ალბათობანი


ნინო დარბაისელი

ალბათობანი

რა მოხდებოდა,
იმ საღამოს რომ არ ეწვიმა,
კარგი, ეწვიმა,
მაგრამ კიდეც გამოედარა,
რა გამოვიდა?!
არაფერი გამოვიდა, რა.
რომ არ ეწვიმა,
რა მოხდებოდა, რა!

რა მოხდებოდა,
შემძლებოდა  რაიმეს შეცვლა,
თუ ვერ შევცვლიდი,
შეუცვლელით ამ გულს ეხარა?
რა გამოვიდა?
არაფერი. 
ვნანობ?! - ეჰ, არა!
უბრალოდ, ვფიქრობ,
რა მოხდებოდა, რა!

რა მოხდებოდა,
რომ მომხდარი არ მომხდარიყო,
რამ  ალბათობას სასწორი იქით  გადაეხარა!
რა გამოვიდა?
არაფერი.  დავრჩი ამდარად,
არც რა ამხდარა.
არ  მომხდარიყო,
რა მოხდებოდა, რა!

რა მოხდებოდა,
სამყაროშიც -  რაც კი მომხდარა,
არ მომხდარიყო,
ყოფილიყო, ვინაც არ იყო,
ეცოცხლა,  უცებ  ვინც მომკვდარა,
ან დამარცხებულს - დამარცხება ეგემა არა,
სიტყვა არ ეთქვა, ვინც  დაიბარა,
მბარავს - ებარა,
მზარავს - ეზარა,
მპარავს - ეპარა,
მფარავს- ეფარა,
მდარავს- ედარა,
და ზეცასაც გამოედარა,
რა მოხდებოდა,
რა მოხდებოდა, რა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი