ის ჰეტეირა, პორნეა და ტაძრის მეძავი


ნინო დარბაისელი

ის ჰეტეირა, პორნეა და ტაძრის მეძავი

(ბალადა)

ამბავი ძველი და უთარიღო
უნდა გიამბოთ ერთხელ მეც ავი,
ათენში ბედმა  როგორ  წაიღო
სამი ტყვედქმნილი,  სამი მეძავი.

სპარტა ბრძოლაში  როცა დაეცა,
აღარა შერჩა ზედ ცეცხლგადავლილს,
როდი გვხურავსო თავზე მდარე ცა,
ათენელებმა ირგეს ნადავლი:

ოქრო და ვერცხლი, სავსე საჭურჭლე,
აღკაზმულობა აურაცხელი
და საქონელი მსუქანი თუ მჭლე,
მოზიდეს, რასაც დაადეს ხელი.

მთლად დედოფალი ტკბილმომღერალი,
საბრძანისიდან გამოიტაცეს
და გაახარეს მმართველი მთვრალი,
ხასად მიართვეს  მას  მობარბაცეს.

და ჰეტეირად გადიქცა  რაკი,
კიდეც გამდიდრდა, ჭკუაც  უჭრიდა.
ლამაზზე -  ბევრი ითქმის  არაკი. 
უარი ყველას - ვინც კი  უჭვრიტა!

ხოლო და მისი -  ქალწული წმინდა,
ტაძარს მიართვეს, ერგო ათენას,
ტაძრის მეძავის თვალთაგან წვიმდა,
მსახურებაში აღამ-ათენა.

მოახლე მათი  -  თან არ აახლეს,
ბორდელის პატრონს  მონად მიჰყიდეს,
სად იპოვიდა თავის დასახლელს
და შებღაოდა ზღვის და ცის კიდეს

და  გახდა იგი  პორნეა ერთი,
სულ  მეზღვაურებს სურდათ მამაცებს,
ამ საქმეს კაცთა მხეცობაც ერთვის,
ხშირად ნახავდით ნაგვემს და ნაცემს.

ეს სამი ქალი -  ჭირის გაყრილი,
ერთურთს ეძებდა წლობით ამაოდ.
ათენში  მათი ცრემლი დაღვრილი,
ფიქრობთ, შეცვალა მოლხენამაო?

იმ ჰეტეირას სიმპოზიუმზე
უცებ ნიშნები დაეტყო მკვეთრი,
…გაოგნებული ნადიმი უმზერს 
როგორ ედება სხეულზე კეთრი.

კეთროვანს ვინღა მიეკარება,
არის საშიში იმის ნაჯდომიც!
შემოეცალა რჩეულთა კრება,
ადრე რომ სდევდა რიდით და ნდომით,

შემოეხარჯა, თუ რამ გააჩნდა,
ნადედოფლარი შეერთო ქუჩას,
იქ კი მოახლე დახვდა ბებერი
და ტკივილები მან გაუყუჩა,

მაგრამ თვითონაც  გადასდო კეთრი
სნეულმა, ადრე მოსილმა ფარჩით.
თითქოს გაუძღვა ნაფუფქი  თეთრი
იქ,  კეთროვანთა თავშესაფარში.

მიიღეს სხვებმა, განა  დასცინეს, 
არ დაეძებდნენ  მართალს და ჭორებს,
სენმა არ იცის დიდი და მცირე,
თუ მოედება  - ათანასწორებს.

ცეცხლის ენები ცად აიწვერა,
მკვდრებს აგროვებდნენ და წვავდნენ  ერთად.
ტაძრის მეძავმა  გაიგო ვერრა,
ის  - ათენასთან  სუფევდა - ღმერთთან.

გერქვას თუ გინდა თავისუფალი,
ეფარე ტაძარს, ღვთისთვის ანაგებს,
ჩანს თუ არა ჩანს, ხარ მონა - ქალი,
თუკი ბედს შენსას  კაცი განაგებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი