მანჯიაკანე


ნინო დარბაისელი

მანჯიაკანე
        (მაკიაველის სასახლე, აგებული მიქელანჯელოს მონაწილეობით)

როცა გარდაცვლილი თავს აღარ განებებს
და ისე ბრუნდება ყოველღამ სიზმარში, თითქოს ცოცხალია,
კიდეც გეხუტება,
ფრივოლურ მომენტებს არ მოერიდება,
დიდება მინდაო გაგიყო, დიდება!
ხომ უნდა იცოდე,
რაღაც საშიშია,
ეს მკვდრული დაცინვა,
რამე ირონია,
შეცდომით  ბჟუტავი,
ტვინში გაჭედილი
რამ ნეირონია.

თან იცი,
უცოლოდ წავიდა იმქვეყნად
და ქალებს ყოველთვის
ერჩია ბიჭები,
შენ რას ეღრიჭები?!

მარტო მოდიოდეს,
კიდევ აიტანდი,
თანაც გენიაა,
თანაც - ბოროტია,
გვარად კი,
გვარად კი
ბუანაროტია,
მიდის და კვლავ ელი,
რომ თან მოიყოლოს მან მაკიაველი.
ო, თავზარდაცემა!
ო, ცოდვით დაცემა,
- ეჭვები და ცემა!

ძალა მოიკრიბე და გააგებინე,
რომ  ფლორენციაში, ტაძარში მარხია,
ნიკოლოც იქაა,
(მათი სიყვარულის ხმა ვინ დაარხია?)
იქნებ წავიდეს და თავი დაგანებოს
და თუ არ გეშველა,
და თუ არ წავიდა,
შენ მაინც გახსოვდეს,
დიდი ხნის მკვდარია,
და  შენგან  რა უნდა, გაუგებარია.
შენ ხსოვნა იმისი  და თანაც ასეთის - რატომ გაბარია?!

მეტიც გაიხსენე:
არც ცოცხალს იცნობდი,
არც კი შეგხვედრია,
და მისახვედრია,
ან დასაყვედრია?
- მკვდარი რომ გიყვარდეს,
მკვდარს ეხუტებოდე,
მკვდარს ეწვე,
მკვდარს - სხვისას,
მკვდარს -  სხვა საუკუნის -
- ეს - შენი ხვედრია!

ორივე,
ორივე,
ჩემი საყვარელი -
ერთმანეთს აღმერთებს,
ერთმანეთს ეხვევა?!
ტოტები მერხევა?!
ვიღვიძებ,
ვტირივარ,
და ვეღარც გავრბივარ,
ქურციკი არა ვარ
და არც ფრინველი ვარ -
მოძრავი სულდგმული,
კოშმარის სიღრმეში ფესვი მაქვს გადგმული,
მართლა სამეხე ვარ,
მე ხე ვარ,
მე - ხე ვარ!
და ქარი მაქანებს,
მხრის,
მანჯიაკანე,
ქრის, მანჯიაკანე!

- -
*
ფოტოზე -  მაკიაველის ვილა მანჯიაკანე, როგორც მკვლევარები ირწმუნებიან, მიქელანჯელოს, რომელიც  მონაწილეობდა მის  აგებაში, მაკიაველთან განსხვავებულად ახლო  მეგობრობა  აკავშირებდა
მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ლინკზე

https://www.outthere.travel/villa-mangiacane-tuscany-renaissance-men/#:~:text=One%20such%20commission%20was%20by,struck%20up%20an%20unlikely%20friendship.
გ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი