განკვეთა და განაპირება თემისტოკლესი
ნინო დარბაისელი განკვეთა და განაპირება თემისტოკლესი ვინღა დაეძებს თემისტოკლეს, რაც მტერი მოკლეს! დამთავრდა ომი, თემისტოკლე! ომის დროს მრავალ ღამენათევს - მშვიდობის დროს - მოსწყინდი ათენს. რა მეტისმეტად აყვავდიო, მტერთან ბრძოლაში აღზევებულო ერთო მდაბიო, გეყო, წადიო, მთელი ათი წელიწადიო, უკვე მწარეა ომის პურიო, თითქოს შხამი ცომში ურიო, მშვიდობის დროს აღარ იჭმება, სისხლი უჯდება, კმარა, რაც აგე ტრირემები, სამფანიჩბება, ფართოუჯრება, ომის დროს ფლოტი - სანატრელია, მშვიდობის დროს კი დამარცხებული - დამარცხებულად, გამარჯვებული - ნათელცხებულად, გადარჩენილთა შენახვა კი გამარჯვებულს - ძვირი უჯდება. ბრძანებს დემოსი? ბევრს ასე უნდა?!- სხვაგვარად ენა ვის მოუბრუნდა! რაო, ტყუილად გაიწირე?! დანებდეს უნდა, თუნდ მოგემხროს ცხრავე სტრატია, ასეთი არის ათენური დემოკრატია. აღარაფერი აღარ ღირს დავად, წადი, შორს წადი მოუხედავად! ათენელებმა, ყველამ ერთად გადაგიწყვიტეს, წაგართვან, რაც გაქვს, სიცოცხლე კი შეგინარჩუნონ, მაგრამ ათენში არ გაგაჩერონ, ეს გვიჯობს ჩვენო, შორს - გზა გაჩვენონ და შეგაჩვენონ, არავინ იყოს იმიერიდან შენი მნახველი, თიხის დისკოზე წააწერონ შენი სახელი, არჩევნებისას ვინმემ რამე არ აურიოს. რაო, შურიო? ალბათ არის არც უმისობა, სხვისი ნადავლი გულზე მუდამ ლახვრად ისობა. ოსტრაციაში გულს სიბერეც მოგედო ნელი, გეყო, ათენი დაივიწყე შენ, თემისტოკლე! სიცოცხლე - არის ისე ხანმოკლე, ვინ რას გააწყობს ბევრის აზრთან - მართლის მნდომელი? არ გიწერია შინ დაბრუნება, დიდო სტრატეგო, მანდ უნდა ეგო, უცხო სვა წყალი, იყო საწყალი, ვიდრე მოგაგებს კუთვნილ პატივს ის ალექსანდრე, მცირე, პირველი მაკედონელი. დიდო მმართველო მაგნესიისა, (ესაა ბედის ირონია!) თავს დაგტიროდა მთლად იონია, ცხედარი შენი როგორ სურდათ, იქვე დაეფლათ, შენ - დაწვა გსურდა და ატიკას ეფრქვიე ფერფლად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი