სიყვარულის წიდა
სიყვარულის წიდა ოცდაათიანი წლების დასაწყისამდე ქალი ავტორების მიერ, აქა-იქ ასეთი ლექსები კი იქმნებოდა ქართულ პოეზიაშიც, მაგრამ კომუნისტურმა ხელისუფლებამ როცა იდეოლოგიურად ,,მოუჭირა” - ლიტერატურამ საბჭოთა ქალის ნათელი სახე უნდა შექმნასო, დარჩნენ კაცი მეტრფეები - კანონიერი ცოლისადმი სიყვარულის გამომხატავი მართლაც შესანიშნავი ლირიკით, ასევე არაცოლი ქალისადმი “შორით ბნედა შორით კვდომითი “მოდელური ლირიკით, რომლის მართლა კარგი ნიმუშებიც შექმნეს, რეალური ქალი კი მთელი თავისი მრავალფეროვანი ეროტიკით გაჯერებული შინაგანი სამყაროთი - მთლიანად გაქრა… ხოლო ჩვენი ვნებიანი ქართველი პოეტი ქალები ძირითადად წესიერ ბავშვებზე, სტაფილოებზე, კურდღლებზე, ციყვებსა და მელაკუდაზე - საბავშვო ლექსებზე გადაერთვნენ. ვისაც შეეძლო , მთარგმნელობითი მუშაობით ან პედაგოგიკით დაკავდა. ამ ფონზე ანა კალანდაძის გამოჩენა - დიდი აფეთქება იყო. ვნება მასთან იმდენად ესთეტიზირებულია, კონტექსტიდან ისე მძაფრად მუშაობს, მაგრამ ტექსტში იმდენად მინიმალურ საციტირო ანაბეჭდს უტოვებდა და უტოვებს ნებისმიერ ფაქტისმოყვარულ ოპონენტს, რომ თუმცა აღფრთოვანებულ მკითხველთან ერთად , იმთავითვე მტრები და მოკრიტიკენი არ დაჰკლებია, ანა კალანდაძის ლირიკის მძლავრ მახასიათებელზე - მის ეროტიზმზე საუბარი თითქმის ვერავინ შესძლო. ეს ლექსი თავისებური მოდერნისტული რეტროა და უფრო უცხოური სკოლის გავლენითაა შექმნილი. ანას სიმაღლის შეწვდომა რომ მეცადა - სასაცილოდ წარუმატებელი ცდა გამომივიდოდა და სხვაფრივ - რა უჭირს! ნინო დარბაისელი სიყვარულის წიდა ო, მართკუთხა, ურბანული პეიზაჟი, განაჟღენთი, გადღაბნილი - - რუხი, მთლად ბაცი და ძუნწად - მწვანე აქცენტები; ერთი წყვილი - აცეტებით. შენი კურტკა მომეცი და მანქანებს რომ უშედეგოდ ხელს ვუქნევდით დამრეციდან, ყვითლად წვიმდა - გვესხმებოდა სულ წვრილ-წვრილად ჩამოფქვული, ღრუბლის წყალში არეული, წინაღამის ვარსკვლავები, და ასფალტზე ნიაღვრულ კვალს გვიტოვებდა ციდან. დამტვერვაა, გვიანია გაზაფხულის, საჭიროა სხვა ხეებზე განაწილდეს მტვერი. რეალობა - ასეთია, ხვალ რომელი გავიხსენებთ, რა გვჭირდა და როგორ შევითვერით. რა დაგვრჩება?! არაფერი! მოგონება რამე - ერთი ციდა. როცა ფიქრობ, სიყვარულის ოქროს ეძებ, რატომ გრჩება ცარიელი წიდა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი