მიმგლეჯ-მომგლეჯი. რიზომა და კიპარისები
ნინო დარბაისელი მიმგლეჯ-მომგლეჯი. რიზომა და კიპარისები თბილისში წესი იყო ასეთი და აბა, როგორ გამოვრჩებოდით! ბაბო და პაპა ერთმანეთის მიყოლებით რომ დავასაფლავეთ ამ ნახევარი საუკუნის წინ, “კატლავანი” - მალე ჩავასხით, მარმარილოზე - ახალგაზრდობის სურათებიც დავახატინეთ, კუთხეებში - ბზის ბუჩქები და გვერდის-გვერდზე - კიპარისიც ჩავურგეთ წყვილი, დაიბარესო. დედაჩემი კი საფლავის დარაჯს გაურიგდა: თვეში ოც მანეთს გადაგიხდი და მაგ დუსიას ყურადღება მიაქციე, აქაურობა სუფთად იყოს, ოღონდაც ერთი - აი, აქაო (გულმკერდის არე მიანიშნა), სააღდგომოდ ბალახს ხელი აღარ ახლოთო, შვილიშვილები რომ ამოვლენ, ეგ - იმათ უნდა მიგლიჯ-მოგლიჯონ, ეს - წესიაო! ჯერ პატარები ვიყავით მაშინ, მერე ცხოვრებამ სულ სხვადასხვა გზებით წაგვიღო, ბევრი გვაგემა - ტკბილიც და მწარეც, სააღდგომოდ კი ვგროვდებოდით იქ, მუხადგვერდში. მოვლილ საფლავზე რიგ-რიგობით ჩვენ წილს მოვგლეჯდით. გამოგიცდიათ, როგორ იცის სასაფლაოს მწვანე ბალახმა?! - ერთს ამოქაჩავ, მიწა მიჰყვება და მთელ სიგრძეზე ამოითხრება. გალავანს გარეთ აქვს გატანილი სწორი ფესვები! -ჰორიზონტალურ ასეთ ფესვებს, თან, ერთმანეთთან ორმოში კუბოს ჩასაშვები თოკივით როა ალაგ-ალაგ, უცნაურად გადაკვანძული, იცით, რა ჰქვია?! - რიზომა-მეთქი - ბოლოს რომ ჩემს წილს ვეჯაჯგურე, ვუხსნიდი ჩვენებს, მაგრამ ვის ჰქონდა ჩემი დარდი! იქ - ყველა იყო წინაპართა ხსოვნის მსახური. ამასობაში სანთლები - უკვე დანთებული, საჭმელებიც - უკვე გაშლილი, აქ სულ მტვრიანად უბერავსო, ზედ - ჩაისტილოგადანახური: გასაგორებლად - სააღდგომო კვერცხები - ოდნავ ზეთდანასხური და მერე შალით ნაპრიალები, პასკა - ოჯახში გამომცხვარი, ბლომად ქიშმიშით, იქვე - ტარხუნა, თავწასაქცევად - ნათალი ჭიქებში - - ღვინოც კახური, გულგასახური, ნამოწაფართა მონაკითხი, კარდენახული, ორ ყლუპზე გულის წრფელი ძგერა - არა, ბრახუნი.. იმათი გემო, ლამის თხუთმეტი წელიწადია - არ განახუნი! (და, ხომ არ იცით, რას ნიშნავს ,,ხუნი”?)… დგება აღდგომა საქართველოში. ამერიკაში?! აქ - არ იციან ეს ქართული რაღაცეები. მეც აღარ ვიცი, მანდ შვილთა-შვილის-შვილის-შვილები ძველებურად თუ ადიან სასაფლაოზე. ამის კითხვას რაღა უნდაო, კი გაიფიქრებთ, მაგრამ მე ვხვდები, რაღაცეები სისულელეზე სისულელეა. დუსიას - ძვლებიც აღარ იქნება, ეგ - არაფერი. იპოვიდნენ სხვა დუსიას ან მარუსიას, მაგრამ, რა ვიცი, არა მგონია, იქაურობა ისევ ისე მოვლილი იყოს. ლექსისა ამის წამკითხავო, ნააღდგომარზე მუხადგვერდზე თუკი ახვედი, იქვე გზისპირას, დასაწყისში, მეხუთე საფლავს თვალი არიდე, იქ, იმდენ მოვლილ ალაგს შორის ის - ფორეჯია. რა დროს მისაგლეჯ- მოსაგლეჯია, ანდა ცრემლი იქ დადენილი, ქარით დევნილი პარკებითა და ძეძვით იქნება დაფარული იქაურობა, ხოლო ის …წყვილი კიპარისი - ზეცას რომ სწვდება, რომ ირკალება ავდრეულში, მაგრამ არ ტყდება, ისევ იდგება - წინაპართ - ნება. (ო, ეს წარსული - ამსიშორეს რას მემართლება!) აქედან ვხედავ, როგორ ქანაობს ქარიშხალში - მწვანე სანთლებად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი