სამი ვეშაპი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

სამი ვეშაპი

 რა შუაშია ჯიში?
ბრძენთა-ბრძენს უთქვამს ადრე,
“სამი ვეშაპი არის 
ქცევათა დასაყრდენი”.

პირველი - არის შიში,  
გულ-თვალს რომ გააავდრებს,
შემცვლელი  სწორი მხარის,
ცრემლების დამადენი.

მეორე?! -  ხარბობ თურმე.
უძღომელია თვალი,
უძღომელია გული,
როგორც ქორ-შევარდენი.

მესამე? - დაიურვე,
ამბიციათა შკვალი,
ხარ ეჭვით დათანგული?
ლაღობენ მოყბედენი?

შური?! თუ მოისურვე
თუ მოგეძალა ალი - 
- ბარაქა დაკარგული, 
სხვას ერგოს -  განადენი?

სიამოვნების სურვილს
 რა სძლევს,  ათასფრად ბურვილს?
მოტივი ყველა ქცევის,
ვერაგად გადამქცევის, 
- ქვეცნობიერში არ წუხს?!
შეეგუება მარწუხს
ვეშაპი - დასაყრდენი?

ყოფილა თან რამდენი,
ყოფილა  -უთვალავი,
კეთილია თუ ავი,
ბრძენს არც სმენოდა ამბად,
ახლა მომრავლდა ალბათ!

ამ ლექსმა გაგაოცა?
ძველია? ნაახლები?
უცხოა? საამოცა?
 ვირივით ვიწიხლები?
მოქუფრულია როს ცა
 ხიფათს ნუმც  შეეხლები,
საღ აზრს უბერავს როცა
ვნებათა ქარიშხლები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი