შინაგანი ხმა. ანიკო ბაბო


ნინო დარბაისელი

შინაგანი ხმა. ანიკო ბაბო

წვიმს,
აწვიმს ეზოებს,
პარმაღებს,
ამ სახლებს, ამ ქუჩებს, ამ ბაღებს,
სარეცხი ვერაფრით გავაშრე,
წარსულის გადავშლი მრავალ შრეს.

გამოჩნდი შენ, განაწბილები:
“- ნეტავი ასე რა გალაღებს!
ასე არ შეჰფერის იმ ნაღებს,
მცინარი - პირს ოდნავ  გააღებს,
დაფარე  სავაშლე კბილები!”

კადრები თან მუდამ მახლავან,
ძველ მოგონებებზე დავები,
მიყვარხარ და თან გედავები:
“-ფეხი შეატყუპე ახლავე,
დაფარე ეგ მუხლის თავები!

სად არის შენი მანერები,
უზრდელებს ებედნიერები.
რა ჭირი დაგეცა, რა დამბლა!
სტუმრად ხარ, ხმას ვეღარ ერევი?
- სიტყვა თქვი ყველაზე ხმადაბლა!

თეფშს როგორ ქორივით დააცხრი,
კისერი - ამაყად! არც დახრი!
ვერ მიხვდეს კაცი- ნაშიერი,
ერთი თვის რომ იყო მშიერი,
ნაყროვნად გეჭიროს იერი!”…

ფიქრი - გაწეწილი - დაწანი
და თვალწინ დამიდგა რა წამი:
“ბეჭებში გასწორდი!” - (ლაწანი)
ნაბიჯი რა იყო, ბეჭი - რა,
თავი მედიდურად  გეჭირა,
დაქვრივდი და  ჭირი გეჭირა,
“- ფაშისტებს გაუწყდეთ გამჩენი,
არ შერჩეთ ამ ქვეყნად დამრჩენი,
ფაშისტებს  ხელები მოახმეთ!”,
სხვის კარზე იდექი მოახლედ.
სიუხვე  - მიგაჩნდა სიახლედ.
“- მიხედეთ, იქ, ხელი რომ ახლეთ!
აქედან  სულ გადამასახლეთ?!”

რა ვუყოთ, 
ბებია მინდოდა
სხვებივით სათნო, უბინდო და
სხვებივით უსაზღვროდ კეთილი,
სახება - ცით გამოკვეთილი…
ვიყავი შიშისაგან კვეთილი.
ვერ  გავძლებ  ტანთშემოფლეთილი,
თუნდ იყოს მოდის დაკვეთილი,
თან დამდევს შენი ხმა,
თუმც ყოფა გადახმა,
სულ მახსოვს შენი გაკვეთილი!

სიკვდილის წინ როგორ დადექი
ხუჭუჭა და  წარმოსადეგი,
მორწმუნე და ყოფით ნაწამი,
ამა ცხოვრებისა რა ცანი,
იქ შემოგეგებნენ რა ცანი,
საშენო დაგიხვდა რა ბექი?
ფიქრი - გაწეწილი - დაწანი.
ჩემთან ხარ და მაკრთობს  რა წამი!-
“- ბეჭებში გასწორდი!” -
ლაწანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი