ქალწულების გასასინჯი
ნინო დარბაისელი ქალწულების გასასინჯი (ვრცელი, ნარატიული ლექსი) 1. ვინ რა იცის, როგორია - უქმეებზე ძველთბილისურ აბანოში ხალხმრავლობა, რიგები და რია-რია, ეს ამბები ამისთანა ალბათ ყველამ მიივიწყა, ასეთები - მხოლოდ ჩემს ხსოვნაში ყრია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა დღეებში არ ეცალათ, არ ხედავდნენ ვის ძვირფასად რა ემოსა, ეცვა - რა, ან იმიტომ, რომ ვიღაცას ხელი შემოეცარა, წესი იყო, უქმეებზე საპატარძლოს ამორჩევა. ალბათ რომ არ შევსწრებოდი, ვერასოდეს გავიგებდი, მოვყვებოდი მეც - არას. 2. ამბავს გეტყვით, არ გეგონოთ მოგონილი ანდა ვინმეს ნაროში, დასათხოვრად შეღერილი გოგოები იქ დაჰყავდათ, უქმეებზე გასასინჯად, ქალაქის აბანოში, რომ შეეცნოთ ან ლამაზად ან მახინჯად, იქ სადედამთილოებს. დაბანილზე რომ იხვევდნენ თავზე - თეთრი ჩალმასავით, სალაროდან ბილეთსა და ქოშთან ერთად გამოტანილ ტილოებს. ერთად უნდა შეყრილიყვნენ, გოგოსათვის გაუმხელად, აღნაგობა, ჯიში უნდა ესინჯათ! და ეპოვათ, თუკი ჰქონდათ რამ ხინჯად. გოგოები შემკთალი და ტანდახდილი, ორთქლში ჩანდნენ როგორც დილის ნისლში- შვლები, შიშვლები, თვალწინ მიდგას ის ამბები, სულ ჩურჩულით მონაყოლი, განაწელი, იმ ამბების მოგონებით ვიშლები. ვზივარ ჩემთვის სავარძელში, გამიკავდა რაღაც, წელი, ვაი, წელი! ნაწილ-ნაწილ ვიშლები. 3. გოგოები?! შეხედავდი - დაგცდებოდა: “ისეთი ხარ, ავ თვალს არ ენახვები!” არა, იმათ - ძირითადად არც იცოდნენ არაფერი, არ იცოდნენ უფროსების ზრახვები. რა ნაკონი თაიგული! შემკრთალები, ქალნი უასაკონი. ახლდა ყველას დედა ანდა ახლობელი, ვინმე გულში ჩასაკონი. ირეოდნენ დიდ გავებში ტაკონი. იდგა სუნი - გოგირდისა, სიმყრალეში შმორში, ძმარში არეული რომ გამოსცემს ხოლმე მარწყვის საპონი. და დამფრთხალი ირმებივით ირეოდნენ ქალწულები, მართლა საარაკონი. ზოგი გოგო იბნეოდა, როგორც ბრინჯი და ხელიდან უხერხულად უცვიოდა საპარსი თუ ღრუბელი, ორთქლის გამო თუ ბნელია, იმ ხმაურში რა გაიგო, ვინ რომელი უბნელია- ვერელი? დიდუბელი? ზოგმა - უკვე გამოცდილმა ვითომც არა, არ იცოდა, უცურავდა ყველაფერი ხელებიდან, წამდაუწუმ ასაღებად იხრებოდა გრაცია, მოძრაობას შენიშნავდა უცებ თვალი ტაცია. ხშირად მზითვის უქონთა საქმეს ვეღარ ერეოდნენ ის ძველები, ძველებურად მქისეები, იქვე იყვნენ მექისენი, არ ქართველნი, ბარისები, მთისები. იქვე იყვნენ მარებელნი - ბოლოს - გაუხარებელნი, მათთვის დიდი დღე იყო და ხმადაბლა, სულ წვრილ- წვრილად ირჩეოდა, ამ უქმეზე ვისი გოგო გამოირჩა, ვის - მიმოხვრა უვარგოდა, ვის - მზითვი თუ უშველიდა, ვის - გავლენა, ვისი შერთვა ვის უღირდა უმზითვ-და-უბარგოდა. 4. ძველ ხალხს ვერ შეეცილები: - გახდილზე ჩანს ყველაფერი, რასაც ქალი ჩაცმით ფარავს ! - იტყვიან და იციან. (ჩვენ მაგდენი სად-ღა გვესმის, აქ რა დასაფიცია). - იქნებ კბილი არ უვარგა, გაცინებულს უვარდება წინ ღრძილები, სახის ფერი ყვითელი აქვს, გარეთ - შველის უმარული, ან თვალ- წარბი არ უვარგა, ფარავს ლახუსტაკებით, ქუჩაში ხომ ვერ გასინჯავ? საღამოთი, გარეთ - ყველა ლამაზია. ჩაცმულს დაეტაკები? თმას იჩეჩავს დასანახად, სველზე - სულაც არ უვარგა ხარისხი, თმა ზოგისა - ისეთია, არც რბილდება, რამე თუ არ დაისხი. თეძო - ბრტყელი უნდა იყოს, ოდნავ მრგვალი, მაღალი, თუკი ვარგა, ამის მერე გაირკვევა, მაზლი, მული, მძახალი… სილამაზე-სიმახინჯის შუა ზოგჯერ წვეთი არის, წვეთის მეათასედი, საქმეს - კარგი მცოდნე უნდა, (შენც - ჩვენთვის რომ მოგესმინა, ახლა დააფასებდი). ზოგი - ტანზე თმიანია, ზოგს ძვლები აქვს გადმოყრილი, ზოგი - ხალიანია, ბოქვენა კი - თითქოს უკვე გასცვეთია. გარეთ ძვალი უვარდება ძალიან. ზოგი თვალ-წარბს დაიხატავს, გაიხდის და ნახავ - ალბინოსია, მოკლედ, კარგი ცოდნა უნდა, რამე რომ არ შეგეშალოს, შეცდები და მერე- კაი დროსია! ზოგი ლიფში - შალებს იდებს, ჩაცმული ჩანს - ჯიქნებს მიეზიდება, გახდილს - ადევს მუწუკებად, რაღაც, წყვილი ნახავს კაცი და თქმა მოერიდება. აბანოა- დალოცვილი, აქ დადნება, ქალო, ცვილი, საქმე - ამის გამო ჩნდება, თეთრი ტრაკი, შავი ტრაკი - აბანოში გამოჩნდება. ამის მომგონს - არ დააკლდეს დიდება! 5. ქაფი, ქაფი, მოთქრიალე ცხელი წყალი, შხეფები და ჭავლები, გამოსასვლის ერთ კუთხეში, გეტყვის რამეს? ვინ - უხეში?! აქ მოგელის საბოლოო შხაპის გადასავლები. შესასვლელში - ჰიგიენის უცოდნელად მიმოყრილი ხის ბრახუნა ქოშები, ამ ზეწარში დროზე თუ არ შეეხვევი, გამოსული - უცებ გაითოშები! პარკი - მიტკლის ზეწრიანი, თმისთვის - ვაფლის პირსახოცი, კარადა და კარადა, ზოგი ქალი ისეთია, ჩაცმულს მართლა არა უშავს, გეგონება, ის ერთია, გახდილი კი - არ უქნია ქალადა! გარეთ - რიგი, ლოდინისგან დანახოცი, შიგნით მაჯა - თოკიანი გასაღებით, ‘’დაიცადეთ, ხვალ ყველანი დასაღდებით”_ ხის “ტაფჩანზე ნებიერად ჩამომსხდართა ისმის მწარე ხორხოცი. 6. ენა ჰქონდათ ქალაქელებს მხოლოდ მათთვის გასაგები: მხარის გაკვრა, ჩუმი ბწკენა, ჩახველება, თვალის ჩაპაჭუნება… ცვლილებები ჩემს თბილისში მართლაც უკიდეგანოა. იმ ადგილას ახლა აღარც აბანოა, სად დადიან ნეტა დასათხოვრები. სხვანაირად დატრიალდა უკვე ჩარხი ამ ცხოვრების. ავივსეთ მათხოვრებით. ყველაფერი გაგიგიათ, ეს ლექსი კი ვერ გაიგეთ, რაზეა?! იმ ძველებურ, მივიწყებულ, ჩემს ხსოვნაში შემორჩენილ ქალურ მიმოხვრაზეა. აბაზანა - ბევრსაც ჰქონდა მაგრამ უქმეს აბანოში ატარებდნენ იმ თაობის ქალები, გამოსულებს სახე წითლად უღუოდათ და ორთქლით ანაალები. 7. რა სიზმრები დამერია, ცხად-სიზმარი ამერია, მძლავრობს ქვეცნობიერი? ჩანხარ, ლანდო შორეულო, რეალობაშერეულო, ისევ გიცნობ იერით. ხმა შეუწყო, გინდა, ჩემსას ყოფას ძველზე ჩაჭიდებულს, ბანი უნდა აბანო და უბანო? ჩემს ქალაქში ღირებული არაფერი აღარ ხდება, რომ გაიგონ, ძველებურად კუდი გამოუბანო. ასე რატომ მიმოკლდები, რად არ მწვდები დილაობით ჩემო მოკლე საბანო? ჰო, გამოჩნდი ორთქლში ისევ, სიცოცხლევ და სიხალისევ, როგორც შველი - დილის ნისლში, შენ ქალწულო, ლანდო ჩემო, წმინდავ, სხვების ასარჩევო, განა ტანდასაბანო?! უნდოდ ტოტებდამტვრეულო, სეზონამდე ვერდაცდილო, ხუთფურცელა ჩემო იასამანო, ჩემო დილის ძილ-ღვიძილო, სიზმრისა და რეალობის სამანო! მოწყენილი შინ მარტო ვარ, გამართოს და შემაქციოს ამანო! 8. რეალობა - სხვა რამეა, მკაცრი, დაუნდობელია, ვერ გაიგებ, რას გახვედრებს, რას გიპირებს, და რა სჯის იმ აბანოს ჰყავდა თურმე ცალფეხა და ხანდაზმული დარაჯი და იმ დარაჯს დღენიადაგ კმაყოფილი უდიოდა ცოლ- შვილი, თავის შვილთა-შვილიშვილებს არც ტკბილეულს მოაკლებდა, საშოვარზე დაგეშილი, როცა ყველას დაერია შიმშილი. რადგან ჰქონდა ამ ქალების გასახდელის მხარეს კედელს ერთი გამოხვრეტილი; მის ოთახში გადიოდა, რიგი ეგა შეხედვაზე, კარი - გამოკეტილი. ფაშისტები რომ დაგვესხნენ, შინ უომრად მყოფარებზე ნახვრეტს აქირავებდა, წუთობრივად ქირაობდნენ, ვინ - რას - როგორ შესწვდებოდა, იდგნენ გაქაფულები და კარგარეთ - მოჭყიტინე შინაურთა რიგი ედგა ულევი და ულევი, რა უჭირდა, ადგილიდან გაუნძრევლად მისდიოდა ფულები. ესეც ჩვენი ქალწულობა, დილის ნისლში დაბნეული ირემი, წამკითხაო ამისაო, ძველს ვიხსენებ, ნუკი გადაირევი, სად არიან ის ირმები, წინასწარვე ვაუერისტ კაცთა ნანადირევი?! გახდილზე ჩანს ყველაფერი, რასაც ქალი ჩაცმით ფარავს, რაღა დარჩა ახლა დასაფარავი! საუნაში კიდევ ჰო და, აბანოში დღეს ვინ შევა - სანახავად, სანახებლად - არავინ! 9. ეს ამბავი მაინც როგორ გახმაურდა? ჭირისუფალს სამძიმარზე მეზობლისთვის უთხოვია, კლიენტს ვეძებ, ქმრის სამსახურს და იმ ნახვრეტს ვყიდიო, თან თავისიც დაატირა, თქვა სიტყვები გულზე მოსაკიდიო. ლამაზი გოგოს, მაგრამ ობოლს, დედინაცვლის ხელში გაზრდილს, არ მწყალობდა ბედი ოხერ-ტიალი. კოჭლისათვის ვინ დამთმობდა, გავლენიან ბიძას უთქვამს, ვაჩუქეო საქმე - ნახვრეტიანი. ცოლ-შვილს - ლუკმას არ მოაკლებს, სამსახური კართან ჰქონდეს, არ უნდა ხეტიალი. შინაბერამ რა გაიგო, ფეხქვეშ ამბად ამოიგო, მთლად ქვეყანა შეიყარა, ვუნდოდი და კიდევ კარგი, ცოლად არ გავყევიო, ჩემმა ბედმაც გაიხარა, ქალწული ვარ დღემდე მე ურყევიო! 10. ახლოა თუ შორებია, თბილისური ჭორებია, ის აბანო ძველისძველი რომ გაყიდეს, მყიდველებმა საკორპუსედ დაანგრიეს და მუშებმა ის კედლები ბევრგან - თხარეს, თხარესო და იპოვეს ერთი ხვრელი… გადიოდა ის - კაცების მხარესო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი