ლექსების ნაკრები გ. “ლიტსაქართველოდან” - ამერიკა ქართველი პოეტის თვალით


ამერიკა - ქართველი პოეტის თვალით (ნაკრები) 

განა არ ვიცი,  ამდენის წამკითხავი აქ არავინა.
ვდებ, რომ  ჩემი გაკვირვება გაგიზიაროთ.
ერთი ჩემი უსაყვარლესი გაზეთის გამომცემელმა  მეგობარმა მითხრა, ისეთი ნაკრები შეადგინე, სადაც შენი,  როგორც ქართველი პოეტის თვალით დანახული ამერიკააო. თავიდან საგონებელში  ჩავვარდი, ეგეთი ლექსი ორი-სამი თუ
მექნება-მეთქი, მერე  დავჯექი, დავუყევი და 12 ვიპოვე!!!
ამდენი  თუ იყო, არა და არ მეგონა!

1.    ოკლაჰომა
- - - - - - - - -

                                                                                    (ჯენის ტოლდენს.  ოკლაჰომას ღირსშესანიშნაობათა შორის გამორჩეულია ცხენების ძველი სასაფლაო-მუზეუმი)

ოკლაჰომაში მოგზაურს სანახაობა აოცებს,
ისეთი წარწერებია ცხენების სასაფლაოზე:

,,- ვიცოდი, არ შემარჩენდა შენს თავს სიკვდილი მსუნაგი.
შენთანვე ვმარხავ, იზაბელ, შენს ლაგამსა და უნაგირს.

-აქ განისვენებს ლედი.
უნდობარია ბედი.

- შენ შეიწყალე, უფალო,
ჩემი გაზრდილი ბუფალო!

- ვაი, შენ, ჩემო რობილა,
რომ ვეღარ უნდა ქროდეო,
საბედისწერო ყოფილა
ეს წლევანდელი როდეო.

- არ მეთმობოდი ცოცხალი, არც მკვდარი არ მეთმობი.
მობინადრე ხარ საფლავის. მობი, მშვიდობით, მობი!''

ამ აყვავებულ ბაღნარში წევს კვიცი თუ სახედარი.
სად განისვენებს, ვის ახსოვს ახლა ამათი მხედარი.

ვინ - შეიწირა როდეომ და ვინ - ბრმა ტყვიამ მოკლა.
ეს დასავლეთი, ველური, ოო, ოკლაჰომა, ოკლა!

დავედევნები ცრემლებით ჩქარი ღრუბლების ფარას.
მანდამდე როგორ მოვაღწევ, ქარები გადამქარავს,
მაგრამ იქნება ვუწიო ზეცაში უფლის კარავს.
მე, დამტირებელს უცხოთა, უფალი დამიფარავს!

2. პრიმა ვერა
- -
ო, რა კარგი ხარ,
რა საყვარელი, შენ კორონა, მიკროსკოპით გადიდებულ ამ სურათებში,
ფორმასრული და ფერადოვანი,
მიმზიდველი და სიცოცხლით სავსე,
რენესანსული  ქალწულივით თუ ქალღმერთივით!
ო, "პრიმა ვერა"*,
ო, კორონა,
თან კი რამდენი სიკვდილი მოგაქვს!
ხოლო მანამდე მოგაქვს შიში,
მარტოობა,
მოგაქვს არცოდნა,
ისტორიული ისტერია!

მე აღარ ვიცი, ეს შენა ხარ თუ ფოტოშოფით გაფერადებულ,
ჩავლილ,
ჩათრეულ,
ვარსკვლავებიდან უფსკრულებამდე ჩამიწებულ,
შავ-თეთრ,
კუთხეებშემოცრეცილ ახალგაზრდობას ვესაუბრები:

ვამბობ:
რას იზამ, ასე ყოფილა.
საერთო ჭირი ადამიანებს აერთიანებს,
მაგრამ  ეს ხდება  სულ დასაწყისში,
რაღაც, მოკლე ხნით,
ვიდრე სუყველას ერთად დადგომა განსაცდელს უფრო  გაუადვილებს,
მერე, თუ ამან დიდხანს  გასტანა,
იწყება ხოლმე დაყოფა და ბიფურკაცია
და გუშინდელი ჩვენი მოფხიზლე მეგობრები დაუძინებელ მტრად იქცევიან.
რადგან ასეა,
გადასარჩენთა მოკლე საბანქვეშ  ყველა ერთად  ხომ ვერასოდეს შეიყუჟება.
ასე მგონია, ლაპარაკით  გიშინაურებ, გითვინიერებ, გესმის, კორონა?
ამ დიად სიბრძნეს ნავთიანი მჭადის გემო აქვს,
"კეროსინკაზე"  გამომცხვარის,
ჯერაც თბილ-თბილის,
თავზე პატარა, მლაშე ყველით,
ადრე, ოდესღაც,
თავისუფლების პირველ დღეებში
ჩვენი კორპუსის შუა ეზოში,
ძელსკამზე მსხდარი მეზობელი ჩვენი ქალები
მთელი ეზოს გადასარჩენად რომ აცხობდნენ და გვირიგებდნენ,
რომ იმ უპურო, ბნელ დღეებში ის გაჭირვება ყველას ერთად გადაგვეტანა.

ხანმოკლე ჭირში გვერდით მდგომის იმედი გქონდეს,
მაგრამ ჭირი თუ გაჭირვებაში გადაიზარდა
და აღარ და აღარ დასრულდა,
გეშინოდეს გვერდით მდგომების! -

აი, ეს მწარე გამოცდილება,
სიბრძნეთა სიბრძნე გაუხარელი,
ჩემს პიროვნებას პოსტ-ტრამვული,
ღრმა ნაჭდევები რომ  დაამჩნია,
ჩემს სიბერეში გადაიქცა უწყვეტ დინებად,
თვეში  ორჯერ რომ  სტრონის სახელით ხელმოწერილი
საბანკო ჩეკით
მიისწრაფოდა ჩემი კეთილი,
გულითადი ფსიქოლოგის ანგარიშისკენ
და ის-ის იყო,
ამას წინათ მეუბნებოდა, მოსალოცია,
წარსულის მტანჯავ მოგონებებს მოვერიეთო,
რომ შენც გამოჩნდი!

ჰო, კორონა!
მე  კვლავ დამჭირდა ჩემი ძველი გამოცდილება,
როგორც საპონი და ნიღაბი,
როგორც ნაღდ ფულში გადაყვანილი სახარჯო თანხა,
როგორც  ფქვილი და კონსერვები,
როგორც ბრინჯი,
როგორც შაქარი,
რომ დავეხმარო დანარჩენებს,
ჭირთუნახავებს,
მათ, ვინც დაზაფრე შენ,  კორონა,
მათ, ვისაც დღემდე არასოდეს გამოუცდია,
ის, რაც მე უკვე  ერთ ნერვსაც კი ვეღარ მიტოკებს,
რადგან  ქვისა ვარ,
მთლიანი ვარ და მყარად ვდგავარ უზარმაზარი ობელისკივით,
ხოლო შიგ გულში - ვინ რა იცის,
რა სტელებს ვმალავ,
სამახსოვრო  სიტყვებითა და სახელებით,
ერთია მხოლოდ,
თავი თეთრი მარმარილოსი,
თუ “ვაშინგტონის მონუმენტის*  წვეტივით მაღლა,
შიგ ღრუბლეულში  მაქვს გახირული და მიწის ამბებს აღარც დავეძებ,
სადღაც,  შუაში,
გარუხებულ წელში -  ვიცვლები,
იმის ქვემოთ კი,  ძირის ძირამდე -  შენებისას შემოლეული
საუკეთესო მარმარილო,
რომელსაც მთელი ტანი უჭირავს -  ქართული შემრჩა,
ხოლო ქართულად ასე გამოდის:
ყოველი წამი  - სიცოცხლის იყოს,
მაგრამ ყოველ წამს სიკვდილს ხედავდე.
რადგან ქართველი -  დასაბამიდან
სიკვდილს  უყურებს და ნიადაგ ხელით ეხება,
ხელს უტყაპუნებს ბეჭებზე და პირში შესცინის,
მაშინ, როდესაც
სხვები - სწავლობენ, რომ სიკვდილის არსებობა არ დაივიწყონ.

გესმის, კორონა?
დედამიწაზე სიკვდილს შენი სახელი ჰქვია,
მუსიკალურად მჟღერი სახელი
და ამ წინასწარ მკვდარ ქალაქში,
ამ შუაგულ ამერიკაში
და მის ირგვლივ სხვა ქალაქებში ახლა ისეთი,
გაწყდომამდე დაჭიმული  მდუმარებაა,
უცებ ფანჯარა რომ გამოვაღო და სიბნელეში დაგიძახო,
ჩემი ძახილი ოკეანესაც გადაევლება,
კავკასიონსაც გადალახავს,
ჩემს მოხუც დედას ჩაესმება და გააფიქრებს,
რა მჭირს ასეთი,
მგონი,  ნინოს ხმა შემომესმა! კორონაო, ნეტა რამე ხომ არ უჭირსო!
შენ კი, აბა, გაიგონებ?
რა უნდა მეთქვა?
ჰო!
კორონა,  ვინ არ მადარდებს,
მაგრამ ამქვეყნად  ყველაზე მეტად
მოხუცებული დედაჩემის დარდი მაქვს და შენ მოერიდე!
თვითონ - რაც იყო, იგივე დარჩა,
თავისნათქვამა,
არც შვილს  მოუსმენს,
არც შვილიშვილს,
არც შვილთა შვილებს
და  განსაცდელსაც,
გინდაც შენი სახელი ერქვას,
თვითონ,
მოკვდება და არაფრით მოერიდება?
ვაი,  კორონა
და შენ,
ნამდვილო,
ახლა კორონით დაწყევლილო,
გაუხარელო,
შენ, ვის  ლოდინმაც  გადამღალა,
გული დაღარა,
ო, "პრიმა ვერა",
პრიმა - არა,
პრიმა  - ვეღარა!
- - - -
*
პრიმა ვერა (იტალ.) - გაზაფხული. იტალია ამჟამად - ვირუსის ყველაზე ფართოდ გავრცელების არეა.

**  ვაშინგტონის მონუმენტში სხვადასხვანაირი თეთრი მარმარილოს გამოყენება მოუხდათ შუიდან, რადგან პირველ საბადოში  გამოილია.  შიგნიდან მონუმენტს მათი სახელები აწერია, ვინც გაიღო ესა თუ ის ქვის ლოდი.
ანუ შიგნიდან - ცალკეული სტელებისგან შედგება, გარედან -  ეს არ ჩანს, ერთიანი და მონუმენტურია. ეს ძალიან ჰგავს გაამერიკელებულ ემიგრანტს - გარედან, შორიდან  - ერთიანსა და შემართულს,  ახლოდან - სხვადასხვა  შრეების მატარებელს, შინაგანად კი  - შიგ ჩატანებული, წარუშლელი, სხვადასხვაგვარი  სახსოვრების ერთობლიობას.


3. მძღოლური ირემზედ  ნატირალი
- - - -

წუხელ ირემი შემომაკვდა.
ბნელოდა, სოფლის გზაზე მივდიოდი,
თითქოს ფარებიც კარგი მაქვს და
მოდუნებული ვიყავ როდი.

გზისპირ ხეებიდან გამოვარდა,
მე შევშინდი და დავიბენი.
გულმკვდარი ამის გამო ვარ და
დარდისაც ამად ვიამბენი,
დაიბნა, ვეღარ ნახა გასარბენი.

ამბობენ, შენი ბრალი არ არისო,
გადაუხვევდი და დაიმტვრეოდიო,
არაფერი მომხდარა სამაგისო,
არც ირმის ყოფაა მარადიო.

- მკვლელი ვარ! შევუერთდი  უკვე მეც ვის?
განკითხვის აღარა მაქვს მეტი ნება...
- ვამბობ და სიმწრით ძუძუ მეწვის,
ვამბობ და ცრემლი მედინება.

იმ გზაზე როგორ-ღა გავიარო,
შემბოჭავს ამ ბედის მონაბოდი,
არადა, გზა არის საზიარო,
შინისკენ მოკლეზე გამოვრბოდი...

მკვლელი ვარ!
ირემი  გავიტანე...

4. Ars longa ანუ ბის!
- - - - - - - - - -- - -

აი, ეს არსება,
ეს საცოდაობა,
საბანქვეშ შემძვრალი
და თავჩამალული...
მწვავე ,,პადაგრებზე"
ყოველღამ რომ ვადებ სალბუნებს,
ახლადგაღვიძებულს
ხერხემლის გამართვაც რომ არ შეუძლია,

ვის გინდათ,
ვის გინდათ,
ვის გინდათ,
ვის!

ვინც შინშემოსული გზადაგზა იშორებს
ფეხსაცმელს, შარვალს და
მიმოყრის ძირს,
და ამბობს ყოველღამ ,,მორჩა, ეს ბოლოა!"
ვინც გადაეჩვია
უწამლოდ ძილს.

ვინც თავის ჩემოდნებს არასდროს ალაგებს,
და აბაზანაში სველ წინდებს ყრის.
რა - რად ღირს,
დღემდე რომ მაინც ვერ გაიგო,
ცნობა რომ არ იცის ღამის და დღის.

ეი, თქვენ, ქალებო,
ლამაზო ქალებო,
ქერა, ლურჯთვალებო,
თქვენ, ტანმოქნილებო
თანაც ფერმკრთალებო,
გეყოთ აღტაცება,
გეყოთ ვნებიანი ვარდნა და დაცემა!
ვის გინდათ
გაძლება
ასეთი ქმრის?

ანდალუზიაში
ახლა საღამოა,
მზე ჩადის,
ფოთლებში
ნიავი ქრის...

აქ, ჩატანუგაში ნელ-ნელა თენდება.
ცოტაც და, ჩავთვლემ სავარძელში,
პლედამდე ხელის გადაწევა კი ძნელია!
ის როგორ იყო?
ჰო!

,,გელი და მგონია, გაჩერდა საათი.
რა ნელა მოძრაობს წუთების ისარი.
მოხვალ და დამათრობ,
მოხვალ და დამათრობ.
მითხარი სიტყვები სიყვარულისანი!"*

მეტი აღარ მახსოვს.
კედელზე კიდია ახალი აფიშა:
შავგვრემან პროფილს
ოდნავ გინათებს თაფლისფერი.
გიელავს თვალი.
მკერდით ზნექ სივრცეს.
აი, აიქნიე შავი მკლავები!
ხელის მტევნები -
- თეთრი მტევნები -
- ფრთები უბუმბულო...
სცენის იატაკი თითქოს წყლის ჭავლია.
ზედ ტერფს არ ისველებ,
ქუსლით არ ეხები
და ამ სიჩუმეში
მაინც რომ ხმა ისმის!
კაკუნი,
კაკუნი,
და კიდევ კაკუნი!

ფეხზე დგას,
ინგრევა
ინგრევა დარბაზი,
გიხმობენ,
ყვირიან:

ფლამენკო,
ფლამენკო,
ფლამენკო,
ბი-იიის!

- - - - - -
Ars longa  - (ლათ)  ორი  ტრადიციული ინტერპრეტაციიდან ,,ხელოვნება მარადიულია''  ან  ,,დაოსტატება- ხანგრძლივია'' . მე ვირჩევ ამ უკანასკნელს.

5. სარევია
- - - - -

რა დაგიშავე, ვაჟა-ფშაველავ,
ბალღობიდანვე ყელი ცრემლით რომ ჩამიმწარე  -
პაწაწა ვარო,
ობოლიო,
ცუდ დროს დავობლდიო,
აი, შეხედე, ეს ფეხი, წყაროზე რომ ჩავედი წყლის დასალევად,
მაშინ ვიტკინეო.

ირმის გუნდებმა და გუნდებმა
ჩემი ხელით გახარებული მთელი ბაღნარი გადამიჭამეს,
აქაურობას უკვე ისე დაეპატრონენ,
გაუტოკებლად შემომცქერიან, ნეტავ, შენ ვიღას დაჰკარგვიხარო.

მიდი და, აბა, გაუბრაზდი!

ან -  შენ...
ბოდიში, ..
ან თქვენ, ბატონო ჩემო,
იაკობ,
რა დაგიშავეთ!
აი იაო,
ია აიო!

გაზონებზე რომ სარეველას წამალს  ვასხურებ,
ორიოდ დღეში ყველაფერს შველის,
ეს იები კი, იქ, ოკეანის გაღმა მხარეს, საქართველოში - ლურჯთვალააო, თვალებღიაო,
აქ - სათითაოდ, თითებით თუ არ ამოვთხარე ძირ-ფესვიანად,
ვერ მოვერევი,
ბრუნდებიან და ბრუნდებიან.
შარშან -  ღიღილომ გადამიყოლა.
გვირილები და კრაზანები - დიდთავები მეადვილება.

ერთი ფიქრი კი გავიფიქრე,
ნეტავი, ერთი!
რა თავს ვიკლავ,
გამრავლდნენ-მეთქი!
ვთქვი კიდეც და მითხრეს არაო,
რისი თესლიც  არ ჩაგიყრია,
თავის ადგილზე რაც არ ხარობს,
ია კი არა,
ოქროს ვარდიც რომ გამოგადგეს,
უნდა მოისპოს,
სარეველაა,
სარეველაო!

მე დავიღალე.
ჩრდილში მივჯექი და ჩამთვლიმა
სიზმარს ვხედავდი:

თევზები ცაში დაფრინავდნენ,
ფარფლებს იქნევდნენ,
ვერცხლისფერ მუცლებს ლურჯ-ოქროსფერში ასხმარტალებდნენ,
ტკბილად გალობდნენ,
ცა ვიბრირებდა,
ხოლო თევზები არ იხრჩობოდნენ და არ კვდებოდნენ;

ჩიტები - წყალში დაცურავდნენ,
წყალმცენარეთა მერყევ ტოტებზე
ქანაობდნენ კენკვით დაღლილნი,
მარგალიტებით გულამოვსებულ ნიჟარებზე ფრთებს ასვენებდნენ
და მთელი წყალი ვიბრირებდა ტკბილხმოვანებით,
ხოლო ჩიტები არ იხრჩობოდნენ და არ კვდებოდნენ.

მე კი რაღაცის ყელში წაჭერამ
ლამის დამახრჩო,
კიდევ კარგი, გამომაღვიძა!

მზე შუბის ტარზე გადახრილა.
ეს- ქოხია.
ესეც -  თოხია,
ეს - გოროხია.
გამომრჩენია ეს ერთი ია,
სარეველაა თუ სარევია,
ამერიკიდან - საქართველომდე
გულით - ახლოა,
ფიქრით-  შორია.
მთელი სამყარო - გულისხელაა
და წკრიალებენ,
გუგუნებენ გულში ზარები,
ორატორია:

-თავის ადგილზე რაც არ ხარობს,
სარეველაა!
ია, ია, სულს არევია,
სულ სარევია,
სარევია!

6. კარდაკარული*
- -

ვიცი,  მე შენთან მოსასვლელი პირი არა მაქვს,
ადრე  ისე და  თან იმდენჯერ შემეშალაო,
მაგრამ რა მექნა,
შენს იქით გზა არ დამრჩენიაო!-
-  ფეხები სკამქვეშ შეიკეცა და დადუმებით საკუთარ ხელებს დასჩერებოდა,
თითქოს თითები იმწუთას-ღა  აღმოაჩინა
და თანაც - ათი...
და უცაბედად,
თითქოს მკერდში სითხით სავსე კასრი გაუსკდა,
ერთი,  მძიმედ ამოიოხრა.

ო, რამდენს ამბობს ერთი, უსიტყვოდ  ამოოხვრილი.
შენ გაგახსენდა შენი წარსული - თხრილის თხრაში  მთლად ამოთხვრილი,
მერე  ქარები და თქეშები,
ღია და ჩუმი დინებები და  ნიადაგის ეროზია
და ღრმა უფსკრულად ქცეული თხრილი.
უფსკრულის პირას -  მოქანავე ლანდი იგი, თვალებდათხრილი...

რა ჩია არის ეს სტუმარი, მხრებში მოხრილი,
ან დამცინავი ის ღიმილი სად დაეკარგა?
ან ორლესური ენა ასე რით დაექარგა?
როგორ გეწვოდა ნასერები მარილმოყრილი?
ირონიულად თავს გამეტებდა,
როგორ გულგრილად გიმეტებდა,
ნასერზე ნასერს გიმატებდა,
სხვა ყველაფერი, რასაც იქმოდა,
არ ითქმება და არც ითქმოდა,
შენს არსებაში ღრმად ჩაინთქმოდა!

დროს როგორ მიაქვს ყველაფერი,
რა ხილიც გინდა, ის იყავი,
სიცოცხლის მთელ წვენს ამოგწოვს და ამოგიშრობს,
როგორც საჩირედ ჩელტზე დადებულს,
კერკად და ჩირად  ჩაიჭმუჭნები
და აღარც ჩირის საღირალი ხარ,
მარტოხელა,
მარტოკინა,
მარტო მდებარე,
თუგინდაც იყო
სხვებთან ერთად საიმედო ბაწარს  ასხმული
და სადღაც, მაღლა დაკიდული,
დაკიდებული...

მიშველეთ რამე!
ადამიანი რომ ყოფილიყო,
კიდევ რამეს მოვიფიქრებდი,
მაგრამ რა ვქნა,
სიყვარულია!
კარდაკარ დადის  მენისიე მარადიული,
ათასნაირი თვალსატყუარით ბარგდატვირთული
და ყოველ ჯერზე
ასე იცის ხოლმე თავის მოკატუნება,
ვიდრე ახლიდან რამე ახალს შემოგატყუებს!
მას შეიძლება დაავიწყდეს, რასაც დაგპირდა,
მაგრამ არასდროს არსად რჩება ვალის დავთარი
და ისიც იცის,
ძველისა თუ ახლისათვის კარზე რა დროს  უნდა მოგადგეს,
რომ უარით ვერ გაისტუმრო!

- - - -
*Door to door - კარდაკარ, ამერიკული საცალო ვაჭრობის ტრადიციული სახეობაა.  რაღაც მსგავსი მგონი საქართველოშიც არსებობდა საუკუნის წინ, ოღონდ ასეთი განვითარებული - არა).
ლექსის მიხედვით, ამ ბიზნესში ჩაბმული ადამიანების ტიპობრივი ქცევა და მეტყველება გადატანილია სიყვარულზე.

7. ჰელოვინური
- -
(ეტიუდებიდან)

გავიდა ოქტომბერი,
ამინდიც აირია,
საიდან მონაბერი,
რა უცხო აირია!

დილაა უღიმღამო,
გზად - მგზავრი ორიოდე,
დამშვიდდი, დაიღამე
და ლანდებს დაელოდე!

“ხრიკი ან ნუგბარიო!”-
გეტყვიან ვერაგები.
პასუხში  არ გარიო
იოტიც ვერგაგების.

გაეცი - გასაცემი,
მშვიდობით გაეცალე,
სიძუნწით - დაეცემი,
სჯობს - ხელი გაიცალე!

თუ სადმე ავსულია,
დატოვოს ჩვენი მხარე!
ძეა თუ ასულია,
უფალო, გაგვიხარე!

8. ჯონ!
    (ცხოვრება არის ის, რაც  რეალურად შეგემთხვევა, როცა სრულიად სხვა გეგმებზე ფიქრობ - ჯონ ლენონი)
- - -

ჯონ, ხმა გამეცი!
ჯონ, მისმინე,
ჯონ,  მართალი ხარ,
ჩვენი ცხოვრება  ის ყოფილა,
რაც  შეგვემთხვევა,
როცა მომავლის გეგმებზე ვფიქრობთ
და ცხოვრებისთვის არა გვცალია.

ჯონ, მგონი, თავი შეგაწყინე ამ უსათქმელო ლაპარაკებით,
მაგრამ ყველა რომ მხოლოდ იმას ვამბობდეთ
და იმაზე ვლაპარაკობდეთ, რაც სათქმელია,
დედამიწა დამუნჯდებოდა,
დაყრუვდებოდა,
ადამის მოდგმას მოუწევდა გადაშენება
და მთავარ მთქმელსაც - ვინ მოუსმენდა,
ჩემო გამხდარო,
მოხრილო და ახლომხედველო,
შენ, გაუზრდელო,
დაბოლილო და უადგილოდ,
ჩაბჟირებამდე  მოცინარო,
შენ,  პლაკატიდან გადმოსულო შეყვარებულო!

ჯონ, მომისმინე!
კარგი ბიჭები ასეთები  ხომ არ არიან
ანდა სამადლოდ ნათესავები ხომ არ ზრდიან,
დედა უმზადებთ ნოყიერ სადილს,
დამოკლებული შარვლის ტოტებსაც ჩამოუშლის,
გააუთოებს და მერე ნაზად შემოუტეხავს.
კარგი ბიჭები
მშობლებს (კარგებს? ცუდებს?)
მისდევენ და თანდათან ნაბიჯს უწყობენ,
მშვიდად ხელიხელჩაკიდებულნი.
ჯონ და, რა, იცი?! -
დედები ჩუმად ეუბნებიან,
იმ კარგ ბიჭუნებს,
მშვენიერ ბიჭებს,
უცებ არ აგყვნენ,
შენნაირები არ გამოვიდნენ,
მაგრამ იმ ბიჭებს
ცალი თვალი  შენკენ მოურბით
და სადაც გასდით,
როგორც გასდით,
ვისთანაც გასდით,
შენვე გბაძავენ.
ჩვენ კი,
გოგოებს, რა მეტი ჭკუა მოგვეკითხება,
იქით მივიწევთ,
სადაც უფრო მეტი ჯონია,
ლენონია,
ლენონებია,
ჯონ, წლები გადის.
შენ - არ იცვლები,
მე კი... ო, ჩვენ კი
წარმოიდგინე, თუ რამე შეგვრჩა გოგოური
შენ შეგეხება.

ჯონ, მომისმინე!
დღეს  შენი დღეა,
თანაც - წვიმა
და საოცარზე საოცარია,
უაზრო წიგნში რაღა დღეს შემხვდა
ოდესღაც,
სადღაც დაკარგული შენი სურათი!
ჰო, შავ-თეთრია,
აქ - სიჩუმეა,
მე - შენსას, შენზე  და უშენოდ ხმამაღლა ვმღერი.
ჯონ, ბოდიში,
ჯონ, არ მისმინო,
ჩემთვის ვგიჟობ სიმარტოვეში
და აი, დარდი,
არაფერი თუ არ გამომდის!
მარწყვის მდელო,
მარწყვის მდელოო,
იქნებ  ეს მართლა წითელ-მწვანედ მოხასხასე
ნეტარებაა და არა მკაცრად მოღობილი,
ობოლთა  და უპატრონოთა თავშესაფარი.
მწარე სიმართლე,
თუ  მომხიბლავად და ძვირფასად შემოსილია,
ასე ართობს და ახალისებს ადამიანებს.
რად უნდათ მეტი,
ყველა ისედაც გატანჯულია,
დახარჯულია დასახარჯიც
რაღა დახარჯონ?
სხვისი ობლობით  გაიტანჯონ?
ჯონ, რა რჯულია!
დედას ვინ ეტყვის:
ნუ მოხვალ, დედა,
დედა კი არა, და ხარ, ჯულია!
- ჯონ, შენთან მაინც ვერ დავრჩებოდი,
მელოდებოდა ჯურღმული - "დენჯონ"
ვერ მოგეწევა, ჯონ, ჩემი ლოცვა,
ვიცი,  სადაც ხარ, თავს გაიტან, ჯონ!

ჯონ,  შენი დღეა და თავს ვულოცავ,
ჩემო ტკბილმწარევ,
ბუზისტოლაა ყველაფერი, რაც უკან გვრჩება,
რაც წინ მოგველის, როგორია,
სხვისთვის - სხვაო და ჩემთვის  - წიქარავ?
სიბრძნეთა შორის რამდენი გიქრის,
რამდენს მიქარავ,
ტკივილები რომ დაიოკო..
ესეც აქ იდო:
ცელქი ბავშვები, ზურგით მდგარნი - შენ და იოკო!
მკვრივო და მძიმევ,
მოქანავევ,
გულის სიმიდან  ჩამომწყდარო ოქროს ქანქარავ!

ჯონ!
ისვრიან,
ჯოოოოოოონ!

- -
* პირველი სტროფი წარმოადგენს ალუზიას  ჯონ ლენონის უცნობილესი ლირიკისა:

“Before you cross the street
Take my hand
Life is what happens to you while you're busy making other plans”

(ვიდრე ქუჩას გადაჭრი,
ხელი ჩამჭიდე.
ცხოვრება - ისაა, რაც გემართება,
ვიდრე დაკავებული ხარ სხვა გეგმების დაწყობით”

** “მშვენიერი ბიჭი”, “მარწყვის მდელო” ”ჯულია”- ჯ. ლენონის სიმღერათა სათაურები.

   
9.  რეზუსი
- - -
ამ ქვეყანაზე ყველაფერს რომ ბედი სჭირდება!
დედაჩემისგან პირველი ჯგუფის სისხლი, რეზუს უარყოფითი,
მე კი არა და, ჩემს პატარა ძმას დაებედა.
მთელი ცხოვრება სათადარიგოდ სულ მის დონორებს დავეძებდით,
რადგან სხვა ჯგუფის სისხლი არაფრად გამოადგება,
სამაგიეროდ,  რადგან ეს სისხლი ყველას ესხმება, დედა და შვილი- ორივენი სისხლის დაცლამდე დონორობდნენ და ჩამიჩივით წვენისაგან დაწრეტილებს კარზე როცა მოგვიყუდებდნენ, ვიდრე შიგნიდან ჩვენც ჩვენს მხარ-ბეჭს შევაშველებდით, რომ  ორივენი ქიმწმენდიდან გამოტანილი კოსტიუმებივით  სავარძლებზე მოწიწებით გადაგვეფინა,
მე შოკოლადის მსუყე ტორტის დიდი ნაჭერი, ბროწეულ- ჭარხლის და ანტონოვკა-ვაშლის ნაწური თავის ჩანგლით და ხელსახოცით  უკვე ცალ- ცალკე ,,პოდნოსზე” მედო.
(ტუჩების ირგვლივ - მიტკლისფრები და  ნესტოები - თითქოს-და, თხელი ალიბასტრით გადალესილი;
ჩემი ბუზღუნი:
- ოღონდ თავისი გადაარჩინონ, შენ რა მოგივა, არც დაეძებენ)

მე რა გამომყვა?
საქართველოში ხალხური, უხვი,
გავრცელებული, შინაური, როგორც მაწონი -
მესამე, რეზუს დადებითი
და წამხედურად, მეც დონორად რომ ჩავეწერე,
წლობით არავის ვუკითხივარ.
სულ ერთხელ იყო,
გამომიძახეს,
ჩავდექი რიგში და გაღებული კარის ღრიჭოდან რაღაც მილები და სისხლიანი, ფალანგისხელა ბალიშები რომ დავინახე,
არ გამთქვათ და, გამოვიძურწე.

ამ სიბერეში, ავდექი და დონორი გავხდი.
მართვის მოწმობას ახატია წითელი გული
და ანდერძითაც გავაფორმე,
რომ ამ ჩემს სხეულს,
ერთადერთხელ ნამშობიარევს
და ერთადერთხელ მარჯვენა ფეხის ფალანგის მცირე, დახურული მოტეხილობით,
სხვა მხრივ - უწამლოს, გაუკვეთავს, ხარივით ჯანმრთელს,
ვიდრე სიკვდილი საბოლოოდ დადგინდებოდეს,
მე ,,ვენდერბილტის” კლინიკას ვჩუქნი.

ამიერიდან თავს დიდად უნდა გავუფრთხილდე,
ხიფათს ვარიდო,
მაგრამ არც ძაან გადავაბერო.

ეს ადვილია:
შიში - გამქრალი,
სული - შინისკენ გასაფრენად გამზადებული,
მიწას - იმედი,
რაღაცნაირი კმაყოფილება,
იქნებ და, შვებაც,
რომ თუ ცოცხალმა
დიდად ვერსად ვერავის არგე, წასული - მაინც, ვინმე უცნობს გამოადგები.


10. გოლფი*
- -

შენ გინდა, იყო ლოდი და რკინა;
ასე უმწეოდ,  ხელის სავსავით
ცრემლს არ ყლაპავდე, თუკი გეტკინა
და პასუხობდე მუდამ ავს  - ავით;
აღარ გჯეროდეს აუხდენელი
და როგორც ცხვარი გაუპარსავი,
აღარ გაება ეკალ-ბარდებში,
როდესაც ფარას მისდევ არსაით;
არ მოგელანდოს,
რომ იმ არ-სანდოს
უნდიხარსავით,
უყვარხარსავით,
აღარ გესიზმროს  კიბე, რომელიც
მაღლდება, მაგრამ მიდის არსაით.

,,ცხვრული ცხოვრება - მაინც მითია,
ყველა სავალიც - არსაითია” -
ამოიოხრებ შენ გულმომბალი,-
,,სადაც არ  ელავს მწყემსის კომბალი
და გამოსავალს არსაით  ელი,
არსაით ივლი არსაითელი”.

მწვანე მინდორი,  ცასავით შორი.
გამოჩარხული ძვალი მრგვალი და
გამოჩორკნილი ხისგან ბურთი და
გამოტენილი მატყლით ტყავი და
კომბალი.
ფოსო.
ჩავარდნის ფასი.
არსი - ბალანსი.
წამი  მძაფრი და
ცოტაც და ...
აცდა!
აცდა,
გაფრინდაააა

შენ გინდა, იყო.

- - -
*  გადმოცემით,  ,,გოლფ-ქლაბის'  წინაპარი შოტლანდიური კომბალი  იყო.

11. სტარბაქსული*

ყელში ამოსული გზები - დაქსაქსული,
ყოფა - დათარსული,
ყავა - ,, სტარბაქსული”.

- ბროდვეიზე ღამე გაგიტარებია?
რა ხმებია, იცი, რა გიტარებია?

მსოფლიოა მთელი, გალაკტიკებია!
ყველა, ვინც სიმღერას გადაჰკიდებია,

იმედებით მოდის, მოსდევს თავის ვარსკვლავს,
ვარსკვლავივით წყდება, თავს ამ ქუჩას აკლავს,

იმღერებს და თვალებს ცრემლით დაგიოსებს.
რა გამოლევს ღამით ქუჩის გენიოსებს!

არ სჭირდება ბევრი, მიეც, თუ გაქვს  ,,ქეში",
წავა სამოთხეში, ვიდრე დასცხებს თქეში,

შენც ეძიე  სადმე თავის შესაფარი,
თორემ, ხედავ,  უკვე აღარ ხუმრობს ქარი.

ესეც ამერიკა, შენი საოცნებო!
ლამის არის, ბრძოლას თავი მიანებო...

დაგაქვს გულით ისევ ლექსის პწკარედები,
უცხო სიტყვებს რითმავ, მიედ-მოედები,

იქ- სამშობლოს ბაგას გულმწუხარედ ები,
აქ - უცხოეთს  - ისეც ჰყოფნის პოეტები.

ნეტავ შენთან ერთად ღამე მეც მეთია!
პოეტი ხომ ყველგან მუდამ ზედმეტია.

ყელში ამოსული სული - დაქსაქსული,
ყავა - ,,სტარბაქსული”.
- - - - - - -
*  სტარბაქსი - ამერიკაში ყავის მაღაზიათა ქსელია. ცნობილი იმით, რომ შეგიძლია, მის კაფეში მთელი დღე უფასოდ იჯდე . ემიგრანტებითა და  უსახლკაროებით მუდამ სავსეა. ჩვეულებრივ ადამიანები მათთვის ყავას და საუზმეს ყიდულობენ.

12. ქვიშა
- - -

ჩემს ძმისშვილს, თურმე, ერთი ბიჭი ევასება,
ანუ როგორც ახლა თინეიჯერები ამბობენ, ,,ტიპზე ქრაში აქვს”.
ის ტიპი, თურმე,  გაგებაში არ არის,
ეს კი ...
ამან კი....
ამას კი არაფერი შარშანდელი აღარ ერგება ამ გაზაფხულზე,
ამოისუნთქავს,
ამოიხვნეშებს და ღილები აწყდება
და აქეთ-იქით ცვივა
და იკარგება,
და ამიტომ ,,ბულავკის”,
ანუ ინგლისური უსაფრთხო სამაგრის ხმარებას მოუხშირა,
არადა, სხვა რა ქნას,
განიცდის,
დაქალს ბოიფრენდმა აადო თუ დაადო.

და, ეს ხდება ქვეყანაში,
სადაც დასაბამიდან ერთ უპასუხო კითხვაზე მიდის შუბლების ჩაჩქუნი:
- გვეშველება რამე?

და, ეს ხდება ახლა,
ამ გაზაფხულზე,
როცა პასუხიც იგივეა:
- არაფერი.
და კიდევ უფრო, აღარაფერი.

და ყოველდღე კიდევ უფრო გაზაფხულია.

მე - ოკეანის გადაღმელი სანაპიროზე,
თეთრ ქვიშაში სიარულისგან უკვე კოჭებშეციებული,
  აღარ დავეძებ და ვეღარც ვარჩევ შებინდებულზე თოლიების სამკაპ ნაფეხურს,
მიქცევ-მოქცევით დაღლილ ტერფებს მუხლის ძალით მივეზიდები.

რუხად მოჩანხარ მზეჩასულზე.
მაინც კარგია, მძიმის მძიმე რომა ხარ, ქვიშავ.
დასაბამიდან ათას ტალღას
შეეგებები,
ჩაეხვევი,
გადაიტარებ,
აიშლები,
დაიშლები,
და საბოლოოდ წყალს არ მიჰყვები.

დამიამდება ხვალამდრომდე
ნიჟარების ნამსხვრევებზე დასერილი ტერფის ტკივილი,
მოვალ და ისევ შემოგჩივლებ მზერადახრილი:

ოკეანის და
ცხრა ზღვისა და ცხრა მთის გადაღმა ერთი პატარა კუნჭულია.
გალაკტიკებშიც რომ გადავყვე ვარსვლავურ ომებს,
რომც გავიმარჯვო,
სამარადისოდ ყელზე მედგება ის კუნჭული,
და ერთხელაც დავიხრჩობი მისი სიმლაშით.
და იმ კუნჭულში,
დასაბამიდან მუდამ ასეთი, მტკივნეულად მშვენიერი გაზაფხულია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი