წყვილმა დაკიდა ჭაღი


ნინო დარბაისელი

წყვილმა დაკიდა ჭაღი

როცა ფული გაქვს - ცოტა,
საყიდელი კი - ბევრი,
ბედმა თუ შეგიცოდა,
ნუღარ ხარ ენამჭევრი.

ვერსია ჰქონდათ ასი,
ფული - ასიდან ერთის.
ყველაფერს ადევს ფასი,
ფასს ზედ “ტექსიც” ხომ ერთვის!

მოპედი  დათმო ბიჭმა,
(მაინც იმარჯვა გოგომ),
ნუ შეგაწუხათ იჭვმა,
მაინც არ ვიცი, როგორ!

იყიდეს, აწყვეს, შალეს,
კანკალით ჩამოკიდეს,
გააწვდენს შუქის ალებს
ქვეყნის ოთხივე კიდეს.

ხომ ბევრი  ივაგლახეს!
ანთებულიც ხომ  - ნახეს,
ფანჯრებიც გამოაღეს, 
ასცქერენ მოჩახჩახეს. 

რაა გულდასადაღი!
როცა ყოფაა საღი, 
ცხოვრებაც არის ლაღი,
მაღლა მიიწევს თაღი, 
ყვავილობს ზეცის ბაღი, 
წყვილმა -  იყიდა ჭაღი, 
წყვილმა  - დაკიდა ჭაღი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი