იელები და სიცარიელე
ნინო დარბაისელი იელები და სიცარიელე ხომ ყველაფერი შევისწავლე, კარგად ვიცოდი, ბილეთს დავწვდი და ღმერთო, მიშველე, ერთი საკითხიც აღარ მეცნო, თვალში - სისველე, წარმოსახვაში - თეთრი დაფა თუ თეთრი ეკრანი, ზედ - არაფერი, სრულზე სრული სიცარიელე. ქორწილის მერე, პირველმა ღამემ რომ ჩაიარა და მარტო დავრჩი, რა დამეუფლა?! - სიცარიელე, სრულზე სრული სიცარიელე. ჭინთვებით უკვე სასომიხდილს ჩემი ნაშობი ბავშვის ტირილი რომ ჩამესმა და გავიფიქრე, “ესეც ასე!” და მარტო დავრჩი ფშუტე მუცლით, ადრე სამყაროს შიდა საზღვარი მის წიაღში რომ მთავრდებოდა და რომ მჯეროდა სამყაროს მუცლით ვეზიდებოდი, რა დამეუფლა?! მართალი ვთქვა, არ მოვიტყუო?! მელოდრამული კლიშეები არ დავახვავო?! - სიცარიელე, სრულზე სრული სიცარიელე. შეყვარებული როცა წავიდა, ვითომ გავუშვი, ვითომ შვებით ამომესუნთქოს, რა დამეუფლა?! - სიცარიელე, სრულზე სრული სიცარიელე. და როცა იგი გავასვენეთ, შინდაბრუნებულს რა დამიხვდა?! დიდი სიჩუმე, ორმო დიდი, სიცარიელე, სრულზე სრული სიცარიელე. როცა სიზმარში შავი კედელი აღიმართა და მუშტი მივცხე, როცა გაიხა, თეთრი შუქი რომ შემოიჭრა, შუქში რა ჩანდა? გავიხედე და არც არაფერი, სიცარიელე, სრულზე სრული სიცარიელე. ჰო ასეთი ვარ! რამდენიც გინდა იჩხიბე და იმარჩიელე, რამდენიც გინდა, მიყურე და მათვალიერე! არაფერი მაქვს რამ სახედი და საიერე? შხამიც მისვია სააზალიე ან საიელე, მე ყველაფერი დანარჩენი სხვებისგან ვიცი, სხვებმა მასწავლეს მწუხარება და სიხარული უბედურება - სხვისია და სიბედნიერე. ვიცი ის ერთი, ერთადერთი და განუყრელი, მე გამოვცადე მისი სისველე და სიძლიერე, - სიცარიელე, სრულზე სრული სიცარიელე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი