დახუჭობანა მალაკნების სასაფლაოზე
ინო დარბაისელი დახუჭობანა მალაკნების სასაფლაოზე (მ.კ.-ს ხსოვნას) ჩვენი საერთო გასართობი ასეთი იყო: შენი სახლის წინ, გაუქმებულ მალაკნების სასაფლაოზე, იქ, ორმოებში ვთამაშობდით დახუჭობანას და თამაშისას აქა-იქ ძვლებსაც ვპოულობდით, თავის ქალასაც, ამას ყველაფერს ჩვენ ერთ პატარა ნასაფლავარში ვაგროვებდით აღტაცებულნი. ბევრს კი ვეცადეთ, მაგრამ ნაპოვნი სხვადასხვა ზომის გამოგვდიოდა და ერთი ჩონჩხიც ვერ აგვიწყვია. ახალგაზრდობამ - მერე ახლიდან, სულ სხვანაირად დაგვამეგობრა. თითქოს ბავშვობა, ის საერთო, ის, ჰიჩკოკური - არცა გვქონია, თითქოს ცხოვრება ან სულ ხსნილია, ანდა მსგეფსია. თითქოს თამაშით გატაცებული გაჭირვებულნი მოფარებულში ერთმანეთისთვის “ატანდაზე” არცა ვდგომილვართ, ეჰ, რას არ იზამ, როცა გეფსია! რას ვიცინოდით! სულ ახალ-ახალ რაღაცეებს გვიგონებდი, თეატრო ერთი აქტიორისა! ო, იუმორი მხოლოდ და მხოლოდ კეთილი გულის საკაზმია?! ბოროტი გულის ნაცადი კი - სულ ცინიზმი და სარკაზმია! . შენ - ხალასი, ჩვენ - სულ ხალისი! შენ - მსახიობი გამოხვედი, მე კი - პოეტი, შენ - შენიანებს ადრიდანვე შეუერთდი, უკეთეს ქვეყნად, მე - შენზე ვფიქრობ ამ შუაღამეს, ამა ქვეყნად, - ამ კოშმარ-სიზმრით გაღვიძებული: მამუ, ვიყავით მალაკნების სასაფლაოზე და დედაშენი - შავკაბიანი დაგეძებდა, სად წავიდაო, გასაღები ტილოსქვეშ რატომ არა დევსო, მე - დახუჭული ვიყავი და ოცამდე უკვე დათვლილი მქონდა, შენ - დამალული - არ ინძრეოდი. იდგა, იცადა, შეტრიალდა და სულ სხვა მხარეს წავიდა დედა! ჰო, საფლავებში დამალულები - შეიძლება იპოვო კიდეც, “დაასტუკო”, თავის ნებით კი არასოდეს არ ინძრევიან, რადგანაც კაცი როცა ევნება, ვიდრე მოუწევს გასვენება თუ დასვენება, ნება - ყოველთვის სულს ედევნება. რაა წასულთა მოწადინება, აწ შენმა სულმა სიზმრად მოსვლა- ჩემთან ინება! გათენებამდე ნეტა აღარც დამეძინება?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი