ნახეთ, მანჰეტენზე!
ნახეთ, მანჰეტენზე ნახეთ, მანჰეტენზე როგორი დღე არის! დადიან ბრენდული წარწერის ჩანთებით, ბრენდული აცვიათ, ახურავთ ბრენდული, და დახურული აქვთ ბრენდებქვეშ გული და არსება ნაცნობი, არსება ქართული. როგორ პოზირებენ! ცდილობენ იღიმონ, ოღონდ ზომიერად, რომ ტუჩი იმაზე მეტად არ გაეღოთ, ფოტოში გამოჩნდეს უცებ ჩამომტყდარი მთლად წინა კბილები. ვიღაცამ უნდა თქვას ეს მწარე სათქმელი? ის ვიღაც - მე ვიყო! თვითონ არ იტყვიან, კიდეც რომ უნდოდეთ, თვითონ ვერც იტყვიან, ქართველი ქალები - ჭირში ქვითკირები, სხვისთვის მღიმარები, ქართველი ქალები, შინ - დეპრესიულნი, შინ - აგრესიულნი, მაგრამ დამფარავნი, ქალები, ქალები, ქართველი ქალები! დღეს გარეთ არიან, დღე ერგოთ ასეთი, სხვა დროს - შეკეტილებს უცხო სახლ-კარებში, ასე შეკეტილებს ბალიშქვეშ უწყვიათ მწვანე დოლარები და მოწყენილები როგორც რამ მარაოს, ანდა რამ პასიანსს გაშლიან, აჭრიან, ახლიდან გაშლიან, ო, ხელში ძალა აქვთ, ძალა აქვთ მაგარი, მაგრამ არჩევანი? - ირჩევენ, ის ძალა - ძალადვე ეჭიროთ და როცა შორიდან ვინმე საცოდავი ანდა საცოდავად თავისა დამჭერი ხმას აწვდის, მიშველე, იქნებ ჩამირიცხო და გადამარჩინო, უფულოდ ვკვდებიო. კიდეც ჩარიცხავენ, რომ იგრძნონ თავები სხვაზე უკეთესად, სხვაზე შეძლებულად, ძლიერად, კეთილად.. ეძახეთ კომპლექსი! განა ჩვენ ყველანი ასევე არა ვართ? გვაშინებს ცხოვრება და თუკი მოგვეცა იმის საშუალება, რომ ვიგრძნოთ თავები სხვაზე უკეთესად, სხვაზე შეძლებულად, ძლიერად, კეთილად, რას აღარ ჩავდივართ! და დაე, იარონ ასე მანჰეტენზე და ასე უცქირონ დახვეწილ ვიტრინებს! დაე გაიხარონ, ხურდა თუ დასცვივდათ, არც-კი დაიხარონ, დღეს მათი დღე არის, დღეს ყველას დღე არის, ვითომც ვერ ვიცანი - თვალებში ჩამდგარი სევდა საუკუნო, ის სევდა - ქართული, უცებ რომ გედება ხალხის სიმრავლეშიც. “სორი” და გავივლი. ეს - ამერიკაა! ეს არის ქვეყანა იმათი, სხვადასხვა ქვეყანას ვინც კი ეზედმეტა, ჩემი ზედმეტები! დღეს თავგამეტებით სხვის კარზე მშრომელი, უკეთეს ბედს ელის აქ ნეტა რომელი, რაღაც ხომ ახდება, ამდენ ხანს რომ ელი? დღეს მათი დღე არის, დღეს ყველას დღე არის, ოთხი ივლისია! დღეა ამერიკის! უსმინე ევროპავ: “-ევრიკა, ევრიკა!” ესეც - ამერიკა, აი, ამერიკა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი