ქალიშვილობა გიხაროდეთ, გოგოებოო


ქალიშვილობა გიხაროდეთ გოგოებოო 

#ლექსები

იქნებ გაგიკვირდეთ და ეს - ჩემი
გამორჩეულად საყვარელი ლექსია, საწყალი ლილის გამო, რომელიც … გუშინ რამდენი წლისა გახდებოდა, ვერ გეტყვით. სიკვდილამდე 35-ე წელზე იყო გაჭედილი და მის ხელში დაბადებული  პირადად მე მისი გარდაიცვალებისას  - ოცდაჩვიდმეტისა ვიყავი.

 
ახლა  ლილისგან ნასწავლ ისეთ ცოდნას გაგიზიარებთ, დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს წარმოდგენაც არა აქვს.
  როგორც ლექსში ვამბობ, დღეს ამ ადამიანებს სექსუალური ინდუსტრიის მუშაკები თუ ოფიცრები ეწოდებათ და მოსალოდნელია, ეს კატეგორიები აღარც არსებობდეს ან ნაწილი-ღა იყოს დარჩენილი.
ასეთ შემთხვევაში  წინა საუკუნის ბოლოს ქალაქური ყოფის ისტორიას გამოადგება.

ბოზი - მრავალნაირია.
ტიპობრივად და სახეობრივად  კი იყოფა შემდეგნაირად, თუმცა ამთავითვე მინდა გითხრათ, რომ  არსებობენ ნარევი ტიპები და სახეობები ან ერთიდან სხვა კატეგორიაში  გადანაცვლებულებიც, ცხოვრება - ვის რას უზამს და ვინ როგორ მოერგება ან ვერ მოერგება, ვინ იცის!

1. ქალიშვილი ბოზი  - ამ საქმეზე დგას, მაგრამ ფარულად. გათხოვების და “პატრონისთვის  ჩაბარების იმედი აქვს”- რაოდენობრივად - ყველაზე მეტია.
2. გაკვრის ბოზი - გათხოვილია, მაგრამ ხანდახან, ჩუმად წაიბოზებს, ფულისთვის ან ისე, სიამოვნებისთვის.
3. ფულის ბოზი - ინგლისურად call girl- ს ეძახიან. დაწესებულ თანხას იღებს, თუმცა კლიენტი - სულერთი არ არის, ვინ იქნება.
4. პრასტიტუტკა ბოზი - ფულის ბოზის სახეობაა და შედარებით იაფად მუშაობს, სტავკაზე, ყველანაირ კლიენტთან. (არ ვარ დარწმუნებული, ტიპად თუ უნდა გამოვყო)
5. ვარიანტის ბოზი - ეს მგონი ფულს არ იღებს, უფრო რაღაც სოციალური მიზნები აქვს.
6. ხოშის ბოზი - მატერიალურად უზრუნველყოფილია. ეს საქმე დამოუკიდებლობის გრძნობას გვრის. ეტანება ალფონსებს. უყვარს საჩუქრების გაცემა. სკანდალურია.
7. ხურუშის ბოზი - საკუთარ გატაცებას ამ საქმით აბრალებს გაძლიერებულ და მუდმივად დაუკმაყოფილებელ სქესობრივ
მოთხოვნილებას. ჰყავს ბევრი პარტნიორი,
თუმცა უფასო მათში ბევრია.
8. დილიხორის ბოზი - ფულს არ იღებს, არც ნებისმიერ პარტნიორს თანხმდება. უნდა მოეწონოს ვინმე. ძირითადად ერთჯერადია.
9. კარენინა ბოზი - სულ სიყვარულით ამოტივირებს და ხსნის ყოველ ახალ ურთიერთობას. ეს ყველაზე რისკიანი ჯგუფია, კრიმინალურად - თავის მოწამვლები, გადაკიდებები, მივარდნა- დაახვედრები, ცემა- ტყეპები, დაჭრები…
10. პასტაიანნი ბოზი - ერთ პარტნიორს “ მიეჩვევა”- პარტნიორი სოციალურად უზრუნველყოფს, პატრონობს. არსებობს  მეორე ოჯახის შექმნის შანსი.
11. პერეხვატშიცა ბოზი - ეს უფრო სახეობა უნდა იყოს. ძირითადად, არაეფექტური გარეგნობის გამო, დამოუკიდებელ ურთიერთობებს ვერ ამყარებს საწყის ეტაპზე, მაგრამ გაწაფულია უკვე მოზიდული პარტნიორის ყურადღების მიპყრობაში.
12. შეკრული ბოზი - უფრო ფულის ბოზის კატეგორია უნდა იყოს. ნახევრადფარულად თანამშრომლობს ორგანოებთან, შავ სამყაროსთან, ასევე ექიმებთან - გინეკოლოგებსა თუ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა
სპეციალისტებთან.  ყველაზე დიდი შანსია, რომ შეიძლება გახდეს მამაშა, რაც ადვილი სულაც არ არის.
13. მამაშა - ჩვეულებრივ, პროსტიტუციას ან ბოზობის რამე სახეობას თავად აღარ ეწევა, ან ჰყავს ერთი ახალგაზრდა პარტნიორი, რომელსაც უზრუნველყოფს ფინანსურად, აქვს მე- 11 პუნქტში ჩამოთვლილი თვისებები , ჩვეულებრივ -  ასაკშია. აქვს მუდმივი საცხოვრებელი, ფინანსურად - უზრუნველყოფილია, აქვს ზემოჩამოთვლილ კატეგორიებთან და მათ მსურველებთან  კომუნიკაციის ფართო ქსელი.

ეს ჩემი ცოდნა არ შეიძლება იყოს ამომწურავი. ლილის გარდაცვალებიდან 23 წელი გავიდა. რაღაცას მთლად სწორად ვერ გავიგებდი, ესეც არ იყოს, მეხსიერებას აქვს თავისი ცდომილება

ნინო დარბაისელი

ქალიშვილობა გიხაროდეთ, გოგოებოო
- - - - - - -

მე რატომ უნდა გამახსენდეს ყველა, ვინც ყველას დავიწყებია!

დღეს იგი, ალბათ,  თოქ-შოუების მოუწყენელი მონაწილე იქნებოდა
და  სექსმუშაკთა  მომსახურების რამე ბიუროს მენეჯერად იმუშავებდა,
ჩვენს უბანში კი  ,,პატარა ლილი'',  ანდაც ,,ლილი-მამაშა'' ერქვა,
ლურჯი ,,ფიატით” ავტობუსის გაჩერებასთან ჩაგვიქროლებდა,
ლამაზი?!  - არა!
ასეთი ჩანდა, რადგან მუდამ მოვლილი იყო.
ქალები მისგან ჩაცმას სწავლობდნენ,
დროდადრო -  გადამყიდველობდა
და  რაც რჩებოდათ ხელის ფულად ოჯახის ქალებს,
აკოწიწებდნენ და იმის ნაცვამს ნახევარ ფასად ყიდულობდნენ, ქმრების უჩუმრად.
როგორც ჩურჩულით გადმოუციათ,
არც წამლის საქმეს ეკრძალებოდა.

თან გვზარავდა,
თან  გვიზიდავდა,
თან...
მწიფობაში შესულ გოგოებს რა მეტი ჭკუა მოეკითხებათ.

გზად სკოლისაკენ, მის სახლთან რომ უნდა გაგვევლო,
ლურჯფარდიანი ფანჯრებისაკენ თვალს ვაპარებდით, მაგრამ არც ხშირად დაგვინახავს.
ახლა-ღა მივხვდი,
ჩვენ - ტოროლები ვიყავით მაშინ, 
ბუთა ცხოვრება - ღამისაა,  დილით კი, სძინავთ.

ერთხელაც, როცა სკოლის საღამო  ძალიან გვიან დაგვიმთავრდა, 
შინისკენ მოჟრიამულეებს
სიბნელეში შემოგვეფეთა:
იდგა მარტო,
მოურთველი,
თვალცრემლიანი შემოგვაცქერდა.

,,ქალიშვილობა გიხაროდეთ, გოგოებოო!'-  გვითხრა ხმადაბლა და შინ შევიდა.

,,ქალიშვილობა გიხაროდეთო"...
ვიხარეთ კიდეც,
ზოგმა ქმრამდე და ზოგმა პირველ სიყვარულამდე,
(ზოგმა - პირველ და სამუდამო სიძულვილამდე)
და არაერთიც დაგვრჩა ბოლომდე გახარებული.

არ ვიცი, რატომ,
რომ მოვიზარდე, ჩემთან დაჯდომა
და თავისი ამბის მოყოლა უყვარდა ხოლმე
და მეც ვუსმენდი,
ბევრი რამე კი არ მესმოდა და მთლად ცხოვრებას უნდა გაევლო, რომ თანდათან გამხსენებოდა
და მისახვედრთან ცოტა ახლო მივსულიყავი.

დიდი ამბავი,
თუკი გულწრფელად მონაყოლი  შემდეგ ჯერებზე იცვლებოდა.
რაც მთავარია, ყველა ვერსია გულწრფელი იყო,
გულწრფელად ჟღერდა,
პოეზიაშიც ხომ არსებობს, რაღაც, ასეთი -
ჩვენი გულწრფელი წარმოსახვა!

ბოლოს ბიბლიას მიეძალა, სასოდაცლილი.
ონკოლოგიურს მოჰყვა სიკვდილი.
თავზე სხვაც ადგა, მაგრამ ჩემს ხელში დალია სული.
დამრჩა ხსოვნაში მისი წარსული:
ლილი - მოცლილი,
ლილი - დაღლილი,
ლილი - ტკივილით სახეწაშლილი,
ლილი -  წასული, გარდაცვლილი და ფრთაგაშლილი,
ლილი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ლექსი დაბლა დევს, იქ კომენტარად არ იდება. დიდიაო და რა ვქნა, აქ დავდებ და ვისაც ლექსიც აინტერესებს, ცოტა დაბლა ჩაუყვეს ჩემს გვერდს.

ნინო დარბაისელი

,,იმდენად ცუდია, რომ კარგია!"
(ავტორეცენზია ლექსისთვის ,,ქალიშვილობა გიხაროდეთ გოგოებოო')
- - - -

ამ ორიოდე დღის წინ ლიტერატურულ საიტ ,,ურაკპარაკზე ერთი ლექსი დავდე , სათაურით ,,ქალიშვილობა გიხაროდეთ, გოგოებოო”,
ეს ჩემი რიგით მესამე რეკვიემია( რეკვიემი ქეთინოსათვის” 1996,, მათე- პამპულა”2008) … სულ სამი მახსოვდა და ახლა აღვიდგინე, ერთი ნაკლებ წარმატებული ცდაც მქონია, გასული საუკუნის 90- იანებში (,,დედოფალები’)
სამივე რეკვიემს განსხვავებული. გმირი ჰყავს, ,,ქეთინოში - მონაზონი, პამპულაში - დაუნის სინდრომიანი მამაკაცი, დედოფალებში - ახალშობილი, რომელსაც პატარა კუბოთი ასაფლავებენ.
ძველებსაც და ახალ რეკვიემსაც საფუძვლად ნამდვილი ამბები უდევს.ცხადია, ჩემი ფანტაზიაც მონაწილეობს და რაღაცეებით ავსებს მომხდარებს...ოჰ, ეს მეხსიერება! როგორ დამავიწყდა, მეგობარ მხატვარ ირაკლი ფარჯიანზეც რომ მაქვს ,,ჭია’( 1992)
შენიშნავდით ალბათ, ოთხიდან სამი რეკვიემი ოთხმოცდაათიან წლებშია დაწერილი, ორი მომდევნო კი ათ -ათწლიანი ინტერვალით.
წინა რეკვიემთა გმირების ხსენება უფრო იმიტომაც ჩავთვლე საჭიროდ, რომ მეჩვენებინა, რამდენად ვიყავი მზად ამ.. ვთქვათ პირდაპირ, საჩოთირო თემასაც შევჭიდებოდი.
ძნელი არაა, ცრემლი მოჰგვარო მკითხველს, როცა გაუთხოვარი მონაზვნის ან დაუნის სინდრომიანი ,,მზის შვილის” ან ახალშობილის ან უდროოდ წასული უნიჭიერესი მხატვრის სიკვდილის ამბავს უამბობ, მაგრამ, აბა, სცადე, თანაგრძნობა მაინც აღძრა მასში, თუ გარდაცვლილი საზოგადოების ყველაზე უზნეო ფენას მიეკუთვნება!- ვუთხარი ჩემს თავს.
თუმცა, აქაც არის კარგად აპრობირებული გამოსავალი, რითაც არაერთ ცნობილ მწერალსა თუ კომპოზიტორს უსარგებლია (,,ქალი კამელიებით’ - შემდგომ ტრავიატა - ადამიანი, რომელიც ზნდაცემულის მდგომარეობაშია, მაღალ ზნეობას ავლენს)
ან გმირი იმდენად ლამაზი და მომხიბლავი, ვნებიანი , ამავე დროს საინტერესო ხასიათისაა, რომ მკითხველს, მსმენელს, მნახველს უჭირს, მისი ზნეობრივი მსაჯული იყოს (როლანი / ბიზე - კარმენი, გერშვინი - ბესი), ფილმებიდან ჯულია რობერტსის ბრწყინვალე ხასიათი ფილმში ,,მშვენიერი ქალი’… მოკლედ, დასავლური კულტრული ტრადიცია ამ მხრივ საკმაოდ მდიდარია.
ვატყობ, აქ თუ არ შევჩერდი, ვრცელი ექსკურსი გამომივა და საკითხს დავშორდები.
ლექსმა ,,ქალიშვილობა’ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც მე, როგორც ავტორს, გულით მახარებს, რადგან პოეტისთვის ყველაზე დიდ სასჯელად მკითხველთა გულგრილობა მიმაჩნია.
ხოლო ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, იდეალურია მკითხველის რეაქცია, რომელიც ერთ კომენტარში ასე ლაკონიურად გამოიხატა:
,,თან მომეწონა, თან - არა’ (დუმილა)
მე ასეთი ამოცანა დავისახე: შესაძლებელია თუ არა, რაიმე დადებითი თვისების ,მიუწერავად’ ზნეობრივად ყოვლად უარყოფითმა გმირმა, რომელიც არც გარეგნობით გამოირჩევა და არც ავტორი გამოხატავს მისდამი ღია სიმპათიას, არც განადიდებს და არც აკნინებს მას, მაინც ააღელვოს მკითხველი?
აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია.
ჩემთვის ადვილი იყო, რაიმე კონკრეტული შტრიხები შემეტანა ლილის გარეგნობაში, ქცევაში, მეტად ,,გამეცოცხლებინა’ მხატვრულად, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ, რადგან იგი კონკრეტული სახე კი არაა, გაზოგადებული ტიპია. თავდაპირველ ხელნაწერში მისი ფიატი - ლილისფერი იყო, ლილისფერივე იყო მისი საძინებლის ფარდები, ლილისაც ეს სახელი ლილისფერი თვალების გამო ჰქონდა შერქმეული, თორემ სინამდვილეში, სხვა რამე ერქვა,( როგორც მეძავების უმრავლესობას). ხომ ჩანს, რომ გმირის სახელთან არცთუ ცუდი ბგერობრივი ბმები გამოდიოდა, მაგრამ გავაუქმე ეს ესთეტიკური თამაში, თვალების ფერი ,,წავართვი’ და ლურჯით შევცვალე მანქანაც, ფარდაც.
ერთადერთი ვითომ-დადებითი შტრიხი სასოწარკვეთილის დაინტერესებაა ,,ბიბლიით’, მაგრამ ავტორმა აქაც არ გაახარა,
ფრაზაში ,,ბოლოს ბიბლიას მიეძალა”
მიეძალა- ზმნა კონოტაციურად რელიგიურობას არ ან ნაკლებად უკავშირდება, ჭამა- სმის, რაიმე საცდურის, გართობის, იქნებ რაიმე სპორტული გატაცებისაც, (თუმცა ნაკლებად) და ა.შ. კონოტაციები კი მრავლად აქვს (თევზს მიეძალა, ღვინოს მიეძალა, ნარკოტიკს მიეძალა, ვარჯიშს მიეძალა და ა.შ)

“ქალიშვილობა გიხაროდეთო”- ამ სიტყვებს რაც შეეხება, ტრადიციულად, ჩვენს ძალადობრივ საზოგადოებაში, რომელიც სირცხვილის კულტურაზეა დაფუძნებული, აღარ-ქალიშვილობა, ქალიშვილობასთან ძალადობით ან მოტყუებით გამოთხოვება პირველ ნაბიჯად იქცევა პროსტიტუციის გზაზე.
რატომ ეუბნება ლილი ბავშვებს, გიხაროდეთ ქალიშვილობაო, მართალი გითხრათ, როცა პირველად გავიგე, მართლა არ მესმოდა, არც ახლა მესმის ბოლომდე და ალბათ ეს ლექსიც ამან დამაწერინა.
თავიდან ვიფიქრე, რომ ჩამოვყვებოდი და ყველა კომენტარს სათითაოდ გავცემდი პასუხს.
ახლა, რაკი უფრო ზოგადი ხასიათის წერილი გამომდის, ამას არ მივიჩნევ საჭიროდ. შევეხები ფორმას ძალიან მოკლედ.
პროზაა ეს თუ ლექსი?
პასუხი: ეს არის გარდამავალი ფორმის პოეტური ტექსტი,
იწყება ხაზგასმულად პროზაული ნარატიული ინტონაციით, მინიშნებაა ლექსზე მხოლოდ გრაფიკულად, გამოყოფილია სტროფოიდები, თანდათან გადადის თავისუფალგრაფიკიან კონვენციურ ლექსში, ხოლო კონვენციური ფინალი მზადდება ბოლოს წინა სტროფიდან და ბოლო სტროფი მონორითმული კონვენციური ლექსია.
ამ მცირე ავტორეცენზიას ერთი კომენტატორის საგულისხმო გამოხმაურებით დავაბოლოებ:
,,იმდენად ცუდია, რომ კარგია!’(სერენა)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი