ტორნადული ეპიტაფია
ნინო დარბაისელი
ტორნადული ეპიტაფია
(აშშ-ში გაზაფხული - ტორნადოების სეზონია. ბუნკერში ამით ვერთობი)
რას ვემდურო! - ხვედრი მერგო მეც მოკვდავთა,
ბერწმა მიწამ - ჩემზე ინაყოფა,
ახლობლობა მწამს - კეთილთან, არა - ავთან,
არრა მჯერა - უნახავთა,
სიბნელეში რომ ჩურთავენ ძველ ნიფხავთა
და ცუდ ყოფას მიჯობს - კარგი ყოფა.
გაჭირვებულს - სულ სიმდიდრე მიზიდავდა …
სულ არ გგავდით თქვენ - პირნათელ ტვირთმზიდავთა…
(რაც არა გაქვს, ვისთან გაიყოფა!)
სიბნელეში - სულ გონებას მივყვებოდი,
ვერ ვიხსენებ, ავყოლოდი გრძნობას,
თუმც გონება მთლად მახვილი მქონდა როდი,
მიზიდავდა მე ჩემივე მონაბოდი
სიმცდარე და ალბათ მართალს გავურბოდი,
ვიჩემებდი ბრძნობას!
ეს - არ არის პოეტური ყოფის წესი,
პოეტური ყოფა არის უკეთესი -
სხვა სამკალი,
სხვა სახნავი და სათესი,
ცელსაც უნდა - სხვა სალესი;
ცეცხლსაც უნდა შეკეთება,
უბრალოთა - გაღმერთება,
აღმართები, დაღმართები -
ლოდი სიზიფესი…
არევა და გადარევა,
ოქროს ქვიშის ღველფში რევა,
ქარიშხლებით ხეთა რხევა,
ცის და მიწის ერთად რყევა,
რამე - უარესი!
რომ მოვკვდები,
სული წავა შორეთისკენ,
იქნებ მცირე მეც ნათელი ვიღო.
ესეც - ბოლო!
ასე მალე არ ველოდი,
მიმავალი - სულ რაღაცას ვიმღეროდი…
მეც დამადეთ
გრანიტისა რამე ლოდი,
რამე ლოდი,
რუხი, უთარიღო:
“ის - პოეტად იცხოვრებდა - რომ დასცლოდა,
თუმცა გულით - სულ პოეტი იყო!”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი