მე ფლორენციას ოქროსფერი მტვერი შევმატე
ნინო დარბაისელი მე ფლორენციას ოქროსფერი მტვერი შევმატე 1. მოვედი, გნახე, ფლორენციავ, მარმარილოზე სისხლშემხმარო ოცნებავ ჩემო და შენს მშვენებას ოქროსფერი კვალი შევმატე! პირველად ქმარმა შემამჩნია, დანტესთან თუ მაკიაველთან დამუხლული რომ წამოვდექი: “სადაც მივედით, რაც კი ვნახეთ ფლორენციაში, ყველგან ოქროს კვალი დაგრჩაო”. რომანტიკაა, აბა, რაა! ხომ უიმედო რეალისტი გამომადგა, აი, რას შვრება მრავალწლიანი მონდომება, აი, როგორ რომანტიკოსობს, ის როგორ მითხრა?! ჰო, აი ასე: “სადაც მივედით, რაც კი ვნახეთ ფლორენციაში, ყველგან ოქროს კვალი დაგრჩაო”. ახლა ისიც რომ გამიმხილოს, მთელი ცხოვრება ლექსებს ვწერო და წამიკითხოს გულისკანკალით. (აქ - გაიცინეთ, ოღონდ ბოლომდე არ დაიხარჯოთ!) 2. ხიდები ბნელი ტალანებით - გაღმა- გამოღმა სასახლეთა შესაერთებლად, დავითი - შიდა, დავითი - გარე, წვიმაში, ქარში მარტო, მდუმარე, წონასწორობის დასაცავად ფეხით საბჯენზე მიყრდნობილი, ასე მდგომარე, “წავიდეთ მალე, მე დავიღალე!” მიქელანჯელო, აქ იმდენი მარმარილოა, იმდენი ფერის, ასე მგონია, ადრე, სულ ადრე არსებობდა მარმარილოს ქვეყანა რამე, სადაც დედიკო - მარმარილონი მარმარილო - მამებთან რომ სარეცლობდნენ ვნების ცახცახით, მარმარილოსვე შვილებს აჩენდნენ და სამუშაო არ ელეოდათ მარმარილოს ბებიაქალებს და გადიები მარმარილოს ყმაწვილებს ზრდიდნენ, და დაზრდილები მერე ერთმანეთს ხელებსა და ცხვირებს ამტვრევდნენ და დაიღუპა ის ქვეყანა, კაცთა მოდგმა კი გვიან გაჩნდა და და მიყოლებით, თხრით და ბურღვით ნარჩენებიღა აღმოაჩინა. რა ამბავია, ხუთასზე მეტი სხვადასხვაგვარი მარმარილო ფერად - ფერადი: რუხი, პორფირი, ეგვიპტური, ლურჯი - წინწკლებით… მაგრამ კარერას მარმარილოს, რაღაც სამეფოდ მოქათქათეს ქვეყნად ვერცერთი მარმარილო ვერ შეედრება. ასე არ არის მიქელანჯელო?! იმ მარმარილოს საბადოებში გადამალულს, გახსოვს, დრო იყო, ქვისმტეხელ მუშად გიმუშავია! 2. ის როგორ მითხრა?! ჰო, აი ასე: “სადაც მივედით, რაც კი ვნახეთ ფლორენციაში, ყველგან ოქროს კვალი დაგრჩაო”. გუშინ იწვიმა ათასნაირად და იმ წვიმაში კიდეც გავცივდი და ჩემს ოქროსფერ ბოტასებსაც დაწებებული პაწაწკინტელა ბრჭყვიალები ისე მოულბა, სადაც გავივლი, დიდი თუ მცირე ბრჭყვიალები გზადაგზა მცვივა. თუ დავიკარგო, ოქროსფერი კვალით მეძებეთ! 3. ეს ბოტასები ოქროსფერი… (არ შემისწოროთ, მრავლობით არ უნდაო, თორემ “ტენის შუზს” დავუძახებ ამერიკულად). ეს ბოტასები - იტალიისთვის შევიძინე, მთლად ოქროსფერი ორი ზომით დიდი ვარჩიე, იქ, ფეხსაცმელის უზარმაზარ მაღაზიაში უცებ პატარა გოგო დამადგა, ფერხორციანი, მოსულელოდ გაღიმებული, რაღაცნაირი, ბავშვთა სახლში გაზრდილივით გულწრფელი და ყველას მორჩილი - გამზრდელთაგან ყველაფერზე ცემით ნაწრთობი: -ვაუ, შეხედე, რა ბოტასები! ბრჭყვიალა, თვალის მომტაცები, ნამდვილი ოქრო გეგონება, რა ლამაზია! აღარ მომშორდა. მთელი ცხოვრება სულ ასეთზე ვოცნებობდიო, ხომ მიყიდიო, ხომ დამპირდიო, დამაცადე და ყველა ნატვრას აგისრულებო, აღარ გეყოფა?! კიდევ როდემდე დაგაცადოო?! ესენი უნდა მიყიდოო! ხედავთ, როგორ გამითამამდა?! სხვა ბოტასებთან შედარებით მაინც და მაინც ძვირიც არ ღირდა და მე ვუყიდე, ჩავახუტე! ნეტა გენახათ, რა ბედნიერი სახე გაუხდა, თვალების ნაცვლად თითქოს ცვილის სანთლები ედგა და ანთებული და დამდნარი სიხარულისგან წითელ ლოყებზე სულ წვეთ-წვეთობით ჩამოსდიოდა. ვინმე უცხოს რომ დაენახა, გაიფიქრებდა, რა ატირებსო. თქმით კი არაფერს არ ეტყოდა, აქაური წესი არ არის! მე - გამოსულმა მაღაზიიდან, იქ ვიტრინაში საკუთარ თავს მოვკარი თვალი. როგორ და როდის გადავიქეცი რეალურ იმად - ვიღაც ბებერ მანუგეშებლად, პატარა გოგოს წარმოსახვებში რომ დაჰყვებოდა, ან ის პატარა გოგო რა იქნა, რა იშვიათად მეცხადება, წარმოსახვად გადაქცეული! 4. ის როგორ მითხრა?! ჰო, აი ასე: “სადაც მივედით, რაც კი ვნახეთ ფლორენციაში, შენ - ყველგან ოქროს კვალი დაგრჩაო”. შენ - ყველგან ოქროს კვალი დაგრჩაო” კვალი დაგრჩაო!” ოსტატს მოელის ქვეყნად სადაც სადმე ლოდია, ოსტატი - არ ჩანს, ახლა ისეთი პერიოდია, გულში კი მიჟღერს ძველებური მე მელოდია: ,,რაც კი ბრჭყვიალებს, ყველაფერი ოქრო როდია!”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი