გონდოლიერა. მუტა-მორეტა
ნინო დარბაისელი გონდოლიერა. მუტა-მორეტა* სიღრმეში ჩადის ვენეცია და ძველ გონდოლაზე ჩვეულ იერით ტურისტებს უხმობს გონდოლიერი. გონდოლიერი გრძნობს ღრმა მორევთა, წყლებს - შიგნით მღელვარს, გარეთ - მდორეთა, სიმღერით ვის სულს მოუხმობს ნეტა, თუ უნდა მხოლოდ ხელში - მონეტა, ასაღებს ამბებს ძველ ,,ამორეთა” და მეც დამსხმია საღამო რეტად, მორეტა - მუტა, მუტა - მორეტა! ცხოვრება მუდამ - ახლა თუ მაშინ - - შავი ნიღბების არის თამაში. სიბნელე უყვარს, ვინც იცუღლუტა, ვინც ვის შეერწყო ან გაებუტა, ვინც ვის ჩაუწვა ან ჩაეხუტა და სურდა, ვნებას ბნელში ებჟუტა, ვნებათა სრუტემ ვინც შეისრუტა, სხვა ყველაფერი - ანაცარტუტა… მუტა - მორეტა, მუტა - მორეტა, მუტა - მორეტა, მორეტა - მუტა! დილისთვის დასრულდა იგი კარნავალი აწყვეტილ მეტრფეთა და მეამბორეთა. წახვედი, ვერ გითხრა იმ ქალმა სახელი, ამბავი მრავალი ყოფილ მეტოქეთა - ტუჩებმა მოკეტა, რადგანაც კბილებით ეჭირა მორეტა.*** მარტო დარჩენილი სულ მოიკუტა, მორეტა, მორეტა, მორეტა, მუტა! - - - *ამჟამად კლასიკური მუსიკის ჟანრი. გენეტიკურად - მომდინარე ვენეციელ მენავეთა, გონდოლიერთა ხალხური სიმღერებიდან. ** ვენეციური შავი ხავერდის ნიღბები მხოლოდ ქალებისათვის. ახლა სუვენირებად იყიდება, პლასტიკატისა და სხვადასხვა მასალისა. *** მორეტა-მუტას - შავ ნიღაბს შიგნიდან ჰქონდა პირში ჩასადები შვერილი და ასე ,, მაგრდებოდა” ქალის სახეზე. ანუ ქალს არ შეეძლო, თან ნიღბით დაემალა ვინაობა, თან ელაპარაკა კარნავალ-ორგიის დროს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი