ლექსების ნაკრები მწერლის გაზეთიდან
(აქედან ერთი აკლია, ცალკე დავდე ,,სარევია”) ბაიობა - - - - - - - . მიმოზები, ტიტები და გვიანი იები გეგებება მიმავალს წყება, წყება, წყება. ცოდვა ცოდვას მიება, გინდა მონანიება, გინდა მადლით ავსება, ბრალის დავიწყება. გინდა აღიარება, შვების ცრემლთა ღვარება, (ვისაც ელი - ამქვეყნად აღარ იარება). მოთმინება იობის, ჟამი ლიტანიობის, წრფელი, საყოველთაო ლოცვა-ზიარება გეზიდება, გინდება, გეყოს გამბედაობა, მასთან აღარ დაება, ვინც უფალს ედავება, სული დაიობა. ნუღარ შეგეშინდება, შენც ითხოვო შენდობა, ლოცვა ნუ მოგწყინდება! ზეცა მადლით ბრწყინდება, უხმობს ყველას ტაძრისკენ ბზობა-ბაიობა. ნარცისი?! - არც ისე! - - - - ჯერ ის, ორმხრივი სიყვარული რა ბედენაა და, ზოგმა კიდევ, ცალმხრივიო! სიყვარული კი, თუ არსებობს, უნდა იყოს მრავალმხრივი მხოლოდ და მხოლოდ! და. აი, ასე, მრავალმხრივად, მრავალნაირად მიყვარხარ- მეთქი! მიყვარხარ, როცა იტყუები, თანაც გულწრფელად, მიყვარხარ, როცა მიდიხარ და ნაბიჯი გრჩება, მიყვარხარ, როცა გულუხვი ხარ, ბუნებით ძუნწი, მიყვარხარ, როცა შენი ცხელი ოფლის ნაკადულს ჩამოწყვეტილი ცივი წვეთი ჩამომგორდება, მიყვარხარ მუდამ, მაშინაც, როცა მეჯავრები, სულერთია, მიდიხარ, დგახარ, ზიხარ თუ წევხარ. ეს სიყვარული სულაც არ არის-მეთქი ადვილი, რადგან შინაგანს, შინის-შინას, გარეგანსა და იმის გარეს - მისხლამდე ითხოვს. მე ხომ მებრძანა, მე მომინდა, მე გადავწყვიტე ან დამემართა, რომ მყვარებოდი. მე მხოლოდ ასე, ამის მერე, ამასთან ერთად შემიძლია, მიყვარდეს იგი: მტვერი ჩემი და მოყვასი შენი. გეტყვი:- შენს იქით გზა არა მაქვს. სად წაგივიდე, ერთადერთო, შენ, თავო ჩემო, უერთმანეთოდ არსებობა არ გვიწერია! ანატორი - - - - აკლდამები - შორთა შორი, ძელი, ძვალი ძველისძველი და აკვანში - ჩონჩხი ჩვილის და აკვანზე დამხობილი ჩონჩხი დედის, ზედ დამკვდარის, ისევ არის? ისევ უვლის შორით არეს ცის ფრინველი და ნადირი? ისევ ისმის ღამ-ღამობით ხმა, სამარხზე დანატირი? თუნდა მომხვდურს ხმლით მისდევდე, შეაჯერო ქვეყნის კიდე, თუნდა იჯდე საფიხვნოზე ან მთის ფერდზე სამკალს მკიდე, თუნდა იყო ჭაუხებში ხარ-ირემთა გადამკიდე, თუ დაგრია ჭირმა ხელი, სოფელს ცოცხლად გაერიდე! აკლდამისკენ გზა იცოდე, იყავ, როგორც ქვა და ლოდი, სიკვდილს მარტო დაელოდე! რად მომგონდი, ქვავ ნაწყობო, ქვავ ნაძლებო, ქვავ ნაშალო, ჯავრი როგორ მოვიშალო, თუ მთას ჩემი შერჩა სული? დღეში ორჯერ მზეჩასული, წამომშლელი წარსულ სენთა რა ჯანდაბად გამახსენდა ანატორი, ანატორი, ავი ბედის დანატორი! გოლფი* - - შენ გინდა, იყო ლოდი და რკინა; ასე უმწეოდ, ხელის სავსავით ცრემლს არ ყლაპავდე, თუკი გეტკინა და პასუხობდე მუდამ ავს - ავით; აღარ გჯეროდეს აუხდენელი და როგორც ცხვარი გაუპარსავი, აღარ გაება ეკალ-ბარდებში, როდესაც ფარას მისდევ არსაით; არ მოგელანდოს, რომ იმ არ-სანდოს უნდიხარსავით, უყვარხარსავით, აღარ გესიზმროს კიბე, რომელიც მაღლდება, მაგრამ მიდის არსაით. ,,ცხვრული ცხოვრება - მაინც მითია, ყველა სავალიც - არსაითია” - ამოიოხრებ შენ გულმომბალი,- ,,სადაც არ ელავს მწყემსის კომბალი და გამოსავალს არსაით ელი, არსაით ივლი არსაითელი”. მწვანე მინდორი, ცასავით შორი. გამოჩარხული ძვალი მრგვალი და გამოჩორკნილი ხისგან ბურთი და გამოტენილი მატყლით ტყავი და კომბალი. ფოსო. ჩავარდნის ფასი. არსი - ბალანსი. წამი მძაფრი და ცოტაც და ... აცდა! აცდა, გაფრინდაააა შენ გინდა, იყო. - - - * გადმოცემით, ,,გოლფ-ქლაბის' წინაპარი შოტლანდიური კომბალი იყო. ეტიუდი - თებერვალი - - - - -- - - - - ბარდნისო. რა ბარდნა! ეს - ანგელოზები, ცაში გაფიჩხული გუნდად ცვივიან და კენტად ვარდებიან, ეკალ-ბარდებიან ქალაქს ბარდებიან, სიკვდილს ბარდებიან ისევ. თოვლი - შელახული ფეხით და ტალახით რაღაც, ხათრიანად ქალაქს დასდებია ალაგ. დღეა არეული, რაღაც, ერთდროულად თბილი და უხეში, მწარე. თუ ხეში წყალია, რომც არ მოჟონავდეს, ნიშნავს - ცოცხალია... (იქნებ). ცამდე - ნაცრისფერი და თალხი ფერია, და კაკაფონია - ასეთი ფონია - ქალაქი კი არა, ნაქალაქარია; ამ ფონზე - პირღია, წრიული მონასმით - ხელით ნაჩქარევით ლაქა მოყვითალო არის მონიშნული - მზეა. დაბლა - მომუჭული ციცქნა ლაქებია, სილურჯე- სიწითლის ორგვარი ნაზავი; ღერი - მარჯნისფერი ჭიაყელებია, დაიარებიან ძაფით შეკონილი განიერ მწვანეში, იებია თუ ყოჩივარდებია, მიწიდამ მოდიან? ციდან ვარდებიან? ცვენა. ადამიანები, ადამიანები, ადამიანები ჯერ ისევ არიან! ეძიე! იპოვი! (ალბათ) იები- პირველი, ყინულზე - ნარვალი, ყინვის საბერველი - მწველი თებერვალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი