ლექსების ნაკრები წლევანდელი გ. ,,ლიტერატურული გაზეთიდან


#ლექსები
 
ნინო დარბაისელი
 
კოშმარებიდან
 
გამოეღვიძა მუმიას, ვერ დაინახა იგი,
ვინც უკვდავების  მისისა  ითავა თადარიგი.
თვით მოკვდა,  როგორც  მრავალი, იქცა  ბალახად, ფერფლად,
ვინც სიკვდილს არ ანებებდა; სურდა, იმედად ეფლა.
ვინც  მის სარკოფაგს ავლებდა ამოუკითხავ ხაზებს,
ვინც მოცახცახე სიტყვებით ხაოდა ბოლო ხმაზე:
 
“-გაბარებ, რომ სიყვარული სამარადისოდ დაფლო,
შენ - უძლეველო მარილო, მარად უხრწნელო თაფლო!”
 
გამოიღვიძა მუმიამ,
ადრე - ნალოკმა მძლოკვთა,
ამბავი მისი  ფერადად იციან  კატალოგთა.
ირგვლივ გაფითრდა ყოველი,
ზარი რეკდა და როკდა.
შეძრული მუზეუმია,
კოშმარი არ დაოკდა!…  
რომ  ვეღარ იცნო ვერავინ.
უკვე ნამდვილად მოკვდა!
 
ნინო დარბაისელი
 
უშენოდ ავცქერი ადრეული შემოდგომის ცას
(მოდერნისტული ტანკა - 5-7-5-7-7)
 
გადამფრენები
ცალკე ჯგუფებად ისევ
იწყებენ ვარჯიშს,
გუნდურობისთვის თავის
დროზე მოსამზადებლად.
 
#ლექსები
 
ნინო დარბაისელი
 
მდედრის ქიმია*
(იუმორესკა)
 
ციდან ვარსკვლავებს მოაზიდინებს და კაცის ფეხქვეშ დააფენინებს,
მთლად გადალახავს სამყაროს ამას,
შორ აპალაჩებს თუ აპენინებს,
ქალს თუ ქიმია მიარბენინებს,
ვიდრე ქიმია მიარბენინებს.
 
როგორ ჰგონია, ვეტრფიო ტიტანს,  
როგორ უმშვენებს რამე “ნიუ” ტანს!
როცა გაუვლის (ვამბობ ნამეტანს?)
რომ იხრჩობოდეს, წყალს არ მიუტანს!
 
____
*სქესობრივი ლტოლვა, ბოლო გამოკვლევების მიხედვით, ქიმიურ, მედიკამენტოზურ დონეზე მართვადია.  მასთან ქიმია მაქვს-(ამერ.) სლენგია , ნიშნავს მისდამი ლტოლვა მაქვს.
 
 
 
მწვანე ცერი*. სამძიმარი
 
ახალ ნერგს
შავი,
ტყის მიწა უყვარს,
გამდიდრებული.
მთლად  ღრმად ჩარგვასაც არ მოიხდენს,
უნდა იცოდე - რა - სადამდე,
ანდა ჩარგულზე ზედაპირი  ფრთხილად  როგორ შემოუტკეპნო.
 
დარგვისთანავე წყალი უნდა.
მერეც  - სულ წყალი,
მაგრამ  მუდამ ზომიერად,
თორემ  თუკი გადაამეტე,
წვრილი ფესვები
გამაგრების ნაცვლად -  ჩალპება.
თუ ღერსუსტაა,
იქნებ ბამბუკის ჩხირის ჩასობაც მოითხოვოს
და ზედ  ფაქიზად მიმაგრება,
ან თხელი ბადის გადაფარება.
 
მზე?
- გააჩნია,
უნდა იცოდე,
ოთახისაა,
ღია მზისა,
ნახევრად ჩრდილის თუ მთლად ჩრდილში გასახარელი,
ზედ ეწერება.
 
ახალ ნერგს  მუდამ ალერსი უნდა,
კარგად თუკი  დაფესვიანდა,
მერე ზედმეტი განაზარდების  შემოცლაც  უკვე შეგიძლია.
რაც მთავარია,
ხარ ტეტანუსზე ანაცერი?
თან უნდა დაგყვეს მწვანე ცერი
და თუ არ დაგყვა,
მორჩა!
არსად არ იყიდება.
 
ეს - პოეზიის  ბაღნარია მარადიული.
გაზაფხულობით აქ მიმოფანტულ თესლად  ეყრება
ფერად-ფერადი ყვავილები,
მაგრამ ყველა  ზაფხულამდე როგორ  იხარებს,
დიდი წილი - სარეველაა.
 
კი, სარეველაც ლამაზია,
მაგრამ მებაღეს გააჩნია.
კარგი მებაღე - არ დატოვებს,
იტყვის,
დარგულებს -  ზრდაში უშლის,
დამიჩაგრავსო.
 
ნერგი კი,
ნერგი…
ნერგი თუ  სიკვდილს გადაურჩა,
ჩიტებიც მოვლენ,
ფერადები,
ჩამოსხდებიან,
იგალობებენ…
თუმცა ზოგი ბოროტია,
ვითომ გალობს და
სულ ამოკორტნის  ფოთლებს და ფურცლებს
და გატიტვლებულ ბუტკოს დატოვებს.
 
მე  - ახალგაზრდა,
ახლად დამწყებ  პოეტებზე  მეფიქრება,
აქ და ამწუთას,
ამნაირად.
 
რა ნერგი,
ნეტა რა სარეველა,
ანდა  მებაღედ
მე - თვითმარქვია -  ვინ დამაყენა!
 
გამოიტანე ყვავილები პატარა ნერგო!
აი, აღვმართე  დასანახად,
ვთქვი:
- აი, ცერი!
მაგრამ  უეცრად ტანში გამცრა თუ გავიცერი.
მოგისამძიმრო თუ მოგახარო?! -
- ნერგობა გერგო!
 
- - - - -
*  a green thum –( მწვანე ცერი) - ინგლისური იდიომია და ნიშნავს  მცენარეთა  წარმატებული დარგვა-გახარების თანდაყოლილ  უნარს.
ერთი და იგივე  სახეობის, ერთნაირად გამოყვანილი  ორი ნერგიდან, ორმა სხვადასხვამ რომ დარგოს,  იგივე პირობებიც რომ შეუქმნას,  შეიძლება,  ერთისამ  იხაროს და მეორესამ - არა, რადგან მწვანე ცერი არ დაჰყოლია.
მოკლედ,  რაღაც,  ნამცხვრის გამოცხობასავითაა.  ზუსტად ერთი და იგივე რეცეპტის დაცვით,  იმავე ტემპერატურით, ერთს გამოუვა, მეორეს - არა.#ლექსები
 
ნინო დარბაისელი
 
ახლად მოჭრილი იასამნები*
 
(რა სიხალვათეა-მეთქი. უცებ ჩამობნელდა. ტორნადო ყოფილა გამოცხადებული)
 
უბერავს ქარი, ფეხდაფეხ მივდევ ძეძვებს.
რა დამემართა დღემდე მშვიდსა და სულ ნელს?!
გარეთ რა  მინდა?  იისფერ საპონს ვეძებ,
თხევად ქაფს, ხელზე რომ  მიტოვებდა სურნელს,
ხოლო ქალაქში  შეყუჟულია  ყველა,
თურმე ტორნადო ქარიშხალს მოსდევს ავი.
ამ სიცივეში უცებ მიტყდება ხველა,
კი არ ვიძახი, უკვე დაღლილი ვხავი.
ვეღარც გირეკავ, სულ გათიშულა დენი.
თვალწინ მიდგება  შემთხვევა - რაოდენი?
ჩემი მშველელი - შენი მედგარი  სული:
“- მოვდივარ, მანდ ვარ!  ნუ გეშინია მდევრის!”
მიშველე დროზე გამომიტყუა, მდევნის
ახლად მოჭრილი იასამნების სუნი!
სულ რაღაც წამში ფილმად ჩამირბენს უცებ ცხოვრება ჩვენი,  წარსული,  გარდასული.
მოკლე ნაბიჯით ბნელში  ვიკვალავ  ქვიანს,
მაშინებს როგორ გარემო გასუსული…
გარეთ რა მინდა?!  შევცდი, ვთქვი,
რას მიქვია
შიში, თუ მიხმობს  იასამნების სუნი!
რა მესაპნება,  ნაცარი დამეფრქვია,
მატულობს მსხვერპლი, დღე არის დანავსული.
ოქტომბრის ბნელში ვბჭობ ბრძენი თვითმარქვია:
- სუნი აქვს სხეულს  და უსუნოა სული!
 
_____
* the fresh cut lilacs - ,,ახლად მოჭრილი იასამნები” – პოპულარული სურნელოვანი თხევადი საპნის სახელწოდება
 
ჩაფარი 
 
ჩვენში - ყოფილი პოეტები -
- დაუნდობელი პოლიტიკოსები ხდებიან,
ხოლო თუ ძალაც ხელთ ჩაუვარდათ,
სულ ტირანებად ყალიბდებიან
იმ  სივრცეებში,  
იმ საზღვრებში,
სადამდეც გასდით.
თითქოს გარემოს ეუბნებიან,
ის  - კარგი იყო?!
მთელი ღამე
გაყინული,
მშიერ-მწყურვალი მთვარეზე ჩრდილებს  რომ ვეძებდიო?
აბა, იგემე, ნახე ერთი, როგორიაო! -
სულით მუსიკა რომ დაგაქვს და  ჰანგებს  ხმაურით გიხშობენო,
წადი და ახლა შენ უყურე,
ვარდს რომ კოკორი გაეფურჩქნა,
იას რად გადახვეოდაო.
 
თუკი პოეტი ცოცხლად გადარჩა, 
ეს იმას ნიშნავს, 
რომ იწვალა და პოეტად ყოფნა აიტანა  ყოფის ბოლომდე.
მაგრამ იცოდეთ,  
ყოფილ პოეტზე ვერაგი და ცინიკოსი ქვეყნად არასდროს
ჯერ არავინ დაბადებულა!
სხვა თუ გაგყიდის,
ის  - ისეთ იერს მიეფარება,
რომ მუქთად გაგცემს,
თან სუყველას დაამუნათებს,
გარედან მარად პირმოჩახჩახე,
სიბნელეში - კი, როგორც იტყვიან, ყველაფერზე ხელის მომწერი.
 
თუ სადმე ვერაგს გადაეყარე,
ჰკითხე,
- თქვენ   ადრე ლექსებს წერდით
თუ ხატავდით?
(აქ - ხელოვანი იგულისხმეთ - გაფართოებით!)
დიდი შანსია, რომ კითხვაზე არც გიპასუხონ
და ეს შანსია  - უტყუარი დადასტურება,
რომ ყოფილ პოეტს ესაუბრებით.
პროზის?! -
ამბები მე არ ვიცი!
 
…და ბოლოს თურმე
საბოლოოდ რომ რწმუნდებიან,
საიქიოში,  ნემსი რა არის,
იმის ყუნწიც  კი დღემდე ვერავის წაუღიაო,
გაახსენდებათ, რომ პოეტებად დაიბადნენ,
და ახლა ისევ
პოეტად სიკვდილს ნატრულობენ,
ცდილობენ კიდეც, 
მაგრამ პოეტად - ერთხელ მკვდრები
მეორეჯერ ვეღარ  კვდებიან!
 
შენ, პოლიტიკავ,
შესასვლელად -  ღობევ დაბალო,
როგორ გაგივა, რომ კლანჭები შენი  დაფარო,
დაგაბრალებენ, შენში მთელი ნიჭი ჩავფალო,
შენ - მოთვალთვალევ,
ჩასაფრებულო მარად  ჩაფარო,
ო, პოლიტიკავ,
ხელმოცარული პოეტების
უკანასკნელო  თავშესაფარო!
 
 
 
განვიცადე პაატა გერგაიას წასვლა,  ორიოდე დღეში მისი დაბადების დღე ახლოვდება და იმ დროს მეეჭვება,  ფეიბუქი მქონდეს.   მისნაირი მკითხველი სულ რამდენიმე მყოლია ცხოვრებაში.  ფართო ერუდიციასთან ერთად, პოეტის  მახვილი თვალი და ყური ჰქონდა, როგორც მკითხველს, როგორც პოეტს - თავისივე ბადალი მკითხველი სჭირდებოდა.
მე  - ვერ გამოვადგებოდი.
   ახლა შევედი მის გვერდზე,  კიდევ ერთხელ წავიკითხე რაღაცეები და  მის თემებსა და განწყობებს ყველაზე კანონიკური - პეტრარკას სონეტის (აბბა, აბბა, სდე, სდე) მოდერნიზებული ვარიანტი მოვარგე. ვინც სონეტის ჟანრობრივ ამბებში ერკვევა, უცებ მიხვდება, რას ვგულისხმობ.
ნათელში იყოს ბატონი პაატა!
 
 
რეკვიემი
(პეტრარკული სონეტი პაატა გერგაიას)
 
ოდნავ გათენდა  და   გამოჩნდა  პაატა.
ბალახში კუნტრუშებს პატარა ბატკანი.
ჩიტი აგალობდა? რომელი მათგანი?
ჯერ ცივა და სუსხი ძვლებამდე გაატანს.
 
ხმებით ათასგვარით ივსება სამყარო.
ამ ხმებში შრიალებს ბალახი და ჩალა,
მზემ  ამოანათა და ნისლი დაშალა,
ნათელს შეერიე? -  შენც? - გულო საპყარო!
 
დაბლა - ყვავილები უშენოდ ხმებიან,
მაღლა - ცის ორკესტრი ჟღერს თავგამოდებით,
კენტ ჰანგად ქცეული სივრცეს მოედები.
 
ამღერდა კოსმოსი, ღმერთო, რა ხმებია!
დასცქერ დედამიწას, თანდათან შორდები
და თავდახრილები დგანან პოეტები.
 
 
ბიმატისტი* - ნაბიჯმზომელი
 
ბიმატისტი ვარ,
ნაბიჯმზომელი.
ჩემი ხელობა - უძველესია და აჩქარებას ვერ ეგუება.
ნაგრეხი ბაწრით წელზე შებმული ველური გოგრით -  ცოტა წყალ-ღვინო,
აბგაში- პურის ნატეხები და
თევზი მშრალად გამოყვანილი,
ცოტა მარილი,
დაჩირებული ზეთისხილი, დანაც  პატარა.
თან სატარებლად - ნედლი - ხრწნადია,
მშრალმა სარჩომ  კი ქვეყნიერება შემომატარა.
(სხვა კიდევ რა ვთქვა!)
ორი კაჟის ქვა,
ჩამოქნილი თაფლის სანთლები,
ფეხზე - სანდლები;
ძველი ტუნიკა
და თავქვეშ - მკლავი,
არაფერი - გულმოსაკლავი!
ან მისაწოლი თუ დამჭირდა ან გამიავდრდა,
რამეს ვიპოვი
მარტო მავალი.
თუ ცოტა გყოფნის - თავშესაფარი არის მრავალი.
მრავალი მიცნობს, შემიფარებს ვინმე მათგანი,
უხვთაგან  უხვად აივსება ჩვენი აბგანი.
უნდა ვიფრთხილო, არ ავრიო სიგრძე ან განი,
თან განუყრელად დასაყრდენი დამაქვს არგანი.
 
ბიმატისტი ვარ,
ნაბიჯმზომელი.
თუ ვინმე რამეს მოიპოვებს,
ყველა მე მეძებს,
მე ვარ პირველი,
მივუყვები მტვრიანებს,
ძეძვებს;
ყველა მანძილი,
ვიდრე კაცთაგან რამე ახალი დაიწყებოდეს,
ყველა სასახლე,
ყველა ოცნება - აგებამდე მე მელოდება,
ყველა ბრძოლის წინ
ვიდრე ჯარი განლაგდებოდეს, ჯერ მე მიშვებენ,
დამორჩილებულ ქალაქებს შორის მანძილებიც, სადაც ორმოა,
სადაც ლოდია,
ეზო,
მილია,
ამ დაკოჟრილი,
ამ დაკაწრული,
ამ დახეთქილი,
თხელი ტერფების გაზომილია.
 
ბიმატისტი ვარ,
ნაბიჯმზომელი.
მხედართმთავრები ხომ სულ მელიან,
თვით მეფეებიც,
იმპერატორნი - მუდმივ ჭერსაც,
მუდმივ სარჩოსაც კი მპირდებიან,
ოღონდ  დარჩიო.
სად - რა ვარჩიო, ღამეზე დიდხანს გაჩერება -  არ შემიძლია.
ვიდრე დავდივარ, უსასრულოდ უნდა ვიარო,
როგორ ვიქნები მე - უიარო,
მერე,  როდესმე დაუძლურებულს
გამომხრავს მხეცი,
თუ დროულად ვერ გავექეცი,
ესა მაქვს ბოლო,
არავითარი რამე წესი - სამგლოვიარო.
 
ბიმატისტი ვარ,
ნაბიჯმზომელი.
ქალიც არ მინდა?!
არ მიზიდავს მარჯვე ტანები?!
არა, მეძავებს რახანია, არც ვეტანები,
თავისუფალი ეუნუქი ვარ,
დრო ისეთია, აუხდენელი ვნება -  ილევა,
სურვილი - წყდება,
მაგრამ წესები - არ მავიწყდება:
მეძავი თუ გსურს,
ჯერ პატრონს უნდა გაურიგდე,
გადაუხადო.
და გეშინოდეს უპატრონო მეძავებისა,
რაც ქვეყნად ხდება უბედურება,
სულ უპატრონო,
პატრონდაკარგულ,
პატრონმკვდარ მეძავს მიეწერება.
 
II
ბიმატისტი ვარ,
ნაბიჯმზომელი,
ჩემს სისხლძარღვებში მიმოდის ყველა,
ვისაც კი რამე ცხოვრებაში ჩემს გაჩენამდე გაუზომია.
გაზომვადია ყველაფერი,
მაგრამ არა ჩანს გაუწვრთნელი თვალისა და ნაბიჯისათვის
გაზომვადია ყველაფერი!
ყველაფერს ქვეყნად - სხვებისათვის უხილავი უძევს სამანი.
უზომო ტკბობა არასოდეს არ არსებულა,
არც წყალობაა უზომო და
არც სიყვარულის,
არც სიძულვილის უზომობისა დაიჯერება,
არც სიფიცხე - მრისხანებისა…
უბრალოდ,
ზოგჯერ რაღაცეები ადამიანურ ზომას ოდნავ გადამეტებს და
გამზომელი რაკი ახლოს არ ეგულებათ,
უზომოაო, იჩემებენ, თავს იჯერებენ.
 
ბიმატისტი ვარ,
ნაბიჯმზომელი.
გაზომვადია ყველაფერი:
ერთი ბიჯია სიკეთიდან ბოროტებამდე,
გარეწრობიდან გმირობამდეც - ერთი ბიჯია.
ერთგულებასა და ღალატსაც ბიჯი აშორებს,
თვით მწვერვალიდან უფსკრულამდეც ბიჯია ერთი,
ღმერთთა წყალობას მათ რისხვამდე აშორებს ბიჯი.
ერთი ბიჯი ჰყოფს ამა ქვეყნად ბრძენსა და სულელს;
ზოგჯერ ნაბიჯიც ზედმეტია, მეტისმეტია.
საკვირველია, ერთი ტერფიც თუ ჩამეტია.
 
ბიმატისტი ვარ,
ნაბიჯმზომელი.
გადამლახავი მანძილის შორის,
ერთი ბიჯია თვით ზეცასა და მიწას შორის
და არც კი არის რამ გამყოფი ქვეყნად ამ ორის.
ერთი ბიჯია - სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.
 
ბიმატისტი ვარ,
ნაბიჯმზომელი,
შენ, ვინც აქამდე გამომყევი,
ვინც ამემგზავრე და მისმენდი,
შენ ხარ რომელი?
- - -
* პითაგორას სკოლა იცნობს ბიმატისტებს. მიჩნეულია, რომ გეომეტრიას საფუძვლად მათი გამოცდილება უდევს.
 
მესალინასი*, კონდოტიერის
 
ის ქალი გახსოვს,  
ქუჩის ქალი,
უსახლკარო,
არასმქონელი,
სნეული ერთი,
რომ გაუჩერდი პირმოჩიფჩიფეს?
 
ჯერ არ მოვკვდები,  
მინდა ვიცოდე,
ამის მერე რა იქნებაო?
 
იმ ხიდზე იწვა,  რაღაც ძველმანებშემოხვეული,
იმავე ხიდზე,  ჭუჭყიანზე,
გადასახტომად რომ მიდიოდი!
 
და ხომ  გადადგი მოაჯირზე კიდეც ნაბიჯი,
ნეტა რა   ძალამ გკრა  გულზე ხელი, 
ნეტა რა ძალამ უკუგაქცია 
და თავდაღმართში გამოგაქცია,
მეძავთა შორის უმეძავესო,  
 
მოითქვი სული, ო, მესალინა!
 
რა ადვილია, სასიკვდილოდ გაიმეტო ვინმე,
ნაცნობი,
უცნობისა ხომ  - სულ ადვილია
და რა ძნელია თავის მოკვლა!
 
და თუკი  სხვა გზა არ დაგრჩენია
დაელოდე  კონდოტიერებს!
ვის?!  
სულერთია.
ყველა მათგანი გამოწვრთნილი ჯარისკაცია,
გასამრჯელოსთვის
გიერთგულებს,
ყველაფერს იზამს.
 
თავის მოკვლაა ძნელი,
თორემ სხვისი მოკვლა სულ ადვილია:
ნელა მოწამლავ
ან დაცინვით დღეს მოუსწრაფებ,
მოულოდნელი საქციელით  გულს გაუხეთქავ,
უსისხლოდ მოკლავ
ან ყოფას ისე გაუმწარებ,  
რომ სიკვდილი ენატრებოდეს,
ბოლოს და ბოლოს,
იპოვი ვინმე გულუბრყვილოს,
მაგრამ  ძალმოსილს და  შეაჩეჩებ,
შენ -  გაიღიმებ გარეთ გასული,
კვლავ დიდებული,
მიამიტად ყელს მოიღერებ…
გინდოდეს ოღონდ,
ათასნაირი გზა არსებობს,
ხერხი არსებობს.
თავის მოკვლა კი,  
თუ  რამ ნაღველი  უცნაური არ დაგწოლია,
ბევრიც ეცადო, არ გამოგივა.
 
აი, ინათებს,
ძველებურად აიკრიფება  
რუხნარევი
მარმარილოს  მძიმე ნისლი ტიბერის  თავზე,
ივლის  მდინარე  ძველ კალაპოტში 
და ვინც მოუსმენს,
მოუყვება,
რა ძნელია თვითმკვლელობა,
მერე წავა და ისიც ზღვებში ჩაიკარგება!
 
მოითქვი სული,  ო,  მესალინა,
ნეტა ეს ხილვა ლექსად არ მექცეს,
ერთხელ გავუძლო რითმის სიმხეცეს,
მკითხველისაკენ აღარ გამექცეს,  
ამ ერთხელ მაინც,
გაუმხელად დამამალინა!
ო, მესალინა!
- - - -
* მესალინა - მეძავობით განთქმული ცოლი იმპერატორ კლაუდიუსისა. ამჟამად სლენგია და ნიშნავს დაუოკებელ მეძავს. უამრავი ცნობილი სიმღერა არსებობს მასზე იტალიურად. ერთ -ერთის რეფრენი გამოყენებული მაქვს ლექსში.
 
 
რომი
 
დღედაღამ ასე სავსეა რომი,
ქუჩები მიაქვს წვირს, 
ქვაფენილები -  ძლივს გასაძრომი.  
ჩვეულებრივად  - წვიმს.
 
შემოდგომაა,   გასაღიმონი
გვესმის ამბები, ჩემო,
ყველა კუთხეში ღვინო, ლიმონი, 
უფასო ლიმონჩელო. 
 
ფენაზე ფენა - ვერ მოსარევი,
მგონი,  რვა არის სულ,
ისტორიისა გვითრევს მორევი,
და ძლივს-ღა ვითქვამთ სულს.
 
ცხელია -  რომი,  ვით ლაზანია,
ცხელი “რიკოტა” სდის.
სადღაც,  შორს -  ჩემი ალაზანია,
არე- მოცდის და ცდის.
 
ვატიკანიდან  - რეკენ ზარები, 
სხვებიც - ერთვიან ზარს.
გვდევს  ქიმერებიც -  შესაზარები,
ვამჩნევთ სენატზე - ბზარს
 
და ეძალება მთელი მსოფლიო
რომს-  გარყვნილსა და უხვს,
წუხან,  სირბილში გაგვდის ოფლიო
და ზარბაზანი  ქუხს.
 
თან ვიბარგებით,  თან გვენანება
ხურდებს ფანტანში ვყრით,
რომს არ სჩვევია დაწვრილმანება, 
რომს გააოცებ რით? 
 
რამდენიც გინდა, აქე ტიბერი,
შენ არ მოგაპყრობს ყურს,
ჩვენ გავიცანით აქ ერთი ბერი
გული მოსმენით ხურს.
 
მითებს და ამბებს გზად ვეჩეხებით,
ბევრს ვისმენთ საავდროს.
დაკიდეს პეტრე რომში ფეხებით
ქრისტესთან ბრძოლის დროს..
 
არაფერია აქ გასაწყრომი,
ცას ხომ ვჭვრეტთ  დაქარგულს.
ტურისტის თვალით - ესაა რომი
უცხოს არ უხსნის გულს.
 
ამ ხეტიალში  - ღამეებს ნათევს,
სურვილს - ვერდასაცხრომს,
- რომს ვერ მოვილევთ, თუნდ  მის მეათედს,
კვლავ დავუბრუნდეთ რომს! 
 
 
 
გამშვილებელთა
 
რა ხმები მესმის, ყოვლისმცოდნეთა!
ცხრა თვით სტუმარი,
ვინმე უცხო,
საკუთარ ჭერქვეშ რომ ჩაგისახლდეთ,
თქვენში რომელი აიტანთ ნეტა?!
 
მან კი სტუმარი - ტანით ატარა,
არ მოიშორა როცა პატარა.
ფიქრობთ -  იმრუშა?
ცხრა თვე საკუთარ არსებაში  გამოაშუშა
ბავშვი და ცოცხლად იმშობიარა.
მის თავზე რამ არ გადაიარა,
ოჯახს მიაგნო, ქუჩას კი არა,
ყოფას არცა რა მიუცია,  რა!
თუნდაც მიეცა, ეტყოდა -  “არა!”?
ვერც რომ დედობა ვერ აღიარა,
ტანჯვა-  ვერავის გაუზიარა,
ვერც მოიშუშა სულის იარა,
გული  - ცრემლებით გაიტიალა,
 
არ იცით? - გულს თუ წყლული ებევრა,
წყლულის ადგილას -  ჩნდება ბებერა!
ტკივილს ვეღარ გრძნობს ბებერა იგი,
უხეში ხდება გული რარიგი!
 
შვილის გამჩენებს და  გამშვილებლებს,
გაუგეთ ქალებს,
გაუგეთ ქალებს,
დარდით ჩამქრალებს,
გაკილავთ ნუკი,
დაძრახავთ ნუკი
შეხვდებით თუკი,
ვინც გაიტანჯა, აკმარეთ განსჯა,
სახით მღიმარის, გულით -  მგლოველის!
ცხოვრების მტვერი -  ცრემლში - ლაფია,
აქ  - სხვის სახსნელად ვინ გაისარჯა?
ვინ ვისი მოსვა ან ქეძაფია?
იქ  წასულს,  ვიცით,  ვის რა მოგველის?
ვისთვის რა ღია ალაყაფია!
 
 
 
ბარიგა
 
დაუჭერიათ, მერე ციხეში გარდაცვლილა,
ცოლი - მექსიკით შემოსულა ამერიკაში. ბავშვებს,  
გოგო- ბიჭს   
თურმე იმხელა შვილები ჰყავთ,
რამხელებსაც მე მათ  ვიცნობდი.
აგურის სახლი  მეზობელზე კაპიკებად გაუყიდიათ.
 
1.
ჩვენ ზაფხულობით სულ ერთ ადგილას ვისვენებდით,
ყველა ამბობდა, იქაურ ჰაერს  ბავშვებისთვის არაფერი შეედრებაო.  
რაღაც, პატარა ოთახს ვიღებდით,
მთლად მოუწყობელს,
ჰიგიენისთვის წყალი - ტაშტით მზეზე გამთბარი,
საპირფარეშო - ეზოს ბოლოში.
 
ჩვენ წინ აგურის სახლი იდგა,
გალავნიანი.
საღამოობით იქ ერთი კაცი მიმოდიოდა დიდ აივანზე მეფურ ნაბიჯით
და გამჭვირვალე ჭიქიდან ჩანდა,
რომ სტაფილოს  წვენს   დაგემოვნებით, უცნაური მედიდურობით  შეექცეოდა.
ხალათი ეცვა -
ალბათ რაიმე ირანული
ან ეგვიპტური,
რაღაცა, მუქი მეწამული, ზედ ნაქარგებით,
ხოლო იმისი ადეკალონის ძვირფასი სუნი
ჩვენს მონგრეულ ღობემდეც კი გადმოდიოდა.
მანქანა ჰყავდა …
ბოდიში, მარკა აღარ მახსოვს, მთლიანად მინებჩაბურული.
ცოლი  - ოცი წლით ახალგაზრდა,
ტანად მაღალი,
თავით ფეხამდე აწყობილი,
გაჭირვებული ოჯახიდან გარიგებით  გამოყვანილი,
მაგრამ გარეთ არ ახედებდა.
ასე, შორიდან  ვუცქერდით ხოლმე,
დამლაგებლების წასვლის მერე
მარმარილოს  კიბისთავს რომ ნაზად ჩაგვიდა.
 
2.
 
მათი სტუმრები
თავის მანქანებს მუდამ ჩვენს სახლთან აჩერებდნენ,
ჩააბნელებდნენ და
ახალგაზრდას გაუგზავნიდნენ.
ო,  ის ზაფხული,
ირგვლივ ყველაფრის ის  გადახმობა
და ჭრიჭინების შორიდან ხმობა,
ის ცოდნა -  რაღაც საიდუმლოსი,
უხმო თანხმობა?!
იდუმალება
ის გულისძგერის გამალება!
იდუმალება საბოლოოდ არ იმალება!
 
დილ- დილაობით  - ის ტანდაბალი,
თუმცა ჩაფსკვნილი  სულ განტელებით რომ  ვარჯიშობდა,
წვეთსაც არ სვამდა.
იმ დღეს არ ვიცი,
რა დაემართა.
მისი ხმა რომ  
არც გაგვეგონა,  
დამსვენებლების  და მთელი სოფლის გასაგონად, 
წიხლით შემდგარი ქალს   დაჰყვიროდა:
 
- გაკლებ რაიმეს?
რაც არ გინახავს, ჩემთან ნახე!
ვისთან?….
ცუმბუშა ნაბიჭვართან?….
აქ შემოუშვი?
მოგკლავ, შე ბოზო!…
ამ ბავშვებით ნუ მევაჭრები,
ვერც  შენ წაიყვან, არც მე მჭირდება,
ზედვე  დაგაკლავ,
შენ რა გგონია!
თქვენი გულისთვის წითელ ხიდზე ტყვიისათვის  შუბლშეშვერილი,
ყვერებზე ვიბამ წამალს პარკებით,
ცოტ-ცოტა მომაქვს,
რომ არ ჩავვარდე,
ერთი იმდენი, რომ შეგინახოთ.
ობლად გაზრდილი,
მამინაცვლის  ჯოხით ნაცემი, ჩემი წვალებით კაცად დავდექი,
სამეზობლოში პირველ სტუმრად
მე მეძახიან,
ვინა,  ცუმბუშა?!
ცუმბუშა-მეთქი….
სულ გაიხადე, რაც მიყიდია და
ისე წადი ჯანდაბაში,
როგორც სახლიდან გამოგიყვანე!
 
ის ქალი, ღამე გამოგდებული,
მაგრად ნაცემი და სულ ტიტველი,
ჩვენ შევიფარეთ,
ფეხებში გვეწვა,
დილას კი ვითომ არც არაფერი,
კაცი მოგვადგა, ჩემი კნეინა თქვენთან არის,
დილაადრიან, გოგოებში ყავაზე მინდა გადავიდეო.
ეკამაც (ისე ეფემია ერქვა საბუთით)
თავი დაღუნა
და
შესაწირად
თოკშებმული უშობელივით
მორჩილად გაჰყვა
და ტანთ ჩაცმული ჩვენთვის ძვირფასი,
მისთვის კი რაღაც ხარახურებიც სამუდამოდ თან წაიყოლა,
(ალბათ ნაგავში გადაუძახეს).
 
3.
 
ეს ყველაფერი მოხდა წინა საუკუნეში.
 
გუშინ მირეკავს
ეფემია, იგივე ეკა, ეკატერინე,
ჩამოვედიო,
იქნებ მომვლელად სადმე დავდგეო,
ეჰ, აღარ გახსოვს, რა ქმარი მყავდა,
როგორ  მივლიდა,
დედოფლად როგორ ვეჯექიო,
ხვალ ამ დროისთვის დაგირეკავო.
 
ჩემკენ- მომვლელი არავის უნდა,
სხვაგან - მე ხელი არ მიმიწვდება.
იქნებ თქვენ იცით, როგორ მოვიქცე! 
 
 
 
 
თეთრი ქიშმირის მოსასხამი
(ქეთევან ირემაძის გახსენება)
 
ქუჩაში - დილა მოსისხამო,
დრო?! -ალბათ  - მარტის ნასესხები,
ქარ-წვიმა შხეფებს მას ასხამენ,
თვალი ვერ ეხსნება სურათს  ხამი:
ქალი! …მარტოქალი! არა - სხვები,
უდროოდ ჩამქრალი ის სხივები…
თმა - კუნაპეტი და მაჯისსიმსხო,
თბილისს მიმავალი  ეხსომება
ის -  თეთრი ქიშმირის მოსასხამით.
 
 
ტრიკლინიუმი. ღმერთი - ინახად
 
ამბობენ, მოსე პურობისას ფეხმორთხმით იჯდა,
ფეხმორთხმით ისხდნენ პურობისას პატრიარქები,
გამოხდა ხანი და რომაელ დამპყრობელთაგან ებრაელებმაც აითვისეს ტრიკლინიუმი -
სამი მართკუთხა,
დიდი ტახტი,
განლაგებული ნალისებურად,
შუაში იმავ ტახტის სიმაღლე რაიმე ტაბლა,
მეოთხე მხრიდან -
ღია ალაგი - მომსახურეთა მიმოსასვლელი.
რომ თავისუფლად მოეზიდათ საჭმელ-სასმელი.
 
მიწოლილ სტუმრებს წინ დაუდგეს ტაბლა ქალებმა,
ბალიშ-მუთქა დაუყარეს ტახტზე ასფერი.
სერობის ჟამად
მაცხოვარი იწვა ინახად.
იყო მარცხენა მხარ-თეძოზე წამოწოლილი,
ხოლო მარჯვენით საზრდოს იმას შეექცეოდა,
წინ ედოთ თევზი,
ცოტა პური,
ხილის ჩირი და გაზავებული ღვინით სავსე თითო ფიალა…
 
უცებ იალა!
 
რაც გულს ანათებს,
მადლი კი არა,
ზოგჯერ მეხია!
ფიქრის გორგალი გულზე დარდად რად დამეხვია?
საიდუმლოსთვის, სჯობდა, გარსი არ შემომეხია
და არ მეხილა, სინამდვილე რა უკმეხია.
 
ამა სოფლისა მბრძანებელს და დემონებს ემტრე.
- ფარას გაბარებ,
შენ დამწყსეო ჩემი ცხოვარი, - ვისაც უთხარი
და სიმტკიცით კლდეს შეადარე, უწოდე პეტრე,
მამლის მესამე დაყივლებამდე სწორედ იმან სამგზის უარგყო.
 
ხოლო იმას კი,
ვინც მექოთნეთა მიწისათვის ძლივს გასაწვდენად, -
ოცდაათ ვერცხლად შეგაფასა,
ღმერთი გაყიდა,
შეიქნა ვინაც მოკავშირე მბრძანებელთა ამქვეყნიურთა
და ვინც
საქვეყნოდ თავის ამბორით ქრისტეობა დაგიდასტურა,
ერქვა იუდა.
 
თუკი საქვეყნოდ უარყოფა, სამჯერ, ზედიზედ - ღალატს არ ნიშნავს,
და საქვეყნოდვე შენი ცნობა არის ღალატი,
ვით ყველაფერი ამ ცხოვრებაში,
თვით ღვთაებრივი მეგობრობაც კი რთულია და გაუგებარი.
ამოცანაა ამოუხსნელად ჩვენწინ მდებარე,
ჩვენ რა ვქნათ, კაცთა,
ვინც მოგენდეთ და მოგებარეთ!
 
სერობის ჟამად
მაცხოვარი იწვა ინახად.
რენესანსულად ვსვამთ მაგიდასთან, ვუჯერებთ ნახატს!
 
იესო,
ქრისტე,
მაცხოვარო მჯდომო ინახად,
გზას აცდენილმა კეთილ მწყემსად შენ დაგისახა,
გეძება რაკი, მონატრულმა, თქვა გულმან ,,აჰა!”
ან რომ ევედრე, ის სასმისი მამამ რატომ არ აგაცილა
ანდა სოფელმა ავი თვალით
რად დაგინახა!
 
 
 
 
ნინო დარბაისელი
 
ქალწულების გასასინჯი
 
(ვრცელი, ნარატიული ლექსი) 
 
1
ვინ რა იცის, როგორია -
უქმეებზე ძველთბილისურ აბანოში
ხალხმრავლობა,
რიგები და რია-რია,
ეს ამბები ამისთანა ალბათ ყველამ მიივიწყა,
ასეთები - მხოლოდ ჩემს ხსოვნაში ყრია.
 
არა მხოლოდ იმიტომ, რომ
სხვა დღეებში  არ ეცალათ,
არ ხედავდნენ
ვის ძვირფასად რა ემოსა, ეცვა - რა,
ან იმიტომ,
რომ ვიღაცას ხელი შემოეცარა,
წესი იყო,
უქმეებზე საპატარძლოს ამორჩევა.
ალბათ რომ არ შევსწრებოდი,
ვერასოდეს გავიგებდი, მოვყვებოდი მეც - არას.
 
2.
ამბავს გეტყვით, არ გეგონოთ მოგონილი
ანდა ვინმეს ნაროში,
დასათხოვრად შეღერილი გოგოები
იქ  დაჰყავდათ,
უქმეებზე გასასინჯად,
ქალაქის აბანოში,
რომ შეეცნოთ ან ლამაზად ან მახინჯად,
იქ სადედამთილოებს.
დაბანილზე რომ იხვევდნენ  თავზე  - თეთრი ჩალმასავით,
სალაროდან ბილეთსა და ქოშთან ერთად გამოტანილ ტილოებს.
 
ერთად უნდა შეყრილიყვნენ,
გოგოსათვის გაუმხელად,
აღნაგობა,
ჯიში უნდა ესინჯათ!
და ეპოვათ,
თუკი ჰქონდათ რამ ხინჯად.
გოგოები
შემკთალი და ტანდახდილი,
ორთქლში ჩანდნენ
როგორც დილის ნისლში- შვლები,
შიშვლები,
თვალწინ მიდგას ის ამბები,
სულ ჩურჩულით მონაყოლი,
განაწელი,
იმ ამბების მოგონებით ვიშლები.
ვზივარ ჩემთვის სავარძელში,
გამიკავდა რაღაც, წელი,
ვაი, წელი!
ნაწილ-ნაწილ ვიშლები.
 
3.
გოგოები?!
შეხედავდი  - დაგცდებოდა:
“ისეთი ხარ, ავ თვალს არ ენახვები!”
არა, იმათ -  ძირითადად
არც იცოდნენ არაფერი,
არ იცოდნენ უფროსების ზრახვები.
რა ნაკონი თაიგული!
შემკრთალები,
ქალნი უასაკონი.
ახლდა ყველას დედა ანდა ახლობელი,
ვინმე გულში ჩასაკონი.
ირეოდნენ დიდ გავებში  ტაკონი.
იდგა სუნი - გოგირდისა,
სიმყრალეში
შმორში,
ძმარში
არეული რომ გამოსცემს ხოლმე მარწყვის საპონი.
და დამფრთხალი ირმებივით ირეოდნენ ქალწულები,
მართლა საარაკონი.
ზოგი გოგო იბნეოდა, როგორც ბრინჯი
და  ხელიდან  უხერხულად უცვიოდა
საპარსი თუ ღრუბელი,
ორთქლის გამო თუ ბნელია,
იმ ხმაურში რა გაიგო,
ვინ რომელი უბნელია-
ვერელი?
დიდუბელი?
ზოგმა - უკვე გამოცდილმა ვითომც არა, არ იცოდა,
უცურავდა ყველაფერი ხელებიდან,  
წამდაუწუმ  ასაღებად იხრებოდა გრაცია,
მოძრაობას შენიშნავდა უცებ თვალი ტაცია.
ხშირად მზითვის უქონთა
საქმეს ვეღარ ერეოდნენ  ის ძველები, ძველებურად მქისეები,
იქვე იყვნენ  მექისენი,  არ ქართველნი, ბარისები, მთისები.
იქვე იყვნენ მარებელნი -
ბოლოს  - გაუხარებელნი,
მათთვის დიდი დღე იყო
და ხმადაბლა, სულ წვრილ- წვრილად ირჩეოდა,
ამ უქმეზე ვისი გოგო გამოირჩა,
ვის  - მიმოხვრა უვარგოდა,
ვის - მზითვი თუ უშველიდა,
ვის - გავლენა,
ვისი შერთვა ვის უღირდა
უმზითვ-და-უბარგოდა.
 
4.
ძველ ხალხს ვერ შეეცილები:
- გახდილზე ჩანს ყველაფერი, რასაც ქალი ჩაცმით ფარავს ! - იტყვიან და იციან.
(ჩვენ მაგდენი სად-ღა გვესმის,
აქ რა დასაფიცია).
- იქნებ კბილი არ უვარგა,
გაცინებულს უვარდება  წინ ღრძილები,
სახის ფერი ყვითელი აქვს,
გარეთ  - შველის უმარული,
ან თვალ- წარბი არ უვარგა,
ფარავს ლახუსტაკებით,
ქუჩაში ხომ ვერ გასინჯავ?
საღამოთი, გარეთ - ყველა ლამაზია.
ჩაცმულს  დაეტაკები?
თმას იჩეჩავს დასანახად,
სველზე - სულაც არ უვარგა  ხარისხი,
თმა ზოგისა - ისეთია,
არც რბილდება,
რამე თუ არ დაისხი.
 
თეძო - ბრტყელი უნდა იყოს,
ოდნავ მრგვალი,
მაღალი,
თუკი ვარგა,
ამის მერე გაირკვევა,
მაზლი, მული, მძახალი…
სილამაზე-სიმახინჯის შუა ზოგჯერ წვეთი არის,
წვეთის მეათასედი,
საქმეს -  კარგი მცოდნე უნდა,
(შენც - ჩვენთვის რომ მოგესმინა,
ახლა დააფასებდი).
ზოგი - ტანზე თმიანია,
ზოგს ძვლები აქვს გადმოყრილი,
ზოგი - ხალიანია,
ბოქვენა კი - თითქოს  უკვე გასცვეთია.
გარეთ ძვალი უვარდება ძალიან.
ზოგი თვალ-წარბს დაიხატავს,
გაიხდის და  ნახავ - ალბინოსია,
მოკლედ,
კარგი ცოდნა უნდა,
რამე რომ არ შეგეშალოს,
შეცდები და მერე- კაი დროსია!
ზოგი ლიფში -  შალებს იდებს,
ჩაცმული ჩანს  - ჯიქნებს მიეზიდება,
გახდილს - ადევს  მუწუკებად,
რაღაც, წყვილი
ნახავს კაცი და თქმა მოერიდება.
აბანოა- დალოცვილი,
აქ დადნება, ქალო,  ცვილი,
საქმე -  ამის გამო ჩნდება, 
თეთრი ტრაკი, შავი ტრაკი - აბანოში გამოჩნდება.
ამის  მომგონს - არ დააკლდეს დიდება!
 
5.
ქაფი,
ქაფი,
მოთქრიალე ცხელი წყალი,
შხეფები და ჭავლები,
გამოსასვლის ერთ კუთხეში,
გეტყვის რამეს?
ვინ -  უხეში?! 
აქ მოგელის საბოლოო შხაპის გადასავლები.
შესასვლელში -
ჰიგიენის უცოდნელად მიმოყრილი
ხის ბრახუნა ქოშები,
ამ ზეწარში დროზე თუ არ შეეხვევი,
გამოსული -
უცებ გაითოშები!
პარკი - მიტკლის ზეწრიანი,
თმისთვის - ვაფლის პირსახოცი,
კარადა და კარადა,
ზოგი ქალი ისეთია,
ჩაცმულს მართლა არა უშავს,  გეგონება, ის ერთია,
გახდილი კი  - არ  უქნია ქალადა!
 
გარეთ - რიგი, ლოდინისგან დანახოცი,
შიგნით მაჯა -  თოკიანი გასაღებით,
‘’დაიცადეთ, ხვალ ყველანი დასაღდებით”_
ხის “ტაფჩანზე ნებიერად  ჩამომსხდართა ისმის მწარე ხორხოცი.
 
6.
ენა ჰქონდათ ქალაქელებს მხოლოდ მათთვის გასაგები:
მხარის გაკვრა,
ჩუმი ბწკენა,
ჩახველება,
თვალის ჩაპაჭუნება…
ცვლილებები ჩემს თბილისში მართლაც უკიდეგანოა.
იმ ადგილას ახლა აღარც აბანოა,
სად დადიან ნეტა დასათხოვრები.
სხვანაირად დატრიალდა უკვე ჩარხი ამ ცხოვრების.
ავივსეთ მათხოვრებით.
 
ყველაფერი გაგიგიათ,
ეს ლექსი კი ვერ გაიგეთ, რაზეა?!
იმ ძველებურ,
მივიწყებულ,
ჩემს ხსოვნაში შემორჩენილ ქალურ  მიმოხვრაზეა.
აბაზანა  - ბევრსაც ჰქონდა
მაგრამ უქმეს აბანოში  ატარებდნენ
იმ თაობის ქალები,
გამოსულებს სახე წითლად უღუოდათ და
ორთქლით ანაალები.
 
7.
რა სიზმრები დამერია,
ცხად-სიზმარი ამერია,
მძლავრობს ქვეცნობიერი?
ჩანხარ,  ლანდო შორეულო,
რეალობაშერეულო,
ისევ გიცნობ იერით.
ხმა შეუწყო, გინდა, ჩემსას ყოფას ძველზე ჩაჭიდებულს,
ბანი უნდა აბანო და უბანო?
ჩემს ქალაქში ღირებული არაფერი აღარ ხდება, 
რომ გაიგონ,
ძველებურად კუდი გამოუბანო.
ასე რატომ მიმოკლდები,
რად არ მწვდები დილაობით ჩემო მოკლე საბანო?
ჰო,  გამოჩნდი ორთქლში ისევ,
სიცოცხლევ და სიხალისევ,
როგორც შველი   - დილის ნისლში,
შენ ქალწულო,
ლანდო ჩემო,
წმინდავ,
სხვების ასარჩევო,
განა ტანდასაბანო?!
უნდოდ ტოტებდამტვრეულო,
სეზონამდე ვერდაცდილო,
ხუთფურცელა ჩემო იასამანო,
ჩემო დილის ძილ-ღვიძილო,
სიზმრისა და რეალობის სამანო!
მოწყენილი შინ მარტო ვარ,
გამართოს და შემაქციოს ამანო!
 
8.
რეალობა - სხვა რამეა,
მკაცრი,  დაუნდობელია,
ვერ გაიგებ,
რას გახვედრებს, რას გიპირებს,
და რა სჯის
იმ აბანოს ჰყავდა თურმე
ცალფეხა და ხანდაზმული დარაჯი
და იმ დარაჯს
დღენიადაგ კმაყოფილი უდიოდა ცოლ- შვილი,
თავის  შვილთა-შვილიშვილებს არც ტკბილეულს მოაკლებდა,
საშოვარზე  დაგეშილი,
როცა ყველას დაერია  შიმშილი.
რადგან ჰქონდა ამ ქალების  გასახდელის მხარეს კედელს
ერთი გამოხვრეტილი;
მის ოთახში გადიოდა,
რიგი ეგა შეხედვაზე,
კარი - გამოკეტილი.
ფაშისტები რომ დაგვესხნენ,
შინ უომრად მყოფარებზე  ნახვრეტს  აქირავებდა,
წუთობრივად ქირაობდნენ,
ვინ - რას  - როგორ შესწვდებოდა, 
იდგნენ გაქაფულები
და კარგარეთ  - მოჭყიტინე შინაურთა რიგი ედგა ულევი და ულევი, 
რა უჭირდა, ადგილიდან გაუნძრევლად მისდიოდა ფულები.
 
ესეც ჩვენი ქალწულობა,
დილის ნისლში დაბნეული ირემი,
წამკითხაო ამისაო,
ძველს ვიხსენებ, ნუკი გადაირევი, 
სად არიან ის ირმები,
წინასწარვე ვაუერისტ კაცთა ნანადირევი?!
 
გახდილზე ჩანს ყველაფერი,
რასაც ქალი ჩაცმით ფარავს, რაღა დარჩა ახლა  დასაფარავი!
საუნაში კიდევ ჰო და, აბანოში დღეს ვინ შევა - სანახავად, სანახებლად - არავინ!
 
9.
ეს ამბავი მაინც როგორ გახმაურდა?
ჭირისუფალს სამძიმარზე
მეზობლისთვის უთხოვია,
კლიენტს ვეძებ, ქმრის სამსახურს  და იმ ნახვრეტს  ვყიდიო,
თან თავისიც დაატირა,
თქვა სიტყვები გულზე მოსაკიდიო.
 
ლამაზი გოგოს, მაგრამ ობოლს,
დედინაცვლის ხელში გაზრდილს,
არ მწყალობდა ბედი ოხერ-ტიალი.
კოჭლისათვის ვინ დამთმობდა,
გავლენიან ბიძას უთქვამს,
ვაჩუქეო საქმე -  ნახვრეტიანი.
ცოლ-შვილს - ლუკმას არ მოაკლებს,
სამსახური კართან  ჰქონდეს,
არ უნდა ხეტიალი.
 
შინაბერამ  რა გაიგო,
ფეხქვეშ ამბად ამოიგო,
მთლად  ქვეყანა შეიყარა,
ვუნდოდი და კიდევ კარგი, ცოლად  არ  გავყევიო,
ჩემმა ბედმაც გაიხარა,
ქალწული ვარ დღემდე მე ურყევიო!
 
10.
ახლოა თუ შორებია,
თბილისური   ჭორებია,
ის აბანო  ძველისძველი  რომ  გაყიდეს,
მყიდველებმა საკორპუსედ  დაანგრიეს
და მუშებმა ის კედლები
ბევრგან  - თხარეს, თხარესო
და  იპოვეს ერთი  ხვრელი…
გადიოდა  ის - კაცების მხარესო!
 

ოღონდ ყვავი და ყორანი არ აურიოთ!
ხომ იცით,  რაშია განსხვავება?
ყვავი პატარაა, ხოლო ყორანი - ორასი წელია იძახის ,,ნევამორრრრ” - ედგარ პოს გამო!

ინგლისურ ფოლკლორში არსებობს მკითხაობა  გზად შემოხვედრილი ყვავების რაოდენობის მიხედვით.
როგორც ფოლკლორულ ტექსტებს ახასიათებს სხვადასხვა ვარიანტით არის გავრცელებული. სიმბოლიკაც - განსხვავებულია.
მე  - ფოლკლორული ფორმა ავიღე და ქართულ ლიტერატურულს  მივუსადაგე, გავაკეთე მონორაიმი ანუ ერთ რითმაზე ავაწყვე.
გაერთეთ!



ყვავსათვალავი

გზაზე ერთი ყვავი ნახო, - მიზნად ფუჭი  დაისახო;
გზაზე ორი ყვავი ნახო,-  დასაძრახი დაიძრახო;
გზაზე სამი ყვავი ნახო, - ტყუილები ბევრი ჩმახო;
გზაზე ოთხი ყვავი ნახო, -დაიღალო, გაილახო;
გზაზე ხუთი ყვავი ნახო, - იწვალო და ივაგლახო;
გზაზე ექვსი ყვავი ნახო, - გულს იმედი ჩაისახო;
გზაზე შვიდი ყვავი ნახო, - მთა და ბარი გადალახო;
გზაზე რვა თუ  ყვავი ნახო, - თავი შახად შეინახო;
გზაზე ცხრა თუ  ყვავი ნახო, - ოთხივ კუთხივ იჩახჩახო;
გზაზე ათი ყვავი ნახო, - მოიხვნება შენი ახო;
თუ თერთმეტი ყვავი ნახო, -  რამე  ხიფათს დაეჯახო;
თუ თორმეტი ყვავი ნახო,  - ვინმე მშველელს დაუძახო;
თუ ცამეტი ყვავი ნახო, -  ცას პირჯვარი გადასახო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი