ბრმის აპოკრიფი
ჟურნალ ,,ჩვენი მწერლობის'' ბოლო ნომერი. * 21(151), 14 ოქტომბერი 2011. ძვირფასებო, გულმოდგინედ რომ წაიკითხავთ, დაფიქრდებით, აღფრთოვანდებით და გვერდის ბოლოში ჩახვალთ, არ დაიბნეთ :)))) ჟურნალის ამ და ყველა გვერდს რეალური თარიღის ნაცვლად აწერია ,,2 სექტემბერი 2011'' ნინო დარბაისელი ბრმის აპოკრიფი ცივ ოფლად რატომ იწურები, რა გაცახცახებს, მცირედ მრწმენო, არ გესმის ჩემი? ორიათასი წელიწადია... იქნებ მეტი, იქნებ ნაკლები, თვალახელილი ვეხეტები და მაშინ, როცა გულმოდგინედ ნამარხულევი, ხსნილნაგემები მორწმუნენი უფლის აღდგომას მოელიან, წინ კი წითელი პარასკევია, ჰო, აი ამ დროს, არემარე ზეთისხილის ან მარადმწვანე ბზის ტოტებით რომ გაივსება, ისმის ,,ოსანა'', ღამღამობით გეცხადები ჩამოძონძილი ძილ-ღვიძილს გირევ, გეუბნები: - მე დაბადებით ბრმა ვიყავი. არგნის კაკუნით დაბა-დაბა მივყვებოდი ერთ მბჟუტავ წერტილს, სხვები რომ იხსნა, ერთი შეხებით, ერთი შეხედვით, ერთი სიტყვით რომ გადაარჩინა, მაგრამ როდესაც ყველა თავის წილ სასწაულს ელის, უკან მდგომს ვინმე წინ დაიყენებს ? იქ, გოლგოთაზეც, მოყაყანე ბრბოში ვერიე. ვიდექი ბნელში, ცას სწვდებოდა ხალხის ხორხოცი. ზოგი ტიროდა, ვიღაცას გული მისდიოდა, ხოლო ვიღაცა ჩურჩულებდა იმ ღრიანცელში. უბრად ვიდექი, მოწმედაც არ გამოვდგებოდი და ოდეს ჟამმა მოაწია, ვიღაცამ მძიმე მუჯლუგუნით წინ გამიგდო და ხელში ჩამიდო რაღაც მძიმე, თავის ტორებით - მარწუხებით მაჯიანად ჩამბღუჯა და უცებ ვიგრძენი, თავიდან როგორ შეფერხდა დარტყმა, მერე თავზემოთ თითქოს ორმოში ჩავარდა ხელი. მერე მარჯვენა მაჯა ჩამითბა მერე ჩამთბარი ხელისგული თვალზე მოვისვი და მე ვიხილე მაცხოვარი, ვიხილე სისხლი, იმის ფერდიდან გადმომჩქეფარე. ძირს ეგდო შუბი მეც ძირს ვეგდე თვალახელილი, წერტილი გაქრა. სიბნელეა მჭახე ნათელიც. მოხეტიალე გრაალი ვარ, პირველგრაალი არავინ მეძებს, რადგან არავინ მომისაკლისა. მაცხოვრის ნებით ავაზაკსაც გაეხსნება სასუფეველი, ჩემთვის კი, ჩემთვის არც სამოთხეა, არც ჯოჯოხეთი, მე - შენი სიზმრის კარი მერგო, გავიტკეპნე შენკენ სავალი. ამ ერთხელ მაინც მიპასუხე, წითელ პარასკევს! მე ცოცხალი ვარ თუ მკვდარი ვარ, მსხვერპლი თუ მკვლელი, მადლი მერგო თუ განაჩენი? ხმა, ხმა გამეცი მცირედ მრწმენო, შენ გელოდები, მაცხოვრის სისხლით სამუდამოდ თვალახელილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი