აკვამალინა
ნინო დარბაისელი აკვამალინა აკვამანილი*, აკვამანილი - ქალწული წელში გამოყვანილი, დოინჯიანი, ღარიანხელგამოწვდილი, ყელმაღალი და ღიმილიანი, ჭიპიც კი ჰქონდა მრგვლად ჩაყვანილი, ბრინჯაო, შორით ჩამოტანილი - აკვამანილი აკვამანილი! თავის ნამზითვარს აპრიალებდა, ბაბო, განა კი ავიწყდებოდა! წმენდისას თავი - თავდასახური -მახსოვს, მალიმალ ეკეტებოდა, და ჩაის ტილო ანჯამებში ეკვეტებოდა. ბევრს კი ვერ იტევს, მაგრამ რაც ჩადის, იმ წყალს ინახავს გემრიელადო, ჩრდილში თუ დადგამ, არ გათბებაო, ინახებაო, იწმინდებაო, და არც არასოდეს გაგვიტყდებაო. ქეთლად მოგვყიდეს იარმუკაზე, მაგრამ ცეცხლს როგორ გავამურინო! არა ჯობია?- სუფთად იდგესო, მაგიდის შუა, ტანდაბანილი, აკვამანილი, აკვამანილი. მიკვირდა, ჩემი სიზმრების ქალი, ცხადში რამ გაააკვამანილა, “აკვამანილს” რომ ვერ გამოვთქვამდით, დები ვეძახდით “აკვამალინას”. აკვამალინას, აკვამალინას! იმ დღეს რა ძალამ მოგვაპარინა! ვენახის ბოლოს დაგვამალინა. იქ სიახლოვეს არხი დიოდა, წყლის ამოღება გვინდოდა, ჰოდა, წყლით რომ დამძიმდა, ხელი გაგვეშვა და ძირს ჩაეშვა, ჩვენ რა ვიცოდით, ჩავარდებოდა აკვამალინა, აკვამალინა! ვხედავდით, როგორ იძირებოდა, ვეღარც ნაპოვნი ჯოხი წვდებოდა, არხის წყალი ხომ არ დაწყდებოდა! დებს შიშისაგან ხმა გვიწყდებოდა, რას ვიფიქრებდით, იქ, არხის ფსკერზე თუ სამუდამოდ დამიწდებოდა ჩვენი ლამაზი აკვამალინა! აკვამალინა, აკვამალინა! დებმა დავმალეთ უფროსებისგან თუმც დავდიოდით იქით მალი-მალ, ბევრი ეძებეს, ცოტა ეძებეს, ვერსად იპოვეს აკვამალინა გაქრა, წავიდა აკვამალინა, აკვამალინა, აკვამალინა! მერე ზაფხულიც გაილია და ბაბოც წლებისგან დაილია და წყალი სხვა დოქით დაილია და ძილში-ღა მოდის ბრინჯაოსტანა, ყელმაღალი და თეძომაღალი, მრგვალმუცელა და ჭიპჩაზნექილი, ჩვენი ბავშვობის აკვამალინა აკვამალინა! დაო, წავიდეთ ველისციხეში, გადავუფრინოთ ამ ოკეანეს! იქ, მწველ სიცხეში, არხთან რომ ხეა, ხმელი, უხეში, იმით ვინიშნოთ, სადაც არხია, ჩვენ რახანია იქ გვიმარხია! ჩვენი ბავშვობის ლამაზი ქალი, ჩვენი პრიალა აკვამალინა, აკვამალინა, აკვამალინა… ჩახუტებულზე ნეტა ცრემლები ისევ ბავშვურად დაგვამალინა! _ _ _ _ * აკვამანილი - დოქი, რაიმე სითხის ჭურჭელი ცხოველის ან ადამიანის ფორმისა. ადრე ბევრნაირი იყო გამოშვებული ჩვენში. ზოგი ფაიფურისა, ( მაგ. ლურჯი დედა თევზი ირგვლივ თორმეტი პატარა თევზით) ზოგი თიხისა ( მაგ. ირმები - სასმისებად, ათასნაირი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი