დავამარცხე შიშები. ჩემი ჰიჩკოკიზმები


ნინო დარბაისელი

დავამარცხე შიშები

დავიღალე წუხელი,
სულ დავცვითე წუღები,
ფანჯრის გარეთ- იმ ბნელში ხენი ჩანდნენ რუხები,
ესხმებოდათ ძირამდე წვიმა გადაუღები,
საძინებლის კარადა გამოვაღე ფართოდ,
ჩონჩხი გამოვიყვანე და ტანგოთი ვართობ.
ვის აშინებთ ნეტავი ფარდის უკან - ლანდებით,
ვერა ხედავთ ?! - ვცეკვავ და ფეხებში მებლანდებით!

დემონებიც მოვიდნენ,
ვეთამაშე ლოტო,
მითხრეს:
- შენთან ვხალისობთ,
ლოთო, ლოთო, ლოთო!
თითქოს რამე ნუგბარი მოერთმიოთ მათ ხონჩით!…
და საწოლის ქვეშიდან მობუბუნე მათხოჯი
ყურით გამოვათრიე, უხმობს მაძახურას,
მე რა უნდა დამაკლოს, მაგარი ვარ ქვასავით,
თავი ხელში მიჭირავს, თუ საბანი მხურავს!

გამოვაღე ფანჯარა შეხვეულმა საბანში,
კუდიანებს ჰქონიათ დღეს დათქმული შაბაში,
ჯადოქრული ღამეა, მკვდარსაც გააცოცხლებს,
ერთად შემოშხუილდნენ ,, ეკო - ფრენდლი” ტრანსპორტით,
საკუთარი ესკორტით,
ცოცხის დადგეს ეს კორდი,
ვერ ვერევი ცოცხებს;
აქ ვინც გაგვიცელქდება,
ჯადოქარი მოსცხებს.

ასპიტები ცეკვავდნენ,
მუცლის ცეკვის დარად,
თეძოები არ ჰქონდა,
,ძუძუებიც არ ჰქონდათ,
ენა შეჰქონდ-გაჰქონდათ
ყელდამჭერებს მყარად,
თეთრმუცლები სხვა სტუმრებს დაგიდევდნენ არად.
სადღაც ბლანტი, მომწვანო მოწვეთავდა შხამი,
მომიტანეს, მომასხეს ოქროს მოსასხამი.

ეს ამდენი ურჩხული ჩემთან დაესახლა?
ზოგი დამიმეგობრდა,
ზოგი დამემძახლა.
ვიცი, ქვა და რკინა ვარ,
სიზმარია, შინა ვარ,
ყველა საშინელებას დავივიწყებ ახლა,
ამ ჩვენს საუკუნეში შიში რაღადროსია,
მსოფლიოში ომია,
ომი - სამხედროსია,
როსია და როსია,
სადღაც, შორს კვიპროსია,
იქ, კვიპროსში მხჩოლავი
ვისი პაპიროსია?
ცხადში -  ჩიტი კოლიბრი -
 ძილში - ალბატროსია.
ამივიდა წვის ბოლი - ცეცხლში ახალ ნასხლავს,
სადაც გინდა წავიდე, ჩემი თავი მახლავს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი