კუპოლა, ჩემი გულის კუპოლა


ნინო დარბაისელი

 კუპოლა, ჩემი გულის კუპოლა 

1.
მე  დიდხანს,
დიდხანს არ ვიცოდი,
 სიტყვებად როგორ გადამეთქვა, 
 ეს სათქმელი კი  სულ თან დამდევდა,
კი არ დამდევდა,
ზედ ხორხზე მაწვა და  თან დამქონდა,
დამქონდა გულით,
ამ თვალებით, ბაგით და ყნოსვით, 
ყურების ძაბვით და ხელისხლებით,
მაგრამ 
სიტყვებად გადაქცევისას არაფერი გამომდიოდა.

შიმშილი - დიდი მზარეულია, 
ზოგჯერ შეურევ რაღაცეებს და ისეთ გემოს დააყენებ, 
მკვდარს გააცოცხლებს,
მაგრამ ასეა, 
ნაღდი სადილი ჰაი-ჰარად  არა მზადდება!
ყველაფერი, რაც კი კარგი მოგეძევება, შიგ რომ ჩააყარო,
ქვეშ კარგი ცეცხლიც რომ შეუნთო, 
ბევრიც ურიო,
არ გამოგივა!
ინტუიციით მისაგნებია რაღაც დოზა, რაღაც მომენტი,
მომენტი, როცა გემოები ერთმანეთში უნდა შეირწყას, 
როგორც ძველები იტყოდნენ ხოლმე, “უნდა შეირგოს”.
როგორც ხილს, ხეზე მოქანავეს,
თავისი ჟამი ელოდება,
რომ მოიწიოს;
ბავშვსაც - ბუნებით,  გაჩენისა -  თავისი დრო აქვს; 
ლექსიც ასეა. 
 მოწეულობის თავისმა დრომ, რაღაც მომენტმა თუ არ უწია, 
ბევრიც იწვალო, არ იწერება.

2.
მინდოდა მეთქვა, 
რომ გულს სჩვევია სიყვარულთა დახარისხება,
ის კი არა და,
არსებობს გულში - იერარქია,
 - ცხოვრების კვალად, ცვალებადი, 
მაგრამ  სულ ზემოთ,  კიბისთავში არსებობს რაღაც  უცვალებელი,
საკუჭნაოზე კიდევ პატარა,
 ღამ- ღამობით განათებული ოთახი რამე
და თუ არ იცი, რომ არსებობს, 
 ისე გამოლევ მთელ სიცოცხლეს,
 არც არასოდეს გეცოდინება, შიგნით რაა და გარეთ რა ხდება,
 ხოლო გასაღებს რამდენჯერაც გადააწყდები, 
გაგეფიქრება, ნეტა ვიცოდე, რას ერგებაო.

3.    
იქ, იმ შორეულ ანტიკაში  
წარჩინებულ მეომართა და მეზღვაურთა სრა-სასახლეებს თავზე ედგათ ეს ოთახები,
კუპელონები - შენობის წვერზე დამხობილი რაღაც ფიალა.
ალბათ გგონიათ, იქ განძეული ინახებოდა?!
 არა! ოჯახის ვინმე წევრი,  უახლოესი - დედა ან ცოლი, შვილი - ქალწული - მომლოდინენი -  შებინდებულზე მარტოდ მარტო ადიოდნენ და იდგნენ, ხელში სანთლებითა თუ ჩირაღდნებით და  თვალდაძაბვით -  მობუბუნე ზღვას გაჰყურებდნენ.
მეზღვაურნი და მეომრები იმათი შუქით - შინისაკენ  დასაბრუნებელ გზას ინიშნებდნენ. 

რომაელებს კი  იმპერიულად, სხვათა შექმნილის  მითვისება ჩვევად ჰქონიათ, ახალი - ცოტა მოუგონიათ. 
მოსწონებიათ  და უზღვო მთებშიც, 
 სასახლეების  სახურავებზე და ტაძართა გუმბათის წვერზეც უშენებიათ  ეს  კუპოლები.

4.
რისთვის ავდივარ საიდუმლოდ ამ კიბის თავზე?!
რა მოსჩანს ჩემი კუპოლიდან,
 ვის ველოდები?!
სანტა-მარია-დელ-ფიორე 
 - ყვავილოვანი!
ფლორენციაში ვეხეტები,
დუომოს თავზე ყველა კიბე ამოვიარე
 და კარჩაკეტილ კუპოლაში შემოვაღწიე,
ზეცას ავხედე, ძირს დავიხედე  და  ის ვიხილე!
 ვინ იხილეო?!
იმსიმაღლიდან
მეცნობა და არკი მეცნობა…


შენ, წამკითხავო,
საიდუმლო სამალავთა ამბებზე - სხვა დროს!
ახლა ამაზე - 
შენ  შენი გულის  კუპოლამდე
ხელში სანათით  აგიღწევია?
იმისი კარი გამოგიღია?
გადაგიხედავს?
გაგიგია,
ქვეყანაზე  ვინ როგორაა, 
ვინ სადაა, 
რა ამბებია?

ამ დილისპირზე რა ღრმა ძილით ჩამძინებია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი