ლექსების ნაკრები ჟ. მწვანეყვავილადან (შედარებით გვიანდელი)
ნინო დარბაისელი ლექსები 1. ეზეკიელი (5:10) მე ვარ დებორა, ხსოვნა ჩემი დრომ ვერ დაბურა. მე ვარ დებორა, წინ-წინ მხედი უწინდებურად, ისევ აქა ვარ, წარსულიდან სულმა დაბერა და დაანახა ეს ქვეყანა, შორით მდებარე. წუხელ მესიზმრა დაძონძილი ეზეკიელი, წინასწარმეტყველს ძველებური ჰქონდა იერი, იმის მოჭრილი და დამწვარი თმის მყრალი სუნი, ცამდე ასული, იმ წარსულიდან დღევანდლამდე მოჰქონდა ნიავს. მეუბნებოდა, არაფერი არ გცოდნიაო, ნახე, მამებმა ტანისამოსი შემოიხიეს, თავზე ნაცარი დაიყარეს და ტირიანო: - თავზე დაგვემხო ეს ქვეყანაო, სულ უცხო ღმერთებს გვათაყვანაო, გარედან - მტრებმა, შინ - შიმშილმა, კეთრმა, სიკვდილმა ჩვენი შვილები ერთიანად წაიყვანაო! ნახე, შვილებმა ტანისამოსი შემოიხიეს, თავზე ნაცარი დაიყარეს და ტირიანო: - მტერი - ნამდვილი ტირანიაო, დაუნდობელი, ტორიანიო, თავზე დაგვემხო ეს ქვეყანაო, გარედან - მტრებმა, შინ - შიმშილმა, კეთრმა, სიკვდილმა ჩვენი მამები ერთიანად წაიყვანაო! განრისხებული არის ღმერთიო, სულ ორი კაცი შეგვარჩინაო და ისინიც - შორს არიანო, ბაბილონშიო. მეუფევ, ბუქი რა საზარია! მეფე - ნაბუქოდონაზარია. ვინც კი გადავრჩით, რა უნდა ვქნათო ან ვინ ავქნათო? დარდობდა მამა, ნეტავი ადრე მთელი ცოლ-შვილი არ დამკარგოდა, ახლა მაჭამა! დარდობდა შვილი, ნეტავი ადრე დედ-მამა და მთელი და-ძმობა არ დამკარგვოდა, ახლა რაღა ვქნა, რომ მომშივდა, რაღა ვჭამო, რა ვაწამოო?! მეუბნებოდა მწარედ მღიმარი ეზეკიელი: - მე უფლის ნებით, ძროხის ფუნას ცეცხლს ვუკიდებდი, საჭმელს იმ ცეცხლში ვიმზადებდი, ჯამში ვიდებდი, როცა ამოწყდა ისრაელი ქვეყნის კიდემდი. გამომეღვიძა, ხმა ჩამესმა: -არ ეწამოო, უცხო ღმერთები არ იწამოო, საშინელი ხარ, არ შეჩერდე, გადი, წამოო! 2. სონეტი რამზეს II - ოზიმანდიასს (მის მუმიას სოკო გაუჩნდა და 1974 წ. სამკურნალოდ ეგვიპტიდან პარიზში გადააფრინეს) თუკი გაუძლებ ათასწლეულებს, თუ ეგვიპტელი შენ ხარ მუმია, ლანდავ ძველ ამბებს და აწ-ვე ულევს, უკან - კაიროს მუზეუმია; თვითმფრინავისას გიღებენ ბილეთს, პარიზელები თავს გევლებიან, საბაჟო - მითებს გააბათილებს გიღებენ პასპორტს, თარიღ-წლებიანს, გიკრავენ სურათს, არკვევენ სახელს და უკეთესი რაკი ვერ ნახეს, გიწერენ “მეფეს”. ვინმე გაამხელს სოკომოდებულ სიმართლეს მჭახეს? წარსულში ცოცხალ ღმერთად რომ გსახეს, აწ მეფურ ხვედრის გრძნობ სივაგლახეს! 3. მხეცები მეკითხებიან, რა მირჩევნია, ტყეში მიმავალს, მარტოდმარტოს, მშიერი დათვი შემომეფეთოს თუ უცნობ კაცს გადავეყარო. ლამის შეიძრას მთელი სამყარო! თუ ქალებს რამე დაეჯერება, ასე ამბობენ, დათვი გვიჯობსო; ვიცით, რომ დათვი მტაცებელია და ისიც ვიცით, რას ველოდოთო, დაუტორავად გადარჩენა - ზღაპარიაო. ხოლო კაცისა, ადამიანის - რა გამოვიცნოთ, გულში რა უდევს, უმანკოა თუ მანიაკიო. მე ვაპირებდი, რომ მეპასუხა, დათვს ისევ კაცი მირჩევნია, რადგან დათვი - მტაცებელია და ისიც ვიცით, რას ველოდოთ, დაუტორავად გადარჩენა არის ზღაპარი, ხოლო კაცისა, ადამიანის - ხომ შეგვიძლია, ის დავუშვათ, რომ მთლად უარეს შემთხვევაში - მანიაკია, მტაცებელი… მაგრამ პასუხის ჯერმა მიწია, მე ვთქვი: - ქალებო, ტყეში მარტოდ ნუ იარებით, განა ქალისა, შუაგულ ტყეში კაცს ნაკლებად შეეშინდება? ან ტყეც არ იყოს, ერთი-ერთზე, უცხო ქალთან მარტო დარჩენილს, იმისთანა ძრწოლა აიტანს! არასოდეს ხიფათს არ სძინავს! სინამდვილეში კაცს რომ ქალისა ეშინია, ისე არავის. ქალებო, მარტო ნუ იარებით, ნურც თანამგზავრად გაიყოლებთ ვინმეს იმნაირს, შემხვედრისაგან, კაცია თუ მშიერი დათვი, ვერ დაგიფაროთ! ან დატენილი იარაღი ახლოს ატარეთ! ცხოვრება ჩვენი - დიდი ტყეა, ანდა უდაბნო, - ყოველ ნაბიჯზე მომლოდინე უცხო მხეცებით, იქნებ კაცები კი არა და, ანდაც ქალები, ყველანი ერთად, სათითაოდ, ჩვენ ვართ მხეცები, საკუთარსავე წარმოსახვაში - ვართ ფრთიანები, გარეთ - გავდივართ ფრთადაჭრილნი, ფრთანაკეცები, ვიღაცას თავზე დავაცხრებით გაასკეცებით, მაგრამ ვერ ვხვდებით, ვიდრე მიწას არ დავეცემით. 4. ცხრაპრილური რა ლამაზები ვიყავით, გახსოვთ? მაგრამ გავარდა თოფი. გვეუბნებოდნენ, არ შეგრჩებათო, გვეგონა, სჭირდათ ცოფი. ვინც სიფრთხილისკენ მოგვიწოდებდა, ვეძახდით გიჟებს, ავებს, ან საქართველო როგორ გვიყვარდა, მისთვის ვწირავდით თავებს, ან ერთმანეთი გვიყვარდა როგორ, გულში ვიკრავდით ლაღებს, გვჯეროდა, ერი ერთად თუ დადგა, ყველა ცხრაკლიტულს აღებს. მერე რამდენჯერ გადაგვიარეს, ჭირი - რამდენი ვნახეთ, რამდენი ვკარგეთ, რამდენი ვმარხეთ, ვიტანჯეთ, ვივაგლახეთ! და რაღა დავრჩით? მთელი თაობა წავიდა კარგის კარგი. უკეთესები - ცაში არიან, ჩვენ - შეგვრჩა ყოფის ბარგი. როგორ გვეგონა, გადაგვარჩენდა მხოლოდ სიწრფელე ჩვენი! მტრის ვერაგობას - ვერ ვიჯერებდით, აღმოვჩნდით შენაჩვენი. დღეს ყველაფერი არის წარსული, ვინ გაიხსენებს, რა, სად? ყველა თაობა - თავის გაკვეთილს ყიდულობს თავის ფასად. რაც დღეს სხვა არის - გუშინ ვიყავით, დღევანდელს ელის - ხვალე, თუკი მოესწრო…ღმერთო მოასწარ, კმარა, რაც ცრემლი ვღვარე! რა ლამაზები არიან, ღმერთო, თავისუფალი, ლაღი! გემუდარები - ცა დააფარე, თავს არ დაამხო თაღი! ასე წრფელებს და ასე მიმნდობებს ნურავინ გააწბილებს, რატომ მომესმის რკინის ღრჭიალი? მტერი ილესავს კბილებს? სჯერათ, რა ძალა მოგვერევაო, “ერთობა - ათასფერთო”! გადამირჩინე, გადამირჩინე გადამირჩინე, ღმერთო! 5. წითელი პარასკევი დღეს მე არაფრად ვვარგივარ, ბნელში ვგლოვობ და ვკვნესი, წითელი პარასკევია - უკუნთა უკუნესი. ო მაცხოვარო, დაგცინეს, ეკლის გვირგვინით გმოსეს, ეს ვინღააო, გაძღოლა უფალმა ანდო მოსეს. შემოგეფანტა სიმრავლე, შენთან შეკრული ფიცით, შობის თარიღი - არ ვიცით, ტანჯვის თარიღი - ვიცით. ო, ბაგე შენი - მწყურვალე, ქალწულთა ლოცვა - მხურვალე, მდუღარე ცრემლი - გოგოთა. ნისლში გამოჩნდა გოლგოთა! ან გოლგოთამდე რა ცემას, რა ტანჯვას გაუძელი. ერგო სვიმეონს საზიდად - აღსამართავი ძელი. კაცებს კი არა, ჯერ ქალებს მოგვევლინები, ღმერთო? ხომ მოგვიშუშებ იარას და დაგვანედლებ ხმელთო? წითელი პარასკევია, ღრუბლის აბღავლდა კრავი, ტაძარში - ფარდას გადამსკდარს მოსძვრება შესაკრავი. მიწა იძვრება, წყვდიადით დაიფარება ზეცა. გაიკვირვებენ, სუდარა ცხრაპირად ვინ დაკეცა. შენი სიტყვები კი გვესმის, მაგრამ რას ამბობ - არა! დაკარგულ პატრონს დაგეძებს და ბნელში ბღავის ფარა, ხმით გცნობენ, სხვას არ მისდევენ, მოვაო, დაგვიბარა და წელი ორიათასი - ლოდინში გაიპარა. მოდი, უფალო, მოგვხედე, აღმდგარი სუფევ ცადა, და შეიწყალე ვინც გელის, ან ვეღარ დაგიცადა! გალობს საუფლო ტაძარი, წინაპართ ანაშენი, ვერ დაგაკლებენ ვერაფერს უცხონი, გარეშენი, კიდევ ცოტაც და დადგება წმინდა აღდგომა შენი! 6. ლილის ბალდახინი (“ო ბევრი რამე მოგვაგონდება ჩვენ იმათ ხმებში”- კ. ნადირაძე) სიჩუმეა ჩვენი ბოლო, რა გრუხუნი, რა რიხინი! ბრალი მისი, ვინც წავიდეს, მოტირალი არ ეყოლოს. წვიმა იყო, ნელის-ნელა მიდიოდა ბალდახინი… პროცესიას - თავში - ძაღლი, ვიღაც უცხო ედგა ბოლოს. თქმა უყვარდა, ვიდრე მძინარს გაგუდავდა ის ხიხინი: - დაუხვდება მინდვრის ბოლოს, გაურბოდა ვინაც ღოლოს! ვისაც ჩემი შეშურდესო, მისი იყოს ჩემი ლხინი! ჩემი ლხინიც წაიღოს და ჩემი დარდიც გააყოლოს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი