სფუმატო


ნინო დარბაისელი

სფუმატო

   ამ ტიპის ლექსები უნდა ეწერა ვინმე წარჩინებულ  ქალს ასე, საუკუნის წინ, რომ გვქონოდა ევროპული კულტურული ატმოსფერო.
  ან იქნებ დაიბადა კიდეც,  არც მიეკუთვნებოდა წარჩინებულთა წრეს და  მურიანი ქვაბების  ნაცრით ხეხვაში ამოხდა სული.

კვამლივით,  
კვამლივით,
რაღად გეფარება,
შენი კონტურები  - 
არ მოსჩანს მკაფიო.
აქ მწარე ღიმილით
ვინ დაეტარება:
“- აი - ნეტარება,
ცხოვრების ქაფიო!”

როგორი სველია,
ცივია ბურუსი!
შენს იქით - ველია
უკვე განატრუსი, 
ვიზაჟი, ვიტრაჟი,
დრაპი შეცვლილია -
მკვდარი პეიზაჟით 
ეს - რენესანსისთვის
იყო ეპატაჟი.

წუხელ უთოვია,
მოსჩანს ფლორენცია,
ჭირხლით იბანდება
და ატალახდება,
მზე როგორც ამოვა,
წავა მოლანდება
მოვა რეალობა, 
იკითხავს,
“რა ხდება?”

“შენ აკლდი ამ ზეცას!”,
რამ მოგარონია,
გინდა  ამ სასწაულს
ფიქრი მიუმატო?
ვისი ჩურჩულია?
უცხოა სრულიად!
აი, ირონია!
სფუმატო, 
სფუმატო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი