ლექსების ნაკრები კაროჟნა და სხვები (მგონი, მწერლის გაზეთიდანაა)


ნინო დარბაისელი

ლიანდაგები
- - - - -

მანდეთ მომავალი ლიანდაგებია,
მერე დაბებია,
მერე - ბაგებია,
მერე - ფერმებია,
მერე - ურმებია,
მერე - სახლი ერთი, ბლოკით ნაგებია.
ეზოში - ხეები - მჭახე ხურმებია,
ერთიც - ხე ბებერი, ზედ ბია აბია,
კიდევ - გულაბია,
ტოტზე ბეღურები რომ ინაბებიან.
ეზოც საბოლოოდ დაგილაგებია,
ბებია!

მოაჯირიანი, ხის კიბეებია,
სახლზე - მოჭრიალე, ორფრთა კარებია,
ალბათ, გასაღები არც მიჰკარებია.
ჭრელი ფარდაგები - ფეხქვეშ ნაგებია,
რკინის საწოლები და ქვეშაგებია,
მოისმის ხსოვნიდან ბავშვობის ჰანგები.
კამოდის უჯრაში - თეთრი პერანგები,
კუთხეში - პერანგის ამხანაგებია.
აქ - დიდხანს ნადები საკაბეებია,
გამოჭრილები და დასალამბებია,
კერვა დაგიწყია, დაგინებებია,
ზოგიც - კაბებია,
შეკრულ წერილებში - შენი ვნებებია,
ადრე უცნაური - დღეს გასაგებია,
ბებია!

ეს დოქი რამდენჯერ შემომგებებია,
ამ თეფშით რამდენი ნუგბარი მრგებია,
დაპრიალებული შენი ქვაბებია...
შენი ქვასანაყი,
შენი ქვა, ბებია!

ჩურჩულით ნათქვამი შენი ამბებია:
,,-შეუფარებია,
შეუყვარებია,
შეუპარებია,
შეუტანებია,
მერე ვეღარაფერს შეურიგებია“..
დასაზაფრებია.
შენი ზღაპრებია, რომ მომნატრებია.
ჩნდებიან,
ქრებიან და ინამქრებიან..
ცად რა ამბებია,
ბებია?
ბებია!

ჩემი მეგობარი პოეტები
- - - - -

ჩემი მეგობარი პოეტები ცოლებმა მიატოვეს.
ისინი  მიატოვეს ალბათ იმის გამო, ან სწორედ იმის გამო,  რისთვისაც გაჰყვნენ.
და ვინც არ მიუტოვებიათ, ის კიდევ უფრო მარტო დატოვეს. 
თხილეულში  მძაღე მარცვალი რომ შეგიყვება, ამ დროს კი ლამის ყველა პირში მოგჩერებია, ყელმწარემ და  პირმომღიმარმა  მერამდენედ უნდა ჩავყლაპო ფუჭი სათქმელი!

ვუთხრა, რა ვუთხრა! -
რომ სამშობლოში პოეტებიდან თავი ვინც კი გაიტანა, ჯერ იმ თავში პოეტი მოკლა?!
ან, რომ ცხოვრება ვიდრე წიხლს არ გითავაზებს, ცოდნად ვერ  იქცევ,  რაც გაგიგია?! -

რომ გულუბრყვილო რომანტიზმია,  როცა ბიჭს, შემთვრალს და გალექსილს  ერთი რითმა ან მეტაფორა  ურჩევნია  ოქროს უზალთუნს
და უწკრიალებს  თავის პოეტურ ყულაბაში უზალთუნები
და  სამუზედ აღერებულ  ათას გოგოში შენ  გამოგარჩევს?!...
და იმ რომანტიზმს, ატლასის ძველი საპირესავით კვლავ მოლაპლაპეს,
სარჩულად უდევს  რეალიზმი, უხუნარი და მეტისმეტად სოციალური?!

  რა ქნას პოეტმა!
მამადქცეული შინ  მიიქცევა, ახალშობილს კი ტაკლი-ტუკლის და ფაფების გარდა, პამპერსი უნდა, ხილიც  უნდა,  ჰაერიც  უნდა  და ექიმიც და უნდა დედა - უყვედრებელი, არნაწამები, არამედ მოვლილ- ნაამები, ალერსიანი,
შენ კი ჯიბეში  ახალი ლექსიც კი არ გიდევს, ერთი ფურცელი გაცრეცილი, აქა- იქ რითმა, სტრიქონები - გადახაზულ-გადმოხაზული,  წაწერილი სხვა კალმითა და სხვა განწყობით, თითქოს, სხვა ხელით.

რაც უფრო გულის გასახეთქია, ცოლადქცეულმა იმ  სიფიფანა, მიამიტმა გოგოებმა საიდანღაც წერაც ისწავლეს, ანგარიშიც  და სხვები უკვე გაგონებენ, იქნებ ჯინაზეც, რომ  ქმრებზე უკეთ გამოუდით და რომ ეცალოთ, მეტსაც იზამდნენ.
წერას - წერისა!
  უანგარობას ვერ ითამაშებ, ანგარიში თუკი გერევა.
ამასობაში ცოლი  -  უკვე ნაცოლარია.

და იზრდებიან ასე მამიკოს გოგოები და ბიჭები მამის გარეშე, ხოლო მამები  შესციცინებენ იმ ძველ ფოტოებს, როცა ისინი ერთად იყვნენ ,
  ,,გაიზრდები და მიხვდები და დამიბრუნდები'' .
...თავს იტყუებენ, თორემ როგორ არ იციან, რომ შვილებმა შეიძლება მოინახულონ, მაგრამ მშობლებთან ვერასოდეს დაბრუნდებიან.
და მამები, ფოტოებით უბესავსენი უფსკრულისკენ საბოლოოდ ექანებიან.
უფსკრულები კი  მწვერვალებია, არარაობის მწვერვალები - ღრმა წყვდიადებში ჩაბრუნებული.

და იზრდებიან ასე შვილები დედის გარეშეც,  მაგრამ დედებმა ეს არ იციან, ისინი მედგრად მიუძღვიან  უშეცდომო, წარმატებული ცხოვრებისაკენ, სწორედ ისევე, საბედისწერო ნაბიჯამდე საკუთარი დედები რომ მიუძღვებოდნენ.

ო, რა მოწყალე ღიმილით დასცქერს ძე-შეცდომილი მამა- შეცდომილს!
ქვეყანას, მამის მიტოვებულს  მამით ობლობა კი რა და,  უდედობა სჭირს,  მამა  -  შორია და რადგან
დედა - ამის გამო მამად ქცეულა,
დედის ძველ ადგილს ტუჩაბზეკით და თვალმოჭუტვით ეტოლება ეს ცხოვრება- დედინაცვალი.
ჩემი მეგობარი პოეტები კი ამასობაში გაიკრიფნენ.
აღარ არიან.
საქართველოში თავი პოეტად ვინ გაიტანა!

როგორ კვდება ქალი პოეტი
— — -

როგორ და როდის  კვდება ნეტა  ქალი პოეტი?
-მაშინ, როდესაც  მისი კაცი, ძლივას მოსული,
მიდის და თითქოს სამუდამოდ კი არ ტოვებდეს,
არამედ  თითქოს ძველი პროექტი იხურებოდეს და  დარჩენილი ინვენტარის ბედს დაეძებდეს,
ასე დინჯად და საქმიანად ეთხოვებოდეს?
(თან  - განშორების პირობებზეც რომ უთანხმდება!)

თუ მაშინ,
როცა მიმოიხედავს
და  უშორესი ცის კიდიდან დედამიწის გავარვარებულ ჯურღმულებამდე
ვერ მოიძიებს ერთი არსებასაც,
ვისაც ამ თავის მარტოობაზე შეჰქვითინებდა?
(კაცს კი არა და, 
ადამიანებს კი არა და
ამასოფლის ბატონსაც კი თავისთავი გასჭირვებია,
ხოლო მამამდე  -
როგორც იყო, ისე შორია!)

მე უკვე ვიცი, როგორ კვდება ქალი პოეტი.
ის კვდება მაშინ,
როცა  კაცებით გალიცლიცებულ ამაქვეყნად,
ანდა იმქვეყნად,
აღარაქვეყნად არ ეგულება
აღარცერთი კაცი-არსება,
იმის გულისთვის,
გულის ფიცარი უყანყალებდეს
ან
სისხლძარღვებში  ჭიანჭველები არმიებად დაუდიოდნენ,
ან ხერხემალზეც თვალები ებას,
ან სიზმარ-ცხადი რაღაც ტკბილ-მწარე,
მლაშე და მჟავე,
თანაც ობნაკრავ,
უსახელო გემო-სუნიან,
მღვრიე ნიაღვრად
გადაქცეოდეს
და საბოლოოდ
ამ ყველაფრის
ლექსად ამოთქმა რამედ უღირდეს!

ქალი -  კი,
არა ყველა არსება, ასე მკვდარია.

ქალი კი არა,
ყველა არსება  ასე  - მკვდარია.

ქალი კი არა,
ყველა არსება ასე მკვდარია.

ქალი კი არა
ყველა არსება ასე მკვდარია.

მოსიარულე მკვდარ პოეტებს - ჩემი სალამი!

ქალი - ქალაქი. ფრაგმენტი
- ------ - -

ჰო, შემომხედეთ,
ქალი კი არა,
მე ვარ ქალაქი,
დედათა შორის უდედესი,
ანუ როგორც იტყოდნენ ძველნი,
დედათა დედა,
ხოლო მარტივად -
ან რუქულად  -
საარაკო მე ვარ ქალაქი.
ჩემი სახელი  - რუქის ძირში წვრილად წერია,
ხოლო ზემოთ,
დიდ რუქაზე -
დანომრილი მე ვარ წერტილი,
ერთი წერტილი ამ უსასრულო,
ამ უსაზღვრო,
ამ სამყაროში,
ერთი წერტილი, ერთადერთი -
შინაგანი უსასრულობის,
უსაზღვროების გარე საზღვარი,
მე ვარ ქალაქი და უფრო მეტიც -
მე ვარ ქვეყნის დედაქალაქი,
მე  - განუწყვეტლივ
მოლაქლაქეთა,
და უქალაქო მოქალაქეთა უბე ვარ სველი,
მარადსველი  ოფლით და ცრემლით,
სისხლით და ღვინით,
ათასნაირი მათრობელა სითხეებით,
ფხვნილებითა და
საშიშ მინარევ-შენარევებით.
ნიადაგ  ვდუღვარ,
ვიწვი და ვბოლავ
და თავზე მადგას წარუვალად  წარმავალი კვამლის გვირგვინი,
ქარის მოტანილ  თეთრ ღრუბლებში რომ განილევა.

ისე ადვილი არის,
ჩემში  უცებ დაეცე,
მოგიცდეს ფეხი ასფალტებზე
ახალნაგებზე,
ქვაფენილებზეც
და გზადყოფილ ნატალახევშიც.
ხოლო დაცემით ის ეცემა, ვინაც  დგას
და  დადის,
ანდა ვინაც  დადგომას ცდილობს,
ან ხელს აშველებს ვინმე დაცემულს წამოდგომაში,
ვინც არ მოძრაობს,
ან ვინც სხვისთვის არ გაირჯება,
მოუცურდება განა ფეხი,
ან დაეცემა?
(სათადარიგო,
პორტატიული,
გასაშლელი ფრთები მუდამ თან იქონიეთ!)

ქალი კი არა,
მე ვარ ბოლომდე დაცემულთა დედაქალაქი,
დედაქალაქი ტალახებში ჟრიამულით მოგუნდავეთა.
ჩემს ჯურღმულებში,
და უჯურღმულეს ცათამბჯენებში
ხმაშეწყობილად ბინადრობენ მხეცები და ანგელოზები,
ადამიანად გაძლება კი ჩემში - ძნელია.
ყოველი კაცი  ყოველწამიერ  დანარჩენების მიერ დადგენილს და სიკვდილამდე მისთვის მისჯილ თავისთავს ცდილობს,
თავისთავს ცხოვრობს,
საბოლოოდ როგორც გამოსდის
და სიკვდილითაც,
საბოლოოდ თავის თავს კვდება,
და თუ ჰყავს ვინმე,
იმას უკვდება.
სიკვდილი კი დასაწყისია.
ყველა მზაკვარი - მსხვერპლი არის სხვისი მზაკვრობის,
ყოველი ბოზი ჩემში - სხვაზე უმანკო და წესიერია.
იმათ სიზმრებში ზოგჯერ ისეთი გალობა ისმის!
ცისარტყელები ვარდ-ყვავილებს თავს ევლებიან
და ნიავს მოაქვს გულგაშლილი ვარდის სურნელი,
ეს - ზოგჯერ,
მაგრამ  მუდმივად კი მათი ძილი - ჩემი წილია
და ცხად-სიზმარი აღარაფრით არ განირჩევა.
მე - წესიერთა როგორ გითხრათ!
მათი საქმისა - არარა ვიცი.
როგორც ამბობენ,
წესიერები  - ღამენიადაგ ძილში სცოდავენ
მკვლელობენ და ქურდობენ და
ძილში ბოზობენ,
ხოლო ცხადში კი სხვათა კილვით ინანიებენ.
მათთვის მე მხოლოდ ალაგი მაქვს
შესაყუჟავი და მიყვარს მათი  სიმშვიდეში დანანავება.
წესიერები - მე მეკუთვნიან!
მე უწესოთა კუთვნილი ვარ აწ და მარადის
და უწესოთა ამბები ვთქვათ,
მზეზე გავფინოთ,
ხელით ნაჭეჭყი თეთრეულივით ნაცვეთი და გარუხებული,
ბოლო ვლებაზე  კიდევ ცოტა ხნით
მარლის პარკში  მაგრად გამოკრულ ლილასა და მოთუხთუხებულ სახამებელში  რომ ჩატოვებენ,
ამოწურვამდე
ძალა რომ კარგად ამოიწოვოს.

პოეზიაა, ხელოვნებაა  - უწესოთა თავშესაფარი.
ღამის სათევად დანარჩენთათვის
ერთი კუთხეც არ ეძევება.
და თუ გინდათ, რომ რამე გაიგოთ,
შორი-ახლო,
კართან დადექით  საპარადოდ გამოწყობილნი
მოთმინებით,
დაელოდეთ,
თვალი ადევნეთ,
შინ ვინ შედის ან რა შედის,
როდის, როგორ და რა გამოაქვთ
ან რა გამოდის!
სინამდვილეში შიგნით რა ხდება,
რატომ,
როგორ -  ვისი საქმეა,
სათქვენო - მხოლოდ გამოტანილი არის ამბავი.
ჰოდა,
მარადის ამბით იამეთ!

ლოცვა კაროჟნასათვის
-  - - -
(ინგა მილორავას)

იესო ქრისტე მაცხოვარო,
მამა, ძეო და სულიწმიდავ,
ღმერთო მაღალო,
ყოვლისშემძლევ და ყოვლად ძლიერო!
მარადია  სუფევა შენი!
ღმერთო ძლიერო,
მოწყალეო,
მადლობა შენდა,
მადლობა შენი  სიყვარულისთვის,
მადლობა იმისთვის, რომ ჩემისთანა არარაობის სასო და იმედი ხარ!
ღმერთო, არა ჩემთვის ან ჩემიანებისათვის,
არა ადამიანებისთვის, ძაღლისთვის ვლოცულობ,
ღმერთო,
ერთი უმწეო ლეკვია,
უჯიშო,
ყველასგან განწირულს
ძლივს პატრონი გამოუჩნდა
და სწორედ ახლა იბრძვის
გადარჩენისთვის, ღმერთო!
ზუსტად თავისი პატრონისნაირი თვალები აქვს,
ღმერთო, სამყაროს ამრეკლავი,
შიგ ჩამტევი,
ნაღვლიანი სიყვარულით წყლიანი,
ოღონდ  მასსავით ლურჯი კი არა,
ან  მუქი ყავისფერი,
არამედ შავი და და შავზე შავი!
მე იმას ცხოვრებაში როგორ ვნახავდი, ღმერთო,
მაგრამ ასეთი ჩანს სურათზე.
ღმერთო ძლიერო,
შენ ერთადერთი ხარ მთელს სამყაროში,
რომელიც ჩემს ლოცვას შეიწყნარებ და არ მისაყვედურებ,
ძაღლისთვის რატომ ვლოცულობ,
როცა ირგვლივ ამდენ ადამიანს უჭირს,
ღმერთო, ჩემი ყველა საყვარელი ძაღლის სახელით,
ჩემი ყველა, ვერგადარჩენილი,
ჩემი ყველა, ხის ქვეშ დამარხული ძაღლის სახელით,
გემუდარები,
აჩუქე თავისი ძაღლური სიცოცხლე და მის პატრონს
მიეცი ძალა,
გაუძლოს გასაძლებს...
ნუ გაიმეტებ  უფრო მძიმე მარტოობისთვის!
ღმერთო,
დაიფარე მისი სასოწარკვეთამდე კეთილი გული,
სხვა, არ ვიცი, რა შემოგთხოვო,
როგორ რა გითხრა,
გულთამხილველო,
მადლიერი ვარ,
რომ შემიძლია შემოგთხოვო მოწყალება.
დე, იყოს ნება მამის, ძისა და სულიწმიდის,
აწ და მარადის,
უკუნითი უკუნისამდე!
ამინ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი