ლექსების ნაკრები (ეროტიკულები - ნაწილი დაიბეჭდა გ. ლიტგაზეთში- დანარჩენი ჟ,, აფინაჟში”
ნინო დარბაისელი 1, რას გვერჩის, ნეტა, სიყვარული ახალთახალი რას გვერჩის, ნეტა, სიყვარული ახალთახალი, თითქოსდა გრიგალს კი არ მოჰყვა ამ გაზაფხულზე, ადრე, ოდესღაც ფიცხელ ომში გაწვეულისთვის უღალატობის ფიცი დაგვედოს და დაბრუნებულს დადებული თავის ადგილზე ვერ დავახვედრეთ. და რით ვიმართლოთ ახლა თავი? - რომ უიმედო ლოდინით დაღლილს მტვერი გვინდოდა გადაგვეწმინდა და სიფრიფანა ფიცი ხელში შემოგვტყდომია? ან ჩვენ რას ვერჩით ამ ახალთახალს! აქამდე როგორ მოაღწევდა, გზად ტოტი რომ არ ჩამოეტეხა, ის მინდორი არ გადმოევლო, იმ მდინარეში არ შეეცურა, იმ ლაფში რომ არ ჩაფლულიყო, ან ქვრივის ქოხში კუნაპეტ ღამით თავშეფარებულს არ გაეთელა გახამებული თეთრეული ზორბა სხეულით. რატომ გვაწვალებს შეგუება, რომ ერთმანეთში ახალი კვალი კი არ გაგვყავს, ნასვენებ სახნავს მივუყვებით, ბელტად ვაბრუნებთ წარსულსა თუ წარმოსახულ ნაალერსალებს? ნეტა დროს ისე მიჰყვებოდეს ადრინდელობა, როგორც შხაპს მისდევს ყველაფერი ნაგუშინდლარი, ან არსებობდეს რაღაც ნათლობა - სასიყვარულო - ხელჩაჭიდებით, ცხვირზე თითებმოჭერილებმა ერთად ჩაყვინთოთ, დინებამ თავზე გადაგვიაროს და ვიშვათ ახალ სპეტაკებად ერთმანეთისთვის. ანდა ჰაერმა ჩვენთვის თავი გაიგრიგალოს, ორივე ერთად აგვიტაცოს, მთის წვერზე დაგვსვას, ფეხქვეშ ქვეყანა ჭრელა-ჭრულად გადაგვიშალოს, გამოგვითიშოს ვარსკვლავები, მთვარესაც ცოტა ჩაუწიოს, თავქვეშ ღრუბელი ამოგვიდოს და დაგვახუროს მრავალკეცი ნისლის საბანი. ან ცეცხლი ენთოს, ერთად შევიდეთ, იქ დასაწვავი დაიფერფლოს, ორთავეს გარსი შემოგვეცალოს, გამოვაღწიოთ, შეტყუპებულნი ვეღარაფერმა გაგვაცალკეოს. ან მიწა იყოს, დაგვეყაროს და ჩავიმარხოთ ერთმანეთში ჩახლართულები და ერთიანად ამოსუნთქვის ძალი მოგვეცეს და მიწის პირზე ისევ ერთად ამოვაღწიოთ, ფეხი დავკრათ და ავსრიალდეთ ლაჟვარდებისკენ. რა პატარაა და უმწეო ყველაფერი, რაც დაბლა რჩება! ამბობს: - ვიკმაროთ, რაც აქამდე ვიყოყმანეთო. ამბობს, რომ ეყო, რაც უჩემოდ დღემდე უვლია. რა გახდა ერთი დღის გაძლება უერთმანეთოდ! ვიდრე გვერჩის და და ვიდრე ვერჩით - სიყვარულია! 2. ბებრის ყვავილობა არც მე ვარ მონაზონი და არც ის არა ჰგავს მწირს. გავჭრილვართ მონაზომიდან და ერთმანეთი გვჭირს. ორივემ ვიცით, რა გვინდა. არ ვეჭიდებით ხავსს. მას უხარია, რომ ვყავარ, მე მიხარია, მყავს! აღარც მახსოვხარ, არც გნატრობ, აღარც წარსული მწამს.. ეგ ჩრდილი რაღად ეცემა ყველა ბედნიერ წამს? თქვენ ორში ნეტა მესამედ ყოფნა რგებია ვის? ან ცრემლის ყლუპი რად მახრჩობს, მე, გადამცურავს ზღვის. ღმერთო, ვის ვისი სული და ვისი სხეული სურს, ვინ - ვისთვის ცოცხლობს, ვინ იცის, ვინ - ვისთვის დალევს სულს. 3. დასაპეპლ-დაუპეპლავნი (ფროიდს) “ხანდახან სიგარა - უბრალოდ სიგარაა”, ისე გამეცალა, არ ვიცი, სიქა რაა! ხანდახან ჩიბუხი - უბრალოდ, ჩიბუხია, ფარდას შეფარულმა - ფარდა ჩამოხია! ხანდახან - ქვაბიც კი, - უბრალოდ, ქვაბია, და სულ არ ანაღვლებს, ვის სად რა აბია. ხანდახან ქალიც კი - უბრალოდ, ქალია, საწყვილის ლოდინში ვინც ყოფა გალია. ხანდახან კაციც კი - უბრალოდ, კაცია და შენს თავს მოჰკითხე, თუ გაცხელ-გაცია! ხანდახან სექსიც კი - უბრალოდ სექსია, ზოგთან სექსს გერჩია, ძაღლები გექსია! მამალს მოელიან - უბრალოდ, ქათმები… მათი შემხედვარე იცინი, გათბები. მამალი ცოტაა, დედლები - მეტია, თავს ყველგან დაიძვრენ, (თუკი გაგეტია!) ხანდახან ოცდება მკითხველთა ერთობა: ეს ქალი გაგიჟდა? რა თემით ერთობა? ხანდახან არ ვიცი, რაა მოთმინება, სათქმელი არა მაქვს და მერითმინება. 4. რამდენ ხანს გასძლებს ზეზეულად ეს სიყვარული რამდენ ხანს გასძლებს ზეზეულად ეს სიყვარული, რამდენ ხანს გასძლებს, როდემდე უნდა შეიფარონ ღამის ჩრდილებმა. აშარი ქარიც - თვალმოჭუტვით ექირქილება, ,,მიუწექით! გაწვალდებითო", წასასვლელი კი არსადა აქვს. ამ დროს რამდენი გულცარიელი ბინა არის ღამის ქალაქში და გასაღები სადმე, კუთხეში უქმად აგდია. ან ეს ძალა მიზიდულობის! ეს მაგნიტი თუ ანდამატი სისხლშია ნეტა შერეული და სხეულებში მიმოიქცევა თუ კიდევ რაღაც ნაწილია ჩვენს არსებში, ბრძენთაგან ჯერაც მიუგნები, ამოუცნობი - ნდომის, გონების, სულისა და გულის ნაჯერი. რა მოსდის მერე ამ მაგნიტსა თუ ანდამატს, შრება? ილევა? აივსება? რამდენი წყვილი, ქვეშაგებში მოწრიალე, ზურგშექცევით ჩათვლემას ცდილობს და აღარც ახსოვს, ადრე რომ ასე დაეძებდა სადმე წასასვლელს! ან იქნებ სიზმრად ისევ ზეზეულ სიყვარულს ხედავს: ხელჩაჭიდებას, იღლიისქვეშ თავშეფარებას, ელდა-კოცნებს და კოცნა-კვდომებს, ხოლო ესენი, ღამის ქუჩას შეფარებულნი, ერთმანეთს რომ ასე ეკვრიან, ფრთებს ატოლებენ, რადგანაც განგება, ჩავლილ სიყვარულს თუ ცოცხლები გადავურჩებით, ყოველ ჯერზე ახალ და სხვაგვარ ცალ ფრთას გვარგუნებს, უერთმანეთოდ ვერასოდეს მიწის პირს რომ ვერ გავეცალოთ. ცალი ფრთა- მეთქი, შაშვის, ბეღურის, გნოლის, გედის... აქა-იქ ქორის ან ფასკუნჯისაც გამოერევა და შენი ფრთის ცალს თუ ვერ ეწევი, აიწევი და დაცემამდე დაილეწები. (დედამიწაზე სიცოცხლე რომ არ გადაშენდეს, ღვთიურ მარაგში ძირითადად შინაური ფრინველების სანდო ფრთებია). წყვილი იყოს და ფრთა იყოს და ნუღარ დავეძებთ! როგორ ეკვრიან! გაეცალეთ, გაეცალეთ შეყვარებულებს, ვიდრე ასეთი სიყვარულია! გააღეთ ყველა დაგმანული კარი, ფანჯარა და ყველა მდელო იყოს ლბილი, იყოს ნელთბილი, თორემ ეს ღამეც ჩაივლის და ეს სიყვარულიც ჩაივლის და სიტყვაც ჩაივლის და ღმერთმა იცის, რა გათენდება 5. ჩემი პირველი სიყვარული მესიზმრა წუხელ ჩემი პირველი სიყვარული მესიზმრა წუხელ და ისევ ისე დავუგრილე ცხელი ტუჩები... მის ვინაობას ახლა ვინმეს როგორ გავუმხელ, მხოლოდ ვიხსენებ, მოგონებით განაყუჩები, როგორ უყვარდა ჩემს კალთაში თავის ჩადება, როგორ მიყვარდა მის წარბებზე თითის სრიალი. სხეულში ლტოლვა უეცარი რომ იბადება, აბრიალდება ისევ ვნების ციური ალი! სად არის ახლა? ალბათ უკვე არც ვაგონდები ან ვაგონდები, მაგრამ სხვისი ფიქრი ერევა; შემოეხვია წარსულს ჩვენსას კვამლის ბლონდები, იმ სხვას დაერქვა სიცოცხლე და ბედნიერება. არაფერია დასამალი ან საკვირველი, არაფერია არც სარკვევი ან დასასკვნელი: ჩემი ყოველი სიყვარული - იყო პირველი. და ამავე დროს, ყველა იყო - უკანასკნელი. 6. ორი დილისპირული ა. ეროტიული დილისპირული მე მიყვარს, როცა ვწევართ ასე თავფეხშექცევით. გამეღვიძება და შენი ცერის ფართო ეკრანზე აინთებიან შორს გადამფრენი წეროები და უცხო ცები. აი, მე და შენ! რანაირი ვჩანვართ შორიდან. აი, შევდივართ მარტოდმარტო უსიერ ტყეში. ხელის ფათურით შენ დაეძებ ჩემთვის სოკოებს და მძიმდება ჩემი კალთა პოვნის აზარტით, აღტაცებით, ან იქნებ - შხამით? რამ დააწყვილა ასე შიში და ნეტარება, ან გული ჩვენი სულ აკრძალულს რად ეტანება, ან ასე მკაცრი რატომ არის ღვთის ნება ნეტა, შენ მოგროვება გიწერია და მე - ტარება? ვერც საკუთარ თავს, ვერც ერთმანეთს ვერ გავექცევით, დავრჩეთ, ძვირფასო, სამუდამოდ თავფეხშექცევით! ბ. მაგიური დილისპირული ღამე - დადუმებული, გული - დაღამებული. ვერ დადგება წაუსვლელად ჩემი შეყვარებული. რა მიშველის? თეთრი დანა. თეთრი დანა, შავი ტარი, თეთრი ხელი, შავი მური, ხელისგულზე - ჯვარი, ჯვარი - გზაჯვარედინი. მარჯვნივ წავიდეს - წყალში შევიდეს, თევზი დაიხრჩოს, ეს - გამოვიდეს, მარცხნივ წავიდეს - ცეცხლში შევიდეს, რკინა დაიწვას, ეს - გამოვიდეს, წინ წავიდეს - კლდეს შევიდეს, კლდე გაიპოს, გამოვიდეს, დაბრუნდეს და გაიხაროს! ცაზე მიდის თეთრი კრავი, კრავს დახვდება კარავი, იმ კარავში - არავინ, კიდობანი ოქროსი, კიდობანში - მანანა, ფიცარი და კვერთხი, სასარკმლეში - საკმელი, სასანთლეში - სანთელი, საგულეში - გული! დილა გაღიმებული, ჩიტი - ამღერებული, ასემც ხარობს, ასემც ლაღობს ჩემი შეყვარებული! ამინ! ამინ! ამინ! 7. ტაძრის მეძავი (ციკლიდან - ‘’ეროტიზმი ბიბლიაში’) რიდე მებურა, შენ გეგონე ტაძრის მეძავი, კაცად ივარგე, არ ვიყავი ქალად მეც ავი. იამე ჩემგან, დამეთხოვე მე გულმომბალი. ერთი ბეჭედი, თოკი ერთი, ერთიც კომბალი - ეს დამიტოვე, იმ თხის ნაცვლად, შენ რომ დამპირდი: კდემამოსილი უცებ როგორ გავპირდაპირდი! მე მუცლად ვიღე ძენი შენი, ტყუპი გიშობე, ჯიშიანისა - ჩანასახნიც მარად ჯიშობენ. სხვა გებადება, თუკი ძენი დაგეხოცება, მახსოვს გვიანი შფოთი შენი და გაოცება. რიდე მებურა, შენ გეგონე ტაძრის მეძავი, მამის კარს ვიდექ, დამრჩა მატყლი დაუჩეჩავი, არც ქმარი მყავდა, აღარ შემრჩა აღარც ონანი, გზად მოდიოდი, მოგყვებოდნენ მწყობრად მონანი, ვერ გაიმეტე შვილი შენი, ის, უცოლო და არ მოინდომე კაცდანატრულს ქმრად რომ მწოლოდა. თავადაც იცი, არ იყავი ჩემთან მართალი, მე სად მეპოვა გზანი იგი, მეომართანი! ბევრიც მეძებე, ვერ მიპოვე ტაძრის მეძავი, გემალებოდი გამხელამდე, შენზედ მესავი. როდესაც ტყუპი იბადება ღმერთს მინდობილი, ვინ გაარჩიოს, რომელია პირველშობილი. ძაფმა რა იცის, რომელია მემკვიდრე იგი, როგორ მოერგოს მას საუფლო წესი და რიგი! ქმარი ხარ ჩემი, მამამთილო, ასე გვერგუნა, ცოლურად უნდა გემსახურო რადგან ერთგულად. გაქრება ჟამი, არ დაიცდის ჩვენთან ფრთამალი, რაღაა უკვე საჩუმათო და დასამალი! სვეტზე ნათელზე აელვარა ჩვენმა ცამ ალი, გულის წყლულისა მოგვივლინა იგი წამალი. მეძავად მთვლიდი, შემომხსენი წელზე ქამარი შენ ხარ იუდა, მე - მართალი შენთან - თამარი. გიშობე ჯიში, მე მტერთაგან დაულეწავი. რიდე მებურა, შენ გეგონე ტაძრის მეძავი… ტაძრის მეძავი! 8. მარინა?! - ჩვენი, პლეხანოველი (მინი - პოემა) 1. მე ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ. ამას რას ვამბობ, არასოდეს დაგინახივართ?! ვერც დამინახავთ! მე ის ქარი ვარ, ის ქართველი, საქართველოში სულ უმიზეზოდ შუაღამის ქალაქში რომ ამოვარდება. მე ვარ ის ქარი და კიდევ სხვები - მომრავლებული ჩემისთანები, და იმიტომაც ვუბერავთ ასე გამწარებით, თითქოს ეგ ყოფა გვინდა ძირიდან ამოვაგდოთ, მერე ვნაზდებით, ვეალერსებით მოკლე ყუნწებზე მოქანავე ფოთლებს, კენწეროს, მტვრიან ნაყოფებს და ამ ალერსში გამოვილევით და ასე ვქრებით ასე ვკვდებით ყოველღამე, გათენებამდე. 2. მე ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ და რუსთაველზე რუსთაველს ვეძებ. ნუ იცით ხოლმე, ჟურნალისტებო, სადაც რაიმე სახასიათოს გადააწყდებით, ზედ რომ აცხრებით. გმირის შექმნა გსურთ ვინმე საწყალი მოკვდავისაგან, ხოლო ისინი, ნამდვილები, უკვდავები, გმირადწასულნი, ან გმირადმყოფნი, გმირადგამძლებნი - გვერდზე გრჩებიან. მარინა გმირი არ ყოფილა, მოკვდავი იყო, სულიერად ავადმყოფი და საკუთარი შეშლის მიზეზი მოჩვენებითი ჭკვიანობისას თუ ჭკვიანობის ფაზებისას სხვაგან და სხვაგან მონაყოლი იმდენი ჰქონდა, იმდენნაირი ვერსია იყო გავრცელებული, რომ სხვებს კი არა, ბოლოს თვითონვე ერეოდა და ის ერჩია, ყოველ ჯერზე ახალი და ცინცხალი ეთქვა. იმის შესახებ სინამდვილე მე ვიციო, მე კი არა და განა ვინმეს დაეფიცება? 3. ჰო, ახალგაზრდას სულ აქტრისა მარგარიტას მეძახდნენო და არა მარტო იმას ბაძავდა, თუ კარგად იყო, სულ ცოცხალი ყვავილების თაიგული ეჭირა ხელში - გაზაფხულობით - ყოჩივარდები, მერე ვარდები, მიხაკები, ქრიზანთემები. ტაქსისტებისგან გამიგია, ყოველდღე ადის სულ სხვადასხვა სასაფლაოზე და თაიგულებს იქ იპარავსო. იმ ჩვენს მარინას პირისკანი ხომ თეთრი ჰქონდა, “პუდრა-ფისოთი” მრავალგზისად გადაფეთქილი, როგორც აქტრისა მარგარიტას, მკვეთრად მოხაზულ შავ თვალ-წარბს ქვემოთ ღაწვები მაინც მოუჩანდა მოვარდისფერო. ჩაცმა უყვარდა გემოვნებით, გაზაფხულობით - მოფრიალე ჭრელი კაბები ან მუქ კაბაზე ჟაკეტი ვარდისკოკრებიანი, და ზამთარ-ზაფხულ, პომადა - სწორად გადასმული - ახლად მოწეულ ალუბლისფერი და ნაზკანიან, მოვლილ თითებზე - კარგი ბეჭდები და ალისფერი მანიკური, ზამთრობით - შავი კარაკული და რედიკული, რედიკულში - ბლომად ფულები, სულ ქაღალდისა, საიდანაო? თბილისელი შავობა და მოძველბიჭო ხალხი ჩუქნიდა. 4. დილა-საღამოს, დღეში ორჯერ, წლობით რომ ნახავ ჩვენს მარინას, გაუჩერდები, დაუდგები, რაღა ჭკუა მოგეკითხება! მართლა რა გოგო ვიყავიო, ნეტა იცოდე, თუ სადმე დიდი პოეტი იყო ლექსებს მიძღვნიდა და თავს იკლავდა, მერე იმ ლექსებს სხვები მპარავდნენ, ითვისებდნენო, ერთმა ასეთიც დამიწერაო: “მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ მიყვარხარ ძილში, ცხადში…” და მთელი ლექსი გამოთქმით მითხრა. პეტეფის ცნობას რა უნდოდა, მაგრამ გავჩუმდი, პოეტი გვარად ჩხიკვაძეაო, როდესაც მითხრა. მერე უბეში ხელი ჩაიყო, წვრილად ნაკეცი, გაცრეცილი ფურცელი მომცა და რომ გავშალე, რაღა თქმა უნდა, ლექსი გამოდგა, სულ კლიშეები, კლიშეები… აკროსტიხში კი იკითხებოდა: ,,მარინა მიყვარხარ შენ”. დასაწყისი ახლაც კი მახსოვს: “მე ვინც მიყვარს, სხვისი საკოცნელია, არ ვახსოვარ, სიყვარული ძნელია” ვაქე და ვაქე, ძველ ნაკეცებზე გადაკეცა ისევ ფურცელი და უბიდან ლიფქვეშ ჩაიდო. როცა ურევდა, თვითონ ყვებოდა, სადგურზე, სადმე სასტუმროს ნომერს ავიღებო, კაცს შევიტყუებ, გავატიტვლებ, ფულს ამოვაცლი, მერე შარვალს და მთელ ტანსაცმელს შიგ ჩავუყრი წყლიან ვანაში, ანდა ფანჯრიდან გადავუყრი, გამოვექევი, მერე მეძებონ, ნახონ, ერთი, როგორიაო, და თუ თავისი ბოზობის ამბავს ხითხით- ხარხარით მთელ ქვეყანას არ უყვებოდა, იდგა წყნარად და აქტრისასავით პოზირებდა, იღიმებოდა. 5. აბა ვის ახსოვს, სადმე, თბილისურ რესტორანში გალიცლიცებულ ღვინიან ჭიქას ხელის ზურგზე რომ დაიდგამდა, სულ გამოცლამდე ჰაერში როგორ ატრიალებდა, რამდენი ჭიქა გაგვტყდომია შინ ვარჯიშისას! მერე პლატმასზე გადასულებს ცოტა დაგვღვრია? - ეს კითხვა ყველას არ ეხება, ჩემებს ვგულისხმობ, დანარჩენები ამას როგორ გააკეთებდნენ! საღამოობით - კინო უყვარდა, ზოგჯერ თეატრიც, ფილარმონიაც. კინო “სპარტაკში”ან “რუსთაველში” იდგა სეანსის დაწყებამდე თავდაჭერილად და დაბალ ხმაზე მობაასეს თუ ვერ იცნობდი, გაიფიქრებდი, ეს დახვეწილი ქალბატონი, სანდომიანი, რა იქნებოდა, ამდენ სუნამოს არ ისხამდესო. დარბაზში შუქი ჩაქრებოდა და დასჭექდა: - მიდით, ბიჭებო, მომენტიაო! - გოგოებო, აბა, დროზე, პირები კარგად დააღეთო! წივილ-კივილი უნდა გენახათ! ჰოდა, იმასაც ეს უნდოდა, ათას რამეს, უარესზე უარესსაც ზედ უმატებდა. ხოლო ბიჭები ამხნევებდნენ უგოგოებო: - მიდი, მარინა, ეგრე, მიდი! წყვილები - წყნარად დარბაზიდან იპარებოდნენ. მილიცია კი, დღეს პოლიციად რომ იწოდება, როგორც ყველა ტრივიალურ დეტექტივშია, თითქოს ახლა-ღა გაიღვიძაო, მომთავრებულზე გამოჩნდებოდა: - აბა, რა მოხდა! მოქალაქენო, მილიციაში წამობრძანდით და ვისაც გნებავთ, განცხადება დაგვიწერეთო! ვინ გაჰყვებოდა! 6. იმ დროს მე ახლოს ვმუშაობდი და დღეში ორჯერ, - ტრანსპორტიდან და ტრანსპორტამდე სოლოლაკში გზაჯვარედინზე უნდა გამევლო. ხოლო ის იჯდა ზამთარ- ზაფხულ, უკვე აღარ იგინებოდა. იჯდა თავისთვის, დარდიანი, თითქოს ამბობდა: მარჯვნივ წახვალ - დაიკარგები, მარცხნივ წახვალ- დაიღუპები, გაბრუნდები და ეს ყველაფერი იგივეაო. მეუბნებოდა, დღეს პურის ფულიც ვერ ვიშოვეო, რა მეშველება, როგორ ყველა დამეხოცაო, ცოცხლებიც სადღაც დამეკარგაო! გამვლელ- გამომვლელს თავისი თავი გასჭირვებოდა. გოგო ხომ კარგად გავათხოვე, მდიდარი სიძე გამომადგა, თანა ჰყვებაო, ახლა დისშვილი ჩამომივიდა, ორი პატარა ბავშვი ჰყავს და სამსახური ვერ უშოვია, ჩემთან ცხოვრობენ, სახლში მშივრები მელოდებიან, ხელცარიელი, აბა, როგორ წავიდეო. 7. ერთ დღესაც, უკვე ბინდდებოდა, გამომიჭირა, ის ტაბურეტი მეპურესთან შემანახინა, კაკოს ვირივით წამომკიდა ფუთა- პარკები, ვერც ვერაფერი გავაჩერეთ, კამოს ქუჩამდე სვენებ-სვენებით მიმაზიდინა. მაინც რა არის ადამიანი! გულში ვფიქრობდი, ის ხომ მაინც მეცოდინება, სად ცხოვრობს- მეთქი. კამოს ქუჩაზე იყო რაღაც საავადმყოფო, ეს ყველაფერი პირველ სართულზე შემატანინა და სულის მოთქმაც არ დამაცალა, შევარდა სულმთლად უმადლობოდ. შემდეგი უკვე გაუპარსავი დარაჯისაგან: დიდი ხანია მაგას ასთმა აქვს, მერე ეგ ფეხიც მოიტეხა და არ ურჩება, რაც თავი მახსოვს, აქა ცხოვრობს, მიმღებში სძინავს კოიკაზე, რასაც შოულობს - ავადმყოფებს და სანიტრებს აჭმევს. დღეს რომ ძალიან დააგვიანდა, მაგის ლოდინში ხალხი შიმშილით დაიხოცაო… 8. მე ხომ ქარი ვარ, ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ და სოლოლაკში, სადაც პურის მაღაზიაა, ანდა იყო, ლერმონტოვისკენ, ვიცი, ჩავივლი და იქ დამხვდება, შუა ქუჩაში, ტაბურეტზე, ფეხმოტეხილი, შემცივნული, ტანშეფუთნული, თავისი ჯოხით ებონიტის ძაღლისთავათი, და მეტყვის ისევ: - მაინც საქმე არაფერი გაქვს, მოდი, მიშველე და გამყიდველთან შენახული ჩემი ფუთები პლეხანოვზე წამაღებინე! და ძველებურად დავიზურგები კაკოს ვირივით ან - შენ რა კარგი სუნი აგდის, გეხვეწები, დუხი დამასხი. მომე ეგ ბოთლი, სულ ჩემი იყოს! უცებ სიცილით გამომტაცებს, ჩაბღუჯავს და არ დამიბრუნებს. მერე ქვეყანა სულ აირია. მე აღარ ვიცი, როგორ მოკვდა, ვინ უპატრონა, ვინ დაიტირა, ნეტა დაწვეს თუ სამარეშია დღეს მარინა, ან რას მოველი, ვისზე მგლოველი? უკვე აივსო მკვდართა ველი, ქრება ყოველი, გაქრა მარინაც ვინ მარინა?! - პლეხანოველი! ერთი შეშლილი, ფსკერის ლექი, განა ფერია! ამ ცხოვრებაში კარგად უნდა მიმოიხედო, ყველაფერს ნახავ, შესათხზავი - არაფერია. შენ, ბედო ჩემო, რად დამიგე მახე, ტიალო? როდემდე გინდა, რუსთაველზე მახეტიალო! 9. სიყვარულსა ვიქმ ,,რასა იქმ, ცეტო!" - ეს ხმა არის დიდედაჩემის, მოუსვენარი გოგოობიდან ჩემი მდევარი. -რასა ვიქმ?! ვხარბობ. მე დავიჩემე აღმართები, ვარდნილები, ეს საიდუმლო ღრმულები და ეს მწვერვალები და ეს ჩქოლნარი და ეს პატარა ნაიარევიც, აი, ეს ხალიც მხოლოდ ჩემია და არ ვაპირებ ამიერიდან ვინმეს ოდნავ გავუზიარო. ჩვენ რაღაც წამით მაგიური წრით შევკარით მთელი სამყარო აწ ვნეტარყუჩობთ; ცოტახნით ჩამდგარ ქარიშხალში შენელდა ცეცხლი და ჩვენი მლაშე ნაკადულები ერთ გრილ მდინარედ ედინებიან... რასა ვიქმ?! ვზანტობ. მერე ისევ დავეხარბები. გაივლის ხანი და წყაროსთავს სახელიდან შემორჩება სულ ერთი ასო, აი, ეს მხრებიც, - - მათ ჩემი ზიდვა უწერიათ, როცა ჟამთაგან დაჭკნებიან ჩემი ვაშლები, (ხმა მომავლიდან: ,,ძვირფასო უკვე ჩაგეძინა? აქ ორპირია, პლედს ბეჭებთან შემოგიკეცავ") ...ყურის ნიჟარა, მთრთოლი ასე, ვიბრაციების კორიანტელში, ანდა ეს თმები, თითებშუა ხან ჯიუტები და ხან მორჩილად მოსრიალენი, ჰო, ასე ვურევ სიტყვებს, ფრაზებს, და რაც უფრო ძლიერ მიყვარს, ძლიერ ვუყვარვარ, მით უფრო ცოტა სიტყვა გვინდა, ის კი არა და ბოლომდე აღარც ჩავამთავრებთ შორისდებულებს იქნებ და უკვე ვეთხოვები... ორივე ვკვდებით... რასა ვიქმ?! ვცეტობ! უინტიმურეს წამებშიც კი რატომ გვჭირდება ვიღაც მესამის ჩუმი თვალი, ან ეს მესამე ყველა ჩვენგანს რას აგვეჩემა. რად უნდათ-მეთქი გულისგულში შეყვარებულებს, თადავიწყების ნეტარებაში ვიღაცის თვალი მაინც ხედავდეს. და ნურასოდეს შეეკითხებით ქალს საწოლში, რაზე ფიქრობო, მით უმეტეს თუ პოეტია. ზღაპარაძიანთ თეთრო ქალო, ქალო სოფიო, აი, ეს არის სიყვარულის მთელი ამბავი. უცხოებისთვის გადამალულ კაკლის მურაბას როცა ნეტარი მუსაიფით შეექცეოდით, მე უსირცხვილოს განა იქ მართლა ჩამეძინა, თავი ტყუილად მოვიმძინარე. როგორ ამბობდი ბიცოლაჩემთან?! - ,,ხო სამი შვილი გავაჩინე და ქმარს გახდილი დანახულიც არა ვყავარო?! იმის ამბებიც გავიგონე... ჩემი - ეს არის! დიდედაჩემო, მე ანგელოზებს ველოდებოდი, შენ კი, მანდედან, შე ცეტოო! რასა ვიქმ და სიყვარულსა ვიქმ! 10. პომპეი. ორი (მისურის შტატში, პომპეის გამოფენაზე ვნახე ჩახუტებულად გაქვავებული წყვილი. სავარაუდოდ, მდიდარი მეომარი და მეძავი. პომპეი განთქმული იყო თავისი საროსკიპოებით და შიგ ტყვე-ქალებს ამუშავებდნენ) კეთროვანი: - ამასობაში ბოლო დღეც დადგა. ვერ გადავრჩებით ვერცერთი, რადგან მთიდან დაიძრა მხურვალე ლავა! ლავამ ქვეყანა ააყირავა. გრიალით მოდის გრიგალი-ცეცხლი! სულ ოხრად რჩება ეს ოქრო-ვერცხლი. მეომარი: - სისულელეა თურმე ყოველი, რისთვისაც ვიბრძვით, რასაც მოველით. მოკვდა, ვინც ბოლო ძალი მოიცა და ისიც, ვინაც მხდალად მოიქცა. არც გასაღწევი არა ჩანს არსად, რას მოვეწიე სიცოცხლის ფასად! აქ რა მინდოდა, რამ მიმიყვანა! ფეხქვეშ მეფინა მთელი ქვეყანა... ფერფლით პირსავსეს ფეხიც მეფლობა. ვინ დააბრალა შავ ფერფლს - ფერფლობა! მეძავი: - აი, სად შევხვდით! მო, მეომარო, შენ - სასურველო ჩვენო სტუმარო! დანგრეულია ჩვენი პრიტონი, აღსასრულის წინ - ვართ უკლიტონი! ვერავინ მეტყვის, “ო, მე რომ არო”... არ გინდა ქალი? მო, მეომარო! ხომ არ ვიქნები შენთვის მეც ავი, შენ - მამაცი ხარ, მე კი - მეძავი. ბევრი იამე - ასოს დასობით, მეც - ნაამები მყავდა ასობით. რაღა დროსია რიდი და კდემა, როდესაც ირგვლივ სუყველა კვდება! მომენდე-მეთქი, რა დროს რიდია, ვერ ხედავ? - ცეცხლი ცას უკიდია. ცა ჩამოიქცა, ცა ჩამოიქცა... სად გამირბიხარ, დარჩი, მოიცა! დე, ვიდრე სული შეგვეხუთება, მოვასწროთ კოცნა და ჩახუტება! ... გაქრა პომპეი, ხვედრი წყეული ერგო, ორიოდ ათასწლეული ერთად გორავდა მართალი, ჭორი. ექსპედიცია გახევებულა, აუზიდიათ როდესაც მორი, ჩახუტებულად გაქვავებული, მორქვეშ სხეული იპოვეს ორი. 11. ის პორუჩიკი (ბალადა) მესიზმრებოდა პორუჩიკი, ის პორუჩიკი, მუხლზე დამდგარი ხელზე ამბორს რომ მიპირებდა. მე უფროსი დის მეცვა გრძელი კაბა, რუში კი ფეხზე მოედო, გაჰყვა პოლკელს მონაპირეთა. და პორუჩუკი ბრუნდებოდა თავის სოროში, ხელის ბიჭს მუნდირს აბარებდა გადასაცემად, მერე კაბარე - კაბარე და ყოფა რიოში, კვლავ ხელის თხოვნა, კვლავ მუდარით მუხლზე დაცემა. მთვრალების ჩხუბი, პოლკელების აყალ- მაყალი, მერე შეყრილი არემარე მდუმარე, ვრცელი, ჩხუბში ჩართული პორუჩიკი მაღალ-მაღალი, და მერამდენედ, მინაჩვევი უკვე კარცერი. მერე ტრაქტირი, ანატირი იქ უკვე მთვრალი ძმობილს თავისას ხმაჩახლეჩით ასე ჩასძახდა: - უარი მითხრა, თამასუქით დამედო ვალი, ტყვია-ღა დამრჩა, წამალია სახელნაძრახთა… განა რა მქონდა, მწირი იყო ჩემი მზითევი, ყველა საცოლეს დაეძებდა, მდიდარს, მამიანს… ღამეო, დარდში და ლოდინში ძნელად ითევი, დილით კი ვმალავთ ღამენათევ თვალებს ნამიანს. დღემდე არ ვიცი, ცხადში იყო? - თეთრი პერანგი მემოსა თხელი, მდინარეში ვიყავით ერთად, აღარ მახსოვდა კრძალვა ანდა მისი მე რანგი, მერე მწვანეში - თეთრის - წითლის - არევა ფერთა… მე გამათხოვეს პორუჩიკის ბებერ ბიძაზე, გვერდით ვეწექი იმ ბერიკაცს სუმთლად დაფეხვილს, თქვა, - არ მომწონსო ქცევა მისი, სიტყვებიც- ასე და არ დაუდგამს იქ პორუჩიკს არასდროს ფეხი. სცენაზე - სამი მეოთხედი დაფარულია, ვხედავთ ფასადებს და ფასადით ვაფასებთ დრამას. ჩემს ბრილიანტებს ირგვლივ ყველა მაღალ ფასს ადებს, მე - დარბაზს ვუცქერ, ნეტავ ისევ შემახვედრა მას! ქვრივი ვარ უკვე, პორუჩიკო, დაფასებული, რა მოხდა, გნახო, გესაუბრო, აზრი გაგიყო, მაგრამ დე, დავრჩე ძველი ნატვრით გადავსებული, არ დამენახვო, რომ ვიფიქრო, წლებმა რა გიყო! გთხოვ, ეს მუდარა შორეული ყურად არ იღო. მე, სიბერეში გადასავარდნს - არ მეხარიხო, ჩვენ, ყველა ვფიქრობთ, “მართლა ასე რომ მომხდარიყო…” სიყვარულისთვის ყველას გვინდა დღე - უთარიღო! 12. ხმა ამოიღეთ, ქალებო! ქალობა - უცნაურობა, კაცობა - გასაკვირი. აწ ჩავლილ სიყვარულებზე არ ითქმებაო ძვირი, არადა, გამახსენდება და სიჩუმეში ვტირი… როგორი იყო?! -გინახავთ სადმე ფრთიანი ვირი? მეუბნებოდა: - გუშინდელს ნუ გამახსენებ, რადგან ის ჩავლილია, წარსული, ახლა სხვა ჟამი დადგა, რა საყვედურებს ახვავებ, ერთიც არ მახსოვს მათგან, რამე წაგართვი, მომხედე! აბა, რა გამომადგა! - მთვრალს რაზე ებაასები, ცოტა გონებას უხმე, რა გიპასუხოს უგონომ, მარტო “ახ, მე “და “უხ, მე?” რა გითხრას, მთვრალი რად დადის სადაგია თუ უქმე? შენი ბრალია! არ გიყვარს, გული შენ გადაუხმე!” - მეუბნებოდნენ ყოველმხრივ. საქართველოა ესო, ჩვენში აქ, ქალის ხვედრია ასე - საუკეთესო, შეხედე, იმათ, არგამძლებთ, თავს რა გაუკეთესო. კაცმა ბოროტი მოგაგო?! სიკეთე უნდა თესო! ბედნიერების დღეებიც გვქონდა ხუთი თუ ექვსი. გამოცდილები ამბობდნენ, წყვილს არიგებსო სექსი, ნასვამზე დაყოლებული დესერტი, როგორც კექსი ვყოფილვარ, იმ დროს ვის ჰქონდა საყლაპად სუბოტექსი? ვშიშობდი, ხმა არ დამეძრა, ვაითუ მოვეკალი, ამას, რას ვამბობ?! გავგიჟდი? პირი მაქვს მოსაკალი! მე თავს ვუშველე, გამოვდექ ჩემივე მაჭანკალი. რა გიკვირთ, დღემდე ასეა ჩვენში მრავალი ქალი! სუფრა სხვას ხვდება, გერგებათ ვიღაცის ნასუფრალი? კაცი თუ გედიდგულებათ, ფხიზელია თუ მთვრალი, დე, გახდეს ყველა საოხრე - წინასწარ ნაოხრალი, ენებიც რომ დაგიღერონ, რვალივით ნახურვალი, ნუ გაჩუმდებით, გეძახონ გიჟი და ენამყრალი! ტაძრადშობილი გახდებით ვიდრემდე ნასაყდრალი, ვიდრემდე ჩამოინგრევით, ვით ძველი კათედრალი, ვიდრე გამოგწვავთ სირცხვილი - ეს ცეცხლი ჩაუმქრალი, ხმა ამოიღეთ, ქალებო, ხმა ამოიღეთ, ქალებო, ქალებო, დაიმახსოვრეთ, თქვენ არ მიგიძღვით ბრალი! P.S. *ფრთიანი ვირი - ბურაქი ანუ ზოგჯერ ალ ბურაქი, (ინგლ, გამოთქმა) , რომელსაც იცნობს ყურანი, მუჰამედის მოგზაურობის ერთი მცირე ეპიზოდით. მასზე გაცილებით ადრე ფრთიან ვირს იცნობს ინდური კულტურა. 13. სიძნელ-სიადვილისა რა ადვილია, მეგობრად დარჩე განშორებულ შეყვარებულთან. რა ადვილია! ორმხრივ კი არა, ყოველმხრივ დიდად საამური და მომგებიანი. წყვილისცალი ასე რამდენ მეგობარს იძენს! და რა ძნელია, ვინც მართლა გიყვარს, სწორედ იმას - - სამუდამო მტრად რომ შორდები! ბოლოს ყოველთვის რაღაცნაირად მეკითხებოდა, “შენ უჩემოდ შეგიძლიაო?” მეც ვპასუხობდი რაღაცნაირად, “მე?! - არა!”-მეთქი. და საძინებელს მერე ერთად, საქმიანად ვაწესრიგებდით. რა ადვილია! რა ძნელია! 14. ეროტიული ოტავა რიმა* სტრიპტიზ ბარშია- მეტალის ბოძი, თითო დაკვრას ვსვამთ ღამეში, დღეში. სხეულმოქნილი - არ არის ბოზი, ვინ გაუბედავს, იყოს უხეში. ცვივა სცენაზე ფული ნაბოძი. ვინ იცის, იქნებ შორ უცხოეთში მას ეგულება დობილი, დაი: “ხოჩეშ, პაკაჟუ, ტოლკო რუბლ დაი!” გადმოუფრინა მან ოკეანეს. იღბლიანია, აქაა რადგან. ბევრად გაასწრო თავისწლიანებს. ის ტანვარჯიში - აქ გამოადგა. ხელფასი თუკი დაუგვიანეს, მთლიანად ჩაშლის, რაც სცენა დადგა. ვერავინ ეტყვის ,,მარია, დაი”! - რამე აკლია? ტი უგადაი! შესცქერი - ვითომ პირდაღებული. აქ ძალიანაც ნუ ავარდები, “ზემლიაკობით “ გალაღებული წარმოსახვებში ენავარდები? შეწერვა გინდა, გჭირდება ფული? შორს მოგისვრიან ბოდიგარდები. ეგ მაჩოობა აქ არ გამოვა, ეს კლიენტურა მაგის გამოა. იქით გაიწი, ეი, შენ, მაჩო, შენთვისვე გქონდეს შენი რუბლები; ბევრჯერ ნაქაჩი ბევრიც რომ ქაჩო, შენ არ გერგება, რას იღრუბლები! მისი თავმდები არის ბოკაჩო. მის სიტყვებს ახლა მე გეუბნები. ასე უნდობრად რამ გაგაღიმა? ოტავა რიმა, ოტავა რიმა! *** *ლექსში გამოყენებულია იტალიური მყარი სალექსო ფორმა “ოტავა რიმა”, რომელიც ჯოვანი ბოკაჩოს (მ-14 ს) , ,,დეკამერონის” ავტორის სახელს უკავშირდება. (აქედან - თემატური ბმა თანამედროვე ეროტიკასთან) სტროფები - რვასტრიქონედი, ანუ ოქტავა გარითმვის სქემა — ABABABCC დაცულია ასევე ათმარცვლიანობა. - Мария — дай!” - ვ. მაიაკოვსკი, “შარვლიანი ღრუბელი”. 15. ქალობრიობის შვიდი ასაკი (ანუ შექსპირის „როგორც გაგიხარდებათ’“. კაცობრიობის შვიდი ასაკი) შესავალი ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი ბალაგანია. შევდი-გავდივართ, ვებღოტებით რამ სიმაღლეებს და სასიკვდილო ტრიუკები როდესაც გვიწევს, თავდაყირანი როცა ვკიდივართ, ჩვენ ვინარჩუნებთ სახეზე ღიმილს კმაყოფილი მაყურებლისთვის, რომელიც თავსაც არ გაუტყდება, რომ სადღაც, შიგნით, გულის გულში ეიმედება, რომ ერთხელაც ეს ბოგირი ვეღარ გაგვიძლებს და ჩაგვიწყდება და ამ წარმავალ, ამ დროებით არენაზე ასე მოვკვდებით და ერთხელ მაინც დაინახავს ჩვენს ნამდვილ სახეს. 1. ჩვილობა მის დაბადებას არ მოელოდნენ გულისფანცქალით. უკვე იცოდნენ, რომ გოგო იყო და ერთმანეთსაც ამხნევებდნენ, დიდი ამბავი, ერთით მეტი - ერთით ნაკლები, გაიზრდებაო! დაბადებული იყო თურმე ისეთი მშვიდი, გეგონებოდათ, მოკრძალებულ ბოდიშს იხდიდა არსებობისთვის და ენაც ადრე ამოუდგამს, რაღაცამ უგრძნო, რომ თუკი გშია ანდა გწყურია, თუკი სველი ხარ, ან სიცხიანი ან სადაცაა, კიჭმა ღრძილი უნდა ამოჭრას, რაკი ტირილი არ გაგივა, ჯობია, სიტყვა მიაწვდინო, ვინმე გაიგებს. (ხომ სიტყვისაა ინტიმურსა და პიროვნულს გარდა, ყველა მანძილი. მოკლეზე კი - ყალბად გაისმის! შეყვარებულნიც, თუკი მართლა ერთად არიან, სიტყვებით აღარ, შორისდებულთა და გამოუთქმელ მინიშნებათა ერთ ენაზე ლაპარაკობენ). 2. ბავშვობა ბავშვობა ჰქონდა ტკივილებით გამოძეძგილი, როგორც რუგზაკი რამ პატარა და ჭრელა-ჭრულა, ყურმოხეული და ორწვერა, თეთრი ძაფით ამობლანდული, როცა ნათესავს ერთი დღით მიჰყავს, ხოლო ოჯახი იმედოვნებს, იქნებ მეტხანს დაიტოვონო და თუ რამე აქვს ჩასაცმელი, შიგ უტენიან. ის ბავშვობაზე არასოდეს ლაპარაკობდა, იმ, თავის, ნამდვილ ბავშვობაზე, გაუთქმელობის კლიტე დაადო და ზედ შეძენილ მანერათა მტკიცე მავთულიც შემოახვია, რომ არასოდეს არ გახსნოდა, ბევრიც ეწვალათ. 3. ყმაწვილქალობა ყმაწვილობისა?! რა ითქმება? უდროო დროს გამომჟონავი სისხლისფერია. კაკლისოდენა წყვილი სარძევე ჯირკვლის ადგილას - თანდათან მზარდი გამკვრივებანი, ხმაში - უცხო რამ აკორდები. რა მოეყოლა, ონანისტებით სავსე ტრანსპორტს როგორ მიჰყავდა კვირაში ორჯერ თავისნაირთა დასანახავად? რომ ტოლ-ბიჭები არც უყურებდნენ, აკიდებული უცხო ბებრები მოქოშინენი მიჰყვებოდნენ სახლის კარამდე?! სხვაფრივ სხვებივით გოგო იყო, ვინმეზე - მეტი და ვინმეზე ცოტა - ნაკლები. სიზმრები ჰქონდა ოღონდ ისეთი, ხმამაღლა რომ არ მოიყოლება და არც არასდროს მოუყოლია. 4. გათხოვება ეს ამბავი ვთქვათ, უმჯობესია. როგორ გათხოვდა? მოწმენდილზე უცებ რომ დასცხოს, გეგონება, ზეცა გაიხა; და პირველ ღამეს ის იმდენად ქალწული იყო, ეჭვიც აკრთობდა, ვაითუ, მოხდა გამონაკლისი და მთვარისებრი აგებულების დავიბადეო. სიყვარულისა არასოდეს არ იცოდა მან არაფერი, და იყო მუდამ ვიღაც შორზე შეყვარებული, ხოლო ის შორი - შორეთშიაც არ არსებობდა და არც არასოდეს იარსებებდა და ესე იყო ღირსება მისი აწ და მარადის! 5. განქორწინება განქორწინება - ნიშნავს ბნელში ცოტა ხანს ტირილს, მაყურებელთა დასანახად უფრო დიდხანს მგლოვიარებას, სინამდვილეში გულის ფერთხვას და ამოწმენდას და სარკის ცივი ზედაპირის სიღრმეებისკენ მზერის მიმართვას - კარს მომდგარი მომავლისაკენ. ყოველი მხრიდან მოგელიან ჰორიზონტები… (აქ ჩამოთვალეთ პარტნიორთა და სექსის ყველა სახეობა, რაც გაგიგიათ, მთელი თავისი პრაქტიკული “კამა სუტრებით”, რადგანაც უფრო ადვილია, რამე წაშალო უკვე შექმნილ ჩამონათვალში, ვიდრე იწვალო სათითაოდ და წვალებაში რაღაც კარგი ანდა ცუდი, რაღაც იმა დროს მნიშვნელოვანი ვერ გაიხსენო). აქ მთავარია, ნაივურ მხარეს თავი მაჩოდ ეჩვენებოდეს და არც უწყოდეს, რომ უბრალოდ, ცდისპირი არის და ვადაც მისი - წინასწარვე მოზომილია. 6 . კლიმაქსი როცა გგონია, რომ ქალობის ზენიტში დგახარ, შენს შეხედვაზე ძველებურად იბნიდებიან, ერთ დღეს შენიშნავ თვალთა კუთხეში სიცილისას როგორ დაგემჩნა ბატისფრთისებრი ნაოჭები, სახეზე - კანი და სხეულზე - ხორციც მოგილბა. ხოლო ორგაზმით ყველა სექსი არ ბოლოვდება. ღამით ცივ ოფლში მოცურავეს გაგეღვიძება, აჩქარებული გულის ფეთქვა ყურის ბარაბანს ეხეთქება განთიადამდე. ყველა კლიმაქსის დასასრული ერთნაირია, დასაწყისი კი აქვს თითოეულს სხვადასხვაგვარი და სხვადასხვაგვარს მოიხდენენ მედიკამენტებს, შენელებული მეტაბოლიზმის ამოსაქაჩად. მისი კლიმაქსი ადრე დაიწყო, როგორც ატმის ხეს, მსხმოიარეს, ქარმა დაჰბეროს და ატმები დააყრევინოს. იდგეს ხე მარტო, ამჩატებულ ტოტებს იქნევდეს და ბოლოს ის თქვას, ოღონდ გულში, “როგორც იქნა, დავისვენეო”, ხოლო ხმამაღლა არაფერი წამოიცდინოს. 7. სიბერე სარწეველაზე უდევს პლედი, ჩხირით ნაქსოვი, ნაკბეჩი ვაშლი - დაჟანგული - ლამბაქზე სადმე, ხოლო ეს სუნი მომჟაო და გულმზიდებელი, ცე ვიტამინს ახასიათებს. ო, რა კარგი ქნა, რომ წარსულში არას უგანა, წიგნის წაკითხვა- დამღლელია, თვლემისმომგვრელი; ტელევიზორი - სულ ჩართულია და სულ იმავეს იტყობინება, ტექსტი უცვლელად მეორდება, ოღონდ როლებში შემოდიან არტისტები ახალ-ახალი. ახალბედანი მუდამ ახალი რიხით იწყებენ. წამსვლელ-მომსვლელიც შემცირდა და სულ დაიკარგა. მოგონებებები - როგორც გინდა, დაატრიალე. როდესაც ცხოვრობ, ფაზლია - შენთვის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, ვიდრე სიბერე მოგიკაკუნებს. მოვა სიბერე, - მომავალი ამა ქვეყნად აღარ არსებობს, აწმყო დუნეა, ხოლო წარსული - ლეგო არის, დაშლი-ააწყობ, გადააწყობ, როცა გინდა და როგორც გინდა, სულ დაადუმებ ანდა სულაც აახმიანებ, რაც მთავარია, არა მხოლოდ ჩვილს ემსგავსები, უფრო და უფრო ძველი ამბები წინ გიტრიალებს. შენი დროც მოდის. სიკვდილს ასე დაელოდები, ხოლო სიკვდილი არასოდეს სქესს არ დაეძებს. მარადისობას სქესისათვის არა სცალია. კარგია, როცა კარგად ნახმარ, გაცვეთილ სხეულს მიაგდებ სახლის ხალათივით, გასუფთავდები და საგარეო რამ სხეულში გამოეწყობი. იმდენი ნახე, იმდენ გარსში გამოიარე, ვეღარც სამოთხე გაგაკვირვებს, ვერც ჯოჯოხეთი. შენნაირებიც საჭიროა, ცაშიც, მიწაზეც. შენნაირები მარადისობის კარიბჭეებთან ანჯამების გასაზეთად გამოდგებიან. მაინც ვერ შესძლო ავმა შენი გადაბირება, ამაო იყო მისი ცდები და დაპირება. ჩემი დროც მოვა, ცის ნაპირი დაიპირება, მე - მენატრები, მაგონდები და მეტირება! 16. ქალიშვილობა გიხაროდეთ, გოგოებოო - - - - - - - მე რატომ უნდა გამახსენდეს ყველა, ვინც ყველას დავიწყებია! დღეს იგი, ალბათ, თოქ-შოუების მოუწყენელი მონაწილე იქნებოდა და სექსმუშაკთა მომსახურების რამე ბიუროს მენეჯერად იმუშავებდა, ჩვენს უბანში კი ,,პატარა ლილი'', ანდაც ,,ლილი-მამაშა'' ერქვა, ლურჯი ,,ფიატით” ავტობუსის გაჩერებასთან ჩაგვიქროლებდა, ლამაზი?! - არა! ასეთი ჩანდა, რადგან მუდამ მოვლილი იყო. ქალები მისგან ჩაცმას სწავლობდნენ, დროდადრო - გადამყიდველობდა და რაც რჩებოდათ ხელის ფულად ოჯახის ქალებს, აკოწიწებდნენ და იმის ნაცვამს ნახევარ ფასად ყიდულობდნენ, ქმრების უჩუმრად. როგორც ჩურჩულით გადმოუციათ, არც წამლის საქმეს ეკრძალებოდა. თან გვზარავდა, თან გვიზიდავდა, თან... მწიფობაში შესულ გოგოებს რა მეტი ჭკუა მოეკითხებათ. გზად სკოლისაკენ, მის სახლთან რომ უნდა გაგვევლო, ლურჯფარდიანი ფანჯრებისაკენ თვალს ვაპარებდით, მაგრამ არც ხშირად დაგვინახავს. ახლა-ღა მივხვდი, ჩვენ - ტოროლები ვიყავით მაშინ, ბუთა ცხოვრება - ღამისაა, დილით კი, სძინავთ. ერთხელაც, როცა სკოლის საღამო ძალიან გვიან დაგვიმთავრდა, შინისკენ მოჟრიამულეებს სიბნელეში შემოგვეფეთა: იდგა მარტო, მოურთველი, თვალცრემლიანი შემოგვაცქერდა. ,,ქალიშვილობა გიხაროდეთ, გოგოებოო!'- გვითხრა ხმადაბლა და შინ შევიდა. ,,ქალიშვილობა გიხაროდეთო"... ვიხარეთ კიდეც, ზოგმა ქმრამდე და ზოგმა პირველ სიყვარულამდე, (ზოგმა - პირველ და სამუდამო სიძულვილამდე) და არაერთიც დაგვრჩა ბოლომდე გახარებული. არ ვიცი, რატომ, რომ მოვიზარდე, ჩემთან დაჯდომა და თავისი ამბის მოყოლა უყვარდა ხოლმე და მეც ვუსმენდი, ბევრი რამე კი არ მესმოდა და მთლად ცხოვრებას უნდა გაევლო, რომ თანდათან გამხსენებოდა და მისახვედრთან ცოტა ახლო მივსულიყავი. დიდი ამბავი, თუკი გულწრფელად მონაყოლი შემდეგ ჯერებზე იცვლებოდა. რაც მთავარია, ყველა ვერსია გულწრფელი იყო, გულწრფელად ჟღერდა, პოეზიაშიც ხომ არსებობს, რაღაც, ასეთი - ჩვენი გულწრფელი წარმოსახვა! ბოლოს ბიბლიას მიეძალა, სასოდაცლილი. ონკოლოგიურს მოჰყვა სიკვდილი. თავზე სხვაც ადგა, მაგრამ ჩემს ხელში დალია სული. დამრჩა ხსოვნაში მისი წარსული: ლილი - მოცლილი, ლილი - დაღლილი, ლილი - ტკივილით სახეწაშლილი, ლილი - წასული, გარდაცვლილი და ფრთაგაშლილი, ლილი! 17. დილისპირს დედიშობილანი - - (“მთელი ხელოვნება - ეროტიკაა”- გუსტავ კლიმტი) დილისპირს დედიშობილანი რომ წვანან თავფეხშექცეულნი, ძილ-ღვიძილს რომ ვერ ეხსნებიან, უცებ კარი რომ გაიღება, შემოდის კაცი საგარეოდ ჩაცმული, უხმოდ აცქერდება. იგივე თვალები, თმაც იგივე, გახდაც და ჩაცმაც რომ უხდება! დაბნეულობისგან ქალი შრება, ფიქრობს: - ეს როგორ შეიძლება, თან გვერდით მეწვეს და თავზეც მადგეს? ალბათ ძილია და მესიზმრება. ახლად შემოსული ტახტზე ჯდება და კარი ისევ გაიღება. შემოდის კაცი ხანდაზმული, ჭაღარა - მხრებამდე ეფინება, უსიტყვოდ - საგარეოს მიუჯდება, თვალებით - ჩამქრალი ნაღვერდლებით ქალს გამყინავად აჟინდება. ქალს სიტყვა ყელში ეჭედება: -როგორ შეიძლება, გვერდით მეწვეს, თან აქ შემოვიდეს? არ იქნება! მამაა? რა უხერხულია, რა ვუყო, როგორ მერიდება!... არც გასაქცევი არსადა მაქვს, არც რომ ჩასაცმელი მებადება, ალბათ ძილია და მესიზმრება. და კარი ისევ გაიღება, ისევ ჭრიალით გაიღება, ღრიჭოში - ხელი ბეჭდიანი, ძარღვებამოყრილი ხელი ჩნდება, შემოდგამს სარწეველას, იხურება კარი და ჩვილი ატირდება. შია და ძუძუ მოუნდება. - ეს როგორ იქნება, არ იქნება! თან ჩვილი იყოს და თან აქ მეწვეს? ალბათ ძილია და მესიზმრება. კარი გაიღება მიჯახებით, ოთხი შავნიღაბა სახე ჩნდება, მხარზე სასახლე აქვთ შემოდგმული, დადგამენ. ხმას არ გაიღებენ. ოთხივე ოთახიდან ერთად ქრება. სასახლეს თავი აეხდება, იქაც იგივე სახე ჩნდება, თხელი, ცვილისფერი სახე ჩნდება. - ეს როგორ იქნება? არ იქნება! თან გვერდით მეწვეს და თავზეც მედგეს, თან მამა იყოს? მერიდება. ძუძუ ვაწოვო თუ დავიტირო? ღმერთო, ნეტა როდის გათენდება. ალბათ ძილიაო და მესიზმრება. კარი შეყოვნებით გაიღება, ქალის მოქნილი ტანი ჩნდება, ტახტიდან ორი ეგებება, მკვდარი - კუბოდან წამოდგება. ქალი ჩვილთან მივა, ამოიყვანს, ჩვილი ძუძუზე მიეკვრება. ჯერ შორი არფა აჟღერდება, ციმბალებს პიკოლო ენაცვლება, ბრახუნს ბრახუნი უერთდება და შორი ორკესტრით აწყვეტილით, შორი დირიჟორი ილანდება. ყველა ერთიანად აცეკვდება, ღმერთო, ასე როგორ შეიძლება, რძე გასდის, თან მკვდარს ეცეკვება, ოფლის არეული სუნი დგება.. თითქოს მე ვარ და მეც არა ვარ, ღმერთო, ასე როგორ შეიძლება, თან აქ ვიწვეთ და თან - ორგია, ჩვენ აქ ვიწვეთ და მრავალგია... ასეთი არაფერი გამიგია, ასეთის არაფერი გამეგება, ეს რა განსაცდელი მომეგება! დილისპირს დედიშობილანი რომ წვანან თავფეხშექცეულნი, ერთი - საბანში ჩაეხვევა, მეორეს - სულ გადაეხდება, სიზმარში რა არ გადახდება, შიშით თავისქალა აეხდება, ღვიძილი სანატრი გაუხდება. ხდება! 18. პიციკატო - - - - - შემახე შენი ხელი, შემარხიე. არ მეყო შენს მუხლებზე დასვენება?! ნებას შეერია უკვე ვნება. ჰყვავის იატაკი. რა - ველიო! რაველს აქ რა უნდა! რაველიო?! არ მინდა შენი ხემის მელოდია, არ მითხრა, აქა ვარ, ხომ მელოდიო! თუ მართლა გინდივარ, მივხვდე რითი! შემახე შენი ხელი, შენი თითი! ეს რა უცნაური გაშმაგებით ცეკვავენ, როკავენ ეშმაკები! ამათგან გამყრიდა აბა, მე - რა! ჰა, ლაჯებშუა ვარ?! ჰაბანერა! სულ - ყლუპი. ასე როგორ მომეკიდა! ცოტაა, არ მეყო, მომე კიდე! რიტმობენ კასტენიეტები, ვნებით სიკვდილისთვის მიმეტებენ. შემახე შენი ხელი! შემახე შენი ხელი, შემახე შენი ხელი, შემარხიე! 19. ბეთ ლეჰემი. ქალი - ბეღელთან (ციკლიდან - ‘’ეროტიზმი ბიბლიაში’. „ წიგნი რუთისა“) მე საკუთარმა დედამთილმა მე .... ბერიკაცთან ჩამაწვინა და თანაც მთვრალთან! მიწის გულისთვის ჩამაწვინა, მიწის გულისთვის, მდიდარიაო, ასე მითხრა, გვიპატრონებსო, ჩვენს მიწებს გამოისყიდისო, კარგი პატრონი ხომ გვჭირდებაო. კაცმა ვეღარა აწამა, რა, შუაღამისას თავის ფეხებში შეწოლილი როცა მიხილა! ორი დღის წინ კი “შვილო, შვილოო”, ასე მეძახდა. იმის ყანაში ვკალმასობდი, ჯერ კიდევ სველი ბალახებით ფეხდასერილი, გვიანობამდე, მცხუნვარე მზეზე პირგამშრალი. აი - ამბავი იმღამინდელი, მერე - სანდალი, მერე - კანდელი და საქორწინო, მარმაშიანი ჩემი მანდილი და ბედი ჩემი - არდაბინდული. მოსავალია არნახული წელს ბეთ ლეჰემში, ვდგავარ ბეღელთან და პირველად მუცელსავსე - მზეს ვეფიცხები, ნეტავი, ძეა თუ ასული? … რადგან პირველი, თუ ძე გამოდგა - წესის მიხედვით, მარასია, მარასი - ჩემი დედამთილის. ჰო, დღეს მარაა, მარა - მწარე, ხოლო ნაომი - ადრე იყო, მე რუთი მერქვა - თანამგრძნობელი, მე მოაბელი რუთი ვარ და რუთად დავრჩები. მაინც როგორი გამომადგა?! ღამით ფეხები უცივდება ახალჩაწოლილს, მაგრამ ნიადაგ გული აქვს თბილი, ტკბილია ჩემი ბერიკაცი, ვუყვარვარ ნაზი და ლამაზი, არ იცის ბრაზი, გონმახვილია, სიტყვამტკიცე, მართლა სუყველას პატრონია ჩემი ბოაზი. მოსავალია არნახული ამწლევანდელი, ვერ გაჩერდება მუშახელად ვინმე უნდილი, დასაჭერია თადარიგი, ჩვენ - ჯერ ლხინი გვაქვს გადასახდელი. დიდი ლხინი გვაქვს გადასახდელი, შენ კი - მანდ ელი. შენ - მანდ ელი, განუწმენდელი თუ განწმენდილი რომ ჩემი შვილთაშვილისაგან, დავით მეფისგან, ჰო, მეფსალმუნე დავითისაგან, იმისი შვილთაშვილებისგან მოვა მანდ ალი, მოვა მანდ ალი - მადლის მთოვარი, თვით უფლისაგან მოვა ამქვეყნად ის - მაცხოვარი… კიდეც მოვიდა, კიდეც წავიდა, დავბრუნდებიო, დაიბარა და ისევ ელი, შენ მანდ ელი, მანდ ელი, ელი! 20. დონა დენისოს* იადონები მინი-პოემა ციკლიდან ‘’ეროტის ქურუმნი’) 1. ნეტა მცოდნოდა ამაღამდელ პაემანზე მოდარაჯედ ვინ მოგყვებოდა. ჩემს ბებერ ვირსაც ბანგი ვასვი, გამოვეპარე, ხვალ შუადღემდე იხვრინებს და მშვიდად ეგდება, ეს კი, ეს შენი მეგობარი, ეს - ტრუბადური, რომ არ ჰყოლია ქვეყნად ბადალი, შუაღამის თავშექცევისას ყოველწამიერ გარედან რომ გვეხმიანება: “მზე იწვერება და სხივები მთებს ედინება. ამღერებულან ბაღნარებში იადონები. იადონები, დონები და იადონებიიი” - - რაც ნიშნავს, თავზე გათენდებათ, საიდანღაც საფრთხე მოდისო, ეს - ალერსი და განცხრომა რომ არ დაგვაცალა, იცი, ვინ არის? ვინ არის, მეთქი, იცი - მეთქი?! მაგრამ დაღლილმა თავი უკვე ძილს მიანებე. დე, ნურავინ განსჯის დაძინებულ ადამიანებს! 2. როგორ მოუხდა დაკაცება! ამ გულში გამკრა და მუცლის გავლით ფეხებამდე - მთელ სხეულში დამიარა, თორემ შეხედვით -ვერც კი ვიცანი. ბიბილოს ნაზად რომ მიკბენდნენ მსხვილმარგალიტად ჩაწყობილი მისი კბილები და მხურვალე მისი ტუჩები, ჭიპის ღრმულში რომ მეწაფებოდა და ჩურჩულებდა, ჩემი ფიალა ეს არისო, ამის ქვემოთ კი ხელის ხლება არ იქნებაო. ჩემი ზღაპრული ფერია ხარო და მიწოდებდა “ესტერელოს”.* თითები - გრძელი, ნაზი და თანაც ღონიერი, წამოზრდილ ბორცვებს ღარშუა რომ ჩამაყოლებდა, ჩემი ხეობა აქ არისო, ხმაც - ღონიერი, თან რაკრაკა და სევდიანი, თითქოს დაექცა ნელსაცხებლის ფლაკონი მთვარეს ათასნაირი არომატით შეზავებული. განა ასეთი მარმაშიანი ქვეშაგები გვეფინა მაშინ, მინდვრის მყუდროში, სადაც მდინარე ედინებოდა, იმის ნაპირზე, იქ, მოფარებულ ყვავილნარში გვქონდა ჩვენი ნედლი საწოლი. 3. აი, ცხოვრება! მე - სათნოებით და სიქველით სახელგანთქმული ვარ ქალბატონი, ცნობილ ოსტატთა ამონაქარგი თვალმარგალიტით მაქვს შემკული შესამოსელი და იმის შიგნით მოალერსე აბრეშუმი სულ მაქმანებით გაწყობილია, ის - სამ ინსტრუმენტს დაეუფლა და გმირ-რაინდებს ასე დაჰყვება სასიყვარულო პაემნებზე. გასამრჯელოსაც არ მოაკლებენ და ამიტომაც ადგას იმ ტანზე ახოვანზე მორგებულად სატრუბადურო… არადა, დიდი ბიჭი იყო მეჯინიბისა, და- ძმები კიდევ ბევრი ჰყავდნენ ჩემოდენები. ჩვენ კი მივყრიდით აქეთ- იქით, რაც კი გვემოსა, მერე შიშვლები, მდინარეში ფერად-ფერად კენჭებს ვისროდით. და საერთოდაც, ვისთან წევს ქალი და რის გამო, ქვეყანამ იცის, ხოლო სურვილი მაინც ვისკენ მიეზიდება, იცის მხოლოდ მისმა სიზმარმა. იყუჩე-მეთქი, ტრუბადურო, ხმათაფლიანო, იყუჩე გარეთ, დამასვენე, იყუჩე ჩემში, წადი, წაიღე, გაიყოლე ამ სიზმრებიდან მზე - სხივმდინარე! ჩავლილიც იყოს, გასახსენებლად მაინც ბასრია სიყვარულის ნირი და ნარი. 4. ვაი, რა ხდება, რა ხმაურია! დაშნის ტრიალი, ფლოქვების ჩქარი თქარა-თქური… ეს რა ძილქუში დაგეტაკა, გამოიღვიძე, დროზე-მეთქი, რა დროს ძილია, მე მარტომ როგორ დავძრა კარის მძიმე ურდული, სარკმლიდან ვხედავ, თვალღია გდია ტრუბადური, და ქვაფენილზე სისხლი თავქვე მიედინება. ხომ გვაფრთხილებდა: “მზე იწვერება და სხივები მთებს ედინება. ამღერებულან ბაღნარებში იადონები. იადონები, დონები და იადონებიიი” - - - * დენისო - (ესპ). ქალის სახელი - ღვთიური განსჯა. * ესტერელო - პროვანსულ ფოლკლორში სიყვარულის ფერია. 22. ლევიტელი და მისი ხარჭა (ციკლიდან ,,ეროტიზმი ბიბლიაში”) აი, ინათა და როგორც იქნა, ამ პარმაღამდე მოვეთრიე მე - ხარჭა შენი, თითქმის ცოლი, შენგვერდით მწოლი; ვგდივარ ნაგვემი, ფერადსამოსელშემოხეული, უღონოდ ხელებგადაყრილი მე კართა წინა, გეღვიძოს მაინც, ამ მძიმე ღამეს რამ დაგაძინა! წუხელ იმდენმა გავეშებულმა კაცმა შემიცნო, რამდენსაც სურდა, შენ შეეცანი… არა, იქ უფრო მეტნი იყვნენ, ერთად დამაცხრნენ ყველანი, მუქთა ნეტარებას დახარბებულნი… იქნებ-და იმად გაგერიდე, იმად ვიარე მარტოდმარტომ მამის სახლისკენ, რომ ხვედრი ესე იგრძნო გულმა, მზეჩამავალმა მამაჩემმაც ხომ გვაყოვნა შორს მომავალნი… ან როგორ დამთმე, რას ელოდი? რა მოხდებოდა? ბრბო დაცხრებოდა, კაცის მაგიერ ქალთან სექსი რომ ერგებოდა? გონს მოგებული შინ საბოძვარით გამომიშვებდა? განა ამისთვის დამეძებდი? ამად გინდოდი? იცოდე, ვკვდები, მძულხარ, იცოდე და ამ სიძულვილს ვერ დაანელებს ვერავითარი სამართალი რჯულთა, მსაჯულთა! რას გრძნობს სხეული, როცა ამდენი კაცი ესევა, წუხს თუ უხარის?! პირველი ორი, ანდა სამი.. ამის მერე კი ყველაფერი, იცი, როგორი სულერთი არის?! ჰო, სულერთია! სძულხარ ამ სხეულს, კაცთა ცოდვით ასე, საშოგალიცლიცებულს და სძულს ყოველი მამაკაციც, ვინც ან შენამდე ან შენს მერე ზედ დასცხრომია, სძულს, ვინც არასდროს დაუნახავს, იმ ერთის გარდა, არ დამტოვოთო, ლამის მუხლებში რომ ჩაუვარდა. სად არის ღმერთი, - ბიბლიიდან გადმოვძახი ათასწლეულებს - სად არის მამა, საყოველთაო, ნუთუ ხარჭისთვის არა სცალია?! ნუთუ ჯერ ცოდვა უნდა მოხდეს, რომ სამართალი, ისიც გვიანი, მოუვლინოს ადამიანებს? ვინ მიპასუხოს: განა ნაკლები ბოროტებაა, რომ ბრბოს მძვინვარეს შენი თავის გადასარჩენად უსაყვარლესი მიუგდო ხარჭა, თითქოს სხვა ყველა საზღაური შემოგეხარჯა დააჯიჯგნინო, გააღო კარი, ნახო მკვდარი, ვირს გადაჰკიდო მერე იმისი ლურჯი სხეული, შინმიღწეულმა თორმეტად დაჭრა, ერს დაურიგო იმის სხეულის ნაწილები, დაუნელებელ ვნებას რომ გგვრიდა, რათა აღშფოთდეს ერი იგი და შენივ ხელით განწირულისთვის ფიცხელი ომით შური იძიოს. ჰო, კიდევ ცოტაც და ამ პარმაღზე ვეგდები მკვდარი. არაფერია მზისქვეშეთში ჯერ მოუმხდარი, არც პირველია და არც ბოლო ეს საქმე ავი, ამაოდ გიხმობ, მომაკვდავი ამაოდ ვხავი, ათასწლეულებს გადასწვდება ეს საკითხავი. არ დაგვივიწყებს ერი ძლიერი, ყოვლისმნახველი, არც დამელევა განმკითხავი და დამძრახველი, მაგრამ ღვთის გარდა, არც არავის ეცოდინება, ან შენ რა გერქვა, ან რა იყო ჩემი სახელი. ვის ენაღვლება სახე, ტანჯვით რომ დამემანჭა, ან სული ჩემი, უპასუხოდ რომ გაიტანჯა! არ იარსებებს ჩვენს სახელზე ან ლოდი ან ჭა. თუკი ვისიმე მოქმედებით ერი გადარჩა, მართლდება თურმე, უკეთურიც რომ იყოს გარჯა, კარგ საქციელად ჩაითვლება საქმე საზარი, ვის-ღა შევჩივი? მე, ხარჭა შენი, თითქმის ცოლი შენგვერდით მწოლი, ვის ვეხსომები, ვის დავაკლდები ადამიანად! სულ ტყუილია სიკვდილის მერე გლოვა და ზარი. ვინ მომინატროს მე - ოდესღაც სახემწყაზარი, მე - კოჭმაღალი, მე - ლამაზკანჭა, კაცთა მრავალთა შეცნობილი მე - ერთი ხარჭა! - - - - * ბიბლია, მსაჯულთა 19-20. 23. ნასესხებისა არ გინდა, ისევ მოგეფერო უწინდებურად? მოგელამუნო მოლოდინით განაყუჩები, შინ დაბრუნებულს დაგილოკო მომლაშო კანი, ეგ თბილი ყელი, ცხვირის წვერი, ცხელი ტუჩები! და მოგიმატო არათითზე ნაკბენს ნაკბენი! უმადური ვარ! ვერ ვიფერე, ვერ დავაფასე შენი ამაგი, ზანტი ზმორება ფანჯრის რაფაზე, მაგრამ ნაზამთრევს ვით დამეცხრო სისხლი მჩქეფარე? მიყვარხარ-მეთქი, გაპარვისას ხომ დაგიბარე და შენს კალთაში მოკრუტუნეს ხომ მიმღერია: ''მარტის თვეში არ დარჩება ძუ უხვადო, მაინც წავა, თუნდა ჰქონდეს რძე უხვადო. მომეწყინა მონობა, მიაო და მიაო, მეყო, რაც კი მარტოობის ცრემლი მინამიაო!'' საკვამურიდან კვამლის ზურგი გამოიბრუცა. მე სიბნელეში უკეთ ვხედავ ბეცი თვალებით. ვიცი, შინა ხარ. თუ არ მიღებ, აღარც დაგიცდი, წავალ და ვინმე ალერსიანს შევეფარები! გავიდა მარტი. ნასესხების უბერავს ქარი, უბერავს ქარი, ძვლის ძირამდე ნემსივით ატანს. კარს მოვეკარი, ვაფხაჭუნებ, გესმის? გამიღე, გამიღე კარი, მე ვარ, შენი ხატულა კატა! 24 . გადამფრენი გადამფრენი რა მღვრიე ცაა! ძირს ვეშვები ქანცმილეული და პირქარებით დასერილი თეთრი სხეული შენამდე მომაქვს, შორეთიდან მარტო ვბრუნდები, ჩამოვიტოვე სხვა წეროთა ბასრი გუნდები, გამოვიარე განსაცდელი აუწერელი, მომაქანებდა კოშკისაკენ წერა- მწერელი და მეხვეოდა ცივი ცეცხლის ენა ცისფერი. მაინც ვიწევდი წინ და უკან ალი მრჩებოდა, მელანდებოდა მოლაპლაპე კოშკის გუმბათი, გუმბათი, სადაც უკვდავების წყარო დინდება, და მომიხმობდა საბოლოო ჟამი ნეტარი, ჟამი,როდესაც ბორიალობ ნაამბორალი, ბოდავ და სიტყვებს ვერ ათავებ, ლოცვა გინდება, ლოცვა გინდება ამართული კოშკის წინაშე: -აქ ვარ, შენი ვარ! გესმის ჩემი გულის ფრიალი? მხედავ უფალო? ამარიდე, უფალო, სენი! ო, დამეხსენი, უნდობლობავ, ვერ მომერიო, ვერ შემაშინო, გინდ მისიო ამქარი შენი! ირევა დარი, ცა ფერნაკლი ტორტმანებს ისე, გრიალებს ისე, ჩამოქცევა ალბათ ინება, კიდევ წამიც და… ჰა, გუმბათი! …და სისხლმდინარე ვეცემი წყაროს და გადამარჩენს თეთრ სხეულზე ბლანტი დინება. 25. გავთხოვდი, საფო! გავთხოვდი, საფო! კარგი სასიძო სურდათ მშობლებს და ძმებს. ქალმა ურჩობა როგორ გაბედოს, სხვა რა ძალაა, ძლებს. ზევით აზიდეს ჭერი დურგლებმა, ხალხი ღრეობს და სვამს. გამოგვაცილეს საწოლისაკენ, ჩვენთვის მოწეულ ჟამს. ტლანქად შემომხსნა წელზე სარტყელი. როგორ ვეგუო ქმარს! თვალი ვარიდე, შესაძულებლად ერთი შეხედვაც კმარს. გაუზავებელ ღვინოს ითხოვდა, ცერით იფხანდა წვერს, ვარდის ფურცლებით სავსე საწოლში აწ გალეშილი წევს. იმისი ლურჯი ნათითურები შიგნიდან მიწვავს ყელს და შენი მწარე ეპითალამაც ისევ ყურებში ჟღერს. მძულს საკუთარი ნორჩი სხეულიც, - ნელსურნელებით ყარს. საწოლის მეკრე ბატისფეხება აღარ შორდება კარს... ნეტავი იმას, ვინც არ შედრკება, ტრფობას სიცოცხლით ზღავს, კლდის წვერზე დგება, დახუჭავს თვალებს და ენარცხება ზღვას! 26. მუსტანგი მუსტანგი (ამერიკაში ცხენი პირველად მაშინ ნახეს, ესპანელებმა რომ ჩამოიყვანეს. ნამსახურევი ცხენის თავისუფლად გაშვების ნაყოფია გაველურებული ცხენი - მუსტანგი. ამჟამად მათზე ნადირობა აკრძალულია, კანონი იცავს, ადრე კი იჭერდნენ და გახედნილებს ისევ ცხენებად იყენებდნენ) მუსტანგო პატარავ, ოფლიან ქოჩორქვეშ გიჟურად გიელავს ავსული ალები, რა ოფლის ბუღია, ირგვლივ რომ ტრიალებს - შარდული სიმყრალე და ნესტოებიდან ვნებურად მქშინავი ეგ ცხელი ნასუნთქი! ტანი მოცახცახე, ხელის შეხებაზე გვერდით რომ გახტები! არ გინდა, მუსტანგო? - ტანგოს მუსიკაზე შენი სასურველი ყელგადაგდებული ზედ გეკიდებოდეს, ალი ედებოდეს, ოდეს მოფართხალე სრიალით ლაჯქვეშ შემოძრომას ლამობდეს, ზედვე გაკვდებოდეს? დრო როცა განცხრომით ატარე, რეატა არის თუ რიატა, უეცრად კისერზე მოგედო, ასე დაგიჭირეს ლაზოთი, ლაზათი შენსავით ვინ იცის ცისკარზე ჭენების! ნებისად ბალახის მძოველი ველად დალევ ნამს და ჯოგის დამკარგავი ავად იარები და არ უბრუნდები გადავლილს. ვინ იცის, ვისი ხარ ნადავლი! აქ ძველი წესია ცხენების გაშვება, შინაურ ცხოველთა გაგარეულება და მერე გარეულ რემათა მიგნება. ნება ნაშიერთა - ერთად კი არა და მარტო ხეტიალი და ბედი ტიალი, ხიფათის ცემა და დაცემა შენსავით! ავით შენს გახედნას შეიძლებს ვერავინ და ნელა გიჩვევენ, ვიდრე ზურგს მიუშვერ ვერაგებს. ო, შენი ძარღვები ვეება, კუნთები - ნეკნების მომჭერი, კისერი, სერი კი - ნაშანთი უცნაურ ნიშანთა! მუსტანგო! არ გინდა? - დაგინდო და ისევ გაგიშვა თავნება, ვნებათა ელვარე არე ვლე ჭენებით, შვებაა! როგორი შვებაა თავის გაბავშვება! მე გიშვებ, მუსტანგო! 27. პაპილონური (მინიმალისტური ეროტიკის ციკლი) 1. პაპილონი რა სჯობს - ვიდრე ხარ, დასტრიალებდე, ზედ ეჯდე ყვავილს, თუ ჭუპრად ჩაკვდე? 2. ერთი ყვავილი დაახრჩობს ყლუპი … და რას ტირის ამ უწვიმობას! 3. მიტოვებული მისი ხმა მესმის და ტკივილი შიგ გულში გააქვს! 4. აბლაბუდაში გაბმულის ეპიტაფია ერთიღა მოასწრო, ,,ვახ, შენიცო “ და ბადეში გაბმული ვინ შეიცოდა? სისხლგამოწოვილმა ეს თქმა იცოდა: “ყვავილი ბევრია, ჩვენა ვართ ცოტა!” 5. ბაქიობა დავფრინავ კარდაკარადა, სხვა პეპლებში მე ვარ ლომი. პაპილონი კი არა და, უნდა მერქვას პაპილომი! 6. მოგერიება ეს ნაპეპლარი დამირჩა ბუდე. მოვიდა ხვლიკი, ალაგ ვერც ხია. ისევ იქაა, რაც შიგ შევუდე: - ერთი - ჭია და ორი - კვერცხია! 7. პაპილონს - ყვავილისაგან რა გინდა, მწერო? სულ გინდა, მწერო, მწერო და მწერო?! 8. ნარცისისტს ვიყავი კვერცხი, მუხლუხო, ჭუპრი, გავხდი - იმაგო. ახლა მოგინდა კოლექციისთვის ნემსით მიმაგო? 9. ტკბილი ბაღჩისა ლეღვი რად ამბობს: - ჩამომეხსენი? მინდა, სიმწიფით გადამსკდარის ვჭამო მე ხსენი! 10. მსხმოიარისა ეს რამოდენა გასხია, მსხალო! ხილს დიდმუცელას ვერსაიდან ვერ მივუდექი. 11. შიში დამაფრთხობელი გასხლტომა ხვლიკის, ნიავში ჩალის აფაჩუნება! 12. მწერ-დამწერელთა ციცინათელა?! - - ანათებს ბნელში, როცა ვისვენებთ. დღის სინათლეში - არის ერთი უგვანი მწერი. 13. შრომისმოყვარე დასამტვერია მთელი ველი. სურვილია რა უცნაური - - ახლა წყვილად ტყეში თამაში. 14.თვითშეხსენება პაპილონი ვარ, სხვა პეპლებში არ შეგეცვალო! 15. თვალთმაქცი ის- ვითომ ბავშვი, მოყოლილი საგაზაფხულო პეპლაობაში. 16. დრო ძველი ცოლ- ქმარი?! ახლა - და-ძმა, ადრე - მწოლ-მქნარი. 17. ყოფა ის - ალიონზე ამდგარი ყლორტი, მე - ყვავილნარში მივეშურები. 18. ძველი მეძავი არასდროს აკლდა არც - ძამილონი, არც- მამილონი, არც - პაპილონი. 19. არის სხვაობა გვიყვარს ყვავილი. მე - პეპელა ვარ, ის - კრაზანა, ნექტარს რომ წოვს გათავებამდე. 20. ფარვანა ეგეც კარგი პეპელაა! თვითონ - დაფრინავს, სხვანი - ფარავენ. 21. ვადა არ შევეცილე სამდღიან პეპლებს?! - პაპოლონს ეგრე არ ეჩქარება! 22.. პაპილონი არ დამიჭირო! მინდა, საცქერად ამ ფარფატით ანდა ფერით შენ მოგიტყუო! 23. ტოტი -წვიმაში გვირგვინშემოცილ ყვავილს რომ ვხედავ, მენძრევა და მიტყდება სიცილ-ტირილისაგან. 24. ნაწვიმარზე დაუშვა. შეწყდა. მკიდია ფრთაზე ნამის წვეთი. ქარი ტოტს ანძრევს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი