სიცილიური სონეტი სიცილს


სიცილიური სონეტი სიცილს 

  სონეტის მეტნაკლებად პოპულარული სახეობების ნაკრები ხომ მედო ადრე. ჩემთვის ცნობილი ყველა სქემის გამოყენება რომ ვცადე.
  პეტრარკა რომ სიცილიურ სონეტს დაეყრდნო, მაშინ, მახსოვს, თქმით კი ვთქვი, მაგრამ სიცილიურის სქემა რატომ არ დავამუშავე აღარ მახსოვს, სამაგიეროდ, მახსოვს, რომ ხინჯად მქონდა ჩარჩენილი.
ეს სონეტი ერთი ოქტავისა(8) და ერთი სესტეტისგან (6) შედგება, (8+6=14)
გარითმვის სქემა ასეთია - abababab cdecde (ან cdcdcd)
    დასასრულ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სონეტისა  და სხვა მყარი ფორმების არსებობის ფაქტი მეტისმეტად
ჯიუტია იმ ავტორებისთვის, ვისაც  ფრთაფარფატს მუზა კარნახობს ლექსს.    სქემას თუ არ მიყევი,  არა და არ იწერება.

ნინო დარბაისელი

სიცილიური სონეტი სიცილს

გულმა რამდენი ტკივილი იცის,
რამდენი ცრემლი ნაყლაპი -  სიმწრის
და არ იშლიდა ჯინაზე  სიცილს,
გრძნობდა სუნს გულის კედელზე მიმწვრის.
ო, თავი ჩემი - ერთგული ფიცის,
ო, სისხლი სისხლთა იმ ხალხის, იმ წრის,
თანაბრად ბრძენიც და არიფიც ის
ვერ იწყვიტავდა  ვერც ჭიპლარს იმ წვრილს.

ნიღაბო, რამდენ განსაცდელს ფარავ,
თითქოსდა ვიყო მორჩილი, ცხვარი,
თითქოს მრავალში ერთი მეცა ვარ, შემოგრევივარ, მორჩილთა ფარავ,
და  არ მემჩნევა, თუკი ვარ ცხარი.
მოვედი, ვნახე, არ მომწონს, წავალ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი