დოქი
ნინო დარბაისელი დოქი თიხა - წყნარი, შესაწყნარი, ძირბნელი და პირნათელი - ბნელგრილოში დავრჩი ისევ, შენი ნაწარნაქალი. სად ხარ, ჩემო მეთუნეო, უფარავი ვინ დაფაროს! ვიდექ ჩემთვის დაბლა თაროს, არც მეძებდა არავინ. დამიარა ელვის ელდამ, ამოსუნთქვა გამიძნელდა, მყუდრო, თვლემამორეული აირია მარანი. ყურზე ხელის მოკარება, ჟრიალი და ნეტარება გულამომქრალს მეცნაურა, არა, მეუცნაურა... მაგრამ აღარ დამელია გარეთ - ლაქა, შიგნით - ლექი. მანჯღრია და მაჭანჭყარა, მაინც გამძლე გამოვდექი. სილაც ბევრი დამაყარა, ამირია გონება, დამაყვედრა წყალზე დგომაც, მოლზე წამოგორებაც. რა არ მითხრა სავაგლახო! მერე პირქვე დამამხო. განა ზღვიდან ამოზიდულ ტანმოხატულ ამფორებს ვინმე ასე მოკითხავდა ნათითურ - ნაამბორევს? რა ვიცოდი, თურმე სურდა სხვა სასმელით ავევსე. დაწრეტიდან ავსებამდე ვეღარც მივუალერსე. იქნებ თავი მოვაწყინე მორაკრაკემ არაკთა? რას არ იტყვის დოქი, ერთხელ თუკი ალაპარაკდა. მომანდომა - მოვინდომე რაც იყო და რაც არა სიტყვა აღარ დამაცალა, მოყუდებით დამცალა. მე მეგონა, ამავსებდა სათავისოდ, თავიდან, ... ... ... ... ... ... ... ... დამაგდო და წავიდა. საღვინე და სავენახე ნეტა სულ არ დავენახე! რას მერჩოდა, რაღად მითხრა, დოქთა შორის მიცნიხარო, იცი, მართლა მიყვარხარო, ჩემი სულისდგმა ხარო? ერთხელ ვსურდი თურმე სურად და ნაწადიც აისრულა. რა ვქნა, როგორ განვიკითხო მე - აყალომ აყალო? მეთუნეო, მეთუნეო, მეთუნეო მაღალო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი