვენო სტუმარო! დანგრეულია ჩვენი პრიტონი, აღსასრულის წინ - ვართ უკლიტონი! ვერავინ მეტყვის, “ო, მე რომ არო”... არ გინდა ქალი? მო, მეომარო! ხომ არ ვიქნები შენთვის მეც ავი, შენ - მამაცი ხარ, მე კი - მეძავი. ბევრი იამე - ასოს დასობით, მეც - ნაამები მყავდა ასობით. რაღა დროსია რიდი და კდემა, როდესაც ირგვლივ სუყველა კვდება! მომენდე-მეთქი, რა დროს რიდია, ვერ ხედავ? - ცეცხლი ცას უკიდია. ცა ჩამოიქცა, ცა ჩამოიქცა... სად გამირბიხარ, დარჩი, მოიცა! დე, ვიდრე სული შეგვეხუთება, მოვასწროთ კოცნა და ჩახუტება! ... გაქრა პომპეი, ხვედრი წყეული ერგო, ორიოდ ათასწლეული ერთად გორავდა მართალი, ჭორი. ექსპედიცია გახევებულა, აუზიდიათ როდესაც მორი, ჩახუტებულად გაქვავებული, მორქვეშ სხეული იპოვეს ორი. 2. ჩემი ლტოლვილი მეგობარი მე თუ რამე მკლავს, ეს მეტისმეტი ზრდილობაა! (აქ - თუ ძალიან არ გაიცინებთ, მოწყალედ მაინც გამიღიმეთ) ნეტავი და, სულ არ მეკითხა ჩემი ლტოლვილი მეგობრისათვის, როგორა ხარ, თქვენები როგორ არიან-მეთქი. როგორა ვარ და და აი, ასეო: გათხოვებით - არ გავთხოვილვარ, რამდენიც ვინმეს მოვეწონე, ეუბნებოდნენ, კარგი გოგოა…მაგრამ, იცი? - ლტოლვილიაო. ლტოლვილი - რატომ? ფეხმძიმე იყო დედაჩემი, ოცდაათისა ახლა ვსრულდები, დაბადებით - აქ დავიბადე და მეტრიკაშიც ასე - თბილისი მიწერია, მაგრამ მეტრიკას თან გადაშლილს ხომ არ ვატარებ, აა, დედაჩემი?! დედაჩემი - ჩემი შვილია, ორი წელია, რაც ექიმებმა დემენცია დაუდგინეს და მე მირჩიეს, არ დაგავიწყდეს, დედაშენი - ის პიროვნება აღარ არისო, მოგიწევს ახალ ადამიანთან შეგუებაო. ვის სად გავექცე! ვეგუები. ჩემი შვილია დედაჩემი, ვბან, ვასუფთავებ, თმას ვუვარცხნი, პაპერსებს ვუცვლი და ხელით ვაჭმევ, ოღონდ მშიაო, მეორე წუთში გაიძახის, ხან კი წყალზეც პირს მიიბრუნებს. დედაჩემი - ჩემი შვილია! ხან დაიჟინებს, რას მეუბნებით, რა - ჭიბურხინჯი, ეგ სიტყვა სულ არ გამიგიაო, იქ არ მომკვდარა ფეხაუდგმელი ჩემი ბიჭი, სხვა ქალებივით მეც სანიშნებლად დიდი ხის ქვეშ არ დამიმარხავს, არც მიწვალია და დიდი ლოდი არ დამიდია, ამ ცივ ზამთარში მშიერ ნადირს სუნი არ ეცეს, მიწიდან თხრა არ დაუწყოს-მეთქი. დიდი კაცია ჩემი ბიჭი, მთავრობის კაცი, ცოლშვილიანი, დიდ სახლში ცხოვრობს და მანქანაც ემსახურება, და ხომ არ იცი, რა ვაწყენინე, ჩემს სანახავად რომ არ მოდის და არც ბავშვებს არ მაკარებსო?! ჩემი შვილია დედაჩემი! ხან - სულ ცოტა ხნით, ძველებურად, ჭკვიანურად მოიკითხავს, ერთი, ნახეო, ქვემო უჯრაში, ბენდენაში გამოკრული მიწა მიდევსო, აფხაზეთს ვინღა დამანახებს, იქაურია. როცა დამმარხავთ, გულზე პეშვით დამაყარეთო. ჩემი შვილია დედაჩემი, ასე თუ ისე, თავი გაგვაქვს, თანდათანობით ხელში მელევა და ალბათ მალე გამიქრება და მე უშვილოდ გადავეგები. ან ვიდრე შევძლებ, მე ვიქნები ჩემივე შვილი, ჩემი დედაც მევე ვიქნები, არ მეშინია. მიწის ზემოთ ვის დატოვებენ! შიშით კი იმას ეშინოდეს, ვისაც ამქვეყნად სასახლე აქვს, მაგრამ იმქვეყნად ერთი კენჭიც ვერ წაუღია. აი, ასე ვარ, მე - ლტოლვილი - სამშობლოშივე, ჯერჯერობით კი მხნედ დავრჩები, ვიდრე ასეა, ჩემი შვილია - დედაჩემი! 3. არ შეურიგდე! როცა დავშორდი პირველ სიყვარულს უცებ ვიგრძენი, რომ დედამიწა დაბარბაცდა და სიმძიმის ცენტრი დაკარგა და რომ სიცოცხლე ამ სამყაროში ფეხს ვერა და ვერ იკიდებდა. გათენებული - არ ღამდებოდა, დაღამებული - არ თენდებოდა. სულ ცოტა ხანში მე დავიღალე და მოვდუნდი, მე შევეჩვიე, ბედს შევურიგდი და გავიფიქრე შეგუებაში გამოწაფულმა, რომ ყველაფერი უბრალოდ, დროის ამბავია. როცა დავშორდი ჩემს სამშობლოს, უცებ ვიგრძენი, რომ დედამიწა დაბარბაცდა და სიმძიმის ცენტრი დაკარგა და რომ სიცოცხლე ამ სამყაროში ფეხს ვერა და ვერ იკიდებდა. გათენებული - არ ღამდებოდა, დაღამებული - არ თენდებოდა. სულ ცოტა ხანში მე დავიღალე და მოვდუნდი, მე შევეჩვიე, ბედს შევურიგდი და გავიფიქრე შეგუებაში გამოწაფულმა, რომ ყველაფერი უბრალოდ, დროის ამბავია. უკრაინაში როცა პირველად ომი დაიწყო უცებ ვიგრძენი, რომ დედამიწა დაბარბაცდა და სიმძიმის ცენტრი დაკარგა და რომ სიცოცხლე ამ სამყაროში ფეხს ვერა და ვერ იკიდებდა. გათენებული - არ ღამდებოდა, დაღამებული - არ თენდებოდა. სულ ცოტა ხანში მე დავიღალე და მოვდუნდი, მე შევეჩვიე, ბედს შევურიგდი და გავიფიქრე შეგუებაში გამოწაფულმა, რომ ყველაფერი უბრალოდ, დროის ამბავია. სხვა რა გზა რჩება სუსტისათვის? ერთს გაიბრძოლებ და თუ მორევა არ შეგიძლია, რაც არის არის, შეურიგდები… მაგრამ მსოფლიოვ, ყოველწამიერ დროს იმდენი სიკვდილი მოაქვს, მტერს კი ვერაფერს შეაგონებ, რადგან გონიდან გადასულია. გესმის, მსოფლიოვ? შენ ძლიერი ხარ, მსოფლიოვ, დავდგეთ ყველა ერთად: თვით უსუსტესიც, სუსტიც, ძლიერიც, უძლიერესიც, ვიბრძოლოთ ერთად, ვისაც რითი შეგვიძლია, ნუ დავიღლებით, ნუ მოვდუნდებით, ნუ შევეჩვევით, და ნურასოდეს შევურიგდებით! 4.ინტერმისია ხმაკრიალა ვიოლინომ ჩელოს ჩააბარა ბანი. აი დარდი, თუ მრავლობენ იუდანი, ბარაბანი! არა - დოლი, დოლი - არა! გული არის ბარაბანი და ხმიანობს წარამარა ფრთების ოფლში განაბანი. მე ვარდები მომელიან, თანაც ერთი-ორგან ია, აქ ბასუნი - რომელია? ეს ვენები - ორგანია. ო, მაესტრო, ნუმც მომასწრო იმ დღეს, როცა არ ვიქნები! ცათა შინა კი არ წავალ, აქ ჰანგებად დავიქნები. ო, მსმენელებს ალბათ სურდათ, ამ დარბაზში დაესვენათ, გადაიქცა ყველა სმენად მთლად სამყარო იქცა ვენად, ამ ბარბერმა გაუბერა, თავი გაიბეთჰოვენა! სადაც რამე გულს ეხება, ყველგან ისმის ბეთჰოვენი. მე ბეთჰოვენს მე ბეთჰოვენს ვერასოდეს ვეთხოვები! 5. ორკესტრი. პაუზა ფრანგულ საყვირებს, ნერწყვით ავსებულს მუხლზე ირტყამენ ორკესტრანტები. სძინავს პიკოლოს ისტერიულს, და კონტრაბასთან აბაასდა დინჯი ბასუნი. ვიოლინოსთან ისმის ვიოლა, ვიოლამ საქმე გააიოლა. მე გიმეორებ: - ის, რაც კარგია მუსიკაში, პოეზიაა. მხოლოდ მან იცის, რას განიცდის წამსვლელ-დამრჩომი. რომელი უფრო საბრალოა, იკითხა ვინმემ? - დამრჩომისაა გული იგი პოეზიისა, ტირის უგონო, იქნებ კვნესა შენ გაუგონო; წამსვლელისაა გონი იგი, გონი უგულო არ დაედევნო, ცივი ცეცხლით გადაბუგულო! თუკი წასვლაა, წასვლა უნდა იყოს ასეთი: უცებ ადექი, დაგუბებული - ლოყების ბერვით, ამოისუნთქე, ხმა აღარ დაძრა, შეტრიალდი, და გაეშურე! წყალმა წაიღოს და მეწყერმა გადაუაროს, რაც წინ მიმავალს უკან დაგრჩება. ხოლო ვინც გრჩება, დაე, ჰქონდეს იმას კუნძული, პალმის ხეებით, ზეთისხილით, მწვანე მდელოზე მოწანწკარე ალმასებით, ბატკნით და ეჟვნით, ხოლო დროდადრო, ღამღამობით, ციურ მანანას რომ ჩამოთოვს, შემდეგ თოვამდე სავსე ჰქონდეს გობი და ქვაბი. ცხოვრება ჩვენი - გაძლებაა. უძლებ, თუკი ხარ ადამიანი და თუ მხეცი ხარ, აქეთ გიძლებენ. თუ ანგელოზი - ზემოდან უნდა დასცქეროდე, როგორ უძლებენ და ვერ უძლებენ სხვები ერთმანეთს. სამივე ერთად შენში თუა - ვინმე სხვას არა, უნდა ადგე და საკუთარ თავს თავად გაუძლო... ჰოდა, მეც ვუძლებ და ნურავის ნუ გეწყინებათ, როცა უეცრად გავექცევი თავქუდმოგლეჯით, რადგან ცხოვრება ერთი გაბმული გაძლებაა, მაგრამ გაბმული როცა ძალიან დაიჭიმება, გასაწყვეტად როცა წკიპზეა, მაშინ ცხოვრება - გაქცევა და გადარჩენაა. აი, ამ ერთხელ კიდევ გადავრჩი! წინ - მზერავ ჩემო! ყურო ჩემო - ახალ ხმას მიჰყევ! დაე, დროდადრო გამოცდილი პერკოშენისტის მოზომილობით ნიავს მოჰქონდეს სუნთქვა შორი, წანწკარი, ,მე- ეეე!’ ჩამოდგეს ჟამი და ჟღარუნობდეს ტამბურინზე კიდევ ეჟვანი! 6. ბამბის ნაყინი ნეტა ეს რაღა სახელიაო, სად ნაყინი და სად - ესაო? ცისარტყელას მთელი სპექტრი შიგ რომ ერიოს, უბრალოდ, რაღაც თბილი არისო, თბილი და ტკბილი, ნაყინი კი ვერ იქნებაო. მინდოდა მეთქვა, მენაყინენი თბილის-ქალაქში მთელი კვირა რომ ნაყინის ყუთს დაატარებდნენ, უფროსები არ ყიდულობდნენ, სუსტი ყელი გაქვს, სიცხეს მოგცემსო, კვირის ბოლოს კი ერთი დღე იყო, ერთადერთი, პარასკევი, ბამბის ნაყინის ჩამოტარებით გულს გვიხარებდნენ. მერე რა, თუკი მშრალად მბოლავი რაღაც ყინულის სანატრელად მყრალი სურნელი ყიდვისას და ყუთის ახდისას ცხვირში ჩვენ არ გვეძგერებოდა! ის სურნელი სხვებისა იყო, ყელმაგრებისა, ცივი ნაყინის ამტანებისა, ჩვენ კი გვერგუნა - ბამბის ნაყინი. გაწეპილ თითებს გაწეპილივე ენის წვერით რომ ვილოკავდით, განა გვესმოდა, განა ვინმე დაგვაჯერებდა, ორგანიზმისთვის სასარგებლოს რომ არ შეიცავს იგი არაფერს და ნახშირწყლების ამ დიდ საბადოს მეტაბოლიზმი ცხიმად გარდაქმნის და მუცელ-თეძო-ბარკლეულში ფენა-ფენა ნაზად გვილაგებს; ცუდ ქოლესტერინს ეხმარება, სულ მაღლა-მაღლა აიწიოს, მთელ სისხლძარღვებში ჩახერგოს ყველა მოსახვევი თუ გასასვლელი, ათასნაირი ტრომბოზების წერა გაგხადოს… შენ თუ წახვედი, რა აზრი აქვს ან გაციება- გაცხელებას, ავად გახდომას ან კარგად ყოფნას? შენ თუ წახვედი, რამე ახალ აზრს გამოვიგონებ, გულში ცარიელ ორმოს დიდხანს არ დავიტოვებ, ყოფას მოვირთავ საარაკოდ, ათასერთ რამეს მოვიფიქრებ, საკუთარ თავთან დამტოვებ რაკი… შენ თუ წახვედი, დავრჩები ისე გაწბილებული, როგორც ის ბავშვი, ხვეწნა-ხვეწნაში გულგრილმა თუ დაღლილმა მამამ ხურდის მიცემა ძალიან რომ დაუგვიანა, მერე თავქვეზე კი გამოიქცა, სულს ძლივს ითქვამდა, მაგრამ ნაყინის მოტოციკლეტი იქ აღარ იდგა, წასულიყო და შავი ბოლი თრახთრახით რომ მოიქნია ბუზისტოლამ შორ მოსახვევში, ერთი დღით, არა, ერთი კვირით, არა, მთელი ერთი სიცოცხლით წავიდა და თვალს მიეფარა. მე შევცქეროდი და გავიფიქრე: თუ დაგვიანდი, რა აზრი აქვს, ფულიც რომ გქონდეს. ფულიც რომ გქონდეს, ვერ გიშველის, თუ რაც გინდა, არ იყიდება. მაშინ იმხელა არ ვიყავი, ფიქრს რომ ამაზე ღრმად ჩავყოლოდი, ახლა ცოდნა კი რაღა დროსია! იქნებ ცხოვრების ქარიშხლებით გადაქანცულის გადასარჩენი სიყვარულია ბამბის ნაყინი: ტკბილი და თბილი, უფაფუკესი, ზოგჯერ ნაზადაც შეფერილი, ვეებერთელა, მაგრამ მსუბუქი, ნებადართული… ვინ დაგაჯერებს, ორგანიზმისთვის სასარგებლოს რომ არ შეიცავს იგი არაფერს! დე, როგორც უნდათ, იმეორონ: ნეტა ეს რაღა სახელიაო, სად სიყვარული და სად - ესაო? ცისარტყელას მთელი სპექტრი შიგ რომ ერიოს, უბრალოდ, რაღაც თბილი არისო, თბილი და ტკბილი, სიყვარული ვერ იქნებაო. 7. ცნობადი კაცის გასვენება ცნობები და ნაცნობები, სნობები და ნასნობები! 8. მუსტანგი (ამერიკაში ცხენი პირველად მაშინ ნახეს, ესპანელებმა რომ ჩამოიყვანეს. ნამსახურევი ცხენის თავისუფლად გაშვების ნაყოფია გაველურებული ცხენი - მუსტანგი. ამჟამად მათზე ნადირობა აკრძალულია, კანონი იცავს, ადრე კი იჭერდნენ და გახედნილებს ისევ ცხენებად იყენებდნენ) მუსტანგო პატარავ, ოფლიან ქოჩორქვეშ გიჟურად გიელავს ავსული ალები, რა ოფლის ბუღია, ირგვლივ რომ ტრიალებს - შარდული სიმყრალე და ნესტოებიდან ვნებურად მქშინავი ეგ ცხელი ნასუნთქი! ტანი მოცახცახე, ხელის შეხებაზე გვერდით რომ გახტები! არ გინდა, მუსტანგო? - ტანგოს მუსიკაზე შენი სასურველი ყელგადაგდებული ზედ გეკიდებოდეს, ალი ედებოდეს, ოდეს მოფართხალე სრიალით ლაჯქვეშ შემოძრომას ლამობდეს, ზედვე გაკვდებოდეს? დრო როცა განცხრომით ატარე, რეატა არის თუ რიატა, უეცრად კისერზე მოგედო, ასე დაგიჭირეს ლაზოთი, ლაზათი შენსავით ვინ იცის ცისკარზე ჭენების! ნებისად ბალახის მძოველი ველად დალევ ნამს და ჯოგის დამკარგავი ავად იარები და არ უბრუნდები გადავლილს. ვინ იცის, ვისი ხარ ნადავლი! აქ ძველი წესია ცხენების გაშვება, შინაურ ცხოველთა გაგარეულება და მერე გარეულ რემათა მიგნება. ნება ნაშიერთა - ერთად კი არა და მარტო ხეტიალი და ბედი ტიალი, ხიფათის ცემა და დაცემა შენსავით! ავით შენს გახედნას შეიძლებს ვერავინ და ნელა გიჩვევენ, ვიდრე ზურგს მიუშვერ ვერაგებს. ო, შენი ძარღვები ვეება, კუნთები - ნეკნების მომჭერი, კისერი, სერი კი - ნაშანთი უცნაურ ნიშანთა! მუსტანგო! არ გინდა? - დაგინდო და ისევ გაგიშვა თავნება, ვნებათა ელვარე არე ვლე ჭენებით, შვებაა! როგორი შვებაა თავის გაბავშვება! მე გიშვებ, მუსტანგო! 9. თოვს ყინვისაგან ლოყებდაბრაწული ნათხოვარ ციგას თხისქონით რომ ძირს ვუპოხავდი, ხელთათმანებში და სველ ჩექმებში გრძნობადაკარგულ თითებს ძლივს რომ ვამოძრავებდი, მამიდაჩემი მეტყოდა ხოლმე: -ეს რა თოვლია, ნამდვილი თოვლი ჩემს ბავშვობაში უნდა გენახა და იმაზედაც უფროსები მეუბნებოდნენ, ეს რა თოვლია, შენ ჩვენი უნდა გენახაო! თოვს მთელი ღამე, მაგრამ როგორც თოვს, არასოდეს ისე არა დებს, როგორც არა წვიმს ისე, როგორიც ქუხილია და დილის თოვლი შუადღეზე - ტალახია, ღამით - ყინული. თუ კიდევ მოთოვს - - საშიშია ყინულზე თოვლი. ბავშვები ნაძვებს ქვეშ უძვრებიან, ტოტებს ზედ თავზე იბერტყავენ, თოვლში წვებიან, გორაობენ, გადმოგდებული ენის წვერზე ფიფქებს იდნობენ, ცინგლი ჩამოსდით ცხვირიდან და მაჯით იწმენდენ, რამდენი მივა შინ წითლად ლაჯებგამომწვარი! რა თაობაა! - სრიალი უნდათ, ციგის ატანა - ეზარებათ, მე მოკლე-მოკლე ნაბიჯებით აღმართზე ამაქვს და რომელიმეს ვეუბნები: -ეს რა თოვლია, ნამდვილი თოვლი ჩემს ბავშვობაში უნდა გენახათ! ჰო, ბავშვობაში, ჩვენს ბავშვობაში! არასდროს ისე აღარც ითოვებს, როგორც თოვდა ჩვენს ბავშვობაში. თოვს! 10. მაჩო ვაგონი, ზაფხულის ვაგონი! მეტოქეს ვიღაცა ვეგონე, უგონო! ვერარა ვაგონე, და ვეღარც ვუგანე, ვიგინე, ვაგინე! ვაგენი, შენკენ გზას ვაგენი. ღამეა, ვაგინა, ვაგონი! ჩემია, ჩემია ვაგინა! ვა, გონი! 11. მარიამული ათი, ათასი, ათიათასი, აურაცხელი შენი ვთქვათ, ჩემო მაცხოვარო, ერთიც იმისა - პირველისა, ვინც შენს სიტყვაზე სიძულვილით აღმართული ხელი დაუშვა და ჩასაქოლად მომარჯვებული ქვა ვინც დადო მტვრიან მიწაზე; ვინც თავის თავში მეტი ცოდვა აღმოაჩინა, შენ კი იმ მტვერში თითით წერდი, გამოუცნობი ასოები გამოგყავდა, წაუკითხავი. და ვთქვათ იმათიც, იმ ცოდვილთა, იმ ურწმუნოთა, ვინც შეყოყმანდა, მაგრამ პირველის მაგალითი მაინც უბრად გაიმეორა, ცოდვილისათვის მოღერებული ქვა მოიშორა და ისევ თავის სავალს გაუყვა... და უფრორე კი ვთქვათ იმისი, ვინც შენგან ხსნილმა და შენდობილმა მეძავეობა დაუტევა და მოგეკედლა შენ - მიმავალს გარდაუვალი სასმისის და გოლგოთისაკენ, ვინც დაგიტირა, ვინც იხარა შენი ხილვით აღდგომის მერე, ვისაც არასდროს უკან აღარ მიუხედავს, ცოდვის ცეცხლში გახვეული წარსულისაკენ და ამის გამო დანაცრება არ უწერია, ვინც დაიჯერა, რომ მიმავალი უკან-უკან თუ იყურება, გზაზე დაგდებულ ქვას ფეხს წამოკრავს, დაეცემა, დაიღუპება. აურაცხელი შენი ითქვას, მაცხოვარო, ერთიც - იმათი, დანარჩენი ამ ცხოვრებაში - მარადიული ქვა და მტვერია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი